განხილვამუსიკა

კოლხეთი – კოლხეთი (1975)

psychedelic rock, psych folk

ტრეკლისტი:

  1. რამაიდა (2:46)
  2. ჩელა (3:45)
  3. ხევსურული ბალადა (2:34)
  4. შუქურა (2:46)
  5. ლაჩები და ოპიტარა (2:14)
  6. Криницы (2:59)
  7. მუხამბაზი (2:57)
  8. Płoną Góry, Płoną Lasy (3:48)
  9. მეტივური (2:28)
  10. იმერული სახუმარო (0:51)
  11. ქარი (2:19)
  12. მარუხის გმირებს (4:22)

შემადგენლობა (არასრული):

  • მარსელ კაპანაძე – სამხატვრო ხელმძღვანელი
  • მარინა კახიანი – სოლისტი (4)
  • თენგიზ შოშიაშვილი – სოლისტი (11)
  • სხვ.

კოლხეთი“ (არ შეგეშალოთ ამავე სახელწოდების ფოლკლორულ ანსამბლში) სამოცდაათიანების იმ ანსამბლთა რიგს განეკუთვნება, რომელთა არამხოლოდ მუსიკა, არამედ არსებობაც კი უცნობია ახალი თაობისთვის. იმ მწირი ინფორმაციის მიხედვით, რისი მოძიებაც შეიძლება, ჯგუფი სამოცდაათიანების პირველ ნახევარში დაარსდა და მისი ხელმძღვანელი „დიელო“-დან ახლად წამოსული მარსელ კაპანაძე იყო. ჯგუფმა ცვალებადი შემადგენლობით 1980 წლამდე იარსება. გვიანდელ პერიოდში ჯგუფის წევრთა შორის გია მაჭარაშვილი და კაკო ვაშალომიძეც შედიოდნენ, მაგრამ ადრეული შემადგენლობის, რომელმაც „კოლხეთის“ ერთადერთი ფირფიტა ჩაწერა, დაზუსტება ვერ მოხერხდა.

ფირფიტის გაფორმებაც უცნაურია. გარეკანზე სიტყვა არ წერია ქართულად. ანსამბლი მოხსენიებულია რუსულად, როგორც „კოლხიდა“. უკანა მხარეს კი მხოლოდ რამდენიმე სოლისტის ვინაობაა დაწერილი. მიუხედავად ამისა, ეს ალბომი. იმ პერიოდის ქართული როკ-ჩანაწერებიდან, ყველაზე მეტადაა ფოლკლორზე დაფუძნებული.

ალბომს ორი ფოლკლორული ინტერპრეტაცია, „რამაიდა“ და „ჩელა“ ხსნის. პირველი საშუალო, მეორე კი ნელ რიტმზეა დაფუძნებული. ორივეში წამყვან როლს თამაშობს რთული ვოკალური ჰარმონიები. ელექტროორღანი კი ამ სიმღერებს საჭირო ატმოსფერულობას ანიჭებს.

ხევსურული ბალადა“ (ვაჟა დურგლიშვილის სიმღერა) უფრო აქტიურია, იმდროინდელი ქართული ჯგუფებისთვის დამახასიათებელი რიტმული fuzz-გიტარით და ჩასაბერთა სექციით.

შუქურა“ ჯაზ-არანჟირებით შეფუთული სასიამოვნო პოპ სიმღერაა. „ლაჩები და ოპიტარა“-ს კი ისევ ფოლკლორულ ლიანდაგებზე გადავყავართ: ისევ ბრწინვალე psych-jazz არანჟირება, იუმორით, ფანტაზიით… ეს სიმღერა შემდეგ „ივერია“-მაც ძალიან კარგად შეასრულა, მაგრამ მე, პირადად, „კოლხეთი“-ს ვარიანტი მირჩევნია.

პირველ გვერდს იმ დროისთვის თითქმის აუცილებელი რუსულენოვანი სიმღერა ხურავს. „Криницы” ბელარუსული ხალხური სიმღერაა. ამ სტანდარტულ აკუსტიკურ ბალადას მოხდენილი ვოკალური სამხმოვანება ალამაზებს.

ფირფიტის მეორე გვერდზე ქალაქური მუსიკის და ფსიქოდელიის შერწყმის რამდენიმე მცდელობაა მოცემული. „მუხამბაზი“, „ქარი“ და „მეტივური“ ამას მეტ-ნაკლები წარმატებით ახორციელებს. აქაც არანჟირებაში დიდი როლი ეთმობა ჩასაბერთა სექციას, რაც სიმღერებს ერთგვარ ჯაზურობას ანიჭებს.

იმერული სახუმარო“ დახვეწილი აკაპელაა. „Płoną góry , płoną lasy“ ერთ დროს პოლონურ ჯგუფ Czerwone Gitary-ს წევრის ს. კრაევსკის დაწერილია და ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტია. „კოლხეთი“-ს ვერსიაც საკმაოდ კარგია.

ალბომს ნელი „მარუხის გმირებს“ ხურავს, რომლის არანჟირებაც თავისი ატმოსფერულობით „ჩელა“-სას წააგავს. ჯაზურ ფორტეპიანოსა და ლამაზ, ფოლკლორულ ჰარმონიებს სიმღერა ნელ-ნელა ფინალისკენ მიჰყავს.

ალბომის შეფასებისას, ვერ ვიტყვით, რომ ის შედევრებს შეიცავს, მაგრამ იგი სავსეა შემოქმედებითად შეკრული და საინტერესო მუსიკით. ჩემი აზრით, საუკეთესოა ის მომენტები, სადაც ჯგუფი თავის მახასიათებელ, ნელ, ჰიპნოზურ ჟღერადობას პოულობს („ჩელა“ და „მარუხის გმირებს“). ასევე აღნიშვნის ღირსია კარგად არანჟირებული „ხევსურული ბალადა“, „ლაჩები და ოპიტარა“ და „იმერული სახუმარო“. ერთადერთი სიმღერა, რომელსაც ალბომიდან ამოვიღებდი, „Криницы”-ა, თუმცა ცუდს ადამიანი ვერც ამ სიმღერას უწოდებს.

საბოლოო ჯამში, ეს ალბომი, ქართული როკის პირველი აქტიური ხანის, 70-იანების პირველი ნახევრის, ძალიან საინტერესო რელიქტია. ის განასახიერებს იმ ეპოქის ბევრ შემოქმედებით პლუსსა და მინუსს: ქართული ფოლკლორის და ქალაქური მუსიკის ფსიქოდელიასთან და ჯაზ-როკთან შერწმის მცდელობას, ორღანზე, fuzz-გიტარაზე და ჩასაბერთა სექციაზე დაფუძნებულ არანჟირებებს, ჯგუფს გარე კომპოზიტორების სიმღერებზე დაფუძნებულ რეპერტუარს. ტრადიციისამებრ რამდენიმე უცხოენოვან სიმღერას და ა.შ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბომის შეფასება იქნება: 7,5. რეკომენდებულია იმდროინდელი ქართული როკით დაინტერესებულ მსმენელთათვის და ნაკლებადცნობილი მუსიკის კოლექციონერთათვის. როგორც თავიდან ვთქვი, ალბომის გამოცემის შემდეგ, ჯგუფმა რამდენიმე შემადგენლობა შეიცვალა, მაგრამ მეტი ფირფიტა აღარ გამოუცია.

გადმოსაწერი ბმული: Kolkheti – Kolkheti (1975)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button