გართობაფილოსოფიაფსიქოლოგია

მორალური დილემები #2

რა არის კარგი და რა ცუდი, ამაზე ხშირად კამათობენ ადამიანები, თუმცა ზოგჯერ პასუხი ბუნდოვანია. არსებობს შემთხვევები, რომლებსაც მორალურ დილემებს (ასევე ეთიკურ პარადოქსებს) უწოდებენ.

ფეხით მოსიარულე
ხართ სატვირთოს მძღოლი, რომელსაც გადააქვს მოჭრილი ხეები ცალმხრივ გზაზე. უკან მოგდევთ კრიმინალი, რომელიც პერიოდულად იარაღიდან გესვრით, მაგრამ ჯერჯერობით დისტანციის დაცვას ახერხებთ. ამ დროს ხედავთ, რომ მოშორებით გზაზე მოხუცი ადამიანი გადადის. თუ თქვენ დაიწყებთ მოძრაობის შენელებას და დამუხრუჭებას, მოხუცი უვნებლად გადავა. სამაგიეროდ, კრიმინალი დაგეწევათ და სავარაუდოდ სიცოცხლეს გამოემშვიდობებით. შემოვლას ვერ მოახერხებთ, რადგან მანქანა დატვირთულია და მკვეთრი მოძრაობის გამო შეიძლება გადაყირავდეს. რას ამჯობინებთ, გადაუვლით ფეხით მოსიარულეს, რათა თავი გადაირჩინოთ, თუ საკუთარ თავს გაწირავთ?

საკონცენტრაციო ბანაკი
თქვენ ხართ საკონცენტრაციო ბანაკის “მობინადრე”. ერთხელ თქვენმა შვილმა სცადა გაქცევა, მაგრამ მცველმა დაიჭირა და ჩამოხრჩობას უპირებს. მანამდე კი მოდის თქვენთან და გეუბნებათ, რომ ფეხებიდან სკამის გამოცლა თქვენზეა. თუ ამას არ იზამთ, თქვენს შვილთან ერთად სხვა უდანაშაულო ადამიანსაც ჩამოახრჩობს. მცველი ყველა ვარიანტში შეასრულებს თავის ნათქვამს. როგორ მოიქცევით?

ავარია
თქვენ ხართ ‘სასწრაფო’-ს ექიმი და გაგაგზავნეს შემთხვევის ადგილზე. მისვლისას ნახეთ, რომ ავარიაში მოყოლილი მანქანა თქვენს მეუღლეს ეკუთვნის, მაგრამ მანქანაში მარტო არაა – იქ საყვარელიც უზის. თქვენი მეუღლე მხოლოდ იმას ახერხებს, შემოგხედოთ და გითხრათ: “მაპატიე!” თუკი მას არ უშველით, დიდი შანსია რომ დაიღუპოს, რადგან გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. მისი საყვარელი კი კისრის არეშია შუშის ნამსხვრევებით დაჭრილი და მასაც ასევე სჭირდება დახმარება. თუკი თქვენს მეუღლეზე დაიწყებთ ზრუნვას, მისი საყვარელი მოკვდება და პირიქით. როგორ მოიქცევით?

სპამი
თქვენ ხართ ქსელის ადმინისტრატორი ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში. ოჯახში მხოლოდ თქვენ მუშაობთ. სამსახურში თქვენი ერთ-ერთი ფუნქციაა ელ.ფოსტაზე თვალყურის დევნება. კონკრეტულად კი, ზოგჯერ ამოწმებთ თანამშრომლების იმეილებს, რათა დარწმუნდეთ, რომ სპამი არ მოდის მათ სახელზე. ერთხელაც დაგჭირდათ შემოწმება და ნახულობთ ერთ-ერთი თანამშრომლის წერილს, რომელიც თქვენი ახლო მეგობრის მეუღლეა. წაკითხვის შემდეგ ხვდებით, რომ ეს წერილი საყვარლისგან მიუვიდა. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს მეგობარს ეს ამბავი, მაგრამ სანაცვლოდ სამსახურს დაკარგავთ, რადგან კოლეგის მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაცია კომპანიის გარეთ გაიტანეთ. როგორ მოიქცევით?

მეზობელი
თქვენ გყავთ შვილი, 8 წლის გოგონა, რომელიც ერთხელ გააუპატიურეს. ის ამის შემდეგ აღარ ლაპარაკობს, მაგრამ მიგახვედრათ, რომ ამაში დამნაშავე თქვენი მეზობელია. თქვენ არ გაქვთ საკმარისი საბუთი, რათა სასამართლოს გზით დაუმტკიცოთ, რომ ეს მან ჩაიდინა. ერთხელ ოჯახთან ერთად კაფეში ჯდომისას ამჩნევთ ამ მეზობელს, რომელიც მარტო ზის და ილოღნება. მეორე დღეს მას პოლიცია აკავებს და ბრალად ცოლის მკვლელობას უყენებს. პოლიციის განცხადებით, შემთხვევა ქურდობის მცდელობას ჰგავდა, მაგრამ ქმრის გარდა სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავთ და ამასთან, ფაქტების უმეტესობა მის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. თუმცა მკვლელობის მომენტში ის კაფეში იჯდა და თქვენ ამის მოწმე ხართ. თუკი არ დაიცავთ, დიდი ხნით ჩაჯდება ციხეში იმ დანაშაულისთვის, რომელშიც დიდი ალბათობით მისი ხელი არ ურევია. თუკი მოწმედ გახვალთ, თავისუფლად ივლის და თქვენი შვილის გაუპატიურება შერჩება. როგორ მოიქცევით?

ორსული ქალი
ორსული ქალი, რომელიც მოგზაურთა ჯგუფს ახლავს, სანაპიროსთან მდებარე გამოქვაბულის გამოსასვლელში გაიჭედა. მალე გამოქვაბული წყლით აივსება და ჯგუფის ყველა წევრი რომ არ დაიხრჩოს, საჭიროა, ორსული ქალი სასწრაფოდ გამოვიდეს იქიდან, თუმცა ამას ვერავინ ახერხებს. ამ დროს ვიღაცას აღმოაჩნდა დინამიტების შეკვრა. თუკი გამოსავლელთან რაღაც მანძილზე აფეთქდება დინამიტები, ორსული ქალი მაშინვე დაიღუპება, სხვები კი არ დაშავდებიან და გამოვლენ, თუ არადა ყველა დაიხოცება. შველის სხვა ვარიანტიც არ ჩანს. როგორ მოიქცევით?

ზღვა
ვიკენდზე მიდიხართ თქვენ და თქვენი 7 წლის გოგონა. მისი თხოვნით, თან მიგყავთ ძმისშვილი (დისშვილი), რომელიც ასევე 7-ისაა. სააგარაკო სახლი, სადაც მიდიხართ, პლაჟთან ახლოსაა. მანქანას რომ აჩერებთ, გოგონები გთხოვენ ნებართვას, პლაჟზე ითამაშონ და ზღვაში შესცურონ. თქვენ პლაჟზე თამაშის ნებას აძლევთ, ცურვისას – არა. მანქანიდან ბარგის ამოლაგებას რომ იწყებთ, გესმით კივილი. გარბიხართ და ხედავთ, რომ გოგონებს არ დაუჯერებიათ თქვენთვის, ღრმად შესულან წყალში და იხრჩობიან. პლაჟზე მეტი არავინაა, რომ დაგეხმაროთ. წყალში რომ შედიხართ, იაზრებთ, რომ ორივეს ერთად ვერ დაეხმარებით და ერთი უნდა აარჩიოთ, მაგრამ ერთს რომ გადაარჩენთ და მიბრუნდებით, მეორე უკვე დამხრჩვალი იქნება. თქვენი გოგონა უფრო ძლიერია, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, რომ დიდხანს გაძლებს. თქვენს ძმისშვილს (დისშვილს) კი უკვე სუნთქვა უჭირს. როგორ მოიქცევით?

დარტყმა და გაქცევა
მიდიხართ სამსახურში მანქანით და გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა დრო გაქვთ, სწრაფად მოძრაობთ. ცოტა ხნით CD-ის ან რადიოს ჩასართავად მზერა გადაიტანეთ ქვემოთ და ამ დროს რაღაც მკვრივს ეჯახებით. თქვენ მკვეთრად ამუხრუჭებთ, რის გამოც იქმნება საავარიო სიტუაცია და რამდენიმე მანქანა ზიანდება. გადმოდიხართ მანქანიდან და ხედავთ, რომ ადამიანს დაეჯახეთ, თანაც მისი გადარჩენის შანსი არ არსებობს. ამ დროს უცნობი ქალი მოემართება თქვენსკენ ატირებული. ბუნებრივია, ეკითხებით, რა მოხდა, და ის გპასუხობთ, რომ შემთხვევით ადამიანი გაიტანა, თითს კი იმისკენ იშვერს, ვისაც თქვენ დაეჯახეთ. შეგიძლიათ არაფერი მოიმოქმედოთ და დანაშაული ამ ქალბატონს დაბრალდება, ან გამოიჩინოთ პატიოსნება და უარი თქვათ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე რამდენიმე წლით. როგორ მოიქცევით?

სოფის არჩევანი
ეს დილემა დაფუძნებულია უილიამ სტაირონის ამავე სახელწოდების ნოველაზე. ის მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამბავს. სოფი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე იყო. ერთ დღეს გუშაგი მივიდა მასთან და უთხრა:
– აირჩიე შენი ორი შვილიდან ერთ-ერთი და მას გაზის პალატაში წავიყვან. თუ არჩევანს არ გააკეთებ, ორივეს ერთად წავიყვან.
სოფიმ მას უმცროსი შვილი (გოგონა) გაატანა, უფროსი კი (ვაჟი) დაიტოვა. მოგვიანებით, არჩევანის გაკეთების გამო ისე ქენჯნიდა სინდისი, რომ თავი მოიკლა.

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button