ახალი ამბებიკოსმოსი

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მარსზე წყალი არსებობდა – მარსის მდინარეები უფრო ფართო და მძლავრი იყო, ვიდრე დედამიწაზე არსებულნი

მარსის ზედაპირზე გადაღებული უამრავი ფოტოს შესწავლის შემდეგ მეცნიერები მყარად არიან დარწმუნებულნი, რომ პლანეტის ისტორიაში უდიდესი როლი წყალმა შეასრულა. რეალურად, წითელი პლანეტის ზედაპირი დაქსელილია ოდესღაც არსებული წყლის არხებით, თანაც ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ მარსული მდინარეები გაცილებით დიდი და წყალუხვი იყო დედამიწის მდინარეებთან შედარებით. პარალელურად, მეცნიერებს ვერაფრით ამოუხსნიათ ეს როგორ მოხდა – ის წარმოდგენა, რაც ძველ მარსთან დაკავშირებით არსებობს, ეწინააღმდეგება პლანეტის ზედაპირზე წყლის მასების სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობას.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ უხსოვარ დროში მარსზე მეტად სუსტი ატმოსფერო იყო, ამიტომ პლანეტას არ შეეძლო უზრუნველეყო ხანგრძლივი სათბურის ეფექტი, რათა წყლის მძლავრი ნაკადები ჩამოყალიბებულიყო. ასევე, ძველ დროში მზე გაცილებით სუსტად ასხივებდა – მისი სიმკვეთრე დღევანდელი მაჩვენებლის მხოლოდ 25-50%-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მეცნიერთა ნაწილი მიდის ვარაუდამდე, რომ მარსი უძველეს დროშივე იყო მშრალი, ცივი, ცარიელი ადგილი – ალაგ-ალაგ გამყინვარებული წყლის მასებით.

იმის ვარაუდი, რომ წითელ პლანეტაზე ოდესღაც ფართო და მძლავრი მდინარეები მიედინებოდა, გაჟღერდა 200 ამომშრალი მდინარის კალაპოტის შესწავლის შემდეგ. ამაზე მეტყველებს უამრავი ფაქტი, მათ შორის კალაპოტების სიგანე, მკვეთრი მოსახვევები და ხრეშის ზომა, რომელიც ოდესღაც სწრაფმავალი მდინარეების ფსკერზე იმყოფებოდა.

რა თქმა უნდა, ახალი აღმოჩენა კიდევ ერთ ახალ ფაქტს ხდის ცნობილს უძველეს მარსზე, თუმცა ბადებს უამრავ ახალ კითხვას. მათგან მთავარია – რა ტიპის კლიმატი იყო გაბატონებული მარსზე მილიარდობით წლის წინ, რომ წყალს შეეძლო ასე სწრაფად და დიდი ძალით მოძრაობა? მეცნიერებს ჯერჯერობით არ გააჩნიათ პასუხები, რადგანაც მათი ამ დრომდე არსებული წარმოდგენა არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის ახალ აღმოჩენასთან.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button