ზღაპარისაბავშვოსხვადასხვა

ნახევარწიწილა

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ნახევარწიწილა. ერთხელ ნაცრის ქექვა დაიწყო.

ქექა და ქექა ნაცარი,

იპოვა ფეტვის მარცვალი.

წაიღო ფეტვის მარცვალი მინდორში, მოხნა მიწა და დათესა. ყანა მოვიდა ისეთი, რომ უფლის თვალი შიგ ტრიალებდა და ნახევარწიწილაც მოუთმენლად მოელოდა დამწიფებას. დამწიფდა ყანა, მაგრამ შემოვიდა ბატონის ჯოგი და ერთ ღამეში პირწმინდად გადაძოვა.

ნახა დილას ნახევარწიწილამ თავისი განადგურებული ყანა და ჯავრისაგან გულზე ცეცხლი მოეკიდა, პირიდან სულ ცოფები ყარა. ადგა და წავიდა ბატონის საძებნელად, რომ ან ზარალი აენაზღაურებინა, ან სამაგიერო მიეზღო. იარა, იარა და გზაზე ერთი მელია შემოხვდა. ერთმანეთს „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ უთხრეს და მელამ ჰკითხა:

საით გაგიწევია, ან რამ გაგაჯავრაო?

რაღა რამ გამაჯავრა, – უთხრა ნახევარწიწილამ, –

ვქექე და ვქექე ნაცარი,

ვიპოვე ფეტვის მარცვალი,

მოვხან მიწა და დავთესე,

მოვიდა ყანა სამკალი.

ჩვენი ბატონის ნახირი,

უთვალავი და მრავალი,

შესულა, გაუძოვია,

აღარ შემომრჩა მარცვალი.

აი, ამაზე ვარ გაჯავრებული და ბატონთანაც იმიტომ მივდივარ, რომ ზარალი ავანაზღაურებინო ან სამაგიერო გადავუხადოო.

მელამ უთხრა:

ტყუილად ჯავრობ, ახლა მე ჩაგყლაპავ და აღარც ფეტვი დაგჭირდება და აღარც ხორბალიო.

გაჯავრდა ნახევარწიწილა, დააღო პირი და მელია გადაყლაპა.

გაუდგა ისევ გზას. გზაზე ახლა მგელი შემოხვდა. ჰკითხა მგელმა: რამ გაგაჯავრა, ან საით მიდიხარო?

ნახევარწიწილამ იმასაც ასევე უპასუხა:

ვქექე და ვქექე ნაცარი,

ვიპოვე ფეტვის მარცვალი,

მოვხან მიწა და დავთესე,

მოვიდა ყანა სამკალი.

ჩვენი ბატონის ნახირი,

უთვალავი და მრავალი,

შესულა, გაუძოვია,

აღარ შემომრჩა მარცვალი.

ახლა ნუღარ იჯავრებ, – უთხრა მგელმა, – სულერთია, ჩაგყლაპავ და ფეტვი რაღად გინდაო.

რაო, ჩამყლაპავო?! – გადაირია ნახევარწიწილა, – ახლა მიყურე, ვინ ვის ჩაყლაპავსო, – დააღო პირი და მგელსაც ყლაპი გაადინა. გაუდგა ისევ გზას. ცოტა რომ გაიარა, გზაში დათვი გადაუდგა და ჯიმჯიმით ჰკითხა:

რაზე ჯავრობო?

ნახევარწიწილამ მიუგო:

რაღა რაზე ვჯავრობ, ბატონის ნახირმა დამღუპა და დამაქციაო.

ვქექე და ვქექე ნაცარი,

ვიპოვე ფეტვის მარცვალი,

მოვხან მიწა და დავთესე,

მოვიდა ყანა სამკალი.

ჩვენი ბატონის ნახირი,

უთვალავი და მრავალი,

შესულა, გაუძოვია,

აღარ შემომრჩა მარცვალი.

აი, ამაზე ვჯავრობ და ბატონთანაც იმიტომ მივდივარ, რომ ზარალი ავანაზღაურებინოო.

აღარ გინდა ბატონთან წასვლა, – უთხრა დათვმა, – ახლა მე გადაგყლაპავ და ფეტვიც ოხრად დაგრჩება და შენი თავიცო.

ჩემი ზარალი არ მეყოფა, რომ ახლა კიდევ ჩაყლაპვას მიპირებო! – განრისხდა ნახევარწიწილა, დააღო პირი და დათვსაც მგელთან და მელასთან გადაუძახა.

დაადგა ისევ გზას. გზაზე ზღვა დახვდა. ნახევარწიწილამ უთხრა:

დაშრი და გამატარეო.

ზღვას სიცილად არ ეყო:

ახლა სწორედ შენი გულისათვის დავშრებიო.

არ დაშრები და მე დაგაშრობო, – უთხრა ნახევარწიწილამ, გააღო პირი და მთელი ზღვა ერთ ყლუპად ამოშრიტა. გაიარა ნაზღვავარი და მივიდა ბატონის სახლში, შევიდა ეზოში და მოსამსახურეებს უთხრა:

უთხარით თქვენს ბატონს, რომ ზარალი ამინაზღაუროს, თორემ შავ დღეს დავაყრიო.

მოსამსახურეები ავიდნენ და ნახევარწიწილას შენათვალი ბატონს მოახსენეს. ბატონი ტახტზე არხეინად გაიშოტა და უბრძანა:

ახლავე წაიყვანეთ და საქათმეში დაამწყვდიეთო!

შეიპყრეს ბატონის შინაყმებმა ნახევარწიწილა და საქათმეში დაამწყვდიეს. ნახევარწიწილამ ამოუშვა მელია მუცლიდან, მელიამ მთელი ქათმები შესანსლა და ტყეშჲ გაიქცა. მოახსენეს ბატონს ეს ამბავი. ბატონმა ბრძანა:

წაიყვანეთ და ფარეხში დაამწყვდიეთო!

წაიყვანეს ბატონის შინაურებმა და ახლა ფარეხში შეაგდეს. ნახევარწიწილამ მუცლიდან მგელი ამოუშვა. მისდგა მგელი ცხვარს, პირწმინდად გაჟლიტა და ტყეში გაიქცა.

გაიგო ეს ამბავი ბატონმა და განრისხებულმა ხმამაღლა დაიყვირა:

ახლავე წაიყვანეთ და ჩემს ნახირთან შეაგდეთო!

წაიყვანეს შინაურებმა ნახევარწიწილა და გომურში უკრეს თავი. ნახევარწიწილამ აქ დათვი გამოუშვა. დათვმა დატორა მთელი ნახირი, მიბეგვ-მობეგვა, ზოგი შეჭამა, ზოგი მკვდარი დააგდო და, გული რომ იჯერა, გამაძღარი ტყისკენ გაძუნძულდა.

ბატონი ახლა მთლად გადაირია, გამოვიდა აივანზე და შინაყმებს გადმოსძახა:

დაანთეთ ეზოში დიდი კოცონი და შიგ ჩაწვითო!

დაანთეს იმავე წამს დიდი კოცონი და გამოიყვანეს ნახევარწიწილა. მაგრამ სანამ ცეცხლში ჩააგდებდნენ, ნახევარწიწილამ მუცლიდან ზღვა ამოუშვა და მთელი საბატონო წაალეკინა.

ასე გადაუხადა ბატონს სამაგიერო ნახევარწიწილამ.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button