გართობაუცნაურიფაქტებიფლორა & ფაუნა

ნემოს მამა მალე დედა გახდებოდა

დიახ, სწორად გაიგეთ. ერთი შეხედვით, ეს არის სათავგადასავლო ფილმი მარტოხელა მამაზე, რომელმაც მეწყვილის დაკარგვის შემდგომ თავი არ დაზოგა შვილის გადასარჩენად. თუმცა თუკი უკეთ გაეცნობით ამ თევზების რეპროდუქციულ როლებს, მიხვდებით, რომ სიქველი ფილმისა „ნემოს ძიებაში” შეიძლება მოიცავდეს სიტუაციის უცნაურ განვითარებას.

ნემო და მისი ოჯახის წევრები ეკუთვნიან ფრინტა თევზების სახეობას (Amphiprion ocellaris), რომელსაც მეორენაირად ჩვეულებრივ თევზ-კლოუნებს უწოდებენ. ეს ზოლიანი მოწითალო-ნარინჯისფერი თევზები ცხოვრობენ აზიისა და ავსტრალიის ტროპიკული წყლების მარჯნის რიფებში და სიმბიოზურ ურთიერთობას ავითარებენ ზღვის ფრინტებთან. თევზები ფრინტებისგან იღებენ თავშესაფარს და სანაცვლოდ იცავენ მათ საბინადროს, ზოგჯერ საკმაოდ მძვინვარედაც. ლორწო ეხმარება თევზ-კლოუნებს, ფრინტების ნესტრის მიმართ უვნებელი რომ დარჩნენ.

ამფიპრიონების გვარში შედის თევზი-კლოუნების დაახლოებით 30 სახეობა და ყველა მათგანი პროტანდრიული ჰერმაფროდიტია. ეს ნიშნავს, რომ თავიდან ყველა ინდივიდი მამრად ყალიბდება (შესაბამისი მამრობითი სასქესო ორგანოებით), შემდეგ კი, ცხოვრების მომდევნო ეტაპზე, შესაძლოა სქესი შეიცვალონ. მდედრები აგრესიული დომინაციის მეთოდს იყენებენ მამრების საკონტროლებლად და სოციალურ ჯგუფში სხვა მდედრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად. ამიტომ როდესაც დაინახავთ მათ შეწყვილებას, იცოდეთ, რომ მდედრი ყოველთვის ისაა, რომელიც უფრო დიდია.

ზრდასრული მდედრი და მამრი ერთად ცხოვრობენ ფრინტაში ყმაწვილ თევზებთან ერთად. მაგრამ თუკი მდედრი მოკვდება (ან ექსპერიმენტის პირობებში ამოიყვანენ), ჯგუფში არსებული ყველაზე მსხვილი მამრი გარდაიქმნება მდედრად. ხოლო მომწიფების ასაკს მიღწეულთაგან ყველაზე დიდი სრულყოფილ მამრად ვითარდება და დანარჩენებზე იწყებს დომინირებას, რათა გამრავლებაში ხელი შეუშალოს (ასეთებს საშუალოებად მოიხსენიებენ, მათ არ აქვთ სრულყოფილად განვითარებული სექსუალური ორგანოები და ჩამოყალიბებული სქესი). ასეთ ცხოვრებისეულ სტრატეგიას თანმიმდევრული ჰერმაფროდიტობა ეწოდება.

თევზი-კლოუნები რომ ჰერმაფროდიტები არიან, ახალი ამბავი არაა – ეს უკვე წლებია, ცნობილია. თუმცა ალბათ შოკისმომგვრელი იქნება ნემოს გულშემატკივრებისთვის. მათთვის ძნელი აღსაქმელია, როგორ მიესადაგება ეს ინფორმაცია მარლინს, კორალსა და ნემოს.

თუმცა „ნემოს ძიებაში” არ გახლავთ ერთადერთი ანიმაციური ფილმი, რომელშიც დაიგნორებულია არც ისე სახარბიელო ბიოლოგიური ფაქტები. მაგალითად, ლომების პრაიდში მხოლოდ დომინანტი მამრი წყვილდება. ის ხოცავს ნებისმიერ შთამომავლობას, რომელიც სხვა მამრისგანაა გაჩენილი, რათა მდედრი ლომები სექსუალური აქტიურობის ფაზაში დააბრუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ „მეფე ლომში” ნალა სიმბას ნახევარდაა.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button