განხილვამუსიკა

ზღვარი – პოეზია (2006)

hard rock, heavy metal, gothic metal

ტრეკლისტი:

  1. უდიადესი (7:26)
  2. გვიანი შესავალი (2:42)
  3. მზის სიკვდილი (5:20)
  4. გოლგოთა (2:37)
  5. თოლია (4:36)
  6. ამოუცნობი (6:21)
  7. ობობის დაბრუნება (3:33)
  8. დავიწყება (6:27)
  9. ავანგარდული დღე (4:50)
  10. ფიქრით ნათქვამი (3:20)
  11. მუსიკალური ოკეანე (6:09)
  12. მეტამორფოზა (4:36)
  13. უსასრულობა (1:42)

შემადგენლობა:

  • კახა ბაციკაძე – ვოკალი, რიტმ-გიტარა, კლავიშები, პოეტი, კომპოზიტორი
  • სერგი ლომაძე – პოეტი, კომპოზიტორი
  • გიორგი ზუხბაია – პოეტი, კომპოზიტორი
  • ვასო ლომაძე – პოეტი, კომპოზიტორი, ბასი
  • ლუკა ამირანაშვილი – სოლო-გიტარა
  • გია მაჩიტაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები

საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, საკმაოდ მგრძნობიარედ დგას როკ-მუსიკის ორიგინალურობის საკითხი. ნაკლებად გამოცდილი ჯგუფების უმრავლესობა თანახმაა დროით გამოცდილ შაბლონებს მიჰყვეს და შედეგად სოლიდური, მაგრამ არცთუისე ორიგინალური მუსიკა მიიღოს. მცირე ნაწილს ჰყოფნის იმის კლასი და ექსპრესია, რომ უნივერსალურ ღირებულებებს თავისი პერსონალური ღირებულებები შეუთავსოს და ვირტუალურ მუსიკალურ სივრცეში თავისი სათქმელი თქვას. დაბოლოს, არსებობს მესამე, კიდევ უფრო იშვიათი კატეგორია: ისინი, რომელიც ცდილობენ დასავლური სტილის გადმოღებას, მაგრამ შემოქმედებითად იმდენად თვითმყოფადები არიან, რომ მათი მუსიკისთვის ანალოგის პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ. ახლა სწორედ ამ „იშვიათი ჯიშის“ წარმომადგენელზე მინდა ვისაუბრო.

ზღვარი“-ს ხსენებისას ქართული მუსიკის მსმენელთა უმრავლესობას ის ღიმილისმომგვრელი გამონათქვამები და ეპატაჟი გაახსენდება, რომელიც სახალისოა, მაგრამ ძალიან რთულს ხდის მათი მუსიკის სერიოზულად აღქმას. თუმცა დავიწყოთ თავიდან: „ზღვარი“ 1999 წელს შეიქმნა, როგორც დამოუკიდებელი მულტიპროფილური შემოქმედებითი კოლექტივი. ჯგუფის ძირითადი ინტერესები პოეზია და მუსიკა იყო. ჯგუფს გამოცემული აქვს პოეზიის 3 კრებული; მუსიკის კუთხით კი, შემადგენლობა 2001 წელს დასტაბილურდა და „ზღვარმა“ ალბომების ჩაწერასაც მიჰყო ხელი. ვინაიდან ანსამბლი არაპროფესიონალი ენთუზიასტებისგან შედგებოდა, ჯგუფის წევრების საშემსრულებლო დონეებს შორის თავიდან დიდი სხვაობა შეიმჩნეოდა. მიუხედავად ამისა, ჯგუფი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა დაიხვეწა და ალბომ „პოეზია“-ში (მათ რიგით 4-ე ალბომში) ეს პრობლემა მუსიკას დიდად არ აფუჭებს.

საინტერესოა, რომ ჯგუფს 4 სხვადასხვა კომპოზიტორი და პოეტი ჰყავს, რომელთაგან ალბომზე უშუალოდ მხოლოდ 2 უკრავს. ასევე აღსანიშნავია „ზღვარის“ ღირებულებათა ალგორითმი; მათთვის ამომავალი წერტილია „პოეზია“ და „როკი“ – ჯგუფი თავისი შემოქმედებით დაუფარავად აცხადებს, რომ ამ ორ ცნებას მათთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს. ამაზე მეტყველებს როგორც მათი ალბომების და წიგნების სახელები („როკის მეფის გაუჩინარება“, „დიდი რაიმ-როკი“, „ქართული როკის ისტორია“, „პოეზია“), ასევე ბენდის იმიჯი. ეს ძველმოდური, ძველი ფრანგული პოეტური წრეებისთვის დამახასიათელი არისტოკრატული პათოსი ხშირად დაცინვის ობიექტიც გამხდარა ხოლმე, მაგრამ მუსიკასთან ერთად, ეს მიდგომაცაა „ზღვარის“ ორიგინალურობის და ქარიზმის ერთ-ერთი მიზეზი.

მუსიკალური თვალსაზრისით, საკმაოდ ძნელია ამ ორიგინალური ალბომის ტრივიალური ეპითეტებით აღწერა. ლამაზი ვოკალური მელოდიები და ინსტრუმენტული მოტივები რადიკალურად კონტრასტირებს დაუმუშავებელ ვოკალსა და რიტმ-გიტარის ხშირად ძალიან ჭუჭყიან ჟღერადობასთან. ამასთან ერთად, სიმღერების უმრავლესობიდან ამოღებულია ბასი, რაც ჩანაწერის არცთუისე მაღალ ხარისხთან ერთად ჩაკეტილი სივრცის და სიცარიელის ურთიერთგამომრიცხავ ატმოსფეროს ჰქმნის. ერთადერთი გრძნობა, რაც ალბომს თავიდან ბოლომდე მიყვება, მელანქოლიაა, რომელიც ხან ამაღლებულ, საოცრად ლამაზ ბალადებში და ხანაც სულისშემხუთავ, ჭუჭყიან, მონსტრულ მეტალ-სიმღერებში ტრანსფორმირდება. ამ მუსიკას ვერც ვიწრო სტილისტურ ჩარჩოებში ჩასვამ ადვილად: ჟღერადობა ალბათ ჰარდ-როკ / ჰევი-მეტალის არასტანდარტული ვარიანტია, პირქუში, პოეტური ემოციების სიმწვავე და სიცარიელე (აქაც პარადოქსი) ბევრ გოთიკურ მეტალ ჯგუფს შეშურდება.

ალბომის გამხსნელი სიმღერაა „უდიადესი“, რომელიც ლამაზი, სუფთა ვოკალური მელოდიით იწყება, შემდეგ კი ჟღერადობა რიტმ-გიტარით და ფონური კლავიშებით მძიმდება. სიმღერის ბოლოში მთავარი, განმეორებადი ნელა განვითარებადი თემა კულმინაციას აღწევს. ეს შვიდწუთიანი სიმღერა მართლაც ეპიკურად იწყებს ნამუშევარს. ამავე კომპოზიციური მიდგომებითაა შექმნილი „მზის სიკვდილი“, „ამოუცნობი“, „დავიწყება“ და „მუსიკალური ოკეანე“. ოთხივე ნაწარმოებში ლირიკულ ნაწილებს მძიმე სექციები ვულკანური ამოფრქვევებით ენაცვლება. თუმცა რეცეპტი ერთია, სიმღერები იმდენად შემოქმედებით და თვითმყოფადადაა ჩაფიქრებული, რომ რამენაირ განმეორებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ბევრია მთლიანად ლირიკული ბალადაც; მაგალითად „გვიანი შესავალი“, „უსასრულობა“ და განსაკუთრებით ლამაზი „თოლია“ და „ფიქრით ნათქვამი“. დანარჩენი სიმღერები შედარებით მოკლე, მძიმე ჟღერადობაზე დაფუძნებული ნაწარმოებებია, რომლებიც ჩემი აზრით, სხვებთან შედარებით, ნაკლებად წარმატებულია, თუმცა ალბომის ზოგად ატმოსფეროში, ბალადების საპირწონედ, კარგად ზის.  ამ სიმღერებიდან უნდა აღინიშნოს „გოლგოთა“, რომლის საკონცერტო, აკუსტიკური არანჟირება სტუდიურს ბევრად მირჩევნია.

მართალია, ალბომის განხილვისას ლირიკას იშვიათად ვეხები, მაგრამ „ზღვართან“ მიმართებაში პოეზიას გვერდს ვერ აუვლი. სიმღერების შინაარსი მათი მელანქოლიური, იდეალისტური ატმოსფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. ლექსების უმრავლესობა სასიმღეროდ კარგადაა აწყობილი და საკმაოდ შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია. არის რამდენიმე უნებლიედ ღიმილისმომგვრელი მომენტიც, მაგრამ ეს ამ კერძო შემთხვევაში გამოსადეგია, ვინაიდან ოდნავ მაინც აბათილებს ალბომში გამეფებულ სიბნელეს.

ძნელია ამ ალბომისათვის ერთგვაროვანი ვერდიქტის გამოტანა, ვინაიდან მისი ობიექტური პლუსებისა და მინუსების შეფასება იმ კონტექსტზეა დამოკიდებული, რომელშიც ამ ალბომს მსმენელი ჩასვამს. მაგალითად, ჩავთვალოთ თუ არა მინუსად მოუქნელი რიტმ-გიტარა და ვოკალი? ჯგუფის სხვა ალბომებში ალბათ კი, მაგრამ აქ გიტარა და ვოკალი ეფექტურად ჰქმნის ალბომის ატმოსფეროს. მეორე მხრივ, დასარტყამთა უკეთესი ჟღერადობა და ინსტრუმენტთაშორის უკეთესი ბალანსი ალბომს ძალიან წაადგებოდა. ბას-გიტარის არარსებობა ამ ალბომში პრობლემად არ მესახება, რამდენადაც ეს მათი ჟღერადობის ნაწილია. მაგრამ კიდევ ერთხელ, ალბომის მთავარი ღირებულება ის შემოქმედებითი კომპოზიციური მიდგომაა, რაც „ზღვარის“ მუსიკას საკუთარ, ყველასგან განსხვავებულ სახეს ანიჭებს.

ამ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გათვალიწინებით, ამ ალბომის შეფასებაა: 8 / 10. ეს ჩემი აზრით ჯგუფის საუკეთესო ალბომია, თანაც უკონკურენტოდ. ეს ერთ-ერთი ისეთი ნამუშევარია, რომელიც ყველასთვის არაა რეკომენდებული; მოეწონებათ ძირითადად ჰარდ როკის და მეტალის დამფასებლებს. გოთიკური მუსიკის ბევრ მოყვარულსაც შეუყვარდება ეს ალბომი; სხვანაირი მუსიკის მსმენელები ალბათ ამ ნამუშევარს ოდნავი ქილიკით ან პირდაპირ უარყოფითად შეაფასებენ… მაგრამ ერთი კი ფაქტია, რომ „პოეზიის“ ახირებულ, თვიდმყოფად შემქმნელთა უცნაური შემოქმედებითი სამყარო ცოტას თუ დატოვებს გულგრილს.

გადმოსაწერი ბმული: ზღვარი – პოეზია (2006)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button