განხილვალიტერატურასაკითხავიწიგნები

მიგელ დე სერვანტესი – დონ კიხოტი (განხილვა)

მე-17 საუკუნე. აღორძინების ეპოქა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. რენესანსის ძლევამოსილების პირველადმა ეფექტმა უკვე ძალა დაკარგა და ხალხიც ჩვეულებრივ მდორე ცხოვრებას მიყვება. თუმცა, უნდა ვაღიაროთ რომ ეს ხალხი უკვე ახალი ტიპის ადამიანები არიან. რენესანსმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა და ხალხს ახალი კუთხით დაანახა სამყარო. კერძოდ, ადამიანის როლი წინ წამოჭრა და დაანგრია აწ უკვე დამყაყებული აზროვნება სარაინდო ეპოსებზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვნებათაღელვა ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, აღორძინების ეპოქამ უკანასკნელად მაინც მოიქნია კუდი და მის წიაღში დაიბადა ისეთი ნაწარმოები, რომელიც მსოფლიო დონის კლასიკად იქცა და ნებისმიერ ეპოქაში თავის სათქმელს იტყვის- ეს არის მიგელ დე სერვანტესის ,,დონ კიხოტი“. ამ დიდებულ ნაშრომში წამოჭრილი პრობლემები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ეს თავის დროზე იყო, რადგან ,,დონ კიხოტის“ ფილოსოფია დგას ისეთ საკითხებზე, რომლებიც ამ ცვალებად სამყაროში მუდამ უცვლელი რჩებოდა და დარჩება კიდეც.
დავიწყებ იმით, რომ თავის დროზე, როდესაც ეს ნაწარმოები დაიწერა, ის იდეაში უნდა ყოფილიყო, როგორც ზემოთ ვახსენეთ, სარაინდო ეპოსების შარჟი. ამ ნაწარმოებმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დამთავრდა ის ეპოქა, როცა პიროვნება თავის ღირსებას ძალით და იარაღის გამოყენებით იცავდა, ადამიანი გადავიდა ახალ განვითარების საფეხურზე, რომელსაც შესაბამისად ,,ღირსების დაცვის“ ახალი კრიტერიუმები გააჩნდა. ფიზიკურად მებრძოლი ადამიანი ტრანსფორმირდა გონებრივად მებრძოლ ადამიანად(და ეს ტრანსფორმაცია მოგვიანებით მოდერნიზმმა დააგვირგვინა). თუმცა, ამ პროგრესის შეთვისება ვერ მოხდა არამატერიალური ფასეულობების დაკარგვის გარეშე, ამ ტრანსფორმაციასთან ერთად, ვფიქრობ, ადამიანებმა დაკარგეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ღირებულება. ევროპულმა ინტელიგენციამ ვეღარ შესძლო იმ ფასეულებების დაცვა, რაზეც იდგა მაშინდელი სახელმწიფოები თავიანთი ისტორიითა თუ კულტურით, მათ დაკარგეს ნდობა სამართლისადმი, სიკეთისადმი, ოპტიმიზმისადმი, მათ ეს თემები ისე მიივიწყეს, თითქოს არც არასდროს არსებობდა. სწორედ ამ გრძნობების საბოლოო განადგურების საფრთხე დაინახა ბრწყინვალედ სერვანტესმა და დონ კიხოტის ფენომენის შექმნით,  გარდა იმისა, რომ სარაინდო ეპოსებს სარკასტული იერსახე მისცა, კვლავ ჩაუსახა ხალხს იმის სურვილი, რომ აღედგინათ აწ უკვე კარგა ხნის დავიწყებული სამართლიანობა. დღეს დონ კიხოტის ეს სამართლიანობისათვის მებრძოლობა გაცილებით უკვე ადვილად შესამჩნევია, ვიდრე იმ ეპოქაში, როცა ეს ნაწარმოები დაიწერა, რადგან წიგნის ყველაზე ობიექტური შემფასებელი არის არა ადამიანი, არამედ დრო. თუ იმ მკაცრ ,,ცენზურას“, რასაც ჟამთასვლა ჰქვია, ნაწარმოები გადაურჩა და ხალხმა არ დაივიწყა, ესე იგი ეს ნაშრომი ღირებული ყოფილა. დონ კიხოტი თავის თავში მოიაზრებდა იმ ცნებების დაცვას, რომლებიც კაცობრიობის გაჩენის დღიდან არსებობს, ეს არის სიკეთე, სამართლიანობა, თავდაჯერებულობა იმისა, რომ ადამიანს შეუძლია მცირედით მაინც შესცვალოს მომავალი უკეთესობისაკენ.
ეს ზემოთ ხსენებული იდეები, რომლებიც ,,დონ კიხოტში“ იკვეთება  21-ე საუკუნეში  განსაკუთრებით აქტუალური ხდება. მიმაჩნია, რომ პოსტმოდერნიზმის ეპოქაში(რომელსაც საფუძველი დაუდო აქამდე არნახული მსოფმხედველობათა მატარებლმა მიმდინარეობამ-მოდერნიზმმა), როცა მასობრივად მიდის კულტურული თუ სულიერი ღირებულებების გაუფასურება, ტიპური ნიჰილისტური დამოკიდებულების აღზევება,  ‘’დონ კიხოტობა“ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რათა არ აღმოცენდეს ის საფრთხე, რაც თავის დროზე, როგორც ზემოთ ვახსენეთ, სერვანტესმა დაიანახა ანუ იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელობაში ,,დონ კიხოტობა“ (ოღონდ არა ფანატიზმში გადასვლა) უფრო დადებითი თვისებაა, ვიდრე უარყოფითი.
ახლა უშუალოდ ცოტა სიუჟეტურ ანალიზზე გადავიდეთ. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ნაწარმოებში სახელოვანი ,,რაინდის“ უცნაურ ქმედებებს ახსნა რომ მოვუძებნოთ, საჭიროა ცოტა მეტაფორული აზროვნება გამოვაღვიძოთ. ჩვენი იდალგო მთელი ცხოვრების განმავლობაში კითხულობდა ისეთი ტიპის ლიტერატურას, რომლის პოპულარობა კარგა ხნის დაკარგული იყო, თუმცა ამ პოპულარულობასთან ერთად დაიკარგა ის ღირებულებებიც, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, შესაბამისად ამ ,,პოპულარობადაკრგული“ წიგნების წაკითხვით, მან აღიდგინა ის სულისკვეთება, რომელიც პოპულარობასთან ერთად მიეცა დავიწყებას. სწორედ ამის გამოძახილია ის უცნაური და ერთი შეხედვით სასაცილო ქმედებანი, რაც დონ კიხოტს უკავშირდება. ქარის წისქვილებთან ბრძოლა და ფუნდუკის მშვენიერ სასახლად აღქმა, უდავოა, რომ მხოლოდ დონ კიხოტის რომანტიკული ბუნების(შეიძება ფანატიკური ბუნებისაც) გამოვლინება იყო, თუმცა სხვა მოქმედებანი, რომელიც გულისხმობდა ჩაგრულთა გამოსარჩლებასა და სუსტის შეწევნას, ეს ტიპური რაინდული სულის მატარებელი ადამიანის ქმედება იყო და არა ვინმე შლეგი პიროვნების. დონ კიხოტს ჰქონდა თავისი სამყარო, რომლის თავისებური ფორმირება ახალისებდა გმირს კეთილი საქმეების გაკეთებისთვის, ანუ სამყაროს ეს რომანტიკული ხედვა თვითმოტივაციისა და თვითრეალიზების ერთ-ერთი საშუალება იყო.
არ შეიძლება დონ კიხოტზე ვისაუბროთ და არ აღვნიშნოთ მისი ,,საჭურველთმტვირთელისა“ და განუყოფელი მეგობრის, სანჩო პანსას მხატვრული იერსახე. სანჩო იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც დონ კიხოტს თავის უცნაური ახირების დროსაც კი მხარში ამოუდგა და ერთგულად ემსახურა მთელი ცხოვრება. მასთან ერთად გადაიტანა ყველა ის კურიოზი თუ უბედრუება, რაც ,,ფათერაკებით“ აღსავსე გზაზე გადახდათ თავს. სანჩო ნამდვილად შეგვიძლია განვაზოგადოთ როგორც ჰუმანისტურ და ხალხური სიბრძის იდეად. ის იყო ხოლმე დონ კიხოტის უსაზღვრო ფანტაზიისთვის მოთოკვის საშუალება, რომელიც არ აძლევდა საშუალებას ,,ბატონს“ რომანტიკოსობიდან ფანატიკოსობაში გადასულიყო. სანჩოს ფენომენი ნამდვილად არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე დონ კიხოტის.

საინტერესოა ასევე დონ კიხოტის თავგადასავალი მთლიანობაში, რომელიც ერთგვარ ცხოვრებისეულ გზადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. ჩვენ თუ კარგად დავუკვირდებით, შეგვიძლია შევამჩნიოთ რომ ამ მოგზაურობის განმავლობაში, დონ კიხოტი ნელ-ნელა უფრო და უფრო ვითარდება იდეოლოგიური ასპექტით. თავდაპირველად, დონ კიხოტის რომანტიკულ ბუნებაში, როგორც ზემოთ ვახსენეთ, აშკარა იყო ფანატიზმის ნიშნებიც, ანუ რეალობას მთლიანად მოწყვეტის საშიშროება, თუმცა ნელ-ნელა დონ კიხოტში საოცარი ცვლილებები მოხდა. ეს უკიდურესი რომანტიზმი შემცირდა, თუმცა არ შემცირებულა ის სულისკვეთება, რომლებიც ნამდვილ რაინდული სულის მქონე პიროვნებას ახასიათებდა. ანუ ფაქტობრივად მოხდა უპრეცენდენტო მოვლენა, განვითარება ყოველგვარი რეგრესით. თუმცა საბოლოო განვითარებამდე და როგორც ავტორი იძახის, ,,გონებიდან ბურუსის გაყრამდე“ იყო ერთი აუცილებელი ფაქტორი, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ეს იყო სიკვდილის პირისპირ წარდგენისას მოცემული არამიწიერი ძალა საკუთარი თავის უკეთ შეცნობისთვის. მოგეხსნებათ, რომ სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის ხედვა სამყაროზე კოლოსალურად იცვლება, ის გაცილებით უკვე დაფიქრებული და საღად მოაზროვნე ხდება, ვიდრე ეს სიცოცხლეში იყო. ამ აზრის სისწორეზე ბევრი ნაწარმოები დაწერილა: კარლოს ფუენტესის ,,არტემიო კრუსის სიკვდილი“, მოდერნიზმის პიკად წოდებული ნაწარმოები ,,ვერგილიუსის სიკვდილი“, რომლის ავტორია ავსტიელი გენიოსი ჰერმან ბროხი. ეს ნაწარმოებები კარგად აღწერენ მომაკვდავი კაცის ფსიქოლოგიასა და სამყაროს ხედვას. სწორედ სიკვდილის პირას მყოფობამ საბოლოოდ გარდაქმნა დონ კიხოტი თითქმის იდეალურ ადამიანად, ანუ დაუბრუნდა რეალობას და ამის მიუხედავად დარჩა მაინც სიკეთის ქმნადობის ერთგულ კაცად. მან საკუთარი ,,მე“ აღიდგინა და დონ კიხოტობიდან გარდაიქმნა ალონსო კიხანოდ, ანუ იმ რეალურ პიროვნებად, რომლადაც დაიბადა. მან ბოდიში მოიხადა თავისი სიშლეგისთვის და ზიარებამიღებული მშვიდად წავიდა იმ ქვეყნად. 

ავტორი: გიორგი წერეთელი

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button