ახალი ამბებიკოსმოსიმეცნიერება

ხელოვნური გრავიტაცია უკვე აღარ არის ფანტასტიკა

ხელოვნური გრავიტაცია უკვე დიდი ხანია აღწერილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნებსა და ფილმებში, მაგალითად „Space odyssey 2001”-ში. თეორიულად, მისი განხორციელება არ გამოირიცხება. თუმცა საქმე ჯერჯეობით რეალურად არ მივიდა ხელოვნური გრავიტაციის კოსმოსურ პირობებში გამოცდამდე. ვითარება შესაძლოა მალე შეიცვალოს CU Boulder-ის გუნდის ძალისხმევის წყალობით. 

რისთვის არის საჭირო ხელოვნური გრავიტაცია 

სინამდვილეში ყველაფერი საკმაოდ მარტივია და მთელი არსი ადამიანის ფიზიოლოგიაში მდგომარეობს. ადამიანის ორგანიზმი იმგვარადაა მოწყობილი, რომ იარსებოს ისეთ პირობებში, სადაც შინაგანი ორგანოები და ძვლოვან-კუნთოვანი აპარატი განიცდის მიზიდულობის ძალას. კოსმოსური სადგურის პირობებში ეს ზემოქმედება პრაქტიკულად არ არსებობს, რის გამოც სამომავლოდ ჩნდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები. კუნთოვანი მასისა და სახსრების ტონუსში შენარჩუნება შესაძლებელია სპეციალურ ტრენაჟორებზე ვარჯიშით, მაგრამ შინაგანი ორგანოების მხრივ ვითარება რთულია. 

„ასტრონავტები განიცდიან ძვლოვან-კუნთოვანი მასის დაკარგვას, ძლიერ დატვირთვას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და არიან მთელი რიგი რისკების წინაშე“ –  აცხადებს CU Boulder-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თორინ კლარკი.  – „რა თქმა უნდა, არსებობს მთელი რიგი სავარჯიშოები და წინასწარი ზომები ასტრონავტების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, თუმცა ხელოვნური გრავიტაცია ერთბაშად მოაგვარებდა ყველა არსებულ პრობლემას“. 

როგორაა მოწყობილი ხელოვნური გრავიტაციის შემქმნელი მოწყობილობა 

Cu Boulder-ის გუნდი თავიანთ ქმნილებას უწოდებს „ცენტრიფუგა მოქმედების მოკლე რადიუსით“. მოწყობილობა მოიცავს ლითონის პლატფორმას, რომელიც საავადმყოფოს გადასაადგილებელ საწოლს მოგვაგონებს. მასზე წვება ადამიანი, რის შემდეგაც პლატფორმა ბრუნვას იწყებს. თავდაპირველად იგი ნელა ბრუნავს, თანდათან კი სისწრაფე მატულობს. 

„ცენტრიფუგას მიერ შექმნილი კუთხოვანი სიჩქარე სხეულს პლატფორმის ფუძისკენ 

უბიძგებს. ეს თითქმის იგივეა, რომ მიწაზე იდგეთ“ – აცხადებს კლარკი.  

პლატფორმაზე მუშაობისას ინჟინრები სავსებით მოსალოდნელ პრობლემას წააწყდნენ: დიდი ხნით ბრუნვის გამო ადამიანს ღებინება ეწყება. თუმცა როგორც ირკვევა, ამ გვერდითი ეფექტისგან გათავისუფლება შესაძლებელია. გამოცდისას 10 სეანსის შემდეგ ყველა გამოსაცდელი პირი თავს კომფორტულად გრძნობდა და არ განიცდიდა არანაირ პრობლემას. გამოცდის მსვლელობისას ბრუნვის სიჩქარე წუთში 17-ს შეადგენდა. 

რატომ არ შეიძლება პლატფორმის გამოყენება დღესვე 

სანამ კოსმოსში მოწყობილობის ფართომასშტაბიანი გამოცდა დაიწყება, მეცნიერებს მთელ რიგ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა, მაგალითად: რამდენ ხანს გრძელდება ცენტრიფუგაზე მიჯაჭვით გამოწვეული ეფექტი, რა გავლენა ექნება ჯანმრთელობაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – რა დროის განმავლობაში უნდა მიიღოს ასტრონავტმა ეს „გრავიტაციული აბაზანა“ იმისათვის, რომ მოხდეს უწონადობის ყველა ნეგატიური შედეგის კომპენსირება. როგორც კი დამტკიცდება CU Boulder-ის მიერ შექმნილი პლატფორმის უსაფრთხოება და გონივრულობა, შესაძლებელი იქნება შეიქმნას პირველი მუშა მოწყობილობა კოსმოსის პირობებში ხელოვნური გრავიტაციის შესაქმნელად. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button