პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – წარწერა წიგნზე „მანონ ლესკო“

მარად ისმის: მარადისი
სიყვარული ძნელია.
ვის ისარი მოხვდა მისი,
მუდამ ცრემლის მღვრელია.

ვარდთა კონის, ბნედა გონის,
ტავერნების ნდომანი…
დე გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი.

დღენი ევრის და პარიზის,
უდაბნოთა ჩვენება,
მწუხარება კიპარისის,
ყვავილთ შემოშენება.

ველად გაჭრას, ხელად რონინს
ცვლიან შემოდგომანი…
დე გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი.

ყველაფერი იგი გაჰქრა,
ვით სიზმარი გვიანი,
დრომ ახალი ძალით დაჰკრა:
სხვაა ადამიანი.

რუსოს ხანა, ოხვრა რონის,
ტრიანონის ცდომანი…
დე გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი.

მაგრამ წიგნი მაინც დარჩა
ვაჟისა და ასულის,
როგორც სარკე, როგორც ფარჩა
დროის ფერგადასულის,

და იწონის წიგნთა დონეს,
წიგნთა მრავალთ კვდომანი…
დე გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button