ლიტერატურა

მამუკა წიკლაური – ლექსი

ქართულ პოეზიაში შედევრები სანთლით საძებნი არაა, მაგრამ ამ დიდ ეროვნულ საგანძურში არის არაერთი ისეთი ლექსიც, რომელიც მხოლოდ შედევრობაზე არ აცხადებს პრეტენზიას და შედევრზე ოდნავ მეტია, ”ერთი გაფრენით მეტია” ასეთ ლექსებში მხოლოდ ერთი პოეტის სუბიექტური ხმა კი არა – საერთო, ეროვნული ზარის გუგუნი ისმის და ამ ზარს თვით უფალი რეკავს. ამჯერად სამ ასეთ ლექსზე მინდა შევჩერდე. უპირველესად ”მერანზე” მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას. ეს ლექსი საქართველოს ისტორიის იმ მონაკვეთში დაიწერა, როცა მზაკვრული პოლიტიკით შემოღწეულმა რუსმა კოლონიზატორმა საბოლოოდ გააუქმა ეროვნული სახელმწიფოს სამმართველო სისტემა და ფეხქვეშ გაიგდო ყოველივე ის, რისთვისაც ქვეყანას ქვეყანა ჰქვია, ნაციონალური სახელმწიფო ეწოდება: მოშალა სამეფო ტახტი და აკრძალა ქართული ენა სკოლებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში; გააუქმა სახელმწიფო – დაშალა იგი და გუბერნიების სახით შეუერთა რუსეთს, გააუქმა თვით სიტყვა ”საქართველო”; მოშალა ავტოკეფალია და აკრძალა ქართული წირვა-ლოცვა… ამ უსაზღვრო უნამუსობაზე გაოცებით დააღო პირი საცოდავმა ქართველმა, – ეს როგორო! _ დაიგმინეს 1832 წლის შეთქმულებმა; _ ეს როგორო! _ იყვირა მარიამ დედოფალმა და ხანჯალი გაუყარა რუსის ოფიცერს; _ ეს როგორო! _ იგრგვინა კონსტანტინე დადეშქელიანმა და… აი, ამ ფონზე დაიწერა ”მერანი”. მასში სწორედ მოჯადოებული წრის გარღვევის დაუოკებელი წყურვილი და ”ბედის სამძღვრის გადალახვის სულისკვეთებაა ადევნებული გაფრენილი მერანის ფაფარს. არც ილია ორბელიანის დატყვევება და არც ოფიცრობაზე მეოცნებე პოეტი! ეს საქართველოს ადგილის დედის თავგანწირული წივილი ისმის ქარში; ეს ქართველთა უძველესი ღვთაება – თეთრი გიორგი ლაპარაკობს დიდი პოეტის პირით: – ”გასწი, მერანო!..” ”კაი ყმა” კი მაშინ დაიწერა, როცა მონობის უღელში შებმული ერის ზნეობას გაუჩნდა ეროზია. არადა, ზნეობა ქართველთა უმთავრესი იარაღი იყო ყოველთვის. სწორედ ზნეობით ამარცხებდა ქართველი ერი კალიასავით შემოსეულ მტერს. ეს ლექსი მაშინ დაიწერა, როცა ჩარჩ-ვაჭრებითა და მხოლოდ საკუთარ ჯამში ჩამაცქერალი ”ჩოთქიანი” ნაძირალებით აივსო ქვეყანა. ”კაი ყმაში” დაჟანგებული გორდას სევდა ამოიღვარა: ”ღამე მაძღრები დასწვებით, დილით მშივრები სდგებითა; თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ არც როს არ გამასდგებითა. თავისად სცოცხლობთ, მცონარედ ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა, გაიგებთ კარგის გარჯასა, გწყინსთ და შურითა ხდებითა, უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს, უქმად საფლავში სწვებითა, დაჰკარგავთ სააქაოსა, ვერც საიქიოს სწვდებითა. არ იცით, დასჩნდით რისადა, ან რისათვისა ჰკვდებითა!” აქვე მინდა გავიხსენო კიდევ ერთი ლექსი, რომელშიც ხალხური გენია გუგუნებს, რომელშიც გაუტეხლობისა და დაუმორჩილებლობის ხმა ისმის მოწოდებად: ”არ გასტყდეთ, არხოტივნებო, გატეხვით რა იქნებისა! ვისაც მოგვიკვლენ, დავმარხოთ, ახლა სხვა გაიზრდებისა!” ეს ლექსიც საქართველოს ისტორიის დიდ მდინარეს მოჰყვა და დღესაც ახალი სიცოცხლითა და საბრძოლო სულისკვეთებით იკითხება იგი. ასეთი იყო ჩვენი წარსული. დაპყრობის დაუოკებელი წადილით იყურებოდნენ ჩვენსკენ დიდრონ-დიდრონი სახელმწიფოები. ზოგიერთს დღესაც ჩვენი ”სიყვარულით” უკვნესის გული და დღესაც მათგანაა დაფლეთილი ჩვენი სამკვიდრო მიწა. დღესაც ისევ ავად შემოგვღმუის მადადაუცხრომელი მტერი და ამიტომ სწვდება ზეცას მშობლიური მიწის წიაღიდან და მშობელი ხალხის გულიდან ამოვარდნილი ხმა: – არ გასტყდეთ!.. არ გასტყდეთ, რადგან მტრის შეკავება მხოლოდ ხალხის თავგზიანობას, მხოლოდ ხალხურ გაუტეხლობას და ხალხურ თავგანწირვას ხელეწიფება! ერთი ხელით და გულითაა შექმნილი ”მერანი”, ”კაი ყმა” და ”არ გასტყდეთ!” ეს ლექსები ჩვენი მიწის ღრმა ფენებიდან ამოისროლა ადგილის დედამ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button