გართობაუცნაურიფაქტები

სიკვდილთან დაკავშირებული უცნაური სტატისტიკები

ყველას გვსმენია ძირითადი სტატისტიკის შესახებ – რომ ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპება სიმსივნით, ავარიაში მოყოლითა და სხვადასხვა დაავადებებით. მაგრამ იცოდით თუ არა, რომ არც ისე ცოტა ადამიანი კვდება საწოლიდან გადმოვარდნით ან ჭიანჭველას ნაკბენით?


● საჭესთან ჯდომისას მესიჯის გაგზავნის გამო აშშ-ში წლიურად 6000 ადამიანი იღუპება
ვირჯინიის ტრანსპორტირების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მანქანის მართვისას ავარიაში მოყოლის შანსი იზრდება 23-ჯერ, თუკი ვინმესთან ტექსტური შეტყობინების გაგზავნას გადაწყვეტთ. ეს მავნე ჩვევა ხშირად იწვევს უბედურ შემთხვევებს, რომელთაგან ნაწილი ფატალურად სრულდება. ერთხელ 22 წლის ამერიკელი გოგონა თავისი ავტომობილით პირდაპირ შევარდა სასწრაფო დახმარების მანქანაში, რადგან პარალელურად მობილურზე მესიჯობდა. ნიუ-იორკის შტატის ქალაქ როჩესტერში 5 მოსწავლე სკოლის დამთავრებიდან 1 კვირაში დაიღუპა, რადგან მძღოლი SMS-ებზე იყო გადართული. მობილური ტელეფონების მიზეზით გამოწვეული ავარიების შედეგად მიყენებული ზარალი წელიწადში 40 მილიარდ დოლარს აღწევს.


● ჰიპოპოტამები წელიწადში 2900 ადამიანს ხოცავენ აფრიკაში
მრავალი ექსპერტის აზრით, ბეჰემოთები ყველაზე საშიში ცხოველები არიან ადამიანებისთვის მთელ აფრიკაში. ამ 3 ტონიან ცხოველს შეუძლია 30 კმ/სთ-მდე განავითაროს. ცნობილია შემთხვევები, როცა სრულიად უმიზეზოდ ჰიპოპოტამს ნავები გადაუყირავებია და მგზავრებისთვის ზიანი მიუყენებია თავისი უზარმაზარი ბასრი კბილებით. გარდა ამისა, ისინი არიან აგრესიული და არაპროგნოზირებადი არსებები და ოდნავადაც არ ეშინიათ ადამიანების. ყველაზე ხშირად ადამიანები მაშინ იღუპებიან, როცა ბეჰემოთსა და ღრმა წყალს შორის, ან დედა ბეჰემოთსა და მის შვილს შორის აღმოჩნდებიან ხოლმე.


● ეროტიკული ასფიქსიით წელიწადში 600 ადამიანი იღუპება
ეროტიკული ასფიქსია არის ქმედება, რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ სიამოვნებას იღებს ან აძლიერებს ორგანიზმისთვის ჰაერის უკმარისობით. ამ დროს მიმართავენ სუსტი ფორმით დახრჩობას ან სულის შეხუთვას. ტვინს ჟანგბადი აკლდება, რის გამოც ადამიანი, როგორც წესი, თავბრუსხვევასა და სისუსტეს განიცდის. თუმცა არც ისე ადვილია, ძალა მოზომო და ეს ყველაფერი ხიფათის გარეშე ჩაატარო. ასეთ საშიშ სექსუალურ აქტს ყოველ წელს 600 ადამიანი ეწირება – უმეტესი მათგანი მასტურბაციის დროს.


● საწოლიდან გადმოვარდნით ყოველ წელს 450 ადამიანი იხოცება
ავადმყოფობების კონტროლისა და თავიდან არიდების ცენტრის (CDC) მონაცემების მიხედვით, საწოლიდან გადმოვარდნის გამო აშშ-ში ყოველ წელს სასწრაფო დახმარებას 1.8 მილიონჯერ იძახებენ, ხოლო აქედან 400 000 ადამიანს საავადმყოფოში გადაბარგება უწევს. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან მცირეწლოვნები და ასაკოვანი ადამიანები. გამომდინარე იქიდან, რომ ასაკის მატებასთან ერთად იკლებს სიმტკიცე, 65 წელზე მეტი ხნის ადამიანები საწოლიდან გადმოვარდნისას არც ისე კარგ შედეგს უნდა ელოდნენ.


● ყინულის ლოლოები წელიწადში 100 რუსს კლავს
თოვლიანი სახურავებიდან ჩამოცვენილი ყინულის ლოლოები არც ისე იშვიათად ეცემათ თავში ქვემოთ მოსიარულე უიღბლო მგზავრებს, ათეულობით შემთხვევა კი ფატალურად სრულდება. გასულ წელს დაფიქსირდა შემთხვევა, როცა 6 თვის ბავშვი სერიოზულად დაშავდა მის ეტლში ლოლოს ჩავარდნის გამო, 8 წლის ბავშვმა კი ზურგის მძიმე დაზიანება მიიღო. ხშირია საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევებიც. ყველაზე საშიში პერიოდი ზამთრის მიწურულია – თოვლი დნება და ყინულის ნატეხები ცვივა, ზოგჯერ საკმაოდ დიდი სიმაღლიდან, რასაც უბედური შემთხვევები ახლავს თან.


● მედუზების გამო წელიწადში ასეულობით ადამიანი იხოცება
მიუხედავად იმისა, რომ მედუზების უმეტესობის საცეცებთან შეხება ადამიანებისთვის სასიკვდილო არაა, საკმაოდ მტკივნეულია და რიგ შემთხვევებში იწვევს მწვავე ალერგიულ რეაქციებს. მათგან გამორჩეულია ავსტრალიური მედუზა, იგივე “ზღვის ბზიკი”. ის ყველაზე ტოქსიკურია თანამოძმეებს შორის და თავისუფლად შეუძლია ზრდასრული ადამიანის მოკვლა სულ რამდენიმე წუთში ან წამში, რადგან მისი შხამი იწვევს სწრაფ პარალიზებას, შემდეგ კი გაგუდვას. მხოლოდ ფილიპინების სანაპიროზე მედუზების მიზეზით 40-მდე ადამიანი იხოცება. 2006 წელს ესპანური წითელი ჯვარი კოსტა ბრავას სანაპიროზე მედუზებისგან დასუსხულ 19 000 ადამიანს დაეხმარა.


● ძაღლები წელიწადში 34 ადამიანს ხოცავენ აშშ-ში
ყოველ წელს მთელი აშშ-ის მასშტაბით ფიქსირდება ძაღლისგან დაკბენილი 4.7 მილიონი მსხვერპლი, ამავე მიზეზით ყოველდღე დაახლოებით 1000 ამერიკელი ხვდება საავადმყოფოში. მათი უმეტესობა ბავშვია, რომელთა ნახევარს დაზიანება სახის არეში აქვს მიღებული. 2010 წელს ძაღლის ნაკბენი სასიკვდილო აღმოჩნდა 34 ამერიკელისთვის. ძაღლის ნაკბენით გამოწვეული ზარალი წელიწადში 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მეპატრონეები კი ჯამში 300 მილიონ დოლარს იხდიან დაზღვევაში.


● ჭიანჭველას ნაკბენით ყოველ წელს 30 ადამიანი იხოცება
არსებობს ჭიანჭველას 280 სახეობა, რომელთა ნაკბენიც სასიკვდილოა, მათგან ყველაზე საშიშები კი სიაფუს ჯიშისანი და ცეცხლოვანი ჭიანჭველები არიან. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ცხოვრობენ კოლონიებად და თითოეულ კოლონიაში 20 მილიონამდე წევრია, შეტევის პირველივე ტალღისას ახდენენ მობილიზებას და ადვილად ჯობნიან მტერს. ადამიანთა გარდაცვლის შემთხვევების უმეტესობის მიზეზი ისაა, რომ მათ ღია ცის ქვეშ ეძინებათ ჭიანჭველების ბუდესთან ახლოს, მათ მიერ მიყენებული ნაკბენებისა და ორგანიზმში შეშვებული შხამის გამო კი ანაფილაქტიკური შოკი ვითარდება. როგორც წესი, ჩვეულებრივი ჭიანჭველები ნესტრავენ მსხვერპლს და შემდეგ ჭრილობაზე მჟავას ასხურებენ, მაგრამ მათგან განსხვავებით, ცეცხლოვანი ჭიანჭველები დანესტვრის შემდეგ სისხლში უშვებენ შხამს, რომელიც ცნობილია, როგორც სოლენოპსინი. ამის გამო კბენის შემდეგ ადამიანს უჩნდება ისეთი შეგრძნება, როგორიც დამწვრობის დროს.


● ამერიკულ მთებზე სეირნობისას წელიწადში 4 ადამიანი იღუპება
ამერიკულ მთებზე, იგივე როლერ კოსტერზე (Roller Coaster) სეირნობისას დაშავების რისკი ზოგადად ძალიან დაბალია. აშშ-ის მასშტაბით წელიწადში დაახლოებით 900 მილიონი გასეირნება ხდება და სტატისტიკურად 124 000-დან მხოლოდ 1 შემთხვევა სრულდება დაშავებით. თუმცა 1994 წლიდან ჩატარებულ კვლევებს თუ გადავხედავთ, აშშ-ში ამ მიზეზით სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 4 სულია. 1994-2004 წლებში ამერიკულმა გორაკებმა 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button