Hi-Techახალი ამბებიდანაშაული

მეორადი Tesla Model 3-ის მფლობელებს შეუძლიათ ყოფილი მფლობელის შესახებ პირადი მონაცემების გაგება

CNBC-ის ახალი ანგარიშის თანახმად, უსაფრთხოების სფეროს მკვლევარმა ორმა “white hat” ჰაკერმა დამტვრეულ Tesla Model 3-ში აღმოაჩინა უამრავი დაუშიფრავი მონაცემი ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე კამერების მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია. ეს პრობლემა არ არის დამახასიათებელი მხოლოდ Tesla-ისთვის, თუმცა ზემოთხსენებული შემთხვევა ცხადად მიუთითებს, რომ მეორადი ელექტრომობილები შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს ყოფილი მფლობელებისთვის, მიუხედავად იმისა – მანქანა სხვა პირს მიჰყიდეს თუ ავარიაში დაიმტვრა. 

მკვლევარი ჰაკერები აცხადებენ, რომ მათ Model 3  2018 წლის ბოლოს შეიძინეს. როდესაც მათ წვდომა მიიღეს ავტომობილის კომპიუტერზე, აღმოაჩინეს „სულ მცირე 17 სხვადასხვა მოწყობილობისგან მიღებული“ დაუშიფრავი მონაცემები (ელექტრომობილი ეკუთვნოდა სამშენებლო კომპანიას და სავარაუდოდ, მას კომპანიის არაერთი თანამშრომელი იყენებდა). ჰაკერების მიერ აღმოჩენილ მონაცემებში შედიოდა ყოფილი მძღოლების ან მგზავრების 11 სატელეფონო წიგნაკი ტელეფონის ნომრებით, ელექტრონული ფოსტის მისამართებით და კალენდრული ჩანაწერებით. მკვლევარებმა აგრეთვე შეიტყვეს ელექტრომობილის მდებარეობის ბოლო 73 ადგილი, რომლებიც დაკავშირებული იყო ელექტრომობილის სანავიგაციო სისტემასთან. 

გარდა ამისა, ავტომობილის კამერაში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი შვიდიდან ერთ-ერთი კამერის მიერ გადაღებული კადრები. მასში შესული იყო წინა ავარიის ამსახველი ფრაგმენტები. 

ერთ-ერთმა მკვლევარმა CNBC-ის აცნობა, რომ მსგავსი მონაცემები მან იპოვა Tesla-ს სხვა ელექტრომობილებშიც, მათ შორის Tesla Model S-ში, Model X-სა და კიდევ ორ Model 3-ში. „იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ რთულია Tesla ტექნიკურად, მეტად გაოცებული ვარ, როგორ შეუძლიათ ასე უდიერად მოეპყრონ მფლობელის მონაცემებს“ – აცხადებს Ashkan Soltani, FTC-ის ყოფილი მთავარი ტექნოლოგი და კომპიუტერული უსაფრთხოების მკვლევარი. 

Tesla-ს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ იგი თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წაშალონ პირადი მონაცემები. „კომპანია მუდმივად ისწრაფვის იპოვოს და გააუმჯობესოს სწორი ბალანსი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მოთხოვნილებებსა და კლიენტების კონფიდენციალურობას შორის“. 

ახალ სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ შეინახონ არა მარტო მფლობელის პირადი, არამედ ავტომობილის შესახებ არსებული მონაცემებიც. Tesla-ს ელექტრომობილები დიდი რაოდენობით ინფორმაციას აგროვებენ და ინახავენ, რადგანაც აღჭურვილნი არიან დიდი რაოდენობით სენსორებით. თუმცა პრობლემა მხოლოდ Tesla-ს არ ეხება: გასული წლის მაისში Volkswagen-ის ყოფილმა მფლობელმა The Verge-ის ჟურნალისტებს აცნობა, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია წვდომა ჰქონდეს თავისი ყოფილი Jetta-ს ადგილმდებარეობაზე, რომელიც მან რამოდენიმე თვის წინ გაყიდა. 

როგორც CNBC აღნიშნავს, პირადი მონაცემების შენახვა – ეს პრობლემაა, რომელიც უფრო მეტად ავტომობილის ქირაობასთანაა დაკავშირებული. თუმცა ახალ ავტომობილებში, რომლებიც უამრავი სხვადასხვა სენსორით არიან წარმოდგენილი, უფრო მეტი ინფორმაცია ინახება მფლობელზე, ვიდრე რამოდენიმე დღით გაქირავებულ ავტომობილებში. 

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, ზემოთხსენებული Jetta-ს მფლობელმა არ იცოდა, რომ გაყიდვამდე უნდა წაეშალა მონაცემები. ამგვარად, ახალი ავტომობილების მფლობელებს მოუწევთ სატრანსპორტო საშუალებებს ისევე მოეპყრონ, როგორც სმარტფონებს და აუცილებლად წაშალონ ყველა პირადი მონაცემი, სანამ მას ვინმეს მიჰყიდიან. 

„ვფიქრობ, მანქანათმშენებლებმა რაიმე ზომები უნდა მიიღონ, რათა უზრუნველყონ გარანტია, რომ ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი არასანქცირებული წვდომისას (მაგალითად, მეორე მფლობელის ან ავტოსალონებისთვის)“ – წერს Soltani. – „ადგილმდებარეობა და პირადი კონტაქტები განსაკუთრებით მგრძნობიარე და ინდივიდუალურია და მე ვფიქრობ, რომ მათი დატოვება განსაკუთრებით პრობლემატურია. თანაც გაითვალისწინეთ ისიც, რომ სმარტფონებისგან განსხვავებით ავტომობილები მოხმარებაში ათწლეულების მანძილზე რჩება“. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close