ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – ბაღი

ეს იყო ძველისძველი ოჯახის, ნაკამურათა გვარეულობის კუთვნილი ბაღი, იმ ოჯახისა, ოდითგანვე რომ მოურავობდა საფოსტო სადგურთან მიშენებულ კეთილშობილ მგზავრთა ფუნდუკს.

რევოლუციიდან ათი წელი გასულიყო, რაც ბაღში არავის დაეკრა ბარი, მაგრამ წალკოტს ჯერ კიდევ მთლად არ გასცლოდა პეწი. გოგრასებრ წაგრძელებული ტბა გამჭვირვალე იყო. ძველებურად გადმოფოჩილიყვნენ ფიჭვის რტოები, უცვლელად შთენილიყო “შემოფრენილი ყანჩის ქოხიცა” და “გულის განსაბანი ტალავერიც”. მთიდან ძველებურად გადმოჩქეფდა კამკამა ჩანჩქერი. ჟამთსრბოლამ ნირი ვერ უცვალა ვერც ასკილის ყვითელ ჯაგებს შუა ამოსვეტილ ქვის ფარანს, ნიშანს იმ ღისახსოვარი დროისა, რომ ამ მხარეში გზად ჩაიარა თავადის ქალმა კაძუმ. ტბის უკან აზვინული გორაკებიდან ისევ და ისევ მოჩქეფდნენ თეთრად აქაფებული ჩანჩქერები. ოღონდაც ვერა და ვერ ტყუვდებოდა თვალი. ცხადლივ ჩანდა, აქაურობა ღვთის ანაბარა რომ იყო მიტოვებული. ადრეულ გაზაფხულზე, ოდეს ხეებზე აფეთქდებოდა კვირტები და მწვანე საფარველს მოსხამდა ბაღი, იგრძნობოდა. ადამისშვილის ნახელავს იდუმალი რამ ველური ძალა რომ ბარდავდა, ფოფრავდა და აჯანყებდა. ბეხრეკმა ინკემ, მახვშმა ნაკამურთა ოჯახისა, ნიადაგ ზეთი რომ ჩამოსდიოდა სახეზე, წალკოტზე გადამდგარ ფუძე-სახლში დაიდო ბინა და ღუდუდეობდაყრილ ცოლთან ერთად ბუხრის პირს მშვიდად ატარებდა დარჩენილ დღეებს, ზიზილ-პიპილო ბანქოს შლითა და გოს თამაშით ირთობდა თავს. ზოგჯერ ხუთ-ექვს ხელს ზედიზედ უგებდა დედაბერი. მაშინ ცხარდებოდა და იბოღმებოდა ინკე. უფროსი ვაჟიშვილი, ვისაც მან ოჯახის თავკაცობა გადაულოცა, ყმაწვილქალ ცოლთან ერთად (ბიძაშვილად რომ ერგებოდა) ფუძე-სახლთან ტალანით შეერთებულ ვიწრო ფლიგელში ცხოვრობდა. ფიცხი, თავშეუკავებელი კაცი იყო ბუნსიცუ. ასე გასინჯეთ, ბეხრეკი ინკეც კი უფრთხოდა და ერიდებოდა. ჯანსუსტი ცოლი და უმცროსი ძმები ხომ სიტყვას ვერ უბრუნებდნენ. ბინსიცუს ზოგჯერ ესტუმრებოდა კარდაკარ მოხეტიალე, უპოვარი მელექსე სეიგეცუ, იმხანად სადგურის მიდამოებში რომ დაბოგინობდა. რატომღაც მხოლოდ მას ხვდებოდა ოჯახის თავკაცი შუბლგახსნილად და მოწყალედ, საკეს მიაწვდიდა, მერე დასვამდა ლექსების საწერად. შემორჩა იმდრონდელი სტროფები: “მთებზე შთენილა ჯერაც კიდევ ყვავილთა და ბალახთ სურნელი, მთებს შეუნახავთ ექოც გუგულის დაძახილისა” (სეიგეცუ). “კრთის აქა და იქ, კლდეთა ღარებზე თეთრი სიმ-ალყა ჩანჩქერებისა” (ბუნსიცუ).

ორი შვილი კიდევ ჰყავდა მოხუცს. შუათანა ბრინჯით მოვაჭრე ნათესავმა ჩაისიძა, უმრწემესი კი ქალაქად იყო, დაბიდან 5-6 რის მოშორებით. ორთავენი, თითქოს პირი შეკრესო, ახალ მთვარესავით თუ გამოჩნდებოდნენ მშობლიურ სახლში. უმრწემესი, არყის ქარხნის შავი მუშა, შორსაც ცხოვრობდა და ოჯახის უფროსსაც ვერ ეწყობოდა. ქეიფსა და დროსტარებას აყოლილი შუათანა საკუთარ ცოლ-შვილთანაც უცხო სტუმარივით იყო.

ორი-სამი წლის შემდეგ ბაღი კვლავ უფრო გაუდაბურდა, ტბის ზედაპირზე ყანთალებდნენ წყალმცენარეები. მწვანიანს ჩინჩხვარი გაერია. ერთ გვალვიან დღეს მოხუცს დამბლა დაეცა და სული გააფრთხობინა. ინკეს სიკვდილამდე ხუთიოდე დღის წინ, როცა იგი, ჩვეულებისამებ, ნაყენს წრუპავდა “გულის განსაბან ტალავერში”, ტბის გაღმა მხარეს იარებოდა თურმე ვინმე თეთრად მოსილი კუგე. თუმცა ვინ უწყის, იქნება მოხუცს მოეჩვენა ესე ყოველი. მომდევნო წელს, გვიან გაზაფხულზე, შუათანა ძმამ დედობილ-მამობილის ფული ჩაიჯიბა და ჩაის სახლის ფარეშ ქალთან ერთად უგზოუკვლოდ გადაიკარგა. შემოდგომაზე კი მისმა ცოლმა შვიდთვიანი ბავშვი შვა.

მამის სიკვდილის შემდეგ უფროსი ძე დედასთან ერთად ფუძე-სახლში დასახლდა, გათავისუფლებული ფლიგელი იქაური სკოლის დირექტორმა დაიქირავა. ფუძუკავა იუკიტის უტილიტარისტული თეორიის მიმდევარი გახლდათ დირექტორი, ამიტომაც უფროს ძეს დღენიადაგ ჩააგონებდა, მარადმწვანე ხეთა გვერდით ხეხილიც გაეშენებინა. ყურად იღო ბუნსიცუმ ეს რჩევა და მალე ტირიფებს და ფიჭვებს გვერდი დაუმშვენა ქლიავის, ატმისა და ჭერმის ხეებმა. გაივლ-გამოივლიდა სკოლის დირექტორი ახალ ნარგავებში, სიტყვას გადაუგდებდა უფროს ძეს. “ახლა ყვავილთა ჭვრეტითაც დაიტკბობს კაცი თვალს და ნაყოფთა ხილვითაც… ერთი გასროლით ორი კურდღელი… მაშ!”. ამა ყოველმა ეშხი წაართვა ისედაც შელანზღულ ნაყორ გორაკებს; ტბასა და ფანჩატურებს, უნაყოფო, მაგრამ მშვენიერ ხეებს არა და არ მიესადაგა ხეხილი. მარტოოდენ დარგვა რა დიდი ბედენა იყო, როცა მზრუნველი ხელი არ ღირსებია ახალჩაყრილ ხეებს. რაც ბაღს ბუნებითმა შლამ და რღვევამ დააკლო, ის ადამიანის ნაქნარმა დაუმატა. მარადმწვანე მცენარეებთან ერთად ახლა ხეხილიც გაიბურდა და გაოხრდა. ყველა ამ სიკეთეს შემოდგომაზე ხანძარიც მოჰყვა, აგრე იშვიათი ამ მხარეს, და მთები ცეცხლმა გადარუჯა. მას მერე სამუდამოდ ამოშრა მაღლობებიდან მოჩხრიალე ჩანჩქერთა სათავეები. ავბედითობა მალე ოჯახსაც ეწვია. პირველი თოვლი დადო თუ არა, ოჯახის უფროსი ლოგინად ჩავარდა. ჭლექი შეეყარა. ხასიათი მთლად წაუხდა, ბრუნდად ესმოდა ყველაფერი. ახალი წლის მოსალოცად მოსულ შვილს ხელსათბური გაუქანა და სთხლიშა. ამის შემდეგ უმრწემესმა ფეხი ამოიკვეთა სახლიდან. უფროსი ძმის გასვენებასაც კი არ დასწრებია. ბუნცისუმ ერთი წელი იცოცხლა კიდევ. მეუღლე თავს ადგა გამუდმებით. საწოლის თავზე გაკიდულ, კოღოებისგან საფარი ბადის ქვეშ ამოხდა სული. “ბაყაყები გაჰყვირიან… რა სჭირს სეიეცუს?” – აი მისი უკანასკნელი სიტყვები. სეიგეცუ კი, რა ხანია, აღარ ჩანდა იმ არე-მიდამოს. თითქოს ამ კუთხის სანახები მოსწყინდაო, მოწყალების სათხოვნელადაც აღარ მოსულა.

წლისთავი გადაიხადეს თუ არა, უმრწემესი ძმა თავის პატრონის ქალიშვილზე დაქორწინდა. სკოლის დირექტორი სხვა ალაგას გადაიყვანეს და ცოლ-ქმარი დაეპატრონა ფლიგელს. შავად გალაქული კომოდებით გაივსო ახლა შრამელი, და ვარდისფერი და თეთრი ბამბის ფთილებით მოირთო. მაგრამ მალე დასნეულდა უფროსი ძმის ცოლიც. მასაც ჭლექმა დარია ხელი. სისხლს აღებინებდა პირიდან, ამიტომ ოჯახის უფროსის ერთადერთი ნაშიერი რენიტი ბებიამ შეიკედლა. ძილის წინ ბებია ყოველთვის პირსახოცით გაიკრავდა ხოლმე თავს. ვირთხები მაინც ვერ მოიშორა. როცა კი პირსახოცის წაკვრა დაავიწყდებოდა, ღუდუდოების სუნზე მოძუძგურდებოდნენ ვირთხები, თავს დაუკბენდნენ უმოწყალოდ. წლის დამლევს უფროსი ძმის სნეული ცოლი ისე უჩუმრად გათავდა, როგორც ლამფა ჩაიჭრუტება და ჩაქრება ხოლმე. დასაფლავების მეორე დღეს თოვლმა ჩაიტანა მთის ძირას მდგარი “შემოფრენილი ყანჩის ქოხიც”. და როცა მოდგა გაზაფხული, ხეების რტოები გადაირია, ბაღი მთლად გაუდაბურდა, გაპარტახდა და ახლა მღვრიე ტბასთან “გულის განსაბან ტალავერის” ლერწმის სახურავსღა მოლანდავდა კაცის თვალი.

გაგრძელება

ერთ უჟმურ დღეს, მიმწუხრისას, ათი წლის წინათ სახლიდან გაქცეულმა შუათანა შვილმა მოაკითხა მამისეულ კარ-მიდამოს. მამისეულს ეძახდნენ, თორემ, სინამდვილეში, მისი სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი უმრწმესი ძმა იყო. ისე შემოხვდა იგი ძე შეცდომილს, ვითომდაც არაფერი მომხდარიყო, არც სახე დაუღრეჯია უსიამოდ, არც ჭერში ამხტარა სიხარულისგან.

შუათანა ძმა მთავარ სახლში, “ბუდათა სენაკში” დამკვიდრდა. იწვა იქ გაშოტილი, ზეზე ძლივს დგებოდა ავი სენით შეპყრობილი, მიშტერებოდა ბუხრის ალს. სამლოცველოში პატარა ფირფიტები ელაგა, გარდაცვლილი მამისა და ძმის სახელები იყო ზედ ამოჭრილი. კარს მიუგდებდა ხოლმე სნეული, ეს ფირფიტები რომ არ მოხვედროდა თვალში. დედას, ძმასა და რძალს არ იკარებდა. მათთან ერთად დღეში სამჯერ ტაბლას მიუჯდებოდა ხოლმე ძალაუნებურად. ეს იყო და ეს. ობოლი რენიტი მოაკითხავდა ხანდახან და ისიც ფიქალზე უხატავდა ბიჭს მთებსა და ხომალდებს. ხელი არ მორჩილებდა, ბატიფეხურით წაუწერდა ძველებური სიმღების სიტყვებს: “მუკოძიმას მთაზე ყვავის ალუბალი, გამო ნეისან ჩაის სახლიდან”.

და ისევ დადგა გაზაფხული, გაბურდულ ბაღში აქა-იქ ყვაოდა ატმები და ჭერმები, ჩაჟალტამებულ ტბაში ჩაყუდებულიყო “გულის განსაბანი ტალავრის” ანარეკლი. შუათანა ძმა კი კვლავინდებურად იჯდა გამოკეტილში და გამუდმებით თვლემდა. და აი, ერთხელ, მის ყურს მოსწვდა სიამისენის სიმთა ჟღერა. ვიღაცამ ბზარნაკრავი ხმა ააყოლა საკრავს. “სუვას ბრძოლაში ციხესიმაგრის ქვემეხთა რიგებს როდი მოსცილდა ნაცუმოტოს სისხლი და ხორცი, დიდი თავადი იოსიესამა, აგრე ინება”… მწოლიარემ თავი აიღო. ეჭვი არ იყო, დედა მღეროდა და უკრავდა სიამისენს სამზადში. “ფარჩა ემოსა, გამობრძანდა დიდებულადა, საომრად გამზადებული სუვას ბრძოლაში, ერთის შეხედვით ეტყობოდა, იყო რაინდი”… განაგრძობდა დედა. ალბათ შვილიშვილს ასმენინებდა ოცუს სურათებზე წარწერილ სიტყვებს. ეს სიმღერა, ერთმა ოირანმა რომ ასწავლა მის უგლიმ, აწ გარდაცვლილ მეუღლეს, დიდ მოწონებაში იყო ოცი-ოცდაათი წლის წინათ. “ბედისწერას ვერ ასცდება. გაისისინებს ვერაგი ტყვია, მკერდს გაუგმირავს ტოიოს ხიდთან, ვითარცა ცვარი ბალახზე, გაქრება იგი, ო, სანაცვლოდ კი სახელი მისი ხალხში დარჩება აწ და მარადის”… გაკვირდა შუათანა, გადაუნათდა წვერში ჩამჯდარი სახე.

ორი-სამი დღის შემდეგ უმრწემესმა ძმამ თვალი მოჰკრა, მისი ძმა მიწას აბრუნებდა ბუერამოდებული ნაყორი მთის ძირას. ქლოშინებდა, აცა-ბაცა იქნევდა წალკოტს. ეს იყო მხოლოდ, დიდი დაჟინება იგრძნობოდა მის ერთი შეხედვით სასაცილო საქმიანობაში. უმრწემესი, პირში პაპიროსი რომ ჰქონდა გაჩრილი, უკნიდან მიუახლოვდა და ჰკითხა: რას სჩადი, ძმაო? შუათანამ დაბნეულად მოხედა, – აქ არხი უნდა გავიყვანო. – რადა და რისთვის? – ძველებურ ყაიდაზე უნდა მოვაწყო ბაღი. გაიცინა უმცროსმა ძმამ, აღარაფერი უკითხავს.

მთელი დღე მუშაობდა შუათანა წალკატით ხელში. არხს თხრიდა. ეძნელებოდა საქმე. ძვალტყავად ექცია სნეულებას. უჩვევი იყო თანაც, ჩქარა უწყდებოდა ქანცი. ბებერები დაასხდა ხელებზე, ფრჩხილები ასტკეცოდა, ტანში ამტვრევდა. დროდადრო შორს მოისვრიდა წალკატს, მკვდარივით მიეგდებოდა მიწაზე. მის ირგვლივ, ოხშივარადენილ ბაღში ლაღობდა ახალნაზარდი ბალახის ყლორტები და ყვავილები. ოხშივარი ასდიოდა ბაღს. სულს მოითქვამდა ორიოდ წამით, ისევ წაფორხიალდებოდა თხრილისაკენ.

დღე დღეს მისდევდა. ბაღს კი სასიკეთო ჯერ არაფერი ეტყობოდა. ტბაში ძველებურად ხასხასებდა წყალმცენარეები და ერთმანეთში გახირებული ჩინჩხვარადქცეული ხეთა ტოტები. ახლა წინანდელზე უფრო გამოყრუებული ჩანდა ბაღი, განსაკუთრებით მას მერე, რაც ყვავილი დასცვივდა ხეხილს. სახლის მკვიდრთაგანს არავის მოსდიოდა თვალში ეს წამოწყება. უმრწემესი ძმა ანგარიშში ჩაეფლო, ბრინჯისა და აბრეშუმის ქორვაჭრად იქცა. მისი ცოლი ქალური ზიზღით ერიდებოდა ავადმყოფ მაზლს. დედა… დედა შიშობდა, მიწის თხრას მთლად არ მოეთავებინა ხელი მისი ვაჟიშვილისათვის. შუათანა არც ხალხს შეეპუა, არც ბუნებას, ნელინელ ასხვაფერებდა ბაღს.

ერთხელ, ნაწვიმარზე გამოვიდა ბაღში და დაინახა, რენიტი ქვებით აპირკეთებდა არხის კიდეებს, საიდანაც ბუერას ფოთლები გადმოშლილიყო. მხიარულად შეაცქერდა რენიტი თვალებში: მეც მოგეხმარები, რა იქნებაო, შესთხოვა. “აგრე იყოს”. უჩვეულოდ გაიბადრა შუათანა ძმა. რა ხანია, ღიმი არ მიჰკარებია სახეზე. მას მერე რენიტი აღარ მოსცილებია ბიძას. მხარში უდგა დღენიადაგ. დროდადრო მუხლს ჩახრიდა მაშვრალი, ჩრდილს შეაფარებდა თავს. ძმისწულის გასართობად ათას რამეს გაიხსენებდა. ზღვის ამბებს იტყოდა, ტოკიოსას, რკინიგეზბისას. ღიჯნიდა რენიტი მწვანე ქლიავს და მონუსხულივით უსმენდა ბიძას.

იმ წელს გვალვიანი ამინდი დაიჭირა. ორნი, საპყარი და ბალღი, არ ეპუებოდნენ არც მზის მშანთავ სხივებს, არც მწვანიანის მხუთავ ოხშივარს, თხრიდნენ მიწას, კაფავდნენ ხეებს და უფრო და უფრო ღრმად იჭრებოდნენ ბაღში. ასე ჯახირობდნენ და რის ვაინაჩრობით საქმეს როგორღაც ართმევდნენ თავს. ეგ იყო ოღონდ, სხვა გასაჭირს ვერაფერი მოუხერხეს. შუათანას მხოლოდღა სიზმრად ნანახივით ახსოვდა ბაღის ძველებური იერი. როგორც კი შეეცდებოდა მოეგონებინა ხეების ადრინდელი განლაგება თუ ბილიკების ასავალ-დასავალი, მყის ბინდი ეკრობოდა თვალზე. ზოგჯერ მუშაობისას უეცრივ შედგებოდა, წალკატს ჩამოეყრდნობოდა და გაშტერდებოდა. შეშფოთებებით მიაჩერდებოდა რენიტი. – ვერ გამიგია, რა იყო აქ ადრე? – თავისთვის დაბნეულად ბუტბურებდა გაოფლილი ბიძა. – ეს ნეკერჩხალი აქ არ უნდა ყოფილიყო”. რენიტი ყუჩობდა და ზინზლიანი ხელებით ჭყლეტდა ჭიანჭველებს. სხვა რა ჩარა ჰქონდა.

ზაფხულის მიწურულს შუათანას გაუსაძლისი ჯაფისაგან თავბრუსხვევა დასჩემდა. ტბისთვის განკუთვნილი, საკუთარი ხელებით ამოღებული ორმოს ერთი ნაწილი ისევ ამოავსო მიწით, აქ ხეს რა უნდაო. იტყოდა, ამოთხრიდა ფიჭვს, ცოტა ხნის მერე კი იმ ადგილას კვლავ ფიჭვს რგავდა. ასე დასჩემდა. რენიტი განსაკუთრებით გაგულისდა, როცა ბიძამ წყლისპირა ტირიფები დაჩეხა სამარგილედ. ეს ტირიფები განა თქვენვე არ ჩარგეთ ამას წინათო? – უსაყვედურა. “ვაგლახ რომ მთლად დავკარგე მახსოვრობა”, – ბიძა დაღვრემილი დასცქეროდა მზედაღვრილ ტბას.

და მაინც, როს მოაწია შემოდგომამ, ბუჩქებისა და ბალახების ბარდებში ბუნდოვნად გამოიკვეთა ბაღის მოხაზულობა. ძველს ვერ მოერიდებოდა, რაღა თქმა უნდა. ვერც “შემოფრენილი ყანჩის ქოხს” დალანდავდით სადმე, და ვერც გორებიდან გადმოქანებულ ჩანჩქერებს. ნაშთიც აღარ იყო ნაცადი მებაღის ნახელავისა. უკვალოდ გადაქრა ძველებური სინატიფე, მაგრამ ბაღი მაინც არსებობდა. ტბის მჭვირვალ წყალში ერთხელ კიდევ ათრთოლდა ნაყორი გორაკების ანარეკლი და ფიჭვებმაც კვლავ მედიდურად გადაატოტეს შტოები “გულის განსაბან ტალავერს”.

და როცა უკვე აღსდგა და განახლდა ბაღი, სწორედ მაშინ ჩავარდა ლოგინად შუათანა ძმა. სახსრებში სტეხდა, სიცხე აღარ გამონელებია. “რა ცუდუბრალოდ მიაკლა თავი”, – გაუთავებლად მოთქვამდა შვილის სასთუმალთან მიმჯდარი დედა. შუათანა კი ბედნიერი იყო. მერე რა, თუ ბაღში ბევრი რამის გაკეთება კიდევ ეწადა. ამას აღარაფერი ეშველებოდა. ამაოდ მაინც არ დამაშვრალა. ათი წლის შრომამ ასწავლა ბედის მორჩილება. ამით გაიტანა ლელო.

შემოდგომის მიწურულს შუათანა ძმა ისე უჩუმრად გათავდა, ვერავინ შეიტყო. პირველმა რენიტიმ შეიცხადა. ხმამაღლა ყვირილით გავარდა ტალანში ფლაგელისაკენ. წამსვე მიცვალებულის სარეცელთან მოიყარა თავი მთელმა დაზაფრულმა ოჯახმა. “ხედავ, ჩემი ძმა თითქოს იღიმის!” – მიუბრუნდა დედას უმრწემესი. “ოი, დღეს ღიაა სახატეს კარი!” – თქვა მისმა ცოლმა ისე, რომ ცხედრისაკენ არც მიუხედავს.

ბიძის დამარხვის შემდეგ რენიტი არ სცილდებოდა “გულის განსაბან ტალავერს”. გაოგნებული გასცქეროდა შემოდგომისეულ ხეებს.

დასასრული

ეს იყო ძველისძველი ოჯახის, ნაკამურას გვარეულობის კუთვნილი ბაღი, იმ ოჯახისა, საფოსტო სადგურზე მიშენებულ კეთილშობილ მგზავრთა ფუნდუკს რომ მოურაობდა. ათი წელიც არ გასულიყო მას შემდეგ, რაც ბაღი განაახლეს. ახლა დაინგრა ოჯახი და კვლავ გავერანდა იქაურობა. იმ ალაგას რკინიგზის სადგური ააშენეს, სადგურის წინ რესტორანი წამოჭიმეს.

იმდროისათვის ნაკამურას გვარეულობიდან იქ უკვე აღარავინ ბოგინობდა. რა ხანი იყო, რაც დედამ დატოვა ეს ქვეყანა. უმრწემესი ძმა გაკოტრდა, გუდა-ნაბადი აიკრა და სადღაც, ოსაკასაკენ გაუტია.

მატარებლები ყოველდღე მოდიოდნენ და მიდიოდნენ, დიდ მაგიდასთან იჯდა ახალგაზრდა სადგურის უფროსი. ხალვათი სამსახური ჰქონდა, თავისუფალ დროს უმზერდა ქლიავისფერ მთებს და მოსამსახურეებთან მასლაათობდა. ამ საუბრებში არასოდეს იხსენიებოდა ნაკამურას ოჯახი. ვინ დაიჯერებდა, რომ აქაურობას ოდესმე ფანჩატურები და ხელოვნური გორაკები ამშვენებდა.

ამ დროს რენიტი მოლბერტს უჯდა ტოკიოში, აკასაკას ევროპული ფერწერის სტუდიაში. მინის სახურავიდან ჩამოდიოდა სინათლე. მძლავრობდა ზეთის საღებავების სუნი. კოხტაობდა “მომოვარეს” ვარცხნილობით მოლამაზებული მენატურე ქალი და რენიტის არაფერი აგონებდა ბავშვობის სახლს. ოღონდ ხანდახან, როცა ფუნჯს დაუსვამდა ტილოზე, თვალწინ დაუდგებოდა ნაღვლიანი, ბებრული სახე, გაუღიმებდა და უსაშველო შრომისაგან ქანცგაცლილს ეუბნებოდა: “მხარში მედექი ჯერ კიდევ ბალღი, ახლა ჩემი ჯერი მოდგა”. რენიტი ამჟამად სურათებს ხატავს, კვლავ არაფერი აბადია… უმცროსი ძმის ასავალ-დასავალი არავინ იცის.

ივნისი, 1922წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button