პუბლიცისტიკა

ილია ჭავჭავაძე – ქვათა ღაღადი (თავი მეათე)

ბ-ნი გოლმსტრემი მარტო ქვათა ღაღადის, ქვათა მოწმობის გადასხვაფერებას, გადაკეთებას არა ჰკმარობს: ქვა მკვდარი საგანია, თავის თავს ვერ გამოესარჩლება, ვერავის ეტყვის, – ჩემი სიტყვა, ჩემი ნათქვამი რად გადამიკეთე, მართლის მაგიერ ტყუილი რად მათქმევინეო. საქმე ის არის, რომ ბ-ნი გოლმსტრემი ცოცხალ კაცის სიტყვასაც, მოწმობასაც ასე ექცევა.

არც იმას ერიდება, რომ მოწამე არ შემარჩენს ამისთანა საქციელს, არც იმას, რომ გამიმხელენ სხვანიო. ეს მაღალ ფრაზებით მაღლა მყვირალა ვაჟბატონი ბ-ნის ნიკოლსკის სახელით იმისთანა ამბებს ასაღებს, რომელიც ბ-ნ ნიკოლსკის ფიქრადაც არ მოსვლია, პირიქით სულ სხვას ამბობს, სულ სხვას ამტკიცებს.

ბ-ნი ნიკოლსკიო, ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, გვემოწმებაო, რომ ურარტელნი სომხები ყოფილანო. ბ-ნი ნიკოლსკი სომეხთა მეცნიერი არ არის და, მაშასადამე, ამის მოწმობას და სიტყვას თავისი სამართლიანად დამსახურებული ფასი აქვს. აბა ერთი თითონ ბ-ნ ნიკოლსკისა ვკითხოთო: მართლა ისეა თუ არა, რასაც ბ-ნი გოლმსტრემი მისის მოწმობით გვეფიცება. აი ბ-ნი ნიკოლსკი რასა სწერს სწორედ იმ ქვების შესახებ, რომელთ ღაღადსაც ასე ამაოდ აუშუშხუნებია ბ-ნი გოლმსტრემი: „ვანის ლურსმული წარწერანი უეჭველის საბუთის ძალით ეკუთვნიან მეცხრე საუკუნის დასასრულს და პირველ ნახევარს მერვე საუკუნისას ქრისტეს წინ“.

აშკარაა, იგიც იმ აზრისაა, რომ ამ ქვების წარწერებში მოხსენებულნი ერნი სომხები არ არიან, რადგანაც მეშვიდე საუკუნის დასასრულამდე, ან, უკეთ ვთქვათ, მეექვსე საუკუნის დასაწყისამდე ქრისტეს წინათ ვანის ადგილებში სომხების ჭაჭანებაც არა ყოფილა, როგორც ზევით ვნახეთ და როგორც დღეს უეჭველად ცნობილია მეცნიერებაში და პატკანოვის მიერაც, რადგან სხვა გზა არ იყო, დამტკიცებულ-დაბეჭდილია.

ეს ერთი უვიცობა ბ-ნ გოლმსტრემისა და ერთი მაგალითი, რომ ბ-ნი ნიკოლსკი, როგორც მცოდნე კაცი და დიდად საზრისიანი, იმას არ იტყოდა, რაც ათქმევინა ბ-ნმა გოლმსტრემმა, ეს რომ ეთქვა ბ-ნ ნიკოლსკის, ის უნდა ეთქვა, რომ ქვები იღაღადებენ და მოწმობენ იმას, რაც მას უკან, სამას წელიწადს შემდეგ მოხდა. ამისთანა წინასწარმეტყველობა ქვებისა ჯერ არავის გაუგონია და როგორ ვაკადროთ ამისთანა განუკითხაობა ბ-ნ ნიკოლსკის, რომელიც ცნობილია ვითარცა ფრთხილი და ჭკუათამყოფელი მეცნიერი. ეს კიდევ არაფერი.

ბ-ნი ნიკოლსკი ამბობს „დღევანდლამდე არ არის ნაპოვნი ის ნათესაური ოჯახი ენებისა, რომელსაც შესაძლოა მიეწეროს იგი ენა (ენა ვანის წარწერებისა), იგი რაღაც ცალკე ენაა, მთლად განკერძოებული. თითო-ოროლა მაგალითი მსგავსებისა ქართულ ენასთან ჯერ კიდევ საბუთს არ გვაძლევს დავადგინოთ ნათესაური კავშირი, თუმცა ეს ნათესაობა ქართულ ენასთან შესაძლოდ დანახულია თითქმის ყველა იმათგან, ვისაც კი გამოურკვევია იგი წარწერანი. სამწუხაროდ, შედარებითი ცოდნა კავკასიურ ენებისა და განსაკუთრებით ქართულისა, მათის ისტორიისა, დიალექტებისა ჯერ ნაკლებია. მაინცდამაინც მარტო ქართულის მცოდნე ლინგვისტებისაგან უნდა მოველოდეთ უფრო გადაწყვეტილს პასუხს ამ საგნის შესახებ“ .

ხომ ჰხედავთ, ბ-ნი ნიკოლსკი ამ საგანს რარიგად ფრთხილად, თავდაჭერილად ეპყრობა, ისე ფრთხილად და წინდახედულობით, როგორც შეშვენის მართლმოყვარე მეცნიერსა, ღირსეულს სწავლულს, რომელიც ვიდრე გამოსჭრიდეს, ათჯერ გაზომავს ხოლმე. იმასაც ხედავთ, რომ, თუ ბ-ნი ნიკოლსკი ურარტელების ქართველობას დაბეჯითებით არ აღიარებს, იმას ხომ სრულებითაც არ იხსენიებს, ვითომც სომხები და ურარტელნი ერთისა და იმავე მოდგმისანი არიანო. ამისათვის ბ-ნი ნიკოლსკი ერთს სიტყვასაც შორეულადაც არ იმეტებს. მაშ საიდამ გამოატყვრინა ბ-ნმა გოლმსტრემმა, რომ ბ-ნი ნიკოლსკი ურარტელების სომხობას ემოწმებაო? ეს თითონ ბ-ნ გოლმსტრემსა ჰკითხეთ, ან სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერთა. არც ეს არის ჯერ კიდევ დიდი რამ.

აი’ერთი უფრო ძლიერი მაგალითი იმისი, რომ ბ-ნი ნიკოლსკი ამაოდ ხსენებულია, ამაოდ მოწვეულია მოწმად ბ-ნ გოლმსტრემისაგან, და ამის შემდეგ გვიკვირს ბ-ნ ნიკოლსკისაგან, რომ თავი არ გამოუდვია თავისის პატივცემულ სახელის ამაოდ ხსენებისათვის. სახელის ამაოდ ხსენება კიდევ დიდი უკან სადევნებელი საქმე არ არის საქმიან კაცისაგან.

ყურს ვინ ათხოვებს, – ვინ უხსენებს სახელს ცალკე კაცს ამაოდ და ვინ არა. სამწუხარო აქ ის არის, რომ ისეთს ხსენებას, როგორიც მოუწადინებია ბ-ნ გოლმსტრემს, მოსდევს შეწამება სრულის უვიცობისა, უმეცრებისა იმისთანა პატივცემულ მეცნიერისას, როგორიც ბ-ნი ნიკოლსკია, რომელიც მართლა საქმის მცოდნეა და არა ქარაფშუტა სომეხთა მეცნიერთამებრ.

აქ შებღალულია თითონ მეცნიერება და მისნი გამონარკვევი, მისნი დასკვნანი, მისნი ნაძიებნი, მერე ვისის სახელით? ბ-ნ ნიკოლსკის სახელით და მოწმობით. აი, შეუწყნარებელი, შეუსაბამო აქ რა არის და არა მარტო ის, რომ ცალკე კაცის სახელი ამაოდ ხსენებულია, თუმცა ესეც საკადრისი საქციელი არ არის თავისთავად. დავუგდოთ ყური თითონ ბ-ნ ნიკოლსკის ნათქვამს და სამართალი ისე ვქმნათ.

იგი ამბობს: „ურარტის ქვეყანა, ასურელ და ბაბილონის საბუთების ძალით, არის ის ნაწილი უფრო დიდის და ვრცელის ქვეყნისა, რომელსაც იგი საბუთები უწოდებენ „ნაირი“… „მეცნიერებაში ჯერ დადგენილი არ არის მტკიცედ ცნობა და ნამდვილი სახელწოდება იქ დამკვიდრებულ ერებისა, ხოლო ლენორმანის და ჰომმელის მიხეღვით შესაძლოა იმ ერებს ვუწოდოთ „ალაროდიელნი“…

„თუ ამ ალაროდიელებს არ ეკუთვნიან ეხლანდელნი ქართველები, უნდა მიღებულ იქმნას, რომ იგი ერი მოისპო ამცირე აზიის და ამიერკავკასიის მკვიდრთა შორის იმ ერის მოდგმისა აღარავინ არის“

აშკარაა, ურარტელნი, იგივ ალაროდიელნი, ბ-ნ ნიკოლსკის აზრით, ან ახლანდელი ქართველოები არიან, ანდა იმათის მოდგმისა აღარავინ არის. სად არის აქ მოწმობა ურარტელების სომხობისა? პირიქით, განა აქ სრული და გადაწყვეტილი უარყოფა არ არის იმისი, რასაც ასე კადნიერად სწამებს ბ-ნ ნიკოლსკის ბ-ნი გოლმსტრემი და მისის სახელით ასე უდარდელად, უპრაგონოდ ასაღებს, თითქო აქ არაფერი ცუდი და გასაკიცხი არა არის-რა. კიდევ ვიტყვით: ცოდვაა, ცოდვა, რომ ამისთანა პატივსაცემი, თავდაჭერილი, ჭკუადამჯდარი მეცნიერი კაცმა თავისს გულისთქმაზე შესვას, ტყუილების გუდა აჰკიდოს და ისე ატაროს ქვეყნიერებაზე. რა გაჭირება ადგა ბ-ნ გოლმსტრემს, რომ ასე უპატიურად მოექცა ჯერ მეცნიერებას და მერე ბ-ნ ნიკოლსკის? ქვანი იღაღადებენო!.. ქვანი არა ტყუიანო!.. ქვანი კი არა ჰღაღადებენ, აქ ბ-ნის გოლმსტრემის თავშეუდებელი საქციელი ჰღაღადებს. ქვანი-კი არა ტყუიან, ბ-ნი გოლმსტრემი არა მართალობს და ფარისეველსავით გულში ხელს იცემს, მაღალ ფარდებში სიმს აჟღარუნებს ვითომდა ჩაგრულ ჭეშმარიტებისათვის, ვითომდა პირქვე დამხობილ მართლისათვის სისხლის ცრემლსა ღვრის.

კომედიავ, კარგი რამა ხარ თავისს ადგილას, აქ-კი მარტო გულს უზრზენ ადამიანს, რადგანაც გულის მაგიერ ჩვენ თვალწინ მჩვარსა სწვამ და გგონია მჩვარი გულად გავაო.

ბ-ნი ნიკოლსკი უფრო შორს მიდის და ამასაც ამბობს, რომ „უდიდესი და უაღრესი ერი სირიის და მცირე აზიისა, შემქმნელი განსაკუთრებულ კულტურისა და გულადი მეტოქე ეგვიპტისა და ზოგჯერ ასურეთისა „ხეტტი“ ეკუთვნოდა ალაროდიელ ნათესაობასაო. ალაროდიელნი აშკარაა იგივეა, რაც ურარტელნი, სახელიდამ „ურარტი“, არარატი, მხოლოდ რ გადაქცეულია ლ-დაო. „თაბალი“, ერი, რომელიც მკვიდრობდა კაპადოკიაში, აშკარაა აგრედვე ალაროდიელთა ნათესაობისა იყო“ .

„ხეტტების“ და ქართველების ნათესაობას, ერთთესლობას ამტკიცებს მასპეროც, რომელიც ამბობს, რომ ხეტტელნი ნათესავები იყვნენ ტაბალებისა, მუშკებისა, რომელნიც თუბალებად, მოსოხებად ცნობილნი არიან და თუბალნი და მოსოხნი (მესხნი) ხომ ქართველის მოდგმის ხალხებად მიჩნეულია მეცნიერთაგან. ხეტტელთა ქვეყანა, მასპეროს სიტვით, შუა იდვა ორს დიდს უმთავრეს ქვეყნებ შორის, ქადლდეისა და ეგვიპტისა და ამის გამო იგი შეიქმნა ერთს დიდ ბაზრად აღმოსავლეთისათვისაო. ამ ხალხს დიდი და განვითარებული ცივილიზაცია ჰქონიაო, საკუთარი ლიტერატურა და აყვავებული მრეწველობაო.

რაც ვიცით ამ ერისა, სულ ეგვიპტელთა და ასურელთა საბუთებით ვიცითო, რადგანაც თვით ამ ერის ნაშთი ძალიან ცოტაა და ცოტაობით ცნობილიო. წარწერანი მათნი იეროგლიფურია, სრულიად განსხვავებული ეგვიპტურისაგან და დღევანდლამდე წაკითხვა მათი ხელთ არ ეძლევა სწავლულთა მეცადინეობასაო

თუ მართალნი არიან ბ-ნი ნიკოლსკი და მასპერო იმაში, რომ ხეტტელნი ქართველის ნათესაობის ერი ყოფილა, ჩვენ აქ ცოტა ხანს შევდგებით, რადგანაც, იქნება, სხვა მეორე შემთხვევა აღარ მოგვეცეს ამაზე საუბრისა და სანანურად დაგვრჩება, რომ ამისთანა დიდად შესანიშნავს, ლამის ჩვენს ნათესავს ერზე, როგორც ხეტტელნი ყოფილან, არა თქმულა-რა ჩვენს ლიტერატურაში ჯერ აქამომდე.

ხეტტელნი, ანუ როგორც ზოგნი ეძახიან გიტნი, დიდი ღვაწლმოსილი ერი ყოფილა, დიდის კულტურის მქონი და რიცხვმრავალი. ვშიშობო ამის თქმასა, ვშიშობთ, იმიტომ რომ სომეხთ მეცნიერებსა და მათს ამქარს ერთი მიზეზი კიდევ არ მივცეთ სხვისას ხელი ჩაავლონ, ხეტტელებად თავიანთი თავი გამოატყვრინონ და ამ გზით, როგორც ყოველთვის, სხვისა დაიჩემონ და თავი მოიწონონ ქვეყნის წინაშე, – აი რანი ვყოფილვართო.

რადგანაც მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია, არც ჩვენ ჩავიწყვეტთ ენას.

ინგლისის მეცნიერი რ. ანდერსონი ამბობს, რომ ევროპის ცივილიზაციის სათავე ხეტტების, იგივე გიტტბის ცივილიზაციაა, და ევროპა მადლობელი უნდა იყოს ხეტტებისა, რადგანაც დასაბამი საბერძნეთის კულტურისა ხეტტელებისაგან არის მიღებულიო.

ბევრს ადგილას მცირე აზიაში კაცი შეხვდება კვალს ან გარდასრულის, მაგრამ ოდესღაც გაბრწყინკალებულ კულტურისას. ეიუკს, მდებარეს მცირე აზიაში მახლობლად ღალისის მდინარისა, რომელიც მიდის შავის ზღვისაკენ, სამხრეთიდამ ჩრდილოეთზედ მიმართული, დღესაც მოჩანან დანგრეული კედლები ხეტტელების უზარმაზარ სრა-სასახლისა, უშველებელ რკაკუთხიან თლილის ქვებისაგან ნაშენისაო. გზასა, სრა-სასახლეში მიმავალსა, ქვისაგან გამოჭრილი ლომები ინახავდნენო, ჭისკარი გამაგრებული აქვს უზარმაზარ ჯავარიან ქვებით, რომელთზედაც ამოჭრილია სფინქსებიო. მრავალი ხუროთმოძღვრული წვრილმანი ამხილებს, რომ ეგვიპტელთა ხელოვნების ბაძიაო. თვით შენობა, ბაბილონის სრა-სასახლეებისამებრ, განგებ გაკეთებულ ხელთქმნილ მიწერ ბექზეა აგებულიო, ამბობენ, რომ ეს საზაფხულო სადგომი იყოო ქადეშის მეფეებისა (ხეტტების სატახტო ქალაქია), როცა „მწვავი მზე სირიისა ძალიან აცხუნებდა ორონტის ველსაო“. სპეციალისტები – ჰერალდიკოსები გაიკვირვებენ, რომ ორთავიანი არწივი გერმანიის, რუსეთის და ავსტრიის ღერბისა წარმომდგარია ხეტტელების აწ გამქრალ ხელოვნებისა და სიმბოლოობისაგანო. ეჭვს გარეშეა, რომ გამოხატულობა ორთავიან არწივისა ყველა გამოხატულობაზედ უფრო ხშირია, რაც-კი ხეტტელების სახსოვართა ზეღ აჩნევიათო.

ეს ორთავიანი არწივი ჯერ თურკომანების მეფეებს შეუთვისებიათ და მერე ჯვაროსანთ შემოუტანიათ ევროპაში და აქედამ გამხდარა გერმანიის იმპერატორების ემბლემად და გერმანიის იმპერატორებისაგან გადასულა რუსეთსა ღა ავსტრიაშიო.

„ზოგნი დიღბუნებოვანნი კაცნი ძველის საბერძნეთისაო, – ამბობს მერე ანდერსონი, – მცირე აზიის შვილნი არიანო, მაგალითებრ ჰომიროსი, თალესი, პითაგორი, ჰეროდოტეო, და ვისაც ამათს ხსენებაზე აგონდება ეგეიის ქალაქები, იმას შეუძლიან უფრო ღრმად შეხედოს საქმეს – სახელდობრ, კულტურას გიტტებისას, ანუ ხეტტებისასაო“ .

ანდერსონი, იხსნენიებს-რა ერთს საბუთს, განაგრძობს, რომ ეს საბუთი ცხადად გვანიშნებს, რომ ხიტა, ხეტტთა ანუ გიტტთა ქვეყანა, – თავისის მდებარეობით, მდგომარეობითა და ძლიერებით თვით ეგვიპტის თანასწორი და ტოლი იყოო. როგორც ანდერსონი, ისეც მასპერო დიდ ქებაში არიან ხეტტების კულტურისა, სიმდიდრისა, აღებ-მიცემობისა, ვაჟკაცობისა და ძლიერებისა,

გვიკვირს, ეს ხეტტების საქებ-სადიდებელი ამბები როგორ გამოჰპარვიათ სომეხთა მეცნიერებს. უსათუოდ არა სცოდნიათ, თორემ აბა რას შეარჩენდნენ ქართველთა ნათესაობის ერს ამითანა საქებურს ამბებსა. მერე იციან, რომ ქართველნი დაუდევარნი არიან და იმ ჭიან ლიბერალობით თვალებაბმულნი, რომ არც-კი ეტყვიან, ძმანო და მეგობარნო! მართალია, თქვენის კეთილის გულის ამბავი ვიცით, რომ საცა პურია, ბინას იქ იკეთებთ, არა ჰკითხულობთ, პური ვისი გამომცხვარია და მიირთმევთ, ოღონდ-კი გემრიელი იყოს, მაგრამ ნამუსიც კაი საქონელია. რას გვემართლებით? ჩვენ ჩვენი ვიცოდეთ და ვიქონიოთ, თქვენ – თქვენი“.

ხოლო რას იზამთ? „გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი“.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button