ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ხარაძეთა გვარი

ხარა – ძველი ქართული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: ხარაი, ხარია, ხარანა, ხარიკა, ხარიტა, ხარუა იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარისსახელით “ხარ” ფუძისანი არიან: ხარიშვილნი, ხარაშვილნი, ხარაიშვილნი, ხარიაშვილნი, ხარუაშვილნი, ხარბედიანი, ხარისთვალაშვილნი, ხარიჭირაშვილნი, ხარანიძენი, ხარანაულნი, ხარაულნი, ხარაიძენი და ხარაძენი, გვარახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა სახელოვანი გვარი ხარაძეთა. გაურკვეველია ქართულ საისტორიო წყაროებში ხარაძეთა გვარის პირველი მოხსენიების თარიღი.

მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია XI საუკუნის სვინაქსარი, რომლის 137-ე გვერდზე იკითხება შედარებით გვიანდელი ხუცური მინაწერი: “სულსა სიბერასა ხარაძისა შეუნდნენ ღმერთმან”. ეს სიბერა ხარაძე ქუთათელ მთავარეპისკოპოს სვიმონ ჩხეტიძესთან ერთად იხსენიება და, როგორც ჩანს, თავადაც სასულიერო პირი გახლდათ.

XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება დიაკონ გიორგი ბაკურაძის მიერ გადაწერილი კრებული: თვენი, მარხვანი, ფსალმუნნი და ჟამნი. ამ უკანასკნელის 41-ე გვერდზე შემორჩენილია ანდერძ-მინაწერი: “მოიხსენე, უფალო, სასუფეველსა შენსა გიორგი მღვდელი ხარაძე, ცოდვანი მისნი ღმერთმან შეუნდოს, ამინ”.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ხარაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ხარაძეთა გვარისშვილნი: საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი ნადეჟდა ხარაძე, აკადემიკოსები ევგენი და გიორგი ხარაძე ები, პროფესორები რუსუდან და არჩილ ხარაძეები…

ამჟამად ხარაძენი ცხოვრობენ იმერეთში, გურიაში, აჭარაში, ქართლსა და კახეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ხარაგაულისა და ქედის რაიონებში.

თბილისში სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსახლებულ ხარაძეთა დაახლოებით ოთხმოცი კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ხარაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი რვაასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ხარაძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button