ეპისტოლარულიწერილები

ვაჟა-ფშაველა საახალწლო ფიქრები

ვიცი, დარწმუნებული ვარ, 1914 წელი თუ ბევრს სხვა ვაებას (ესეც კი საეჭვოა) ამაცილებს თავიდან იმდენად სამართლიანი, ნამუსიანი გამოდგება, — ერთს ვერ შეიძლებს, იცით რას? რა ეწოდება იმ ერთს? ვითომ არ იცნობთ? როგორ არ იცნობთ, ცხვირწინ გიძეთ, ნამეტნავად თუ ცოლ-შვილი გყავთ, — ორი სამი გასათხოვარი ქალი, უეჭველად გეცნობებათ, იქნება ხორცსაც გაგლეჯინებთ თავის კბილით, მაგრამ ვერაფერი გითქვამს საწინააღმდეგო; დაგდგომიათ თავზე ჯალათად და შენც ძალაუნებურად მიგიშვერია თავი და ეუბნები: „ჰა, ხმალი შენი, კისერი ჩემი!“ რას იზამ: ისეთი ძლევამოსილებითაა შეიარაღებული, ხმას ვერ იღებ მის წინააღმდეგ. ნუთუ ხმის ამოღება წინააღმდეგ დაღამებისა — ნუ დაჰღამდებიო — ჰნიშნავს რასმე? რას უნდა ჰნიშნავდეს როცა, რაც უნდა იყვირო, იჯავრო, თუნდა მთელი ხმელეთის მეფეებიც მიიშველიო თავიანთ ჯარ-ზარბაზნებით, მაინც ვერაფერს გაჰხდები, მაინც დაღამდება. მაინც. რა არს სახელი მისი? თქვენ ვინ იცის რა გგონიათ?! — სახელი მისი არის მოდა. დიაღ, მოდა, და საკვირველი ის არი — დაღამება-გათენების კანონი მსოფლიო ბუნებისაგან ცის პლანეტთა და ჩვენის პლანეტის ერთმანეთთან შეთანხმება-შეკავშირებაზეა დაფუძნებული, მთელი ჩვენი პლანეტის სიცოცხლესთან არის შესისხლხორცებული. ხოლო ეს რაღაც მოდაა, იმას არც ცაში აქვს ალაგი, ე. ი. არც ცისა და მის პლანეტთა სიცოცხლისათვის არის საჭირო, არც დედამიწისათვის არ არის, ეს რაღაც მოდაა, აუცილებელი შედეგი ცისა და დედამიწის ურთიერთობისა, მაგრამ… მაგარი ის არი, მეტიჩარა მოვლენა გაჩნდა ადამიანის დაავადებულ, გახრწნილ ოცნებაში, როგორც მღილი, მატლი, გაუჩინა ოცნებას ქავილი, მოწამლა ჰაერი და გააფართოვა თვისი მფლობელობა, მოძღვრება ქვეყანათა ზედა. მოდა განზე ეწევა თავის სამფლობელოს სამზღვრებს და ჰლამობს თვისი ბატონობა დედამიწიდან ცაში გადაიტანოს. რა უნდა მოხდეს მაშინ? თქვენს მტერს და ავის მენდომეს, რაც მოხდება, ხოლო ჩვენ გვაშოროს! მე ვგრძნობ, რაც უნდა მოხდეს. აი რა: აღმოსავლეთს დასავლეთად მოაქცევს, დასავლეთს — აღმოსავლეთად; მზეს ურჩევს, მზე რომ არ მოეკიდოს — ერთ ორ საათს ამოვიდეს მხოლოდ, ცოტა ხანს უნათოს დედამიწას, შემდეგ მხართეძოზე წამოწვეს და დაიძინოს. როგორ გგონიათ, ვითომ არა?.. რატომ, მაშ რის მოდაა, თუ ამისთანა რამეები არ ურჩია თავის ხელქვეითებს?! ეს კიდევ არაფერი. შეიძლება მზეს მოდამ ისიც ურჩიოს აიღოს მზეობაზე ხელი და გარდიქნეს კოხტა, კოპწია ქალად, ტუჩმოპრუწულ, კაბააპრუწულ „ბარიშნად“, სახე ფერუმარილით გაიგლისოს და სულ რუსულად იტიკტიკოს, ქართულად სიტყვა არ წამოსცდეს და ამის გამო არ იქმნეს მოდის მიერ წყეულშეჩვენებული… მთვარეს შეიძლება ურჩიოს, რადგან ქალაქები სულ ელექტრონით არის განათებული ღამღამობით და მისი სინათლე არ არის საჭირო, დასტოვოს ხელობა თავისი ღამის გუშაგისა, ღამით მანათობელისა, წავიდეს და მარეხის ჯოგებს მოუაროს, იმათ აძოვოს. ისინი მწყსოს. ვარსკვლავებს შეიძლება უბრძანოს მოჰშორდნენ ცასა, კლუბში წავიდნენ ბანქოს სათამაშოდ და სხვადასხვა. ღმერთმა დაიფაროს, მოდა იქამდის გაძლიერდეს, ცაშიც იბატონოს. ქვეყანაზე ბატონობა არ ეყოფა მამაცხონებულს, ახლა ცაზე არ გაგვიბატონდეს!.. დაილოცა უფლის ძალი და სამართალი, გზა შეუკრა ცაში ასასვლელად, თორემ თქვენს მტერს, რაც ჩვენ დღე დაგვადგებოდა, იქნება რაც ბატონები გვადგია თავზე, იმათი ოინები დაგვიწყომოდა, მოდას ციდან ისეთი დღე დაეყენა ჩვენთვის. ეს არ გვეყოფა ვაებად, რაც იმისაგან ვაებაში ვართ ჩაცვივნული იმ ძალისა გამო, რაც მას დღეს ხელთ უპყრია, ახლა სხვა ძალაც არ მიუმატოს და მითი გაათასკეცდეს ჩვენი ტანჯვა-წვალება?! მე კი ჩემი დამემართა და თქვენი არ ვიცი. უნდა მოდაზე ასდგე და დასჯდეო, მოდაზე უნდა გაიცინო, მოდაზე დაახველო, მოდაზე ჰსვამდე, სჭამდე… მოდაზე უნდა გამოიყურებოდე, მოდაზე უნდა მიხვიდე ნაცნობ-მეგობართან, მოდაზე წამოხვიდე; როცა ღალატი სწადიან ცოლს ქმარისა, ხოლო ქმარს — ცოლისა, არაფერია, თუ ეს მოხდება ისე, როგორც მოდა მოითხოვს. როცა გინდა მოატყუილო ამხანაგი, მეგობარი, გეპატიება, უკეთუ მოიქცევი თანახმად მოდისა. ჩაცმა-დახურვა მოდაზე წყალსა და ღვარსაც წაუღია. ეს რაღა უბედურებაა, აზროვნება, შემოქმედობა მოდას ემორჩილებოდეს? მოდა როცა შავს თეთრად აღიარებს, შენც შენი აზროვნება ისე უნდა მოაწყო, შავს შავი არ უწოდო, არამედ თეთრად გაასაღო საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, მოდა ამასთანავე იმასაც გავალებს, თეთრი ბაზარზე შავად გამოჰფინეო. პოეტებიც კი, ჰყურობთ, პოეტები უნდა მოდაზე მღეროდნენ და პოეტობდნენ. ჰხედავთ საქმე სადამდის მიდის: კაცი რაზედაც აშენებულა, უნდა იმაზე ერთს წამში დაიფუშოსო… ეს მატლი იქამდის გათამამდა, ადამიანის ტვინისა და გრძნობის მმართველად ჰსურს დადგეს; თავის გემოვნებაზე უნდა მოაწყოს, მთელი საზოგადოების აზროვნება გულდაღმა გადააბრუნოს, რათა იფარფაშოს თავის ნებაზე, ადამიანები თოჯებად გადაგვაქციოს და თავად ადამიანად იქცეს. ამას დამტკიცება არ უნდა, ამას, როგორც მე, ისე თქვენთაგანი ყველა ჰგრძნობს, მაგრამ რადგანაც იგი უძლეველი ბატონია ჩვენი, მის შემუსვრაზე ფიქრსაც კი ვერა ვბედავთ: ვგრძნობთ, გვეშინიან, დარწმუნებულნი ვართ, შრომა ტყუილად ჩაგვივლის და მიტომ ყველანი ქედს ვიხრით მის წინაშე და ამიტომ ვეძლევი ფიქრებს და თანა ვნატრობ: ნეტა ამ 1914 წელს არ მოიტანს მოდა, — ქართველი იქცეს ქართველად; იგრძნოს და იცნოს თავისი თავი, არ ეშინოდეს თავის ვინაობისა; იცნოს თავისი მტრები, რომელნიც „მრავალ არიან, უფალო, და უნდათ წარიტაცონ შენნი ცხოვარნი“. ნეტა ვერ შეიგნებს ქართველობა იმ ანბანურ ჭეშმარიტებას, რომ მტერს ქართველებისთვის კარგი არ უნდა, შეაგნებინოს აგრედვე ის ჭეშმარიტება, გარეული ათასწილად ადვილი დასამარცხებელია შინაურს მტერზე, ყველაზე საშიში შინაური მტერია, რადგან ძველადგანვე თქმულა: „ციხე შიგნიდანა ტყდებაო“.
მოდავ, თუ გწამ, ღმერთი, შეაყვარე ქართველებს საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს, კარგად უწყი, არაფერი დაუშავებია იმათთან და ესენი კი… აბა რაღა გითხრა… მოდავ, შენი შვილების ლხენასა, შეაყვარე ჩვენს ქალებს ქართული ენა და ქართული ლაპარაკი.
მოდავ, აგრემც ღმერთი სულ მუდამ კეთილ საქმეს გაკეთებინებს და ბოროტს აგაშორებს, აფიქრებინე ჩვენს მემამულეებს, თავიანთ მამულ-დედულს ვიგინდა ვიზე არა ჰყიდდენ, არა სცრცვიდნენ თავის მშობელ დედას, არა ჰხდიდნენ ტანიდან სამოსელს და ტიტლიკანას არ უშვებდნენ თავის შესარცხვენად, დედის სასიკვდინოდ, ხოლო თავის სულის წასაწყმედად. მე რო ამას ვთხოვდი, მოდა თავს იქნევდა და ხელებს აქეთ-იქით ასავსავებდა, „არა, არაო!“ მეუბნებოდა. ნახეთ სიმუხთლე ბედისა! მოდაც კი, მოდაც არა კისრულობს, რომ ცოტა ხანს მაინც ლამაზი გრძნობებით, ლამაზი და ნაყოფიერი აზრებით დაამშვენოს ჩვენი თანამოძმენი… რომ… ცოტა ხანს დაყუჩებულიყო მოკეთის გულის ტკივილი, ცოტა ხანს მაინც მტერს თვალი დასდგომიყო… ღმერთმა ქმნას, რომ მოდამ ამ საქმეში სამუდამოდ შემოგვაქციოს ზურგი და მაღალი საგნები არა დროს არ გახდეს მოდის სათამაშო ბურთად… რაკი ეგრეა, ღმერთმა ისე დაგკარგოს, რომ, მოდავ, შენი ხსენება ჩვენს მიდამოს არ იყოს, მით უმეტეს ჩვენ სამკვდრო-სასიცოცხლო საგანთა შორის. წადი, წადი მოგვშორდი, ხოლო მე თვალს მივაპყრობ ისევ დროთა სვლას, წელთა სვლას; შენზე დამყარებას იმედისას, სჯობს ათასჯერ დავემყარო წელთა სვლას!
ვაჟა-ფშაველა 1914 წელი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button