კოსმოსისაზოგადოება

რა სჭირდება კაცობრიობას, რათა კოსმოსში მყარად დაფუძნდეს?

ჩვენ სიცოცხლით სავსე პლანეტაზე ვცხოვრობთ. 14 მლნ იდენტიციფირებული სახეობა, უზარმაზარი ბიომრავალფეროვნება შთამბეჭდავია. ჩვენ ამ მრავალფეროვნებას ვეყრდნობით საკვებისა და რესურსების მხრივ და როგორც კი დედამიწის ატმოსფეროს ვტოვებთ, ეს სიმბიოზური ურთიერთობები არსებობას წყვეტს.

შევძლებთ თუ ვერა დედამიწის გარეთ ცხოვრებას?

ითვლება, რომ გარდაუვალია გამოკვლეული და დასახლებული იქნას მზის სისტემის სხვა ნაწილები და საერთოდ მთელი გალაქტიკა. ბოლო ათწლეულებში კაცობრიობამ უდიდეს წარმატებას მიაღწია კოსმოსის ათვისებაში. და მაინც, უამრავი მეცნიერი სვამს კითხვას: ნუთუ შესაძლებელია ადამიანი გახდეს რესურსებისგან დამოუკიდებელი იმ სამყაროში, რომლის უდიდესი ნაწილი ცივი, ბნელი და საშიშია, გარდა ჩვენი დედამიწისა?

საკვების გაზრდა-მოპოვება კოსმოსში

კოსმოსში ადამიანისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის უამრავი კომპონენტია აუცილებელი. კაცობრიობამ უნდა გადაჭრას შემდეგი საკითხები: სად მოიპოვონ ადამიანებმა მომავლის ქალაქების ასაშენებელი მასალები, როგორ მოახდინონ ეფექტური ენერგიის გენერირება და როგორ მიიღონ კვების წყაროსთან წვდომა. ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა SpaceX, Blue Origin და NASA – აგრძელებენ დედამიწის ფარგლებს გარეთ მოძრაობას და ამის პარალელურად, კოსმოსში რესურსებზე წვდომის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. მზის სისტემისგან რაც უფრო შორს წავა ადამიანი, მით რთული იქნება დაეყრდნოს დედამიწას – როგორც რესურსების წყაროს.

საკვებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ხნის წინ გასაოცარი პროგრესი ვიხილეთ. ჩინურმა მოდულმა წარმატებით გამოზარდა ბამბის ნერგები მთვარეზე. რთული პირობების გამო მცენარეები მალე დაიღუპა, თუმცა თავად ფაქტი მნიშვნელოვანია.

NASA-ს მარსის მისიის თანახმად მთვარე მიიჩნევა, როგორ პოტენციური „სატრანზიტო პუნქტი“ მარსისკენ მიმავალ გზაზე. Blue Origins-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი კი განწყობილია, რომ მთვარეზე მუდმივი დასახლება გაჩნდეს. რა შედეგები მოჰყვება მთვარეზე მცენარეების გაზრის მცდელობას – მიღებული შედეგების გათვალისწინება შესაძლებელი იქნება მარსული კოლონიის საკითხშიც.

პირველი შემთხვევა არ არის, რომ ასტრონავტები კოსმოსში საკვებ მცენარეებს ზრდიან. 2015 წლის აგვისტოში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ასტრონავტებმა გასინჯეს პირველი, კოსმოსში მოყვანილი ბოსტნეული. სადგურზე არსებული კოსმოსური ბაღი სათბურის მსგავსია: ამ მოდულში სინათლე და წყალი ავტომატურად კონტროლდება.

ამგვარი ძალისხმევები მხარდაჭერილია გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეებითა და მათი თესლებით, რადგანაც ისინი უკეთ ადაპტირებადია კოსმოსურ პირობებთან. მცენარის თესლებმა კოსმოსში ყოფნისას უნდა გაუძლონ ულტრაიისფერ და კოსმოსურ გამოსხივებას, დაბალ წნევას, ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებსა და მიკროგრავიტაციას. მათ გენეტიკაში შეტანილი ცვლილებები საშუალებას იძლევა ეს სირთულეები გადაილახოს. გენური ინჟინერია, რეალურად, შესაძლოა გახდეს ადამიანის რესურსდამოკიდებულებისგან განმათავისუფლებელი ინსტრუმენტი.

NASA აგრეთვე სწავლობს საკვების 3D-ბეჭდვის საკითხს. გასულ წელს სააგენტომ ასტრონავტებს საშუალება მისცა დაემზადებინათ („დაებეჭდათ“) 3D-პიცა კოსმოსში.

თვითმხარდაჭერის მქონე კოსმოსური ხომალდები

კოსმოსის ათვისების საკითხში კაცობრიობისთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია სწრაფვა – გათავისუფლდეს ადამიანთა რასა მხოლოდ დედამიწაზე ცხოვრებისგან. დედამიწა თეორიულად სხვადასხვა სახის საფრთხის ქვეშ იმყოფება, მაგალითად, სუპერნოვას აფეთქება, ატომური ომი ან ასტეროიდები. მზის სისტემის სხვა ნაწილში კოლონიების აშენება „სადაზღვევო ბილეთი“ გახდება კაცობრიობისთვის.

უამრავი მწერალი-ფანტასტი იკვლევდა იდეას „ხომალდების თაობების“ ან ვარსკვლავთშორისი „კიდობნის“ შესახებ. ამგვარი ხომალდი შესაძლებელია მოემსახუროს ადამიანთა მცირე კოლონიას და მიაღწიოს დანიშნულების ადგილს ასეულ-ათასობით წლის შემდეგ. ხომალდის პირვანდელი მგზავრები მოხუცდებიან და გარდაიცვლებიან, თავიანთ შთამომავლებს კი დატოვებენ შემდგომი მოგზაურობისთვის. სწორედ ასეა შესაძლებელი ამგვარი ხომალდებით ადამიანების გადარჩენა და მათი გავრცელება სამყაროს სხვა ნაწილებში.

საბოლოო ჯამში, ამგვარი პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ კოსმოსის ათვისებისა და საერთოდ კაცობრიობისთვის.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button