ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – უშიშარი ბიჭი იოსება

იყო ჩვენს უბანში ორმოცი წლის წინათ ერთი „ქვეყნის ამომგდები“ ბიჭი – ღაჭუნა იოსება, მეღორე გარიელას შვილი. წაიყვანდა ამ ღაჭუნა იოსებას მამამისი ტყეში და ხანდახან მთელ კვირას იქა ჰყავდა. ჩამოვიდოდა მერე იოსება და დადიოდა მედიდურად გაშლილი ბაირაღივით. ჯიბეები მოხალული წიწიბოთი ჰქონდა სავსე. ერთ მუჭა წიწიბოში ერთ ნაზუქს ანდა ორ ჩურჩხელას გვართმევდა, თან ის ნაზუქი და ჩურჩხელები რბილებიც უნდა ყოფილიყო და ტკბილებიც. დაჯდებოდა ნახურებ თონეზე საღამოთი, შემოგვისხამდა მხოლოდ იმათ, ვინც ფეშქაშს მიუტანდა, – ვაშლს, გულაბს, ჩირს, – და გვიყვებოდა ტყის ამბებს. საოცარი იყო, თავზარდამცემი იყო მის მიერ დავლილი ტყეები. გამოვიდოდა, დაცუცქდებოდა ბილიკის პირას პატარა შავი ეშმაკი, პირწავარდნილი დრასტია ბუღალტერი, უღუტუნებდა ღორებს და სიამოვნებისაგან თეთრად უბრუნდებოდა თვალები. ჩაეყრებოდნენ დასიცხული ღორები ჭაობში, გამოცურდებოდა ორი დიდი გველი, დედალი და მამალი, მოსძებნიდნენ მაწოვარ დედა ღორს და მიეძაგრებოდნენ ძუძუებზე. მოდიოდა მერე ის დედა ღორი და მოსთრევდნენ ის გველები, ვეღარ ანებებდნენ გემრიელ რძეს თავს. ღამღამობით, ქარში ტაშუნის ველზე მოფრინდებოდნენ ცოცხებზე მსხდარი გრძელკანჭა კუდიანი ქალები, ჩააბამდნენ წრეს და იყო ერთი ბუქნა და ტაშისცემა, ცაში დააფრიალებდნენ საკუთარ საცვლებს. მაგრამ ყველაზე საოცარი და შიშის ჟრუანტელის მომგვრელი მაინც თევდორე ჩიტები იყვნენ – საქონელი რომ დაკარგა პატარა და-ძმამ, შინ რომ ვეღარ დაბრუნდნენ დედინაცვლის შიშით და ტყის ღმერთმა ჩიტებად აქცია. ცხოვრობენ ახლა ხის ფუღუროებში, მტრედზე ცოტა დიდები, სანახევროდ ტიტვლები, თახთახებენ შიშისა და სიცივისაგან და დროგამოშვებით კანკალით გასძახიან ერთმანეთს: „თევდორე, იპოვე?!“ „ვერა, ვერა!“, „თევდორე, იპოვე?!“ „ვერა, ვერაო“, – ამოუჯდებათ გული და აქვითქვითდებიან პირქვეჩამხობილი ყმაწვილებივით. თან თვალები ჰქონიათ, – იოსებას თვითონ ჰყავდა ნანახი, – „ჩვენ პატარა გოგოს რო აქ“, სულ საცოდავი ცრემლებით სავსე! ეს ამბავი დიდად გვასევდიანებდა და ისეთ გუნებაზე გვაყენებდა, გვინდოდა, ერთმანეთს უხმოდ მოვფერებოდით. მარტო იოსებას არ ეტყობოდა ჩვენნაირი მორბილება. – ვაი, ვაიო! – ასტეხდა უცებ, მიგვყრიდა აქეთ-იქით და თონეში წაყირავდებოდა, თითქოს ძვირფასი რამე ჩაუვარდა და იმას ეძებსო. ჩვენც, რაღა თქმა უნდა, იმწამსვე პირქვე ჩავემხობოდით, მაშინ ის დაგვცხებდა, და დაგვცხებდა, თან თვითონვე ყვიროდა, რომელი ხარ, რომელი იცემები, შენი ასე და ისეო.

მოვიდოდა თოვლი და კიდევ ერთხელ გაიბებღვებოდა და გადიდკაცდებოდა იოსება. ჩვენ რომ თბილად ჩავიფუთნებოდით, ის დაგლეჯილ ქალამნებში წაჰყოფდა შიშველ ფეხებს, ვითომც არაფერიო, ისე გამოვიდოდა თავიანთი ბანიანი სახლიდან, დაიჭერდა მჭადის ნატეხს, დაჯდებოდა გზის პირას, ქვაზე, თან ცოტ-ცოტას ციცქნიდა იმ მჭადის ნატეხს და თან მღეროდა:

მჭადი გამზარდელაა,

პური – მამკაკველა,

მჭადი – გამქცეველაა,

პური – დამხლართველა…

გავუტანდით ამ „გამზარდელა მჭადში“ წმინდა, გამტკიცულ პურს და გავუცვლიდით, – ერთ წილ მჭადში ორი წილი პური უნდა მიგვეცა. დადებდა მჭადს პურზე, გადაზომავდა გულხალვათად, კიდევ თავის სასარგებლოდ, გადატეხითაც თვითონ გადატეხდა, მერე იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა, მჭადს კიდევ ვითომც ყველივით მიაციცქნიდა ხოლმე პურზე.

ამ „გამზარდელა მჭადის“ წყალობა თუ იყო, არა მარტო ჩვენთან, ორი-სამი წლით უმცროსებთან, თავის ტოლებთან შედარებითაც მსხვილი იყო და ღონიერი. ზაფხულში, საბანაოდ მიმავლებს, ბოტივით წაგვიძღვებოდა „ალუბლების მოსალამაზებლად“. მოექცეოდა ყველაზე მაღალ, ახალგაზრდა ალუბალს კენწეროზე, ჩაეჭიდებოდა წვერში, გადმოხტებოდა და იმ წვერსაც თან გადმოიყოლებდა. თუ მიწამდე ვერ ჩამოაღწევდა და ჰაერში დაეკიდებოდა, – დამწით, დამწითო, – დაგვიძახებდა და ვეცემოდით ჩვენც ფეხებში, დავწევდით, ჩამოვიტანდით იმასაც და ალუბლის კენწეროსაც. კენწეროს ხილს ხომ არაფერი სჯობს, მით უფრო- კენწეროს ალუბალს! ვჭამდით, ვნეტარებდით და ხოტბას ვასხამდით იოსებას.

– „შავო ჭირო! ხორველ!..“

დედამისი, – მაშინ ერთი წიოკა ქალი, – გამოვიდოდა, შემოდგებოდა დათიკაანთ გომურის თავზე და გადმოიძახებდა ჭალებისკენ: – იოსე! საგორე! აგორდი, დაგორდი, მიწაში ჩაგორდი! ქვის ქვეშ ხარ, თუ ქვის ზემოთ, თუ ქვის ზემოთა ხარ, ამ წუთში აქ გაჩნდიო. სხვა მხრივ, კლდის ნატეხივით გაუგონარი იოსება დედის ძახილს უპასუხოდ არ დასტოვებდა. მოვდივარ, მოო, – და უხალისოდ, მაგრამ მაინც წაბუზღუნდებოდა შინისაკენ.

ამ წიოკა ქალიკამ ერთ ზაფხულს ფეხი იღრძო, ნასამხრევს წყაროსთან გამოდგა ჯოხზე დაყრდნობილი და ქვეყანას ამცნო, როგორ დაემართა ეს ამბავი. – ქააო, მოდით და ნუ დაიჯერებთო, დილასო, ხიდზე რომ გავდიოდი, ზაქარაანთ კაკლიდან ყვავმა დამჩხავლაო. იმ ყვავის დაჩხავლება იყო, დამისხლტა ფეხი იქვე, ხიდთან, და, აი, რა დღეში ჩავვარდი, ჯოხით ძლივს გამოვხანხალდი გარეთო.

წავიდა გაალმასებული იოსება, ავიდა ზაქარაანთ კაკალზე, სადაც იმ ყვავებს ბუდე ჰქონდათ, როგორ გავიდა ბუდემდე, საკვირველს არის ყველა, ამოუსხა დაუბუმბლავი ბახალები და სათითაოდ ჩამოუხეთქა ძირს. დაჰფრენდნენ, დასჩხაოდნენ, დაჰკაპასობდნენ ყვავები, მარტო ორნი კი არა, ბევრი, მაგრამ არ შეეპუა იოსება, ოთხი ბახალა ჰყავდათ და ოთხივეზე გამწარებულები დასხა ის ავყბა ყვანჩალები. ჯერ ხომ იფრინეს და იშავდღევეს ყვავებმა, დედალმაც და მამალმაც, ყურთასმენა აღარ იყო იმათი ჩხავილისაგან, მერე დასხდნენ სულ მაღლა, მხრებში თავჩარგულები, ცასშეჩერებულები, გაქვავებულებივით, და იქ დააღამდათ ეგრევე.

– შვილოო, – მივიდა იოსებასთან დედამკვდარიანთ დიდი ბებერი ეფემია, – არ გეშინიან, რომ დედაშენი ჩავარდეს ეგეთ დღეში, როგორშიც ეგ ყვავები არიანო?!

– მე არაფრისა მეშინიანო, – ამაყად მიუგო იოსებამ, – უარესს ვუზამ, ვინც კი დედაჩემს აწყენინებს, მე არაფრისა მეშინიანო!

– არ შეიძლება, არა, შვილო, ეგრეო, – და წავიდა დედამკვდარიანთ დიდი ბებერი სინანულის თავის ქნევით.

იოსება ერთხანს თვალებმოჭუტული უყურებდა, მერე მასავით, ეფემიასავით, მოიღუნა და გვერდზე გადაქანდა, პირიც ბებრულად მომუწა და ააცმაცურა, რამდენიმე ნაბიჯი ფლატუნით, კრუსუნით გაიარა, მობრუნდა მზაკვრულად გაღრეჭილი, თვალებაგიზგიზებული, – ჰოპო! – ხელები დაიქნია და ყირაზე გადაიარა. მთელ იმ საღამოს ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი ადარდებდა, ხან ვის ეძიძგილავებოდა, ხან ვის, მაგრამ მეორე დღეს უჩვეულოდ დანაღვლიანებული, სახედანაცრებული მოგვადგა მე და ჩემს ბიძაშვილებს. ჩვენ ღამის ანკესები გვქონდა გაშლილი ჩვენს თუთასთან, ჭიაყელებს ვაცლიდით. დაჯდა ხმის ამოუღებლად იმ თუთის ძირში, იჯდა, გვიყურებდა, ქვას ქვაზე აკაკუნებდა ჯერ წყნარად, შემდეგ და შემდეგ რაღაც ჯიბრიანი გამეტებით. უცებ ზედა ქვას თხელი ნატეხი შეასკდა, აიღო ის ნატეხი, გადაატრიალ-გადმოატრიალა, ცერით ფხა გაუსინჯა.

– მოდით აქა! – დაგვიძახა ჩახლეწილი, ჩაყრუებული ხმით.

ჩვენ უნდოდ მივხედეთ.

– მოდით აქა, გესმით?! – ბრაზი ჩაუდგა თვალებში.

მივედით, მივუახლოვდით რაღაც ოინის მომლოდინენი.

– წუხელისა, სიზმარში, – დაიწყო თავდაღუნულმა, – წუხელ სიზმარში ის მკვდარი ბახალები დედაჩემს ეწყო წინა, დიდები, დაბერილები. დედაჩემი ტიროდა და იმ ბახალებსა ჰკოცნიდა. ერთი ბახალა მითომ ჩემი და იყო, ეთერა, ისიც ტიტველი, მკვდარი…

მარცხენა ხელი მაღლა ასწია, ახედა, შეაბრუნ-შემოაბრუნა.

– აემ მარცხენათი ამოვსხი ის ბახალები ბუდიდან. ეხლა, მე რომ თვითონვე დავისაჯო თავი, ხო აღარაფერს დაუშავებს დედაჩემსა და ჩემ დას ღმერთი?

ჩვენ რა უნდა გვეთქვა, ვიდექით და გაკვირვებულები შევყურებდით.

მაშინ მან ელვასავით სწრაფად ჩამოიკრა ხელისგულზე ქვის ფხიანი ნატეხი და ხელი ისევ მაღლა ასწია. ჩვენ შევხედეთ და შევძრწუნდით, – უუხ, შენი! – ხელისგულიდან თრთოლით მოსდიოდა ალისფერი მბრწყინავი სისხლი და დაკლაკნილ ტოტებად ჩამოსდევდა მაჯაზე.

ნაღველი უცებ გადაჰყროდა, ასკინკილით უვლიდა წრეს, სიცილით უყურებდა სისხლიან ხელს და ხანაც ჩვენ მოგვიბრუნდებოდა სახეგაბრწყინებული.

აი, ასეთი ბიჭი ცხოვრობდა ორმოცი წლის წინათ ჩვენს უბანში, ჩემს მშობლიურ სოფელში.

ახლა სად არის ის იოსება?

ათას ცხრაას ორმოცდასამი წლის შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს გერმანელმა მეავტომატეებმა მოკლეს უკრაინის მიწაზე, როცა იერიშზე მიმავალი ქართულად ყვიროდა: „მიდიი! მიდი, ბიჭო, მიდიი!..“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button