ესეისტორია

თეა ფარულავა – როგორ ერთიანდებოდა ევროპა

ევროპა არის კონტინენტის ნაწილი, რომელსაც ჩრდილოეთით ყინულოვანი ოკეანე აკრავს, დასავლეთით – ატლანტიკის ოკეანე, სამხრეთით – ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვა, კუმა-მანიჩის ღრმული და კასპიის ზღვა, ხოლო ევროპის აღმოსავლეთი საზღვარი ურალის ქედსა და მდინარე ემბას გასდევს. ეს არის ევროპის გეოგრაფიული განსაზღვრება, მაგრამ დღეს სიტყვა ევროპა აშკარად უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე ეს გეოგრაფიული აღწერილობა.

ევროპა დიდი ტერიტორიაა, სადაც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ცხოვრობენ. ისინი საპასპორტო კონტროლის გარეშე გადადიან ქვეყნიდან ქვეყანაში და მოგზაურობისას შეიძლება ფულის გადახურდავებაც კი არ დასჭირდეთ (ევროკავშირის 18 ქვეყანას საერთო ფული – ევრო – აქვს). ევროკავშირის მოქალაქეებს მეზობელ ან არც მთლად მეზობელ ქვეყანაში სწავლის, მუშაობის და ცხოვრების უფლებაც აქვთ.

ასე ერთ ოჯახად რომ იცხოვროს ამდენმა ერმა, აუცილებელია, ისინი იზიარებდნენ გარკვეულ პოლიტიკურ ფასეულობებსა და იდეალებს. საუკუნეთა განმავლობაში არსებობდა არაერთი პოლიტიკური, რელიგიური თუ კულტურული ფაქტორი, რომელთაც შექმნეს დღევანდელი ევროპა. ფიქრობენ, რომ თავისუფლებაა ის იდეალი, რომელიც ყველა ეპოქის ევროპას საერთო აქვს. ოდითგანვე სწორედ თავისუფლების პატივისცემა და სიყვარული განასხვავებდა ევროპას დანარჩენი მსოფლიოსგან.

დღეს ძნელი გასარკვევია გეოგრაფიული სახელი ევროპა როგორ უკავშირდება ფინიკიის მეფის მშვენიერ ასულს – ევროპას, რომელიც, ბერძნული მითის მიხედვით, ზევსმა ფინიკიიდან გაიტაცა. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, თუ რას უნდა ნიშნავდეს ევროპა. ერთი რამ შეიძლება ითქვას დანამდვილებით – ეს სიტყვა ქალის სახელიც იყო და გეოგრაფიულიც. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხალხისთვის ევროპა სხვადასხვა ტერიტორიას ერქვა.

ძველი ბერძნული წყაროები (ძვ. წ. V ს.) ევროპად საბერძნეთს და მისგან დასავლეთით მდებარე ტერიტორიებს მოიაზრებენ. ამ დროს ბერძენი ავტორები უკვე იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ ევროპელები, აზიელები და აფრიკელები ხასიათითა და ტრადიციებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მეტიც – აღნიშნავენ, რომ ევროპული ათენი (დემოკრატიული ქალაქი-სახელმწიფო ანტიკურ საბერძნეთში) თავისუფლების სიმბოლოა, ხოლო აზიაში სპარსეთის მმართველი დესპოტია და კანონებს პატივს არ სცემს. ჰიპოკრატე (ძვ.წ. 400 წ.) წერს, რომ ევროპელები ბრძოლაში უფრო მამაცები და შეუპოვრები არიან, ვიდრე აზიელები. ამას სწავლული იმით ხსნის, რომ ევროპასა და აზიაში სხვადასხვანაირი კლიმატია და, გარდა ამისა, თავისუფალ ევროპელებს მეტი სტიმული აქვთ თავდადებისთვის.

I-II საუკუნეებში რომის იმპერიაში, ეგვიპტიდან შავ ზღვამდე, ნელ-ნელა ვრცელდება ქრისტიანობა. აზიაში აღმოცენებულმა ამ მოძღვრებამ თავისუფლების ახლებური ხედვა შესთავაზა ევროპას და გაითავისა ბერძნულ-რომაული ჰუმანიზმის ბევრი იდეა. ქრისტიანობამ ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის პოლიტიკური და კულტურული რაობის შექმნაში. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანობა ევროპის გამაერთიანებელი იდეოლოგია იყო, თუმცა განხეთქილების მიზეზიც არაერთხელ გამხდარა.

711 წელს არაბმა გენერალმა ტარიკ იბნ ზიამ გიბრალტარის სრუტე გადალახა და თავისი ჯარი დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე გადასვა. გარდა ესპანეთისა, მაჰმადიანი დამპყრობლები ფრანკთა ტერიტორიებსაც უტევდნენ. 732 წელს კორდოვას (დღეს ესპანეთი) არაბმა მმართველმა ბორდოზე (დღეს საფრანგეთი) გაილაშქრა და მეფე ეუდესი დაამარცხა. ეუდესმა დახმარებისთვის ფრანკთა მეფე კარლოს მარტელს მიმართა. კარლოს მარტელის მრავალეროვანმა ჯარმა ტურთან (დღეს საფრანგეთი) გამართულ ბრძოლაში არაბები დაამარცხა. ისტორიკოსთა აზრით, რომ არა ქრისტიანული კოალიციის ეს გამარჯვება, საეჭვოა, შეინარჩუნებდა თუ არა ევროპა ქრისტიანობას.

ტურის ბრძოლის მომსწრე მემატიანე კოალიციურ ჯარს ევროპელების არმიად მოიხსენიებს. ეს კამპანია ევროპული ერთსულოვნების ერთ-ერთ პირველ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ამის შემდეგ ტერმინი ევროპელი კარგა ხნით იკარგება.

VIII საუკუნის ბოლოსთვის ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გაქრისტიანებული იყო. ზოგიერთი სასულიერო თუ საერო მოღვაწე თვლიდა, რომ ჩამოყალიბდა საზოგადოება, რომელსაც სჭირდებოდა საქრისტიანოს დამცველი და უფლის ნების აღმსრულებელი მონარქი. რომის პაპის გადაწყვეტილებით, 800 წელს კარლოს დიდად წოდებული ფრანკთა მეფე რომის წმინდა იმპერიის მმართველად აკურთხეს. კარლოს მეფეს იმდროინდელი პოეტები ევროპის მამას უწოდებენ, მაგრამ ევროპის ამგვარი პოლიტიკური გაგება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იჩენს თავს; მაგალითად, ზემოხსენებული ტურის ბრძოლაში, კარლოს დიდის კურთხევისას და ლეხფელდის (დღეს გერმანია) ბრძოლაში, როდესაც, 955 წელს, გერმანთა მეფემ ოტო დიდმა მომთაბარე უნგრელები დაამარცხა, თანამედროვეებმა მას ევროპის განმათავისუფლებელი უწოდეს.

X საუკუნეში ხმელთაშუაზღვისპირეთის დასავლეთი ნაწილი და ბევრი კუნძული არაბებს აქვთ დაპყრობილი. აღმოსავლეთით ბიზანტია დიდი გაჭირვებით ახერხებს უკან დაახევინოს მაჰმადიანებს. მაგრამ XI საუკუნეში თურქ-სელჩუკთა აღზევებამ მეტად დაამძიმა სიტუაცია. თურქებმა ეგვიპტის ხალიფას სირია და იერუსალიმი წაართვეს, ხოლო ბიზანტიის იმპერატორს – მცირე აზია. აშკარა იყო, რომ საქრისტიანოს საფრთხე შეექმნა. 1095 წელს ბიზანტიის იმპერატორმა რომის პაპთან დიპლომატიური მისია გაგზავნა და მაჰმადიანთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. სწორედ ამ ამბავს მოჰყვა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელშიც ევროპის სახელმწიფოთა მოქალაქეები მხარდამხარ იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ.

XII-XIII საუკუნეებში ევროპის მოსახლეობის გაქრისტიანება დასრულებული იყო. კათოლიკურმა ეკლესიამ კარგად გაიდგა ფესვები ევროპის მთელ ტერიტორიაზე. სწორედ ეკლესია იყო ევროპის გამამთლიანებელი პირველი ინსტიტუტი. თეოლოგი თომა აკვინელი (1224-1274) სიცილიის სამეფოში (იტალია) დაიბადა, სწავლობდა პარიზსა (საფრანგეთი) და კელნში (გერმანია), ხოლო მუშაობდა პარიზისა და ნეაპოლის (იტალია) უნივერსიტეტებში. ევროპაში დღეს მუშახელის ამგვარი გადაადგილება არავის უკვირს. როგორც ჩანს, მაშინაც ევროპა გარკვეულწილად უკვე გამთლიანებული იყო. მაშინ ეკლესია განაგებდა ხელოვნების, მეცნიერების, განათლების საქმეებს და საავადმყოფოებსაც კი. ბევრ ადამიანს (ნუნციებს, მოსამართლეებს, ლეგატებს), ვინც ამა თუ იმ სახით ეკლესიის სამსახურში იყო, სხვადასხვა ქვეყანაში უხდებოდა მუშაობა ან სწავლა. ამრიგად, შუა საუკუნეებში კათოლიკურ ეკლესიას უკვე ჰქონდა პანევროპული ადმინისტრაციული ქსელი, რომელიც ევროპის ყველაზე
განაპირა რეგიონებსაც კი მოიცავდა.

XIV-XV საუკუნეებში ევროპამ გამოიარა ეკონომიკური, პოლიტიკური და რელიგიური კრიზისები, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და შავი ჭირი, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყვიტა. 1378-1417 წლებში კათოლიკურ ეკლესიას ორი პაპი ჰყავდა, რამაც, ბუნებრივია, დაარღვია პანევროპული ადმინისტრაციული ქსელი. მართალია, ეკლესიის მონოლითურობას ბზარი გაუჩნდა, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში საქრისტიანომ გეოგრაფიული განსაზღვრება შეიძინა. რომის პაპის პიუს მეორის (XV ს.) ნაშრომებში ცნებანი – ქრისტიანული რესპუბლიკა და ევროპა – უკვე სინონიმებია.

იმავე პერიოდში მთელი ევროპის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაიწყეს კლასიკური ეპოქის ბერძენი და რომაელი ავტორების ნაშრომების და კლასიკური ენების (ძველი ბერძნული და ლათინური) გაძლიერებული შესწავლა. ამ სასწავლო პროგრამას, რომელიც ევროპის ყველა სკოლაში იყო დანერგილი, `ჰუმანიტას~ ერქვა. ამგვარად, XVI საუკუნის ევროპაში გაჩნდა კიდევ ერთი სულისკვეთება, რომელიც ყველა განათლებულ ევროპელს
აერთიანებდა – კლასიკური ჰუმანიზმი. მართალია, ცოტანი იყვნენ ისინი, ვინც კლასიკური განათლება მიიღო და ჰუმანიზმის მაღალ იდეალებს ეზიარა, მაგრამ მათ დიდი გავლენა მოახდინეს ევროპის ერთობის იდეის ჩამოყალიბებაზე. იმ დროს უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო კლასიკური ტერმინის – ევროპის – გამოყენება. ამავდროულად, ნელ-ნელა ყალიბდება ევროპის პოლიტიკური სახეც. ფლორენციელი (დღეს იტალია) სახელმწიფო მოხელისა და მოაზროვნის ნიკოლო მაკიაველის (1469-1527) თხზულებაში „მთავარი“ პირველად წარმოჩნდა ევროპის რაობა რელიგიური კონტექსტის გარეშე, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით.

XV საუკუნის მეორე ნახევარში იტალიის ტერიტორიაზე ოთხი ძლიერი სახელმწიფო იყო. მილანმა, ფლორენციამ და ნეაპოლმა შექმნეს ალიანსი, რათა საერთო ძალით დაეცვათ თავი ვენეციისგან (მილანი, ფლორენცია და ნეაპოლი ერთად ქმნიდა ვენეციის საპირწონე ძალას). მას აქეთ დღემდე იყენებენ ძალთა ბალანსს, როგორც მშვიდობის შენარჩუნების ერთ-ერთ ხერხს. ამ მიზნით ევროპაში  სხვადასხვა დროს არაერთი ალიანსი შეიქმნა.

XV-XVI საუკუნეებში ზღვაოსნობის განვითარებამ მოიტანა ახალი კონტინენტების აღმოჩენა და დაპყრობა. გაჩნდა ახალი რეალობა ევროპის საზღვრებს მიღმა და ამ კონტექსტში უფრო აქტუალური გახდა ევროპის პოლიტიკური თუ კულტურული თვითგამორკვევის საკითხი.

ჰუმანიზმის ნაკვალევზე XVII საუკუნეში იბადება ახალი ინტელექტუალური მიმდინარეობა – განმანათლებლობა. XVII-XVIII საუკუნეებში განმანათლებელთა ნააზრევი გავლენას ახდენს ხელოვნების, ფილოსოფიური და პოლიტიკური აზროვნების განვითარებაზე მთელ ევროპაში. ამ ეპოქაში უკვე ბევრს ფიქრობენ და ლაპარაკობენ პოლიტიკურ ევროპაზე, იმაზე, თუ რა ამთლიანებს თუ ხლეჩს ევროპას, რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების გადანაწილებას და რეგიონში ძალთა ბალანსს.

ფრანგი ფილოსოფოსი მონტესკიე (1689-1755) ევროპის ახლებურ განსაზღვრებას გვთავაზობს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკურ ევროპას და მას საქრისტიანოსგან მიჯნავს. ევროპის მთავარ უპირატესობად ის თავისუფლების იდეას მიიჩნევს; იმას, რომ ევროპამ, აზიისაგან განსხვავებით, არ იცის დესპოტიზმი. მონტესკიე იმაზეც ლაპარაკობს, რომ თავისუფლებისთვის აუცილებელი წინაპირობაა საშინაო პოლიტიკაში ძალაუფლების გადანაწილება.

ფრანგი მწერალი ვოლტერი (1694-1778) მიიჩნევს, რომ ქრისტიანული ევროპა შეიძლება აღვიქვათ, როგორც სახელმწიფოების დიდი თანამეგობრობა. ამ სახელმწიფოებს შეიძლება აქვთ მმართველობის სხვადასხვა სისტემა, მაგრამ ისინი რაღაცით მაინც უკავშირდებიან ერთმანეთს. მიუხედავად სხვადასხვა ქრისტიანული განშტოებისა, ევროპულ სახელმწიფოებს საერთო რელიგია აქვთ. ყველა სახელმწიფოს აქვს ერთნაირი პრინციპები პოლიტიკასა და სამოქალაქო სამართალში; პრინციპები, რომელთაც სხვაგან ვერსად ნახავთ მსოფლიოში. სწორედ ამ პრინციპების გამო ევროპაში სამხედრო ტყვეები მონები არ არიან, პატივს სცემენ მოწინააღმდეგე ქვეყნის ელჩებს და ცდილობენ შეინარჩუნონ ძალთა გონივრული ბალანსი.

XVIII საუკუნის ბოლოსთვის ევროპელთა აღმატებულობის განცდა „ცივილიზებულობის“ იდეას ეფუძნებოდა. სწორედ ამ ეპოქიდან იღებს სათავეს ტერმინი „ევროპული ცივილიზაცია“, რომელიც განმანათლებლებს ესმოდათ, როგორც იდეალური სახელმწიფოსკენ სწრაფვის პროცესი. 1789 წელს ევროპის ცივილიზაციას საფრანგეთის რევოლუცია დაატყდა თავს. ამ რევოლუციის იდეოლოგიის მიხედვით, ადამიანი იყო მსოფლიოსა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქე; ამ ორს შორის ევროპისთვის ან ევროპული ერთსულოვნებისთვის ადგილი არ რჩებოდა.

ამ რევოლუციის შემდეგ ევროპას კიდევ ერთმა ქარიშხალმა გადაუარა საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის სახით. ნაპოლეონის დამპყრობელმა ომებმა ბუნებრივად გამოიწვიეს რევოლუციური იდეოლოგიისა და ინსტიტუტების გავრცელება მთელ ევროპაში. ისე რომ, ამ ეპოქის ევროპის გამაერთიანებელი რევოლუციური სულისკვეთება იყო.

თავად ნაპოლეონს ჰქონდა თავისებური ხედვა ევროპის ინტეგრაციისა. მას უნდოდა შეექმნა „ევროპის ასოციაცია“, სადაც იქნებოდა „საერთო ევროპული კოდექსი, საერთო ევროპული სასამართლო, რომელიც მოაწესრიგებდა ყველა ხარვეზს“. ის საერთო ფულზეც კი ლაპარაკობდა. 1815 წელს ვატერლოოს (დღეს ბელგიაში) ბრძოლაში ნაპოლეონი საბოლოოდ დამარცხდა. ფრანგულმა დროშამ ევროპა ვერ გააერთიანა. ნაპოლეონის ტირანიამ კი მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ნაციონალისტური იდეები გამოაღვიძა.

როგორც ერთი ისტორიკოსი წერს, პოლიტიკური ევროპა `გაჩნდა და გამყარდა უფრო მეტად კონფლიქტისა თუ განხეთქილების და არა კონსენსუსის ან მშვიდობის შედეგად~. ნაპოლეონის ომებით აწიოკებული ევროპის დასალაგებლად და შემდგომში ლიბერალური მოძრაობის შესაკავებლად შეიქმნა (1814-1815) პირველი ყველაზე ფართომასშტაბიანი გაერთიანება – ვენის კონგრესი. ამ ასამბლეაზე ევროპის პატარა სახელმწიფოებიც იყვნენ წარმოდგენილი, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები ხუთ დიდი ქვეყანა იყო (ინიციატორი ავსტრია, პრუსია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი). ვენის კონგრესის მიერ დაკანონებული ახალი საზღვრები ევროპამ თითქმის უცვლელად შეინარჩუნა ორმოცი წლის მანძილზე. ამ საერთაშორისო ასამბლეამ გააფორმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება დიპლომატიური ურთიერთობის და მდინარეებზე თავისუფალი ნავიგაციის შესახებ, დეკლარაციით დაუჭირა მხარი მონებით ვაჭრობის აკრძალვას.

ვენის კონგრესი იყო ერთგვარი საერთაშორისო ფორუმი, ის თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციებს (გაერო, ნატო, ევროკავშირი) გავლენითა და ეფექტურობით ვერ შეედრებოდა, მაგრამ მაინც მისი შექმნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპის ინტეგრაციის გზაზე და სიახლე საერთაშორისო ურთიერთობაში.

XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის ევროპაში რომანტიკული იდეალიზმის ეპოქა დამთავრდა. პოლიტიკურ აზროვნებაში რეალიზმმა იმძლავრა. ამ პერიოდის სულისკვეთებას ევროპის იდეასთან მიმართებით კარგად გამოხატავს ქვემოთ მოთხრობილი ამბავი. ბისმარკს, გერმანიის კანცლერს (1871–1890), ინგლისის ელჩმა ჰკადრა, რომ „ევროპა არ დაუშვებდა გერმანიის გეგმების განხორციელებას“. პასუხად ბისმარკმა იკითხა – „ვინ არის ევროპა?“ გერმანიის კანცლერის სიტყვები ნათლად აჩვენებს, რომ ამ დროს ევროპას ნაკლები პოლიტიკური ფასი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მაშინაც იყვნენ ადამიანები, ვისაც სჯეროდა, რომ ევროპის პოლიტიკურად გაერთიანება შესაძლებელია. მათ შორის იყო ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო. ის აქტიურად უჭერდა მხარს ევროპის შეერთებული შტატების შექმნას. 1870 წელს ჰიუგომ თავის ეზოში, კუნძულ გერნზიზე (დიდი ბრიტანეთი), მუხა დარგო იმ იმედით, რომ როცა ეს ხე გაიზრდებოდა, ევროპის შეერთებული შტატები რეალობა იქნებოდა. ასი წელი დასჭირდა ამ ოცნების ასრულებას, 1973 წელს დიდი ბრიტანეთი, სადაც ჰიუგოს მუხა დღემდე ხარობს, ევროკავშირს შეუერთდა.

სწორედ მაშინ, როცა ევროპაში ნაციონალიზმი ყვაოდა და ყველა მხოლოდ თავისი მამულის გულშემატკივარი იყო, მეტად გამძაფრდა ევროპის, როგორც `ცივილიზაციის“, აღმატებულობის გრძნობა. მანამდე ევროპელები არასოდეს ყოფილან ასე თავდაჯერებული, არასოდეს ჰქონიათ ასეთი მაღალი წარმოდგენა ევროპაზე და არასოდეს გავრცელებულა ევროპული კულტურა ასე შორს.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ევროპელობით გამოწვეული ეს სიამაყე გაქრა. სამაგიეროდ, გაჩნდა უბედურებისა და დაღმასვლის განცდა. როგორც ერთი ისტორიკოსი წერს, „1914-დან 1918 წლამდე არ არსებობდა ევროპა“. არც იყო მოსალოდნელი, რომ ამ პერიოდში დაიბადებოდა ნამდვილად ევროპული იდეა ინტეგრაციისა. არსებობს არაერთი პროექტი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმეს ავტორმა მოახერხა ნაციონალურ ინტერესებზე მაღლა დამდგარიყო და მოვლენებისთვის ზოგადევროპული თვალით შეეხედა.

ომის შემდეგ, 1923 წელს, გამოქვეყნდა ავსტრიელი ფილოსოფოსის რიხარდ კუდენოვი-კალერგის წიგნი „პანევროპა“ (მთელი ევროპა). ეს იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო საქმეში ევროპის სახელმწიფოების გაერთიანების ახალი პროექტი. კუდენოვი-კალერგი ევროპის ერთობისა და ძლიერების საფუძვლად ქრისტიანულ ფასეულობებს, თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობას მოიაზრებდა. კუდენოვი-კალერგი მიიჩნევდა, რომ იმ ხანად არსებობდა მხოლოდ გეოგრაფიული და კულტურული ევროპა. მსოფლიოსა და ევროპაში შექმნილი პოლიტიკური გარემოებები მოითხოვდნენ, რომ შექმნილიყო პანევროპა, ანუ პოლიტიკური ევროპა. მისი აზრით, ევროპას უნდა „აერჩია ინტეგრაციასა და ნგრევას შორის ერთ-ერთი“. მხოლოდ ევროინტეგრაცია იხსნიდა კონტინენტს შემდგომი ომებისგან. პანევროპა უნდა ყოფილიყო ორგანიზაცია, რომელშიც ყველა ქვეყანას თანაბარი უფლებები ექნებოდა. განსაკუთრებულად იყო გამახვილებული ყურადღება ეროვნული უმცირესობების ინტერესების დაცვაზე. სხვადასხვა ეროვნების ევროპელთა თანაცხოვრების მაგალითად მას ბელგია და შვეიცარია მოჰყავდა.

პანევროპის პროექტში მოიაზრებოდა მთელი ევროპა, გარდა ბრიტანეთისა (რადგან ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა იყო) და რუსეთისა (რომელიც, წითელი თუ თეთრი, არასოდეს იტყოდა უარს ჰეგემონიისკენ სწრაფვაზე). როცა პანევროპის პროექტი შეიქმნა, კუდენოვი-კალერგი არ იყო დარწმუნებული, იყო თუ არა თურქეთი ევროპული ქვეყანა, მაგრამ მოგვიანებით ათა თურქის რეფორმების ფონზე ის თურქეთსაც პანევროპაში მოიაზრებდა. კუდენოვი-კალერგის აზრით, პანევროპა იყო პროგრამა, რომელიც პასუხობდა ყველა დემოკრატი და პატრიოტი ადამიანის სულისკვეთებას. სუვერენიტეტის მცირედ შეზღუდვის სანაცვლოდ ყველა ქვეყანა მიიღებდა ეკონომიკურ კეთილდღეობას და ხანგრძლივ მშვიდობას. ხოლო თითოეული ქვეყნის კულტურას სასიკეთოდ წაადგებოდა გაცვლითი პროგრამები.

ამ წიგნმა და მისი ავტორის მიერ დაფუძნებულმა პანევროპულმა მოძრაობამ ძალიან მალე გაითქვეს სახელი. პანევროპამ განსაკუთრებით ხელოვანთა, ინტელექტუალთა და ლიბერალურად მოაზროვნე პოლიტიკოსთა ყურადღება მიიპყრო. კუდენოვი-კალერგის დიდმა ენთუზიაზმმა და შრომამ თავისი შედეგი გამოიღო.1926 წელს ვენაში პანევროპის პირველი კონგრესი გაიმართა, რომელსაც 24 ქვეყნის 2000 წარმომადგენელი დაესწრო. 1927 წელს პანევროპულ მოძრაობას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არესტიდ ბრიანი შეუერთდა. 1929 წელს მან `ერთა ლიგას~ (საერთაშორისო ორგანიზაცია1920-1946) ევროპის ერთა ფედერაციის შექმნა შესთავაზა.  ბრიანი მოუხმობდა `ერთა ლიგის~ წევრ ევროპულ სახელმწიფოთა „კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობას იმ საფრთხის წინაშე, რომელიც ევროპის მშვიდობას ემუქრებოდა“. მისი თქმით, დრო იყო, გაეთვალისწინებინათ ევროპის გეოგრაფიული მთლიანობა და სოლიდარობა გამოეჩინათ ერთმანეთის მიმართ. ამ გამოსვლის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელი კოლეგები პარიზში მიიწვია არაფორმალურ ვითარებაში ამ საკითხზე სამუშაოდ. ამ შეხვედრის შემდეგ საფრანგეთმა მოამზადა მემორანდუმი საგანგებო შეთავაზებით, რომელიც 26 ევროპული სახელმწიფოს მთავრობას გადაეცა.

ბრიანის გეგმა ასეთი იყო: მონაწილე სახელმწიფოები ევროპის „მორალური კავშირის“ შესახებ აფორმებდნენ ხელშეკრულებას, რომელშიც ადასტურებდნენ ერთმანეთისადმი სოლიდარობას. შემდეგი ხელშეკრულება დაავალდებულებდა მონაწილე ქვეყნების მთავრობებს რეგულარულად შეკრებილიყვნენ ევროპის კონფერენციაზე, უმაღლეს ორგანოში. ყოველდღიურ საკითხებს კი პოლიტიკური კომიტეტი მოაგვარებდა. ამ თანამშრომლობის მიზნები და ამოცანები მრავალ სფეროს მოიცავდა, დაწყებული საბაჟო წესებით და დამთავრებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებით, აკადემიურ თუ პოლიტიკურ დარგებში გაცვლის პროგრამებით. ბრიანი უპირატეს მნიშვნელობას პოლიტიკურ საკითხებს ანიჭებდა, განსაკუთრებით – მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ევროპის კონფერენციას არ ჰქონდა რაიმე ძალაუფლება და ის არ უნდა ყოფილიყო ერთა ლიგის კონკურენტი, პირიქით, იგი ერთა ლიგას უნდა დაქვემდებარებოდა. ბრიანის პროგრამით არ იყო გათვალისწინებული რაიმე სახის აკრძალვა და სახელმწიფოები ინარჩუნებდნენ სრულ პოლიტიკურ სუვერენიტეტს; ეს უნდა ყოფილიყო „შეთანხმება და არა ერთობა“. როცა ევროპის სახელმწიფოების მთავრობებმა თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს, ცხადი გახდა, რომ ისინი ამგვარ თანამშრომლობას მხარს არ უჭერდნენ; მიზეზი სხვადასხვა იყო. ბრიანმა მაინც სცადა პირველი ნაბიჯი გადაედგა და დაეფუძნებინა ევროპის საბჭო. ერთა ლიგამ მხოლოდ ევროპის კავშირის შემსწავლელი კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი და ამ კომისიას ბრიანი ჩაუყენა სათავეში.

მიუხედავად ამისა, პანევროპულმა მოძრაობამ მოახერხა მოემზადებინა ევროპის გამთლიანების იდეოლოგიური და პოლიტიკური საფუძველი. ამ საფუძველმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მნიშვნელოვნად გააადვილა იმ მოვლენების განვითარება, რომელთა ლოგიკური დასასრულიც ევროკავშირის შექმნა გახდა. 1946 წელს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, როცა ევროპის ინტეგრაციის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, იტყვის: „ამ საქმის დიდი წილი უკვე გაკეთებულია პანევროპის კავშირის ძალისხმევით…“

1951 წელს ექვსმა ქვეყანამ (ბელგია, დასავლეთი გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია) ევროინტეგრაციის შესახებ პირველ ხელშეკრულებას (`პარიზის ხელშეკრულება~) მოაწერა ხელი.

ჩვენ მხოლოდ ზედაპირულად გადავავლეთ თვალი, თუ როგორ ყალიბდებოდა ევროპის მთლიანობის იდეა და ვნახეთ, რომ ევროპის პოლიტიკური რაობა (შიდა თუ გარე საზღვრებიც კი) მუდმივად იცვლებოდა. არ იცვლებოდა მხოლოდ `ევროპის თავისუფლებისმოყვარე სული~.

დღეს სწორედ 28 თავისუფალი და თანაბარუფლებიანი ქვეყნის ნებაყოფლობითი გაერთიანებაა ევროკავშირი – სადაც ყველა ადამიანის ყველანაირი თავისუფლება საიმედოდაა დაცული, სადაც მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნები არიან გაერთიანებული, სადაც ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს თანაბრად სცემენ პატივს და სადაც ყველა ერის ან ეროვნული უმცირესობის უნიკალურობა დაფასებულია.

გამოქვეყნდა ჟურნალი “ჩემი სამყარო” N 8. 2015 წ.

Source
https://burusi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button