პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე რიჟრაჟია, ჯერ ტრამვაი ..

რიჟრაჟია, ჯერ ტრამვაი
არ გასცლია ლიანდაგებს –
ნიკოლაძე თვის შედევრებს
გულდადებით აქანდაკებს.
ამოძრავებს ქვას და თიხას,
მარმარილოს ძეგლებს აგებს,
მას აქებენ: და სწორია,
ყველას თავის საქმე აქებს.
მაცნობს, როგორც დეპუტატი,
თავის სოფლებს და ბანაკებს,
ვხედავ: ხელით იშვიათი
ჩემს ბიუსტსაც აქანდაკებს.
თან იგონებს როდენს, პარიზს,
ელისეის აგარაკებს.
ბოლო არ აქვს მის ხუმრობას,
ძველს იგავებს და არაკებს.
მიყვარს მისი საუბარი:
მშვიდი და გულგაშლილია,
როს საგანი საუბარის
ქეთო მაღალაშვილია.

ატელიეს არ შორდება
შრომის გმირი, ფიცხი მოსე.
ახალ საქართველოს აგებს
მისი ფერი და ნახშირი,
მიმოფინა სურათებით…
……………………………………

წყნეთის ქუჩით, სადაც წინად –
შევხვდებოდი შიო მღვიმელს,
სად მოხუცი ახალგაზრდას
მაგებებდა მე მხნე ღიმილს, –
მიწოდებდა მედგარ მთესველს,
ტკბილი იყო სიტყვა იმის:
აღარა მყავს მეგობარი –
ახალგაზრდა ჩანგის სიმის!
მივალ დილით, ჯერ ტრამვაი…
……………………………………

რომ გავცილდი ვირის ხიდეს –
სად ბევრი სწუხს, რომ თბილისმა
აღარ იცის ძველებური
ჭიდაობა და თილისმა.
……………………………………

და როცა ის რუსთაველის
ქანდაკების ამბავს მოყვა –
ატელიეს შემოვიდა
ჩვენი პავლე ინგოროყვა!
დინჯი, რომლის მსგავსი ბევრი…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button