რელიგიასურათებიუცნაური

ნაყოფიერების დღესასწაული იაპონიაში [+15]

უძველესი ეპოქიდან მოყოლებული, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) არსებობდა სექსუალური ორგანოების კულტი. ამ ორგანოებს აღიქვამდნენ ნაყოფიერებისა და შთამომავლობის სიმბოლოდ. ამას ვერც იაპონური სინტოიზმი გაექცა და თანამედროვე ეპოქაში, განსხვავებით ევროპული საზოგადოებისგან, ამომავალი მზის ქვეყნის მოსახლეობისთვის ფალოსის თემა არ ასოცირდება გარყვნილებასთან, იაპონელი ხალხისთვის ის სრულიად ბუნებრივი რამაა.

ქვეყნის მასშტაბით მრავალი ტაძარია აგებული, სადაც მამაკაცის ან ქალის ორგანოების თაყვანისცემა ხდებოდა და დღემდე ხდება. თანაც არა საიდუმლოდ, არამედ საკმაოდ ღიად და აფიშირებულად – ამ კულტის პატივსაცემად დღემდე ეწყობა ორგანიზებული მასშტაბური ფესტივალები, რომლებშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

ერთ-ერთი ასეთი ტაძარია კანაიამა, რომელიც იაპონიის ქალაქ კავასაკიში მდებარეობს. ისტორიული ცნობების მიხედვით, ტაძარი აიგო ედოს პერიოდში (1603-1868 წწ) მეძავი ქალებისთვის, რათა პერიოდულად მისულიყვნენ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაცვისთვის ელოცათ. მასში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კანამარას, იგივე რკინის ფალოსის ქანდაკებას. ლეგენდის მიხედვით, ძველ დროში ქალის სხეულში სახლდებოდა ბასრი კბილების მქონე დემონი, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცებს სასქესო ორგანოს მოაჭამდა ხოლმე. ქალებს ისღა დარჩენოდათ, თხოვნით მიემართათ მჭედლისთვის, რომელიც რკინის ფალოსს ჩამოასხამდა. დემონი ამ შემთხვევაში უძლური იყო და კბილები ემსხვრეოდა, შესაბამისად, იმის შესაძლებლობაც აღარ ჰქონდა, რომ ვინმესთვის ევნო.

სწორედ ამის გამო ტაძრის ნაწილი ახდენს მჭედლის იმიტირებას, ფალოსის ქანდაკების გვერდით კი გრდემლია განთავსებული. დღესასწაული აპრილის პირველ კვირას იმართება და იზიდავს უამრავ ადამიანს, რომელთაგან დაახლოებით მესამედი სპეციალურად ამ სანახაობისთვის ჩამოსული უცხოელია.


ტაძრის ტერიტორიაზე იშლება კარვები, სადაც ფალოსთან ასოცირებული მრავალფეროვანი პროდუქცია იყიდება – სასქესო ორგანოს ფორმის ტკბილეულობა, სამკაულები, ხის ფიგურები და ა.შ.


აქვე ტარდება მასტერ-კლასები ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს, ისწავლოს იაპონურ თეთრ ბოლოკზე ფალოსის ფორმის ამოჭრა.


უცხოელი და ადგილობრივი მამაკაცები თუ გოგონები სიამოვნებით პოზირებენ კამერის წინ ფალოსის ფორმის კანფეტის წუწნისას.


გარდა ამისა, ფესტივალი იზიდავს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, უცნაურ ადამიანებს და მათ, ვისაც უბრალოდ ყურადღების მიქცევა ან არატრადიციული კოსტუმების მორგება სურს.


ტაძრის ცერემონია იხსნება ცეკვით, რომელსაც ასრულებენ ახალგაზრდა მიკოები – შინტოისტური ტაძრების მსახურები. მათ მოეთხოვებათ დაუქორწინებლობა და ქალწულობის შენარჩუნება, თუმცა აუცილებელი არაა, ტაძარს მთელი სიცოცხლე ემსახურონ. მიკოს როლი შეიძლება შეითავსოს სკოლის მოსწავლემ ან სტუდენტმა, რომელსაც უბრალოდ ეს როლი ხიბლავს.


ამის შემდეგ დგება მიკოშის გამოტანისა და ტარების დრო. მიკოში სპეციალური საცავია, რომელშიც ინახავენ ღვთაებრივ ნივთებს – ნივთებს, რომლებიც სულების ადგილსამყოფელს წარმოადგენენ. მიკოში ყოველთვის ხელით გადააქვთ, ამიტომ მასიდან გამომდინარე, მის საზიდად საჭირო ადამიანთა რაოდენობა მერყეობს ერთეულებიდან რამდენიმე ათეულამდე. ტარების დროს მზიდავები რიტმულად იმეორებენ გარკვეულ სიტყვებს და მცირეოდენად არხევენ მიკოშის. ამ პროცესში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, მათ შორის უცხოელებსაც, თუმცა ზოგისთვის შეიძლება ეს შეზღუდული იყოს (სქესის ან ასაკის გამო). კანაიამას ტაძარში 3 მიკოშია და თითოეულში გამოქანდაკებული ფალოსია განთავსებული. ამ სურათზე პროცესია ტოვებს ტაძარს – წინ მიდიან ქურუმები, მათი დამხმარეები და მიკოები.


ტვირთს ზიდავს 20 ადამიანზე მეტი, ისინი გამოწყობილნი არიან ასეთი ფესტივალებისთვის განკუთვნილ ტრადიციულ სამოსში – ქამრიან ხალათსა და მაღალყელიან თეთრ წინდებში, რომელსაც ტაბი ჰქვია.


ეს ყურებიანი გოგონა (ან ბიჭი) საგზაო მოძრაობას არეგულირებს. როგორც ჩანს, იაპონია ნამდვილად ტოლერანტული ქვეყანაა და ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავი ჩვეულებრივი ხალხისგან რაიმე ფორმით გამოყოს, თანაც ისე, რომ არ შეეშინდეს სხვათა მხრიდან დამცირების, ცემისა და მსგავსი მოვლენების.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button