ლიტერატურა

ფრანც კაფკა – ნიღაბახდილი თაღლითი

როგორც იქნა, საღამოს ათი საათისთვის, მოულოდნელად გადაყრილ შემთხვევით ნაცნობთან ერთად, ორი საათის განმავლობაში მთელი ქუჩები რომ შემომატარა, მისმა და ზრილობის უნებლიე მძევალმა, მემამულის სახლამდე მივაღწიე, სადაც წვეულებაზე მელოდნენ.„ასე!“ ვთქვი და დამშვიდობების ნიშნად, ახლა გარდაუვალი რომ ჩანდა, ხელი ხელს შემოვკარი. რამდენიმე ნაკლებ მკაფიო მინიშნება ადრეც ვცადე. სრულიად გამოფიტული ვიყავი.„ადიხართ?“ იკითხა მან. მისი პირიდან მომესმა ხმაური – რაღაც კბილების კაწკაწის მსგავსი.„დიახ“.ბოლოს და ბოლოს, დაპატიჟებული ვიყავი, და ეს უკვე ვუთხარი. დაპატიჟებული იქ, მაღლა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას სიამოვნებით შევუერთდებოდი და არა სახლის შესასვლელთან დიდი ხნით დგომისთვის მიწვეული, თანამოსაუბრის ურებს მიღმა დიდი ხნით უაზროდ მზერისა და ერთობლივი დუმილისთვის განწირულნი. თანადგომას ამ დუმილს გვერდით მდგარი სახლებიც უცხადებდნენ, რომლებსაც მხარს ირგვლივ ჩამოწოლილი სიბნელე უბამდა, მაღლა, ვიდრე თვით ვარსკვლავებამდე. ახლა მკაფიოდ ისმოდა: უხილავ მოსეირნეთა ნაბიჯების ხმა, რომელთა სიშორე-სიახლოვის გამოცნობის ხალისი გამქრალიყო, ქარის ქროლვა, გამუდმებით რომ ეკვროდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, და გრამაფონი, რომელიღაც სახლის დახურული ფანჯრის მიღმა რომ იქცევდა თავს. ამ სიჩუმით გათამამებულებს, ახლა ამოეღოთ ხმა და მას, სიჩუმეს, ისე განკარგავდნენ, თითქოს მხოლოდ მათი საკუთრება ყოფილიყოს – უწინ, აწ და მარადის.და შეეგუა ამას ჩემი თანმხლები თავისი – და, ღიმილის შემდეგ, ჩემი – ღირსების პატივისცემით, კედლის გასწვრივ აღმართა მარჯვენა ხელი და თვალდახუჭულმა მიაყრდნო ლოყა.ოღონდ, ჯერ კიდევ ღიმილის დამთავრევამდე, სირცხვილის გრძნობამ მაიძულა შემობრუნება-მხოლოდ ახლა, ამ ღიმილზე მივხვდი, რომ საქმე თაღლითთან მქონდა. უკვე თვეებია რაც ამ ქალაქში ვარ, ვირწმუნე, რომ ამ ხალხს, ყველას, კარგად ვცნობდი-აი, მოემართებიან ღამით პატარა ქუჩებიდან, ხელებგამოწვდილი მოგაშურებენ, როგორც კლიენტის დანახვაზე სასტუმროს მეპატრონენი, ეფარებიან აფიშის სვეტებს, საიდანაც, თითქოს დამალობანას თამაშობენო, გითვალთვალებენ, თუნდაც ცალი თვალით, ან გზაჯვარედინებზე, როდესაც დგახარ გაურკვევლობაში, უეცრად შენ წინ, ტროტუარის კიდეზე აღმოცენდებიან! მაინც, რა კარგად მესმოდა მათი, ჩემი პირველი ნაცნობებისა ქალაქის პატარა სასტუმროებში, რომლებსაც უნდა ვუმადლოდე შეუპოვრობის პირველ ცოცხალ ნიმუშებს, რომელთა გარეშეც ცხოვრება ჩემს ირგვლივ ვეღარ წარმომიდგენია და მას ახლა უკვე ჩემშიც შევიგრძნობ. როგორ გიღობავენ გზას, მაშინაც, როდესაც უკვე დიდი ხანია თითქოს გაექეცი და სათაღლითო არც არაფერია! არც დაჯდომას აპირებენ, არც ეცემიან, არამედ გადმოხრილან შენკენ სწრაფვაში, გიყურებენ მზერით, თუმცა შორით, მაინც შთამბეჭდავით! და ყოველთვის ერთნაირია მათი ფანდები: დგებიან შენ წინ ისე, რომ მთელ სივრცეს ფარავენ; ცდილობენ შეგაფერხონ სწრაფვაში იქით, საითაც მიგეჩქარება; სანაცვლოდ გიმზადებენ მყუდრო თავშესაფარს და საკუთარ მკერდს გთავაზობენ. ბოლოს, შენში თავმოყრილ აღშფოთების გრძნობას მეტი სიახლოვისთვის, გადახვევისთვის მზადყოფნად აღიქვამენ და ცდილობენ აქაც დაგასწრონ, მოემართებიან შენსკენ, წინ გადმოხრილი თავით.ეს ძველი თავშექცევა მხოლოდ დიდი ხნის ერთად ყოფნის შემდეგ განვჭვრიტე. თითის წვერებს ერთმანეთზე გულმოდგინედ ვუსვამდი, შესაძლო შერცხვენა-გაწბილებისგან რომ დამეზღვია თავი.თანამოსაუბრე კი იდგა უწინდებურად, კედელზე მიყრდნობილი, ვერ ელეოდა თაღლითობას და თავისუფალ ლოყაზე ვარდისფრად დასთამაშებდა ბედით კმაყოფილება.„გიცანი!“ ვუთხარი, მსუბუქად დავკარი მხარზე ხელი და მაღლა გავეშურე – მიხაროდა მსახურების, ასე უმიზეზოდ ერთგულების, ხილვა. მოულოდნელი იყო ეს სიამოვნება. პალტოს გამორთმევისას და ჩექმებისგან მტვრის ჩამობერტყვისას ყველას სათითაოდ შევავლე თვალი, თავისუფლად ამოვისუნთქე და დარბაზში წელგამართული შევედი.http://litklubi.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button