ესესაკითხავი

ვახუშტი კოტეტიშვილი – კულტურა თუ ცივილიზაცია

ანტიკომუნისტური რევოლუციის ხანა ასე თუ ისე დასრულდა. დიდი ხნის ნანატრი ეროვნული თავისუფლების კონტურებიც თითქოს გამოჩნდა. მაგრამ ჩვენი საშველი მაინც არ არის. ახალ-ახალი პრობლემები სოკოებივით მრავლდებიან და ჩვენი საზოგადოება, თუკი ეს სახელი შეიძლება ეწოდოს ლუკმა პურის საშოვარზე ქუჩაში მოლასლასე ხალხს, გაოგნებული და დაბნეული შესცქერის თავისივე ქონების ახალ გადანაწილებას, რომელიც ჯუნგლის კანონების კოდექსით ხორციელდება უსწრაფესი ტემპით.

ხალხი დარწმუნდა, რომ ყოველგვარ რევოლუციას, როგორი ამაღლებული და კეთილშობილური ლოზუნგებითაც უნდა ხდებოდეს იგი, სისხლის ღვრის, ყაჩაღობისა და საყოველთაო უბედურების მეტი, არაფერი მოაქვს საზოგადოებისათვის.

თავისუფლებაც, რომლისკენაც ასე ვისწრაფოდით, ის უცხო ხილი აღმოჩნდა, რომელიც არც კი ვიცით, იჭმევა თუ ისმევა. ახლაღა ვხვდებით, რომ თავისუფლების უღელი გაცილებით უფრო მძიმე ყოფილა, ვიდრე მონობისა, რომელიც არხეინად გვქონდა მორგებული ქედზე და მის ტაბიკებსა და აპეურებს თითქმის ვეღარც კი ვგრძნობდით. მეხრის მიერ გადმოქნეული სახრეც მამობრივ ალერსად აღიქმებოდა. ახლა კი უპატრონოდ დარჩენილებმა აღარ ვიცით, რა წყალს ვეცეთ, საით წავიდეთ. ან გვინდა კი საერთოდ სიარული?!

ერთ მუჭა ფხიანთა გარდა, ყველა ცუდ დღეშია. და მთავარი ის გახლავთ, რომ ის ფხიანებიც, რომელთაც თავი ქუდში ჰგონიათ, ვერ ხვდებიან თავიანთ შინაგან უბედურებას _ იმ სულიერ ვაკუუმს, რომელმაც მთლიანად მოიცვა ყოველი ჩვენგანის არსება.

მარადიული ფასეულობები დაემხო. სულიერების ტაძარი დაცარიელდა. ხატ-სალოცავებისაკენ მიმავალ ბილიკებს შამბმა გადაუარა. არაფერს აღარა აქვს ფასი, თუკი ნავთისა და გაზის სუნი არ უდის, ან ოქროსავით თუ არა, სპილენძად ან თითბრად მაინც არა ბრჭყვიალებს.

მოხდა სპეციალობების სრული ან ნაწილობრივი დევალვაცია. ინჟინერი გაკალატოზდა, გახარატდა ან გაზეინკალდა, პროფესორი პარკეტს აგებს, დოცენტი _ კაფელს, ხოლო აკადემიკოსს კი ხანდაზმული ასაკის გამო ესეც არ შეუძლია და ამიტომ ბაზარში გამოუტანია ის წიგნები, რომლებიც ახალ ცხოვრებაში უკვე ნამდვილად აღარ სჭირდება და რამდენიმე თეთრად ჰყიდის, იმიტომ რომ შავად აქვს საქმე.

ყველაზე შავ დღეში კი ჰუმანიტარები არიან. მათ არც ხელოსნობა უსწავლიათ არასოდეს და არც ვაჭრობა. მათი ფილოლოგობა თუ ისტორიკოსობა, არქეოლოგობა თუ ფილოსოფოსობა ისეთი აბსურდია, რომ თვით აბსურდის თეატრშიც კი არ მოეძებნება ადგილი.

და აი, მივადექით მწერლის, და საერთოდ, ხელოვანის ფუნქციას ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში, რომელსაც ეძღვნება ჩვენი დღევანდელი შეკრება. პოლ გოგენის ერთი ცნობილი ფერწერული ტილოს წარწერისა არ იყოს: “ვინ ვართ, სად ვიმყოფებით, საით მივდივართ?!” კითხვა დასმულია, მაგრამ პასუხი, მარკ ტვენის ტომ სოიერის დასაწყისისამებრ, არ არის.

საზოგადოებაში, სადაც ცარიელი რვეული უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე წიგნი, ხოლო სუფთა საწერი ქაღალდების ერთი დასტის ფასი იმავე წონის პლატონის დიალოგების ღირებულებას სამჯერ აღემატება, მწერლობის რაიმე ფასეულობაზე ლაპარაკი ზედმეტია და ალბათ უხერხულიც.

როდესაც მწერალს, თუკი მის წიგნს სასწაულებრივ გამოცემა ეღირსა, ჰონორარის მაგივრად ტირაჟის უმცირეს ნაწილს აძლევს გამომცემლობა, წაიღე და სადაც გინდა იქ გაყიდეო, დამერწმუნეთ ამაზე მეტ “თავისუფლებას” ალბათ ვერც ინატრებდა ვერც ერთი შემოქმედი.

ხელოვანის დღევანდელი ყოფის მთელი ტრაგედია ის კი არ არის, მას რომ უჭირს მატერიალურად, არამედ ის, რომ სულიერადაც გაღატაკებულია, ვინაიდან ეჭვი ეპარება თავისი საქმის, პროფესიის, მოწოდების აუცილებლობაში. ხელოვანმა ფუნქცია დაკარგა. დღეს უკვე აღარავინ იტყვის: “მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის მიწიერი ზეციერსა”.

და მთელი უბედურება ის გახლავთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არ არის. ეს გლობალური პრობლემაა და ასე თუ ისე მთელ მსოფლიოს ეხება. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის გამარჯვებისთავანე კაცობრიობა აღმოჩნდა დილემის წინაშე. მას უნდა გაეკეთებინა არჩევანი კულტურასა და ცივილიზაციას შორის. და მან უყოყმანოდ ცივილიზაციას დაადო ხელი, თუმც შესაძლოა, ისიც კულტურა ეგონა.

სინამდვილეში კი კულტურასა და ცივილიზაციას შორის უფსკრულია. კულტურა სულიერია, ცივილიზაცია _ ხორციელი. კულტურა, ბერდიაევის თქმისა არ იყოს, კულტიდან მოდის, მისი არსება რელიგიურია. ცივილიზაცია მიწიერია და ბიწიერი. მის განვითარებას სარგებლიანობა წარმართავს. კულტურა მარადიულია. მას დრო ვერაფერს აკლებს, პირიქით, იგი რაც უფრო ძველია, უფრო ფასეულია. კულტურა წარსულის რეალიზებაა აწმყოში სამომავლოდ. ცივილიზაცია წარსულის უარყოფაა. იგი გუშინდელ მიღწევას დაუნანებლად მოისვრის სანაგვე ყუთში ბავშვის გატეხილი სათამაშოსავით. მისი მიზანი პროგრესია. კულტურამ კი პროგრესი არ იცის. ორმოცდაოთხი საუკუნის წინ შექმნილი “გილგამეშის” ეპოსიც ისევე ფასეულია, როგორც დღეს დაწერილი დიდებული ნაწარმოები.

კულტურა წარსულის მემკვიდრეობით იკვებება, ცივილიზაცია კი წარსულის ნანგრევებზე ყვავის.

ცივილიზაცია ნუვორიშებისათვის კულტურაა. ამიტომაც არის, რომ ისინი ცივილიზაციის ახალ-ახალი მიღწევებისათვის ფულს არ იშურებენ, ვინაიდან მას მათთვის კომფორტი მოაქვს. კულტურა კი რა? არც იჭმევა, არც ისმევა და არც სხვა რამეში გამოიყენება. სულ სხვაა მობილური ტელეფონი, რომელიც შეგიძლია ქუჩაშიც ამოიღო და გააბა საქმიანი საუბარი. ხოლო მარკუს ავრელიუსის “ფიქრები” ან ფრანსუა ვიიონის “დიდი ანდერძი” ხომ ამოვარდნილია ყოველდღიური მოთხოვნილების ნუსხიდან. ანდა, საერთოდ, ვინ გამოწმებთ, ვის აინტერესებს, წაკითხული გაქვთ თუ არა. მათი წაუკითხაობა თქვენს კეთილდღეობას ოდნავ დაღსაც არ დაასვამს.

სამწუხაროდ, ასე მსჯელობს დიდი უმრავლესობა.

ინავლება კულტურის დიდი სამისნოს საკულტო ცეცხლი. დიდნი ქურუმნი გარდავიდნენ. ჩვენ, მათი შორეული შეგირდები თბილ ნაცარსღა ვჩხრეკთ და ჩვენში საწაულებრივ შემორჩენილ სულს ვუბერავთ გაჩაღების იმედით და გვწამს, რომ ჩვენი გაროსინანტებული მერანი ერთ მშვენიერ დღეს გადაიგდებს ცივილიზაციის სახედრის კურტანს და პარნასისაკენ მიახედებს თავის ღირესულ მხედარს.

მანამდე კი ჩვენ უნდა გვეყოს ძალა, რომ ანდერსენისეული მეფესავით გაშიშვლებულ საზოგადოებას კულტურულად ჩავჩურჩულოთ ყურში: “თქვენ შიშველი ბრძანდებით, სირ!”

1999

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button