National Geographicენიგმაისტორიამეცნიერებარელიგია

ბიბლიის გამოცანები: ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან

ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან – ბიბლიური ამბავი სასწაულებზე, კატასტროფებსა და ღმერთის ჩარევით ისტორიის შეცვლაზე. ცეცხლმოკიდებული ბუჩქიდან დაწყებული ახალშობილების სიკვდილით დამთავრებული, სწავლულები და ენთუზიასტები ცდილობდნენ, ზებუნებრივი მოვლენებისთვის ბუნებრივი ახსნა ეპოვათ ლაბორატორიებში, ქვიშის უდაბნოებსა და ვულკანებში. იძლევიან თუ არა ეს თეორიები საკმარის მტკიცებულებას იმაში დასარწმუნებლად, რომ სასწაულები ნამდვილად მოხდა? როგორი იყო გამოსვლის რეალური ისტორია? შესაძლებელია თუ არა, რომ სინამდვილეში მსგავსი რამ სულაც არ მომხდარა?

გამოსვლა – 3500 წლის წინანდელი ბიბლიური ამბავი, რომელიც მოიცავს საშინელ დაავადებებს, წითელი ზღვის ორად გაყოფას, ებრაელების მონობისგან გათავისუფლებას და ეგვიპტიდან თავის დაღწევას. გამოსვლის წიგნი ავტორიტეტულია იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში – სამ რელიგიაში, რომლებსაც ჯამში 4 მილიარდამდე ადამიანი მისდევს. ამ ისტორიას ძველ დროში მუდმივად ყვებოდნენ ცეცხლთან ჯდომისას, ჩაწერეს წმინდა წიგნებში და ახლო წარსულში ფილმებიც გადაიღეს. თუმცა ჩნდება კითხვა: მოხდა თუ არა გამოსვლა ისე, როგორც ამას ძველი აღთქმა აღწერს?

საუკუნეების განმავლობაში მრავალი ადამიანი ეძებდა ფაქტებს გამოსვლის ამბების ასახსნელად და განმარტებისთვის. მეცნიერები და მოხალისეები ცდილობდნენ, გაეშიფრათ სასწაულები ზოგჯერ ტრადიციული, ზოგჯერ კი უცნაური ტექნოლოგიებით. მაგრამ მტკიცებულებები დღემდე თვალშისაცემად მცირეა. ეგვიპტეში ჩატარებული გათხრებისას ნაპოვნი ნანგრევების კვლევა აჩვენებს, რომ ებრაელთა წინაპრები შესაძლოა, აქ სახლობდნენ ბიბლიური გამოსვლის ამბის მომენტამდე. ხოლო ქრისტეს შობამდე 1207 წლით დათარიღებული ეგვიპტური გრავიურის მიხედვით, ისრაელიტები ცხოვრობდნენ ქანაანში, თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე. ის, თუ რა მოხდა შუალედში, გაურკვეველი რჩება და მასზე მხოლოდ ძველ აღთქმაშია საუბარი.

ბიბლიის მიხედვით, 3500 წლის წინათ ეგვიპტე ძლევამოსილი ქვეყანა იყო, ფარაონს ებრაელები ჰყავდა დამონებული. ისინი აშენებდნენ ეგვიპტურ ქალაქებსა და დიდ მონუმენტებს. მაგრამ ფარაონს თანდათან აშინებდა ებრაელთა რიცხვის ზრდა. მან გამოსცა ბრძანება, ყველა ახალშობილი ვაჟი ნილოსში ჩაეგდოთ. ერთმა სასოწარკვეთილმა დედამ შვილის გადარჩენა სცადა. მდინარეზე მოტივტივე ლერწმის კიდობანში მყოფი ჩვილი ფარაონის ქალიშვილმა იპოვა და გადაარჩინა. ბავშვს მოსე დაარქვეს და მეფური წესით აღზარდეს. ერთ დღეს მან დაინახა, რომ ებრაელ მონას ზედამხედველი უმოწყალოდ სცემდა და მისი მოკვლით თავისი თვისტომი დაიხსნა. ფარაონმა მალე შეიტყო ეს ამბავი და მოსაკლავად ეძებდა მოსეს, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა. წლების განმავლობაში ის უდაბნოში დახეტიალობდა და ერთხელაც საოცარი სანახაობის მომსწრე გახდა.


მოსემ შენიშნა ბუჩქი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა. ბუჩქიდან მას ღმერთის ხმა მოესმა. მოსემ მიიღო ბრძანება, წინ აღდგომოდა ფარაონს და მონების გათავისუფლება მოეთხოვა. ის მარტოდმარტო გაეშურა, რათა დაპირისპირებოდა ეგვიპტის მმართველს – ყველაზე გავლენიან ადამიანს დედამიწაზე. თავისი ხალხის დახსნის თხოვნაზე მოსე უარს იღებს. ამის საპასუხოდ ებრაელთა ღმერთი ბუნებრივი კატასტროფებისა და დაავადებების სერიას ავლენს ეგვიპტეზე. ქვეყნის გადასარჩენად ფარაონი იძულებით თანხმდება მონების გათავისუფლებაზე. ღმერთი მითითებებს აძლევს წამოსულ ებრაელებს და მისი ბრძანებით მოსე წითელ ზღვას ორად გაჰყოფს, ციდან საკვებად მანანა ევლინებათ და აღთქმულ მიწამდე მიდიან, რაც ისტორიის მიმართულებას ცვლის. რამდენად ზუსტია ისტორიული თვალსაზრისით ეს უძველესი გადმოცემა? რეალურია თუ არა მასში აღწერილი სასწაულები?

გამოსვლის მონაკვეთის კვლევას დიდი ხნის ტრადიცია აქვს, ადამიანები ძველი დროიდან ეძებდნენ მეცნიერულ მტკიცებულებებს ბიბლიური სასწაულების მხარდასაჭერად. მათ შორისაა კემბრიჯის ფიზიკოსი კოლინ ჰამფრისი. ის ფიქრობს, რომ შეუძლია, ცეცხლმოკიდებული ბუჩქის ეპიზოდი უფრო გასაგები გახადოს მისტიკური ელფერის გარეშე. მისი თეორიით, ბუჩქთან ახლოს იყო ენერგიის წყარო, კონკრეტულად კი ბუნებრივი აირი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საკმაოდ გავრცელებულია. ხოლო თუკი ბუჩქი აკაცია იყო, რომელიც უდაბნოში ხშირია, მაშინ წვისას მისი ტოტები კი არ დანამცეცდებოდა, არამედ ფორმას შეინარჩუნებდა. ეს მოსაზრება ასე თუ ისე დამაჯერებელია, მაგრამ მაინც ძნელი დასამტკიცებელი.

როცა საქმე ეხება გამოსვლის სასწაულების ახსნას, უამრავი ვარიანტი ჩნდება, რომელთაგან ზოგი არგუმენტირებულია, ზოგიც უბრალოდ სასაცილო. ყველაზე მთავარი საკითხი კი ალბათ იმის ამოხსნაა, თუ რატომ დაატყდა თავს ეგვიპტეს ამდენი უბედურება და რა იყო ამის მიზეზი. ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ფარაონმა ებრაელთა გაშვებაზე უარი განაცხადა. ღმერთმა მის ქვეყანას 10 გასაჭირი მოუვლინა.

„აჰა, ამ კვერთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ ნილოსის წყალს და სისხლად იქცევა. გაწყდება თევზი ნილოსში, აყროლდება ნილოსი და ვეღარ დალევენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს.” ეს აღწერა ძალიან ნაცნობია ეპიდემიოლოგ ჯონ მარისთვის. მას მილიონობით მკვდარი თევზი უნახავს წითლად შეფერადებულ წყალში, რისი გამომწვევი მიზეზიც მიკროსკოპული წყალმცენარეების სიუხვე იყო. ამ მოვლენას „წითელ დინებას” უწოდებენ. დაკვირვებისას ცალკეულ წყალმცენარეს ვერ დაინახავთ, რადგან ისინი ძალიან პატარები არიან. თუმცა შეგროვებისას წყალს სისხლისფერს აძლევენ. მათი მოქმედების შედეგებს დღესაც ვხედავთ, მაგრამ თითქმის ყოველთვის ისინი ზღვებთან ასოცირდებიან.


ჯონ მარმა არ იცოდა, ნილოსი და მიკროსკოპული წყალმცენარეები როგორ დაეკავშირებინა ერთმანეთთან, თუმცა 1995 წელს ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროსთან მდებარე მდინარეებში ძალიან უცნაური რამ მოხდა: მილიარდამდე თევზი დაიხოცა, წყალი კი გაწითლდა. მიზეზი უცნობი იყო. მოგვიანებით კვლევისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს მთავარი დამნაშავე – მომაკვდინებელი მიკროორგანიზმი, სახელად ფისტერია. თუკი მსგავსი რამ მოხდა 90-იანი წლების კაროლინაში, რატომ არ შეიძლებოდა ანალოგიური რამის მოხდენა 3500 წლის წინანდელ ეგვიპტეში?

მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ გამოსვლის ეპიზოდში აღწერილ სასწაულებს მეცნიერული ახსნა აქვს, კატასტროფების ჯაჭვის წყლის შეფერადებით დაწყება სავსებით ლოგიკურია. „ბაყაყები აფუთფუთდებიან ნილოსში, ამოვლენ და შეესევიან შენს სახლს, შენს საძილე ოთახს, შენს საწოლს, შენს მორჩილთა სახლებს, შენს ხალხს, შენს თონეებსა და შენს ვარცლებს.” რა შეიძლება იყოს ამ უცნაური მოვლენის ახსნა? საქმე იმაშია, რომ ბაყაყების მოქმედებაზე გავლენას ახდენენ თევზები. თუკი თევზები დაიხოცებოდნენ, იმავე დროს ხმელეთზე ამოვიდოდა მილიონობით ბაყაყი. ბიბლია ამბობს, რომ ისინი ყველგან იყვნენ, შემდეგ კი ისინიც დაიხოცნენ. „აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და ამოწყდნენ გომბეშოები სახლებში, ეზოებში და მინდვრებში. გროვებად დაყარეს და აქოთდა ქვეყანა.” ღმერთის რისხვა მხოლოდ იწყებოდა, ეგვიპტეს უფრო მეტი გასაჭირი ელოდა წინ. იყო თუ არა კავშირში თითოეული მათგანი წინასთან და იწვევდა თუ არა ყოველი ახალი უბედურება მომდევნოს?

გაწითლებული ნილოსი და დახოცილი თევზები და ბაყაყები არ აღმოჩნდა საკმარისი არგუმენტაცია ფარაონისთვის, რომ ებრაელები გაეთავისუფლებინა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც შემდგომ მთელი სიცოცხლე ინანებდა. ღმერთმა ამჯერად მწერები მოუვლინა სასჯელად ეგვიპტელებს. მათგან პირველი გახლდათ ტილი, რომელიც შეესია ადამიანებსა და ცხოველებს. თუმცა აქ ერთი გაუგებრობა ჩნდება: ტილების არცერთი სახეობა არ ესხმის თავს ერთდროულად ადამიანსაც და ცხოველსაც. ბიბლიურ დროში სიტყვა „ტილი” აღნიშნავდა ნებისმიერ სისხლისმწოველ მწერს. რომელია ის ტილივით წვრილი მწერი, რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს? ენტომოლოგი ჯეფ ლოკვუდი თვლის, რომ ეს იყო მუმლი. პირის ადგილას მათ ბასრი გამონაზარდები აქვთ, რომლითაც ადვილად ჭრიან ქსოვილს და სისხლით კვებას იწყებენ. მილიონობით მუმლის შემოსევა ეგვიპტელებს ადვილად ააფორიაქებდა და გააგიჟებდა.

მეოთხე სასჯელი კიდევ უფრო საზიზღარი პარაზიტი მწერი იყო. „შეესია უთვალავი ბუზანკალი ფარაონის სახლს, მის მორჩილთა სახლებს, მთელ ეგვიპტის ქვეყანას. იღუპებოდა ქვეყანა ბუზანკალისგან.” ლოკვუდი მიიჩნევს, რომ ზედიზედ ორი მწერის შემოსევა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო დამთხვევა. თუკი გავიხსენებთ მეორე სასჯელს, გაგვახსენდება უამრავი მკვდარი ბაყაყი, რაც თავისთავად გამოიწვევდა მწერების ფართოდ გავრცელებას, რადგან მათი შემაკავებელი აღარაფერი იყო. ამ სცენარის მიხედვით, წითელმა ტოქსიკურმა წყალმა გამოიწვია თევზებისა და ბაყაყების დახოცვა, მათ გახრწნილ სხეულებზე კი მწერები მრავლდებოდნენ.

ამის შემდეგ ეგვიპტელებმა იხილეს, როგორ იღუპებოდნენ მათი შინაური ცხოველები. საქონელი, ცხენები, აქელემები, ხარები და ცხვრები ამოწყდნენ. ძალიან ძნელია ისეთი დაავადების პოვნა, რომელიც ერთდროულად ამდენ ცხოველს ავნებდა. ლოკვუდი ეჭვობს, რომ ეს უკავშირდება მესამე სასჯელს – მკბენარა მუმლს. მას უამრავი დაავადება გადააქვს და ცხოველებს ვნებს. მუმლის აქტიურ შემოსევას შეეძლო, ეპიდემიურ მასშტაბებში გაევრცელებინა ისეთი მძიმე ავადმყოფობები, როგორიცაა კატარალური ანთება და აფრიკული ცხენის ჭირი. როგორც ჩანს, სასჯელებს ნამდვილად აქვთ ერთმანეთთან კავშირი და თითოეული მათგანი შემდეგის გამომწვევი მიზეზია.

მეექვსე სასჯელი ის დაავადებაა, რომელიც ვნებს ადამიანებსაც და ცხოველებსაც. გრძელდება თუ არა ისევ იგივე ლოგიკური ჯაჭვი? „მტვრად მოეფინება იგი მთელს ეგვიპტის ქვეყანას და ყვავილის მუწუკებად გამოეყრება კაცსა და პირუტყვს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.” არსებობს რამდენიმე ბაქტერია, მაგალითად ჯილეხის გამომწვევი Bacillus anthracis, რომელიც მსგავს ზიანს აყენებს ცოცხალ ორგანიზმს და კანზე ძირმაგარებს აყრის. მაგრამ უნდა ყოფილიყო რაღაც, რაც სწრაფად და ეფექტურად გაავრცელებდა მას. ამის საპოვნელად უნდა მივმართოთ მეოთხე სასჯელს, ბუზანკალს. ლოკვუდმა საკუთარ თავზე გამოსცადა მათი მოქმედება, რათა ყველაზე სავარაუდო დამნაშავე ეპოვა. მან დაადგინა, რომ სხვებზე აქტიურად იკბინება ე.წ. შემოდგომის ბუზი (Stomoxys calcitrans).

სიტუაცია ასეთია: ბინძურდება მდინარე, ეს იწვევს ბაყაყების ხმელეთზე ამოსვლას, მათი სიკვდილის შედეგად მრავლდებიან მწერები, რომლებსაც გადააქვთ დაავადება და ასნეულებენ ადამიანებსა და შინაურ ცხოველებს. სწავლულთა ნაწილი თვლის, რომ პირველი 6 სასჯელი ერთმანეთთან დაკავშირებული ბუნებრივი მოვლენებია. მაგრამ რას ვიტყვით დანარჩენებზე?


მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი მკაცრად მოექცა ეგვიპტელებს, ფარაონი ჯერ კიდევ უარზე იდგა და მონებს არ უშვებდა. ამის გამო ღმერთმა სასჯელების მოვლენა განაგრძო. შემდეგმა ოთხმა უბედურებამ არანაკლებ კატასტროფული შედეგი გამოიღო. ნათესების გამანადგურებელმა სეტყვამ გზა გაუხსნა მსუნაგ კალიებს. „შეესია უთვალავი კალია ეგვიპტის ქვეყანას და მოეფინა მის ყოველ კუთხეს. არც მანამდე და არც მას მერე გამოჩენილა ამდენი კალია. დაფარა მთელი მიწის პირი და გადაშავდა მიწა. გადაჭამა ქვეყნის მთელი ბალახი და ხის ყველა ნაყოფი, რაც სეტყვას გადაურჩა.” მაშინდელ დროში კალიების რაოდენობა უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ადამიანებისა მთელ დედამიწაზე. ამდენი კალიის შემოსევის შედეგად მარტო მოსავალი არ განადგურდებოდა, ისინი მოედებოდნენ ტანსაცმელს, ტყავის ნაწარმს, კალათებს. ყველაფერი, რაც ორგანული იყო და არ მოძრაობდა, კალიების საკვებად იქცეოდა. ეგვიპტე საჭმლის გარეშე დარჩებოდა და შიმშილი დაისადგურებდა.

მეცხრე სასჯელი წყვდიადია. ზოგიერთის აზრით, ეს ქვიშის ქარიშხალი იყო, რომელმაც დროებით მზე გადაფარა. ბოლოს კი ამოქმედდა მეათე და ბოლო უბედურება: ეგვიპტელ პირმშოთა მასიური სიკვდილიანობა. „შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდარი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.” აქ უკვე ისეთი სისწრაფით ვრცელდება სიკვდილი, რომ ერთი შეხედვით, მეცნიერული ახსნა აღარ ესადაგება. რას შეიძლებოდა დაეხოცა პატარა ეგვიპტელები ასე მასიურად, მაგრამ არ შეხებოდა ებრაელებს?

ეპიდემიოლოგ მარტინ ბლეიზერს ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლო ახსნა აქვს. ძალიან ცოტაა იმ დაავადებების რიცხვი, რომელიც მცირე დროში უამრავს ასნეულებს და ამასთან, სასიკვდილო შედეგი აქვს. ყველაზე კარგად ამ მოვლენას ესადაგება ბუბონური ჭირი. მას ავრცელებს რწყილი, რომელიც თავის მხრივ ადამიანთა საბინადროებში ვირთხების მეშვეობით ხვდება. მე-14 საუკუნეში შავმა ჭირმა ევროპის მოსახლეობის 1/4 შეიწირა. ბლეიზერმა ძველი ჩანაწერები გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ ევროპულ ქალაქში შავი ჭირი ებრაელებს სხვებთან შედარებით ორჯერ ნაკლებად ვნებდა. ის ეჭვობს, რომ ებრაელები ისეთ რაღაცას აკეთებდნენ, რაც მათ იცავდა მაშინაც და ბიბლიურ დროშიც, ეგვიპტეში ყოფნისას. მათ უნდა ჰქონოდათ დაავადების ამრიდებელი რაღაც ჩვეულება, მაგალითად ღორის ხორცის აკრძალვა.

ღორის ორგანიზმში შეიძლება ჩასახლებული იყოს 9 მეტრამდე სიგრძის სოლიტერი, რომელიც ადამიანის სხეულში გადანაცვლების შემთხვევაში გამოიწვევს დასნეულებასა და სიკვდილს. ბლეიზერმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ ძველებურ ებრაულ ტრადიციაზე. ყოველ გაზაფხულზე ისინი აცარიელებდნენ მარცვლეულით სავსე ბეღელს. ეს წესი იმდენად მკაცრად იყო დაცული, რომ მისი შესრულება ებრაელებთან მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმომადგენლებსაც უწევდათ.

ებრაელები ემპირიული დამკვირვებლები იყვნენ და დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს კავშირი მარცვლეულსა და დაავადებებს შორის. მარცვლეულის რაოდენობის შემცირებით ვირთხების რაოდენობა კონტროლის ქვეშ იყო. რწყილისა და ვირთხის შეცოტავება კი ჭირისგან თავის დაცვის საშუალება იქნებოდა. რაც შეეხება ეგვიპტელებს – მათ მსგავსი რიტუალი არ ჰქონდათ. ამიტომ მათთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდა ბუბონური ჭირი. ან იქნებ არც იყო ჭირი? შავ ჭირს არ ახასიათებს შერჩევითი დასნეულება, რომ მხოლოდ ახალშობილებისთვის ევნო. ჯერჯერობით არაა ცნობილი ისეთი დაავადება, რომელიც ამ პრინციპით იმოქმედებდა. ბლეიზერი მიიჩნევს, რომ „პირმშო” მეტაფორაა და გამოყენებულია იმ მნიშვნელობით, რომ ეგვიპტელებში ყოველი მესამე ან მეოთხე ადამიანი იღუპებოდა.

ჯონ მარი თვლის, რომ შესაძლოა, ბიბლიური გადმოცემა პირდაპირ უნდა იქნას აღქმული. მან სელექციონერი მკვლელის ძებნა დაიწყო და წააწყდა ახლო წარსულში მომხდარ შემთხვევას, როცა ბავშვები ასევე სწრაფად და მოულოდნელად იხოცებოდნენ. მკვლევარებმა ეჭვი ობზე მიიტანეს და მარიც დაფიქრდა, რომ ეგვიპტელი ბავშვები სავარაუდოდ ტოქსიკურმა ობმა იმსხვერპლა. სიბნელეში დიდხანს შენახულ მარცვლეულს მართლაც შეიძლებოდა იშვიათი ობი აეკიდა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას შეარყევდა და შინაგან სისხლდენებს გამოიწვევდა. არჩევნის არარსებობის გამო ეგვიპტელების ძირითადი საკვები იქნებოდა ობიანი, ტოქსიკური მარცვლეული. სიკვდილი უეცრად დგება, ხილული მიზეზის გარეშე, თითქოს მსხვერპლებს სიკვდილის ანგელოზი შეეხო. მაგრამ მთავარი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია: რატომ პირმშოები?


ბოლო კითხვაზე პასუხი ჯონ მარმა ეგვიპტურ ტრადიციაში აღმოაჩინა. შიმშილიანობის დროს ეგვიპტურ ოჯახებში ყველაზე უფროს შვილს ორმაგ ულუფას აძლევდნენ ხოლმე, რათა გასაჭირი ნაკლებად შეხებოდა. მაგრამ ამჯერად გადარჩენის ნაცვლად ეს ჩვეულება სასიკვდილო აღმოჩნდა. ბიბლია სასტიკ სურათს გვიხატავს: ეგვიპტელი პირმშოები დაიხოცნენ, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი კი შიმშილობდა და დასნეულებული იყო. ფარაონი დამარცხდა. მას სურდა, ებრაელებს თავიანთ ღმერთთან ერთად დაეტოვებინათ ეგვიპტე. მან მოსეს ებრაელების წაყვანის ნება მისცა. სასჯელები შეწყდა.

მეცნიერების საქმეში ჩართვა წარმოშობს იმის ალბათობას, რომ ბიბლიაში აღწერილ ზებუნებრივ მოვლენებს ბუნებრივი ახსნა აქვს. მაგრამ მოხდა თუ არა რეალურად მსგავსი რამ? რატომ არაფერს გვიყვებიან მათზე ეგვიპტური წყაროები? იქნებ კიდევ მოხდა რაღაც ისეთი, რამაც დაასუსტა ეგვიპტე და ხელი შეუწყო ებრაელთა გათავისუფლებას? ამ საკითხზე ეგვიპტური ცნობები ნამდვილად გვაწვდიან გარკვეულ ინფორმაციას. როგორც აღნიშნულია, სიკვდილი მოვიდა ზღვის მეშვეობით.

ძლევამოსილი იმპერიები სხვადასხვა მიზეზების გამო ეცემიან. ბიბლია ამბობს, რომ სასჯელებმა ააოხრა ეგვიპტე და ებრაელებს გაქცევის საშუალება მისცა. თუმცა სხვა მოსაზრება აქვს არქეოლოგ ერიკ კლაინს. ის ფიქრობს, რომ საქმე გვაქვს ადამიანის მიერ ხელოვნურ ჩარევასთან და ამაში დასარწმუნებლად არქეოლოგიური მონაცემების კვლევა დაიწყო. მკვლევარებს აღმოჩენილი აქვთ მყარი მტკიცებულებები, რომ ეგვიპტეს თავს დაესხნენ იდუმალი დამპყრობლები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვიდან მოვიდნენ. ეგვიპტელებმა მათ „ზღვის ხალხი” უწოდეს. ზღვის ხალხის თავდასხმა ეგვიპტელებისთვის ნამდვილი კოშმარი იქნებოდა, რადგან მანამდე ასეთი მძვინვარე მეომრები არ ენახათ. მიუხედავად გამარჯვებისა, ეგვიპტე ძლიერ დასუსტდა და დიდი ზარალი ნახა. ძველი დიდება მან სამუდამოდ დაკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ სასჯელები არ უხსენებიათ, ეგვიპტელები დაწვრილებით აღწერდნენ თავდასხმებს რამზეს III-ის ტაძრის კედლებზე პიქტოგრამების სახით. არქეოლოგიური აღმოჩენები ამ ცნობებს ესადაგება. შეტევებით დასუსტებულმა ეგვიპტელებმა შესაძლოა, დაკარგეს ებრაელებზე გავლენა და მათაც ამ შანსით ისარგებლეს. მაგრამ მოხდა თუ არა მასიური გაქცევა? და თუკი მოხდა, სად უნდა ვეძებოთ შესაბამისი მტკიცებულებები? ამისთვის საჭიროა იმ არეალის გამოკვლევა, სადაც ებრაელები გადაადგილდებოდნენ.

ბიბლია ამბობს, რომ უდაბნოში 40 წლის განმავლობაში მოგზაურობდა 600 000 მამაკაცი თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად. არქეოლოგები იმედოვნებდნენ, რომ ასეთი მასშტაბური გადაადგილება საკმარის კვალს დატოვებდა. მათი მთლიანი რიცხვი 2-2.5 მილიონი იქნებოდა, მწკრივის სიგრძე კი – 250-300 კმ, თუკი ერთმანეთის გვერდით 10 ადამიანი დადგებოდა. შესაბამისად, მათ უნდა დაეტოვებინათ ასობით ცხვრისა და თხის ნარჩენები და ძვლები. მაგრამ უდიდესი მიგრაციის მხარდამჭერი მტკიცებულებების ძიებამ შედეგი არ გამოიღო და არქეოლოგები ვერაფერს წააწყდნენ.

არქეოლოგი ჯიმ ჰოფმეიერი თვლის, რომ სინამდვილეში ებრაელთა რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ბიბლიაში წერია. შესაბამისად, მათ მიერ დატოვებული კვალი უფრო მწირი და ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა. ჰოფმეიერის აზრით, საქმე გვაქვს ებრაული სიტყვის „ელეფის” არასწორ გაგებასთან. ბიბლია ამბობს, რომ იმ მამაკაცთა რიცხვი, ვინც ოჯახთან ერთად დატოვა ეგვიპტე, იყო 600 ელეფი. ელეფის თარგმნა სამნაირად შეიძლება: ათასი, გვარი და სამხედრო ერთეული. ჰოფმეიერისეული ინტერპრეტაციით, ეგვიპტიდან გამოვიდა 5000-მდე ებრაელი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენიმე ათასი იყო მათი რაოდენობა თუ მილიონები, გადაადგილების კვალი დღემდე არ უპოვიათ. ზოგიერთის აზრით, ეს იმის გამო იყო, რომ ებრაელები ძალიან ჩქარობდნენ, მაგრამ მათ მალე შეხვდებოდათ ერთი შეხედვით დაუძლეველი ბარიერი – წითელი ზღვა.

ფარაონმა მალე შეიცვალა აზრი ებრაელების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მისი არმია გაქცეულებს დაედევნა და წითელი ზღვის სანაპიროსთან დაეწივნენ. ზღვის იქით თავისუფლებას მოიპოვებდნენ, მაგრამ გასასვლელი არსად ჩანდა. მოსეს ისევ მოესმა ღმერთის ხმა: „კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიანები შუაგულ ზღვაში.” „დაედევნენ ეგვიპტელები, შეჰყვნენ შუაგულ ზღვაში ფარაონის ცხენები, მისი ეტლები და მხედრები.” „მიიქცა წყალი და დაფარა ეტლები, მხედრები და ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ მათ; ერთიც არ გადარჩენილა.” შესაძლოა, სხვა არცერთ მონაკვეთში არ იყოს ღმერთის მხრიდან კაცობრიობის ბედში ისეთი ძლიერი ჩარევა, როგორიც აქაა. შესაძლოა თუ არა, მსგავსი რამ მართლაც მომხდარიყო?


შეიძლება ითქვას, რომ ძველი აღთქმის სასწაულებიდან მეცნიერებში ყველაზე დიდ ინტერესს წითელი ზღვის გაყოფა იწვევდა. კოლინ ჰამფრისი თვლის, რომ მან იცის, როგორ მოხდა ეს. როგორც ბიბლიაში წერია, „დააღირა ხელი ზღვას მოსემ და მთელი ღამე მოდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით”. ებრაელები მიდიოდნენ, მათ მარცხნივაც და მარჯვნივაც ზღვა იყო, თვითონ კი მშრალ მიწაზე მიაბიჯებდნენ. ეს აღწერა ესადაგება ერთ ბუნებრივ მოვლენას, როცა ძლიერი ქარი ერთი მიმართულებით დიდხანს უბერავს და წყალს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, შუაზე ჰყოფს. თუკი წითელ ზღვაში ფსკერი სადმე შემაღლებული იყო, გაყოფისას გამოჩნდებოდა და ებრაელებისთვის უსაფრთხო გასავალი ხიდი იქნებოდა. ხოლო ქარის ჩადგომის შემდეგ წყალი უკან დაიხევდა, ძველ კალაპოტს დაუბრუნდებოდა და ეგვიპტურ არმიას გაანადგურებდა, როგორც ბიბლიაშია აღწერილი.

ანალოგიურ საკითხს იკვლევს არქეოლოგი ფლოიდ მაკკოი. ის ჰავაის უნივერსიტეტში მოღვაწეობს და ცუნამების კვლევითაა დაკავებული. მისი ვერსიით, შესაძლოა, ცუნამმა შექმნა სახმელეთო გასასვლელი ლაგუნის გასწვრივ. მიუხედავად იმისა, რომ ცუნამი ჩვენთვის უზარმაზარ ტალღებთან ასოცირდება, ამ შემთხვევაში მთავარი სხვა რამეა: ცუნამს წინ უსწრებს წყლის გაუჩინარება. ეს იმის მანიშნებელია, რომ მალე სტიქია იმძლავრებს. თუკი ლაგუნაში წყალი დაიკლებდა, ებრაელებს საშუალება მიეცემოდათ, მშრალად გადასულიყვნენ. ამას შემდეგ მოჰყვებოდა დიდი ტალღა და შთანთქავდა ყველას, ვინც ებრაელებს უკან მიჰყვებოდა. ამ შემთხვევაში ცუნამი საკმაოდ ძლიერი უნდა ყოფილიყო და მის ასამოქმედებლად საჭირო იქნებოდა რაიმე მასშტაბური კატასტროფა, როგორიცაა მიწისძვრა, ასტეროიდი ან ვულკანი. ყველაზე რეალური ვარიანტი სანტორინია – ძველი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ამოფრქვევა.

სანტორინის ვულკანის ამოფრქვევის სიმძლავრე 24 000 მეგატონაზე მეტი იყო. ამოფრქვეული ღრუბლები 40-50 კმ-ის სიმაღლზე აიწევდა, ნამსხვრევები წყალში ჩაიყრებოდა და მოგვიანებით ცუნამს გამოიწვევდა. პიროკლასტური ნაკადები, ვულკანური ფერფლის უზარმაზარი მასა და ნატეხები ნამდვილად იქნებოდა ამ კატასტროფის მიზეზი. კომპიუტერული მოდელირება აჩვენებს, რომ სანტორინის ცუნამის ნაკადი პირდაპირ ნილოსის დელტისკენ აიღებდა გეზს, სადაც სავარაუდოდ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლას ჰქონდა ადგილი. ერთადერთი დასაზუსტებელი საკითხი თარიღებია: როდის მოხდა გამოსვლა და როდის – ვულკანის ამოფრქვევა? ამის გარკვევა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ვულკანოლოგი სტივ ო’მირა ფიქრობს, რომ ჰავაიში მდებარე კილაუეას ვულკანი ბიბლიური ისტორიის გასაღებია – შესაძლოა, წყალქვეშა ვულკანი დაეხმარა ებრაელებს, გაქცეულიყვნენ საზღვაო გზით. წითელი ზღვა ქმნის დიდი აფრიკული რიფტის სისტემის ნაწილს. მთელ ამ რეგიონს აქტიური ვულკანური წარსული აქვს. ო’მირას ვერსიით, 3200 წლის წინ ძლიერი ამოფრქვევის შედეგად წყალში ლავა ჩაიღვარა, გაქვავდა და მყარი ხიდი შექმნა გასასვლელად. წყალთან შეხებისას ლავის ზედაპირი სწრაფად ცივდება და არასტაბილური, მაგრამ გადასვლისთვის გამოსადეგი გზა გაჩნდებოდა. ებრაელების სამშვიდობოს გასვლის შემდეგ გაციებული ლავა სწრაფად დაშლას დაიწყებდა და როცა ეგვიპტელები ეტლებით მიაშურებდნენ, ხიდი ჩაიქცეოდა, ხოლო ფარაონის არმია ზღვაში აღმოჩნდებოდა.

თუკი ებრაელები ვულკანმა, ცუნამმა ან ძლიერმა ქარმა იხსნა, მათი გადაადგილების კვალი მაინც უნდა დარჩენილიყო. ისინი, ვისთვისაც ბიბლია თავიდან ბოლომდე ღმერთის სიტყვაა, მიიჩნევენ, რომ მტკიცებულებების არარსებობას თავისი მიზეზი აქვს: შესაძლოა, ძიება არასწორ ადგილას ხორციელდება. ისინი შენიშნავენ, რომ არაა ცნობილი ზუსტი მარშრუტი, რომლითაც ებრაელები გადაადგილდებოდნენ. ბიბლია ამ საკითხში ბუნდოვანია. „შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გავლით მეწამული ზღვისკენ.” ებრაელებმა მოგზაურობა ეგვიპტიდან დაიწყეს და საბოლოოდ ქანაანში აღმოჩნდნენ, თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე.


წითელი ზღვის გავლასთან დაკავშირებული სხვადასხვა თეორიები შესაბამისად განსხვავებულ მარშრუტს ქმნიან. ქარიშხლის ვერსიის მიხედვით, ეს თხელ დინებაში უნდა მომხდარიყო. კოლინ ჰამფრისი გვთავაზობს გზას ცენტრალური სინაის გავლით. ცუნამის ვერსიას მხოლოდ მაშინ ეძლევა აზრი, თუკი ებრაელები ჩრდილოეთისკენ წავიდნენ, სანაპიროს გასწვრივ. ხოლო ლავის ხიდი შესაძლოა წითელი ზღვის გასწვრივ შეიქმნა, აკაბის ყურესთან, რომელიც რეგიონში ყველაზე სავარაუდო ადგილია ვულკანური აქტივობისთვის.

ჯიმ ჰოფმეიერი მიიჩნევს, რომ მკვლევართა უმეტესობა კვალს არასწორ ადგილას ეძებდა, რადგან თარგმანში რაღაც დაიკარგა. ებრაული „იამ სუფ” სიტყვასიტყვით ნიშნავს ლერწმის ზღვას. როცა ბერძნებმა ძველი აღთქმის თარგმნას მიჰყვეს ხელი, „იამ სუფ” თარგმნეს, როგორც წითელი ზღვა. ასე რომ შესაძლოა, კაცობრიობა მთელი 2000 წლის განმავლობაში არასწორი ინტერპრეტაციით სარგებლობდა.

ლერწმის ზღვის პოვნა არც ისე ადვილი საქმეა. 3500 წლის წინ ნილოსის დელტა ძალიან განსხვავებული ადგილი იყო. ზღვა ხმელეთად იქცა და ხმელეთი – ზღვად. ჭაობიანი ტერიტორია დაშრა და უდაბნო გახდა. თუმცა გეოლოგმა სტივ მოშერმა წარსულის ნაკვალევის აღმოჩენა შეძლო. გასაღები კი 1960-იანი წლების სურათები აღმოჩნდა. ბოლო პერიოდში აშშ-ის მთავრობამ მოახდინა ცივი ომის პერიოდში გადაღებული საიდუმლო სატელიტური ფოტოების დეკლასიფიკაცია. მათზე უდაბნო იმ ფორმით ჩანდა, როგორიც ქალაქების გაშენებამდე და ცივილიზაციის დასახლებამდე იყო. გაშიშვლებულმა ზედაპირმა აქამდე უცნობი დეტალები გამოავლინა.


მუქი მონაკვეთები სავარაუდოდ ის ადგილებია, სადაც ძველ დროში წყალი იყო. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ლერწმის ზღვა ყოფილიყო. თავისი ეჭვების დასადასტურებლად მოშერმა ნიადაგის ნიმუშები აიღო და შეამოწმა. მისი მიზანი იყო, დაედგინა, რა სახე ჰქონდა აქაურ გარემოს ძველ ხანაში – ჭაობი, მდინარე, ტბა თუ ზღვის ლაგუნა? მოშერი ჯიმ ჰოფმეიერთან ერთად აწარმოებდა კვლევებს. ისინი წააწყდნენ წყლის უძველესი საცავის, ბალას ტბის, კვალს. ჰოფმეიერი თვლის, რომ სწორედ ესაა ბიბლიაში ლერწმის ტბად წოდებული ადგილი. მის სიახლოვეს ჯიმმა ეგვიპტელთა გამაგრების ორი ადგილიც კი იპოვნა, მაგრამ ებრაელთა კვალს ვერ მიაგნო. რამდენად დამაჯერებელია, რომ 3500 წლის შემდეგ მტკიცებულებები ჯერ კიდევ უდაბნოში იმალება? არქეოლოგების უმეტესობას უარყოფითი პასუხი აქვს. თუმცა არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მიაგნო ფარაონის არმიის გავლისა და სასწაულების მოხდენის დამამტკიცებელ საბუთებს.

მოყვარული არქეოლოგი ბობ კორნიუკი მიიჩნევს, რომ მან ძველი აღთქმის წმინდა გრაალს მიაგნო – აღმოაჩინა არტეფაქტები, რაც ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლას ადასტურებს. მისი გამოძიების ტექნიკა დაფუძნებულია მის დეტექტიურ ნიჭსა და რწმენაზე. გამოსვლის ეპიზოდს 20 წელი იკვლევდა, ეძებდა სინაის მთას ეგვიპტეში, აღთქმის კიდობანს, წითელი ზღვის გაყოფის ადგილს. როგორც სხვა მკვლევარებს, კორნიუკსაც თავისებური მოსაზრება აქვს ებრაელთა მარშრუტზე: ეს უნდა მომხდარიყო სინაის ნახევარკუნძულის ფართო სანაპიროს გასწვრივ, შემდეგ კი აკაბის ყურის დასაწყისთან გადაეკვეთათ და ხმელეთზე გადასულიყვნენ.

კორნიუკი მინიშნებად იყენებს ესაიას წიგნის ციტატას: „ასე ამბობს უფალი, ზღვაში გზის მიმცემი და ბილიკისა ბობოქარ წყლებში.” ის ფიქრობს, რომ ებრაელებს დაეხმარათ წყალქვეშა სახმელეთო ხიდები. წყალმარჩხი რიფები ყველაზე სავარაუდო ადგილია, სადაც წყლის გაყოფა მოხდა. თუკი კორნიუკი მართალია, ეს იქნება ის ადგილიც, სადაც ფარაონის არმია განადგურდა. ის დამხმარეებთან ერთად ამ არეალს იკვლევდა და კლდეების მიდამოში გათხრებს აწარმოებდა იმ იმედით, რომ რამეს აღმოაჩენა. მან მართლაც იპოვა რაღაც – ბრინჯაოს ასობით პატარა ნატეხი. კორნიუკი თვლის, რომ ისინი ადამიანის ხელით დამზადებული ნაკეთობის – მაგალითად, ისრის ან აბჯრის რომელიმე დეტალის – ნარჩენს წარმოადგენს.

კორნიუკის კოლეგები ასევე გულმოდგინებით იკვლევდნენ უდაბნოს იმ მონაკვეთებს, სადაც სავარაუდოდ ებრაელები ხეტიალობდნენ. მათ მიაგნეს ასობით და შესაძლოა ათასობით ქვას, რომლებიც მათი მოსაზრებით, ადამიანის მიერაა დამუშავებული. რა შეიძლებოდა მათი დანიშნულება ყოფილიყო? ბიბლია საუბრობს მანანაზე, რომელიც უდაბნოში მყოფი ებრაელებისთვის ციდან მოვლენილი საკვები იყო. შესაძლოა, ისინი სწორედ ამ ქვებზე აგროვებდნენ მანანას. აღმოაჩინა თუ არა ბობ კორნიუკმა რეალური მტკიცებულება? მეცნიერები ისევ სკეპტიკოსებად რჩებიან. კორნიუკს მეცნიერთა ფართო საზოგადოებისთვის არ წარუდგენია თავისი მტკიცებულებები, ამიტომ მისი განცხადებების ჭეშმარიტების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლის თაობაზე მრავალი განსხვავებული და უჩვეულო განცხადება გაკეთებულა. ექსპერტები თვლიან, რომ ნაკლებად ლოგიკურია გამოსვლის ეპიზოდის მტკიცებულებად ბრინჯაოს ნატეხების მოყვანა, რადგან ფაქტობრივად შეუძლებელია იმის გადამოწმება, ეკუთვნოდა თუ არა ისინი ფარაონის ჯარისკაცებს, რადგან ეს არაა ორგანული მასალა. ასევე ძნელია მათი დათარიღებაც და რომელიმე ფარაონთან მისადაგება. ფაქტი ისაა, რომ დღემდე არ აღმოუჩენიათ ერთი არტეფაქტიც კი, რომელიც მკაფიოდ იქნებოდა დაკავშირებული ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის მოვლენასთან. თუკი ზღვის გაყოფა, ბუჩქის წვა, ეგვიპტის სასჯელები ოდესღაც მართლაც მოხდა, აშკარაა, რომ არანაირი კვალი არ დაუტოვებიათ. ვერც იმის დადასტურება ხდება, რომ ეგვიპტეში ებრაელები მონები იყვნენ. გამოსვლის ეპიზოდს მხოლოდ ერთი წყარო აქვს – ბიბლია.


მრავალი მკვლევარისთვის ეგვიპტური წყაროების დუმილი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ზოგიერთი ამის საპასუხოდ ამბობს, რომ ეგვიპტელები ასეთ სამარცხვინო მარცხს არ აღწერდნენ. ეს შეიძლება მიესადაგოს თვალსაჩინო ადგილას ამოკვეთილ პიქტოგრამებს, მაგრამ ეგვიპტელები გამოცდილი ბიუროკრატები იყვნენ და ყველაფერს შელამაზების გარეშე აღწერდნენ წვრილმანებში. ისინი მოგვითხრობენ მათი ისტორიის ნეგატიურ მომენტებზე, როგორიცაა სამოქალაქო ომი, შიდა არეულობა, უცხოელთა შემოსევა, დამპყრობელთა მიერ ეგვიპტის აღება და ა.შ. ხოლო ებრაელთა მასიური გადაადგილება და ფარაონის არმიის განადგურება არსადაა ნახსენები.

როცა ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლა მეცნიერულ ჭრილში განიხილება, უტყუარი ფაქტი მხოლოდ რამდენიმეა. ნასახლარების კვლევა გვამცნობს, რომ სემიტური წარმოშობის ხალხი შესაძლოა ცხოვრობდა ეგვიპტეში ქრისტეს შობამდე 1600 წელს. დაახლოებით 400 წლის შემდეგ ეგვიპტური ფირფიტა მოიხსენიებს „ისრაელად” წოდებულ ხალხს, რომელიც ქანაანში, თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. რა მოხდა ამ შუალედში და როდის ჰქონდა ადგილი ეგვიპტიდან გამოსვლას, უცნობია. გამოსვლისას მომხდარი სასწაულების მეცნიერული ახსნა არ წამოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ მსგავსი რამ ნამდვილად მოხდა. არქეოლოგიური და ისტორიული ჩანაწერები კი ამ ეპიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მტკიცედ სდუმან.

სკეპტიკოსი მეცნიერები თვლიან, რომ ებრაელთა გამოსვლა ან საერთოდ არ მომხდარა, ან ჰქონდა გაცილებით განსხვავებული სახე, ვიდრე ეს ბიბლიაშია აღწერილი. თუმცა ყველა აღიარებს ერთ რამეს: ამ ამბავში შეიძლება სიმართლის დიდი მარცვალი იყოს. შესაძლოა, ეს გადმოცემა გაჩნდა მომთაბარე ხალხთა პატარა ტომებში, რომლებიც ეგვიპტესა და ქანაანს შორის რეგიონში მოგზაურობდნენ. ამ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა მიგრაციების სერიას, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, მაგრამ მოგზაურთა რიცხვი იქნებოდა მცირე და ერთ ჯერზე მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულს არ აღემატებოდა. მომთაბარეები შეინახავდნენ გადმოცემებს, რომლებსაც თაობიდან თაობაში მოყვებოდნენ, სანამ ეპოსის სახე არ მიეცემოდა.

მიუხედავად მტკიცებულებების სიმწირისა, ებრაელთა გამოსვლის ამბავმა დღემდე მოაღწია და თანამედროვე მსოფლიოზეც ახდენს გავლენას. ხალხის გათავისუფლებისა და მათი ღმერთის ტრიუმფის ამბავს საუკუნეების მანძილზე მუდმივად ახლდა რეზონანსი. გამოცხადება თუ მითოლოგია? როგორც ჩანს, გამოსვლის ეპიზოდი რწმენის საკითხი უფროა, ვიდრე მეცნიერების. თუმცა მათთვის, ვისაც ბიბლიის სჯერა, მეცნიერული მტკიცებულება არაა საჭირო მასში დასარწმუნებლად. შესაძლოა იმ უკაცრიელ ტეროტირიაზე, სადაც, ბიბლიის მიხედვით, ებრაელები გადაადგილდებოდნენ, ოდესმე აღმოაჩინონ უდავო მტკიცებულება, რომ დიდ მიგრაციას მართლაც ჰქონდა ადგილი. მაგრამ ჯერჯერობით უდაბნო ისევ თავისთან ინახავს უამრავ საიდუმლოს.

მომზადებულია National Geographic-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button