Hi-Techგამოგონებამეცნიერებასაზოგადოება

შეიქმნა ადამიანების გულისცემით ამომცნობი ლაზერი

დღესდღეობით არსებული პიროვნების იდენტიფიკაციის ყველა სისტემა ემყარება ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს, როგორებიცაა თითის ანაბეჭდები, სახე და მოძრაობის მანერა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ყველაფრის პარალელურად ადამიანის ამოცნობა მისი გულისცემის მიხედვითაც შესაძლებელია – თითოეული დარტყმა აისახება სხეულში ვიბრაციებით, რაც ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს. სწორედ ეს განმასხვავებელი ნიშანი გამოიყენეს ამერიკელმა სამხედრო პირებმა ლაზერის შექმნისას, რომელსაც შეუძლია 200 მეტრის დაშორებით ამოიცნოს პიროვნება 95%-იანი სიზუსტით.

ამერიკელი სამხედრო ძალები გულისცემით პიროვნების იდენტიფიკაციის სისტემას იმიტომ დაეყრდნენ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციების დროს მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ზუსტად ამოიცნონ სამიზნე, რაც ხსენებულ პირობებში სახის ან მოძრაობის მახასიათებლებით პრაქტიკულად შეუძლებელია. იდენტიფიკაციის ახალი სისტემის სახელია Jetson, მისი შექმნისას გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სიხშირის აღმოჩენისა და კონტროლის უკვე არსებული მოწყობილობები – ვიბრაციამზომები.

მათ შეუძლიათ დააფიქსირონ ადამიანის სხეულის ვიბრაციები 200 მეტრის დაშორებიდან – მოწყობილობისთვის შემაფერხებელ ფაქტორს არ წარმოადგენს ტანსაცმელი, თუკი რა თქმა უნდა, სამიზნე ზამთრის სქელ ქურთუკში არ იქნება შემოსილი. თუკი დაკვირვების ობიექტი უმოძრაოდ იმყოფება, საიდენტიფიკაციო მონაცემების შესაგროვებლად ლაზერს მხოლოდ 30 წამი სჭირდება.

პენტაგონის ანტიტერორისტული ოპერაციების განყოფილების წარმომადგენლის აზრით შესაძლებელია აპარატ Jetson-ის სამუშაო დისტანციისა და ამოცნობის სიზუსტის მაჩვენებლის გაზრდა. პერსპექტივაში ეს ტექნოლოგია შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა მარტო სამხედრო მიზნებისთვის – მაგალითად, ექიმები შეძლებენ დისტანციურად დაადგინონ აქვს თუ არა პაციენტს არითმია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებს უკვე აქვთ მსგავსი ტექნოლოგია, სახელად VIBE. მას არ შეუძლია ადამიანის ვინაობის დადგენა, თუმცა მოქმედებს ტექნიკასთან მიმართებაში – VIBE განსაზღვრავს რა სახის ძრავით არის აღჭურვილი ესა თუ ის მანქანა: სპეციალური ალგორითმი იყენებს ტექნიკის კორპუსის ვიბრაციებიდან მიღებულ მონაცემებს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button