პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ფოთლების შრიალი

ნელ შრიალით შლის ნიავი ჩაშავებულ შქერებს,
აშრიალებს ალვის წვერებს შიშით შენაჩერებს:
შორი შუქი შორ ჩასვლაში უცდის ალთა ფერებს,
მშვენიერი ჰორიზონტი ტალღებს აჩანჩქერებს.
ნელ შრიალით შლის ნიავი შამბს შებინდულ ტბაში
და ჩურჩული გამოისმის ყვავილთ მიმოხვრაში.
მშვენიერი სილამაზით იშმუშნება ცაში,
შორეული შეღამების ღელვა და თამაში.
ნელ შრიალით შლის ნიავი შიშველ ნისლთა კრებას,
ჩქეფს ნაკადი და ხევებში შორს, შორს ეშურება,
შიშველ ხევში შერჩენილი ნისლი ცრემლად შრება,
და შრიალით, ნელ შრიალით შამბი ეგებება.
ნელ შრიალით შლის ნიავი ყლორტებს ბალახებში,
დროგაშვებით ჩუმი ოხვრა ისმის სადღაც მთებში,
ხშირი სუნთქვა და სურვილი კრთება ბინდის ხმებში
და ჩაჰკვდება სამუდამოდ შამბთა შორის, ფშნებში.
ნელ შრიალით შლის ნიავი ჩაშლილ ცაცხვის სუროს,
რომ ფოთლებში რაღაც ჩუმი შვება შეაპკუროს.
შვება ავსებს შაშვს ჯაგისას და შველს უსადგუროს,
ფრთა-შეკვეცილ სიოსაც სურს მთას ცრემლი აპკუროს,
ნელ შრიალით შლის ნიავი ნეშოს ჩაშლილ ხისას
და ფოთლები ცვივა, ცვივა შტოებს ტირიფისას,
ფოთოლთ ცვლაში სიო ძირს ფენს თვალ-მარგალიტს ცისას
და ტირიფიც ცრემლებს აფრქვევს, ცრემლებს ალმასისას.
ნელ შრიალით შლის ნიავი ყვითელ ჩალის ღერებს,
ჩუმად, ჩუმად! დაე, ნისლში <ნურვინ> ნუ იმღერებს,
ნუ დაარღვევს მყუდროებას, გულს ნუ ამიძგერებს,
ნელ შრიალით სიო შამბნარს შლის და აჩანჩქერებს.
მაგრამ მჯერა ეს შრიალი ღელვად გადიქცევა,
გრგვინვა-დრტვინვით გადაივლის საამქვეყნო რღვევა,
გარინდებულ მთებს და სერებს მძიმედ დაჰკრავს ქარი
და გადმოხეთქს მაღალ მთიდან ღელვა-ნიაღვარი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button