ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – მამალი

ერთ სოფელში, ცხოვრობდა ერთი მამალი. ისეთი ლამაზი და დიდებული, რომ მთელი საქათმის ქათმები მასზე გიჟდებოდნენ. საღამოს მწუხრზე, ბინდი რომ ჩამოწვებოდა და საქათმის კარი მიიკეტებოდა, ქანდარაზე შემომჯდარი მამალი შემოიკრებდა გარშემო ქათმებს და უყვებოდა სხვადასხვა ამბებს, სადაც ყველგან ორი მოქმედი პირი – თვითონ და მელია იყვნენ, და სადაც ყოველთვის თვითონ იმარჯვებდა. ქათმებიც, კისერწაგრძელებულები, გამოყვლეპილი თვალებით შესცქეროდნენ მძლეთამძლეს და კიდევ კარგი, რომ ქათმის სიბრმავე სჭირდათ და ბინდში დაბრმავებულები, ვერ ხედავდნენ, მელიის ხსენებაზე მამალს შიშით კუჭი რომ ეშლებოდა და ქანდარიდან ძირს ისკინტლებოდა. დილით კი,
– ჩვენო მარჩენალო,
დიდო მბრძანებელო,
მელიების რისხვავ!
ამოიყვანე მზეო,
და გაგვითენე დღეო! – შესთხოვდნენ საქათმის ბინადარნი. ისიც, კარებს გააღებდნენ თუ არა, გამღებს თავზე გადააფრინდებოდა, ღობეზე შემოჯდებოდა, დეზებს შეისწორებდა, ბიბილოს მარჯვნივ გადააგდებდა და ამაყად დაიყივლებდა
– მზეო, ამოდიი! – მხოლოდ მისი ყივილის შემდეგ აჰყვებოდნენ მეზობლის მამლები და ამოჰყავდათ თავ-თავიანთი მზე. მზის ამოყვანის პროცედურას რომ მორჩებოდა, პატრონის გოგოს დაყრილ საკენკს აკენკავდა, სხვებსაც დაუტოვებდა და მწყობრი ნაბიჯით დაიწყებდა ეზოში სიარულს. ხანდახან შეჩერდებოდა, თავს მოატრიალებდა და ამაყად გადახედავდა კვერცხის დასადებად მორბენალ, რომელიმე მოკაკანე ქათამს.
***
საქათმის მბრძანებლობა იოლად არ მოსულა. “ელპუჩინო პიოს” წივწივს თავი რომ დაანება, წიწილობიდან გამოვიდა და ბუნებამ თავისი სქესის შესაბამისი ატრიბუტიკით დააჯილდოვა, საქათმეში ორმამლიანობა იყო. უფროსი, რომელმაც ხმამაღალი ყივილი იცოდა და მზე ამოჰყავდა, ისეთი ბებერი იყო, რომ ბუმბული სცვიოდა. მეორე, შედარებით ახალგაზრდა, მართალია კაი ჯანზე იყო, მაგრამ მის ყიყლიყოს ხრინწი გასდევდა და მზეს როგორ ამოიყვანდა? ამიტომ, ორივენი ჩასაფრებულები ელოდნენ ერთმანეთის შეცდომებს და ქათმების თავისკენ გადაბირებას ცდილობდნენ. საქათმეში სრული ანარქია სუფევდა. დამლაგებელიც არავინ იყო, ყარდა იქაურობა, ვისაც სად მოეპრიანებოდა, იქ სკინტლავდა. ერთხელაც, სიმყრალემ რომ შეაწუხა, გადაუყარა ნისკარტი, აჰკრა კარის საკეტს და კარი გაიღო, არავისთვის უთქვამს, საიდუმლოდ შეინახა. ამის მერე, ღამღამობით, ჩუმად გადაფრინდებოდა ხოლმე “კეხურა” ვაშლის ტოტზე, მთელი ღამე იქ იჯდა სუფთა ჰაერზე და ფიქრობდა. მიხვდა ახალგაზრდა, რომ ორივე მამალს ვერ მოერეოდა, დაალაგა გეგმა და დაიწყო განხორციელება – ბებერ მამალთან მივიდა და უთხრა
– მე ვიცი, რომ მამაჩემი შენ ხარ, გვერდში დაგიდგები, მეორე მამალი გავაგდოთ, ოღონდ, იმ პირობით, რომ შენი მემკვიდრე მე ვიქნებიო! – გაიხარა ბებერმა მამალმა, პირობა დადეს, ერთმანეთს ფრთა ჩამოართვეს, მეორე მამალი ეზოს კუთხეში გამოიჭირეს და იმდენი ურტყეს თავში ნისკარტი, რომ განტვინეს და რადგან ჭრილობის შეხორცების მერეც, ფეხზე დგომისას ბარბაცებდა, პატრონმა, საჭმელად ეს არ ივარგებსო, ეკლესიას შესწირა და სოფლის სალოცავთან გაუშვა.
– ბიჭო, მე მამაშენი არ ვარ, მამაშენი ის იყო, თავი რომ გამოუთქვიფე, მამის მკვლელი არა გვჭირდება, საქათმე უნდა დატოვოო! – გამოუცხადა ბებერმა მამალმა. სხვა რა გზა დარჩენოდა, გადავიდა “კეხურას” ტოტზე და მთელ ღამეს ფიქრში ატარებდა. ერთხელ, სრული წყვდიადი რომ იყო და თვალთან ფრთას ვერ მიიტანდი, სოფელში ატყდა ძაღლების ყეფა. იგრძნო მამალმა, რომ “კეხურას” ძირში რაღაც დასუნსულებდა და
– რომელი ხარო? – ჩასძახა. დამალვას აზრი არ ჰქონდა
– გამარჯობა, მელა ვარო! – და წამოვიდა ზევიდან ნიაღვარი.
– ძმაო, შენ კუჭი გქონია აშლილი, მაგას ანწლის არაყი შველის, ჩამოდი, დავლიოთო!
– ჩამოსვლით არ ჩამოვალ, მაგრამ თუ საქათმის მბრძანებლობაში ხელს შემიწყობ, თვეში ერთი ქათამი ჩემზე იყოსო!
– მე ხელი როგორ უნდა შეგიწყოო? – გაუკვირდა მელას.
– ხვალ ამ დროს მოდი, საქათმის კარი ღია დაგხვდება, ბებერ მამალს დაავლე პირი, მე გამოგეკიდები და დაგკორტნი, შენ გაიქეცი და ერთი თვის მერე კიდევ მოდიო! – შეთანხმდნენ.
– ამაღამ უკანასკნელად გამათენებინე საქათმეში, აქედან მივდივარ, ხვალიდან ვეღარ მნახავო! – სთხოვა ბებერ მამალს – რაც არის, არის, მაინც ჩემი შვილიაო! – იფიქრა ბებერმა მამალმა და ერთი ღამით დართო საქათმეში გათენების ნება.
იმ ღამით, საქათმეში შემოვარდნილი მელა ახალგაზრდა მამალმა ისე დაკორტნა და გააგდო, რომ მელამ, მხოლოდ ბებერი მამლის წაყვანა ძლივს მოახერხა. მეორე დღეს, მთელი საქათმე ახალი მბრძანებლის ვაჟკაცობაზე ლაპარაკობდა.
***
დრო გადიოდა, ხვდებოდნენ საქათმის ბინადარნი, მათი რაოდენობა ყოველთვიურად რომ მცირდებოდა, მაგრამ ეს რა მოსატანი იყო იმ სიკეთეებთან, რაც ახალმა მბრძანებლმა მოიტანა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button