ისტორიასაკითხავი

აქტეონი

ფინიკიელთა მეფის კადმოსის შვილიშვილი აქტეონი მთელს სახელმწიფოში იშვიათ მონადირედ იყო მიჩნეული, ახალგაზრდა მონადირის მშვილდ–ისარი დედამიწის ზურგზე სახელგანთქმული იყო, სახელმწიფოს მონადირეები პირველობას მუდამ კადმოსის ახალგაზრდა შვილიშვილს უთმობდნენ. თითოეულ დახელოვნებულ მონადირეს სასახელოდ მიაჩნდა, როცა აქტეონი თავისი მშვილდ–ისრით ნადირობაში მონაწილეობას იღებდა. ყველას ღრმად სწამდა ახალგაზრდა აქტეონის ნადირობის ნიჭი და უნარი, ყველანი აღტაცებაში მოდიოდნენ აქტეონის შეუდარებელი ნადირობით. სწორედ ამიტომაც იყო, რომ მთელ სახელმწიფოში თუ ვინმე კი ნადირობას განიზრახავდა, ახალგაზრდა მონადირის მოპატიჟებას თავის მოვალეობად სთვლიდა. ერთხელ, აქტეონი დილაადრიან თავისი თანამონადირეებით კითერონის მაღალსა და დაბურული ტყით დაფენილს მთაგრეხილებზე ნადირობდა. მშვენიერი დილა იყო. მზის სხივები ცის მაღალ სივრცეში ათასნაირად ბრწყინავდა და მარგალიტებრ ცვიოდა კითერონის მთაგრეხილზე გაშენებული თვალუწვდენი უღრანი ტყის მწვერვალებზე. ჩიტების ჟრიამული და სტვენა მთა და ბარს ერთიანად მოსდებოდა და შორს, ქვემოთ დაფენილ ჭალა–მინდვრებს ფიანდაზად ეფინებოდა. ნადირთა გუნდი მთის კალთებს შეჰფარებოდა და გულის ფანცქალით თვალყურს ადევნებდა მონადირეთა და მწევარ–მეძებრების თავდავიწყებით ატეხილ ხმაურობას. ცხრათვალა მზე თანდათან უფრო უხვად ჰფენდა თავის ცხოველმყოფელ სხივებს კითერონის მთაგრეხილების მიდამოებს. მხდალ ნადირთა გუნდი, შიშით თავზარდაცემული, მთაგრეხილების მიუვალს და საშიშ ადგილებს ეტანებოდა, მონადირენი კვალდაკვალ მისდევდნენ შეშინებულ ნადირს და შეუბრალებლად სტყორცნიდნენ მშვილდ–ისრებს. საცოდავი ნადირნი ერთი ადგილიდან მეორე ადგილას აწყდებოდნენ, ეგების სადმე თავი უვნებლად შევაფაროთო, მაგრამ ყოველი ცდა ამ მხრით უნაყოფო იყო: აქტეონის მახვილი ისრები შეუბრალებლად ასალმებდნენ წუთისოფელს უდანაშაულო ნადირთა გუნდს. ტყის ცხოველნი ნაკადულივით აფრქვევდნენ ცრემლებს და გულამოსკვნით ქვითინებდნენ. „რატომ, რისთვის, რისთვის, ვის რა დავუშავეთ!“ – თვალცრემლიანნი უხმოდ ეკითხებოდნენ შეშინებული ნადირები თავიანთ თავის, და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ ტყის შუაგულისაკენ გარბოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც აქ პოულობდნენ თავშესაფარს. მონადირეთა შეუბრალებელი მშვილდ–ისარი აქაც მარჯვედ ჰგმირავდა საბრალოებს და უხმოდ უკლავდა გულში საბედისწერო საკითხს: „რატომ, რისთვის, რისთვის, ვის რა დავუშავეთ!“ ნადირობამ ჩინებულად ჩაიარა, შედეგებით კმაყოფილი მონადირეები სიხარულისაგან ფეხზე არ იდგნენ, უკვე შუადღემაც მოატანა. მზემ თავისი სხივების სიძლიერე გააორკეცა. ნადირობისაგან დაღლილი მონადირეები ჩრდილებში ჩამოსხდნენ და მოსვენების თავდარიგს შეუდგნენ. აქტეონი თავის ამხანაგებს ჩამოშორდა და მთის მახლობელ მიდამოებში უფრო მყუდრო თავშესაფარის ძებნას შეუდგა. დიდხანს დაეძებდა ახალგაზრდა მონადირე უფრო მყუდრო და განმარტოებულ მოსასვენებელ ადგილს. დიდი ხნის ძებნის შემდეგ აქტეონი სრულიად შემთხვევით მიუახლოვდა ერთს კვიპაროსისა და არყის ხეებით დაფენილ ჭალას. ეს ბუნების მშვენიერი წალკოტი მონადირე ქალღმერთის არტემიდეს თავშესაფარ მოსასვენებელ ადგილად იყო თურმე მიჩნეული. ჭალის შუა ადგილას ხელოვნურად გაშენებული იყო ლამაზი გამოქვაბული. მარჯვნივ, იქვე, ბალახებით ამწვანებულ ნაპირებზე ანკარა მთის წყარო გადმოჩუხჩუხებდა. ხშირად ქალღმერთი არტემიდე ნადირობის შემდეგ ისვენებდა ამ გამოქვაბულში და მთის ანკარა წყაროს დაღლილ– დაქანცული უხვად ეწაფებოდა. სწორედ იმ დღეს, როცა აქტეონი სრულიად შემთხვევით ამ მშვენიერ გამოქვაბულს მიუახლოვდა, მონადირე ქალღმერთი თავისი მხლებელი ქალებით ამ ტურფა ადგილას ჩრდილში განისვენებდა. მხლებელი ქალები წყაროდან ანკარა წყალს ოქროსა და ვერცხლის თასებით ეზიდებოდნენ და უხვად აბკურებდნენ მონადირე ქალღმერთის სიცხისაგან დაოსებულ სხეულს. აქტეონის დანახვაზე არტემიდეს მხლებელმა ქალებმა ერთი უეცრივ შეჰკივლეს და უმალვე მონადირე ქალღმერთს ირგვლივ შემოერტყნენ, რომ ამნაირად დაეფარათ თავისი მბრძანებლის ტანხალვათობა. აქტეონის დანახვაზე მონადირე ქალღმერთს სიწითლემ პირისახეზე ერთიანად დაუარა. ქალღმერთს არტემიდეს რომ ამ დროს მშვილდ–ისარი ხელთ ჰქონოდა, ახალგაზრდა მონადირეს, ასე ძალზე გაკადნიერებულს, გულმკერდს შეუბრალებლად გაუგმირავდა, სიცოცხლეს გამოასალმებდა. ქალღმერთს სირცხვილისაგან სიწითლის ალმური ასდიოდა მთელ პირისახეზე. ახალგაზრდა მონადირე ქალღმერთმა, შეასწრო თვალი თუ არა, დაუყოვნებლივ ოქროს თასიდან ამოიღო ერთი პეშვი წყალი და ერთბაშად მიასხურა ელვის სისწრაფით უკან გაბრუნებულ აქტეონს. „წადი და ახლა ყველას უამბე, მთელ ქვეყანას კიდით–კიდემდე მოსდე, რომ შენ ტანჩაუცმელი, სრულიად ტიტლიკანა დამინახე, თუ კი, რასაკვირველია, შენი ბაგენი რისამე თქმას მოახერხებენ!“ – აღელვებული კილოთი გასძახა მონადირე ქალღმერთმა უკანვე სასწრაფოდ გაბრუნებულ მეფე კადმოსის შვილიშვილს, ნადირობაში სახელგანთქმულ თავმომწონე აქტეონს. აქტეონი თავისი ამხანაგებისაკენ ფეხაკრეფით მიეშურებოდა, მაგრამ, დახეთ საკვირველებას, კადმოსის ახალგაზრდა შვილიშვილს თავზე ირმის რქები ეზრდებოდა, საბრალოს კისერი თანდათან უგრძელდებოდა, ხელები ფეხებად ექცევა, ჩლიქები შესამჩნევად ეზრდება. მთელი სხეული თმებით ემოსება, ფეხებში სიმარდე და მოქნილობა ემატება. სახელგანთქმული მონადირე, ყველგან და მარადის თავმომწონე აქტეონი ირმად გადაიქცა, მხოლოდ ჭკუა–გონება კი ისევ თავისი შერჩა. როცა ახალგაზრდა მონადირემ თავისი აწინდელი სახე წყლის სიღრმეში დაინახა, ერთი გულამოსკვნით ამოიოხრა და თვალთაგან ცხარე ცრემლების ნაკადული წასკდა. საბრალო აქტეონი, ამჟამად ირმად ქცეული, ყელმოღერებული ირემი მწუხარედ დგას კითერონის მთაგრეხილების ტყის შუაგულში და არ იცის, როგორ უშველოს თავს. გული დარდისაგან უფრო და უფრო ეთანაღრება და თვალთაგან ცხარე ცრემლები ნაკადულებრ გადმოსჩქეფს. წუხს საბრალო აქტეონი, არ იცის, შინ დაბრუნდეს, თუ ტყის კალთებს შეაფაროს თავი, საშინელს, აუტანელ მდგომარეობას განიცდის. უეცრივ აქტეონმა თვალი მოჰკრა თავის მწევარ–მეძებრებს. სიხარულისაგან საბრალოს თვალები ვარსკვლავებივით გაუბრწყინდა: ჩემი ერთგული მწევარ–მეძებრები გამომიხსნიან ამ უბედურებისაგანო, – გაიფიქრა ირმად ქცეულმა აქტეონმა და ლმობიერად მიაპყრო ცრემლიანი თვალები იქითკენ, საიდანაც ყეფა–ყიჟინით მისი მწევარ– მეძებრები გამალებით მოქროლავდნენ. მაგრამ მოტყუვდა საბრალო აქტეონი. მწევარ–მეძებრებმა, დაინახეს თუ არა ტყის შუაგულს ყელმოღერებული ირემი, საშინელი ყეფა–ყიჟინი ატეხეს, უკან დაედევნენ შიშისაგან ზარდაცემულ ირემს და მთის მიუვალ კლდე–ღრეებში მიიმწყვდიეს ირმად ქცეული საბრალო აქტეონი. საბრალო აქტეონი! იგი თავისი ერთგულის მწევარ–მეძებრებისაგან მოელოდა შველას, და აბა იმას როგორ მოიფიქრებდა, რომ იმათგანვე განსაცდელს ეწეოდა. გააფთრებულმა ძაღლებმა შეიპყრეს საცოდავი ირემი და შეუბრალებლად ჩასჭიდეს გვერდებში ბასრი კბილები. საბრალო ირემი მწვავე ტკივილებისაგან ოდნავ–ღა სუნთქავდა და მწუხარე თვალების მოძრაობით თითქო ემუდარებოდა თავის მწევარ–მეძებრებს, აბა რას ჩადიხართ, ნუთუ თქვენს მოჭირნახულე პატრონს ვერა სცნობთ და ასე უდიერად, შეუბრალებლად ექცევითო. მწევარ–მეძებრებს აქტეონის ხვეწნა–ვედრება აინუნშიაც არ მოსდიოდათ და, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, ბასრი კბილებით მედგრად უცარავდნენ გვერდებს საცოდავ ირემს. მწევარ–მეძებრების ყეფა–ყიჟინზე აქტეონის თანმხლებელი მონადირეებიც შემოერტყნენ გრძნობამიხდილ ირემს და ერთიორად ამხნევებდნენ ისედაც გააფთრებულ მწევარ–მეძებრებს. საბრალო აქტეონს გული უკვდება, სული ეხუთება, იგი ხედავს, რომ ყველა მის წინააღმდეგ თავდავიწყებით ამხედრებულა, ყველას მის წინააღმდეგ მიაქვს იერიში და არცერთი სასიკვდილოდაც არ ინდობს. ირემი–აქტეონი აცრემლებული თვალებით ლმობიერად შესთხოვდა თავის მეგობარ–ამხანაგებს. ნუ გამწირავთ, თქვენი ერთგული მეგობარი აქტეონი ვარო. მაგრამ ვინ იყო ამ განწირული სულისკვეთების გამსჯელი და გამკითხველი! მეფე კადმოსის საბრალო შვილიშვილმა, მწარე ტკივილებისაგან დაუძლურებულ–დაოსებულმა, ერთი უკანასკნელად მწუხარედ გადახედა თავის მეგობარ–მტარვალებს და სამუდამოდ დახუჭა ცხარე ცრემლებით აღვსილი თვალები. ასე სამწუხაროდ დაამთავრა თავისი სახელოვანი სიცოცხლე თავმომწონე აქტეონმა, მონადირე ქალღმერთის არტემიდეს წყალობით. იმ ადგილას, საცა ქალღმერთის არტემიდეს გამოქვაბულია, ფინიკიელებმა აღმართეს შესანიშნავი ძეგლი, რომელიც გამვლელ– გამომვლელს მჭერმეტყველურად მოუთხრობს საბრალო აქტეონის დაღუპვის სამწუხარო ამბავს, და აბა რომელი გამვლელ–გამომვლელი ჩაუვლის გულგრილად ამ ძეგლს, რომ თვალთაგან ცრემლების ნაკადული არ წასკდეს!

ელინური მითები

მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button