გამორჩეული ადამიანებიისტორია

ღვაწლი იოანე ბატონიშვილისა

იოანე ბაგრატიონი ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII –ის ვაჟია, ერკლე II-ის შვილიშვილია. მისი დედა, ქეთევან ანდრონიკაშვილი _ ქიზიყის მოურავის, პაპუნა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი იყო.

გიორგისა და ქეთევანის ვაჟები _ დავითი, იოანე, და თეიმურაზი საქართველოს ისტორიაში გამორჩეული პიროვნებები გახლდნენ, მწერალი და მოღვაწე იყო ბაგრატიც.

იოანე 1768 წელს დაიბადა თბილისში. ის ბატონიშვილებსა და ნათესავებს შორის საუკეთესო პიროვნებად ითვლებოდა.

იოანე _ მწერალი, მთარმგნელი, ენციკლოპედისტი, ლექსიკოგრაფი, განმანათლებელი, სახელმწიფო მოღვაწე, შეუდრეკელი მეომარი და სარდალია.

მეფე გიორგი თავის შვილებიდან იოანეს ყველაზე მეტად აფასებდა და ენდობოდა მას.

იოანე გმირულად იბრძოდა კრწანისის ომში, მან საოცარი თავგანწირვით გაარღვია ერეკლეს გარშემორტყმული მტრის ალყა და თავის თანამებრძოლებთან ერთად მეფე დატყვევებას გადაარჩინა.

ნიახურას ომში სარდლობდა ქართველთა ჯარს, მრავალ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა თავდამსხმელთა წინაამღდეგ. 1798 წელს, მეფე გიორგიმ იოანე ფელდცეხმეისტერად (არტილერიისა და მეთოფეთა უფროსად) დანიშნა.

ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, 1798 წელს, იოანემ მამას წარუდგინა “ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრივი რეფორმების პროექტი _ ანუ “სჯულდება.” სადაც იოანე ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს ეხებოდა და ცვლილებებს აუცილებლად მიიჩნევდა, თუმცა ამ ცვლილებების განხორციელება ქართველებს არ დასცალდათ.

1798 წელს აღწერა ქართლ_კახეთი, ამ ნაშრომში 2300-მდე ტოპონიმია მოცემული. მოგვაწოდა ქართველ თავდთა და აზნაურთა გვარების წარმომავლობა. სპარსულიდან თარგმნა სეილანიანი, სპარსული დასთანი (ამბავი), ჩაიწერა “ვეფხისტყაოსნის” ხალხური ვარიანტი _ “ტარიელიანი”.

იოანე თავის მასწავლებლად დავით რექტორს, დავით ალექსი-მესხიშვილს თვლიდა.

იცოდნენ ქართველებმა, იცოდა იოანემაც, რომ “ქვეყანას მეცნიერება აღაშენებს”, მაგრამ რას იზამ “მტრიანი ქვეყანა გვაქვს და ყოველთვის ბრძოლა _ და მაგგვარებისათვის ვერ მოგვიცლია,” ათქმევინებს იოანე კალმასობის ერთ-ერთ გმირს.

ასე, რომ ერთ დროს რენესანსის სათავეებთან ახლოს მდგარმა ქვეყანამ, მძიმე ვითარების გამო, რაც ძირითადად განუწყვეტელი თვდასხმებით, ომით და ბრძოლებით იყო განპირობებული, ვეღარ შესძლო ბოლომდე მიჰყოლოდა ამ პროგრესულ გზას. არც ევროპასთან ნანატრი კავშირი ხერხდებოდა, ეს ამბავი იოანეს და მის თანამოაზრეებს აწუხებდათ.

რუსეთთან მიერთების შემდეგ, ქართლ-კახეთის სამეფოს და რუსეთის იმპერიას შორის გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო აღშფოთებული იყვნენ ბაგრატიონებიც. ამიტომ რუსეთის იმპერიამ მათი რუსეთში გადასახლება დაიწყო. იოანე 1801 წელს, ერთ-ერთი პირველი გაიწვიეს რუსეთში. მალე მასთან მისი მეუღლის ქეთევან წერეთლის გაწვევაც მოითხოვეს, რათა იოანეს უკან დაბრუნების სურვილი აღარ ჰქონოდა.

იოანემ თავისი ცხოვრების ბოლო წლები, 1801 წლიდან 1830 წლამდე რუსეთში გაატარა. აქ მან მთელი თავისი ცხოვრება საქართველოსთვის სასარგებლო, საგანმანათლებლო საქმიანობას მიუძღვნა. ამისათვის სპეციალურად შეისწავლა რამოდენიმე უცხო ენა.

იოანეს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე შეუდგენია თავისი ნათარგმნი შრომების სია რომელიც ასე გამოიყერება:

“ექვსი ტომი ლექსიკონი რუსული და ქართული, კონდილიაკის “ლოღიკა”, ინგლისური ზნეთსწავლება (შოტლანდიელი ფილოსოფოსის ფერგიუსონის ნაშრომი “ზნეობითი ფილოსოფიის მოძღვრება”_ თ.პ.), საღმთო და საერო თანამდებობის წიგნი, ორი ტომი საზოგადო ისტორია, ენციკლოპედიური გვარი წიგნი, ვიდრე სხვადასხვა ჰსწავლათა ორასამდინ სწავლა, იკონოლოღია, შემოკლებული დავითნის განმარტება, დოდოს ანგელიელის პასტორის განსახვა, არიხმეტიკა, ლოგარითმა, ღეომეტრია, მტერეომეტრია, ღონგიმეტრია, პლანომეტრია, ტრიღონომეტრია, ვიშეღეომეტრია, ფორთეფიკაცია, არხიდექტურა, არტელერია, ტაკტა, სამკურნალო წიგნი, ბოდანიკა, ნატურალური ისტორია, ევდუქსია, და სხვანიცა” _ აღსანიშნავია ,რომ ეს სია სრული არ არის.

ზოგი ნამუშევარი უშუალოდ იოანეს არ უთარგმნია, მაგრამ მისი დავალებით, როგორც ბიოლოგიის და სხვა მეცნიერებების კარგი მცოდნის მონაწილეობით და რედაქტორობით ითარგმნა. ასეთებიდან აღსანიშნავია საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი.

იოანე ბაგრატიონი პეტერბურგში მოღვაწე ქართველ მოწინავე პიროვნებათა ჯგუფს
ხელმძღვანელობდა. ქართული კოლონიის სულისჩამდგმელად ითვლებოდა.

იოანემ დიდი წვლილი შეიტანა მედიცინაში.შეადგინა სამედიცინო ლექსიკონი, თარგმნა სამკურნალო კარაბადინი და თავადაც დაამატა ბევრი რამ. შეადგინა სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონი, 274 გვერდიანი “სამკურნალო წიგნი”, რომელშიც გარდა ავადმყოფობათა აღწერისა მოცემულია რეცეპტურა და წამლის დამზადების წესები.

იოანე ხელოვანიც იყო. გამოსცა “მუსიკალური სახელმღძვანელო”. იყო მხატვარიც, პოეტიც, თარგმნიდა ლექსებს. ათარგმნინა გერმანელი მხატვრის იოანე პრეისლერის ხაზვა-ხატვის შემსწავლელი სახელმძვანელო. მიუხედავად იმისა, რომ იოანე მართმადიდებელი ქრისტიანი იყო, მაინც თარგმნა ვოლტერის ლექსები.

რაც შეეხება “კალმასობას”, ეს ნაწარმოები ალ. ბარამიძის სიტყვებით, “ძველი ქართული მწერლობის უკანასკნელი და ახალი ქართული მწერლობის პირველი თვალსაჩინო ძეგლია.”

“ხუმარსწავლა” ანუ “კალმასობა” მეთვრამეტე – მეცხრამეტე საუკუნეთა მიჯნაზე თანამედროვე ქართული საზოგადოების საკმაოდ ნათელ სურათს წარმოადგენს”_ ბრძანებს შალვა ნუცუბიძე.

თხზულება ენციკლოპედიური ხასითისაა, კითხვა – პასუხის სახით, იუმორთან შეზავებით უზარმაზარი ენციკლოპედიური მასალაა მოცემული მეცნიერების ყველა დარგიდან. მათ შორის აღწერს თუ რა საგნების ცოდნა სჭირდება ექიმს, გვაწვდის სამოცამდე ქვეყნის ისტორიულ თუ გეოგრაფიულ მონაცემს.

როგორც “სჯულდება” ისე “ხუმარსწავლა” ანუ “კალმასობა” ცალკე განხილვის სერიოზული თემაა და უაღრესად საინტერესო ქმნილებებია.

სამშობლოდან მოშორებული იოანე, ისევე, როგორც მისი ძმები, ცდილობდა, ცხოვრების თითეული წუთი სამშობლოს სასარგებლოდ გამოეყენებინა.

თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში, თავის ქვეყანას მონატრებულმა იოანემ, როდესაც ენციკლოპედიაზე დაამთავრა მუშაობა, მანამდე არაერთხელ გამოთქმული აზრი წინასიტყვაობაში კიდევ ერთხელ მოგვაწოდა _ “სიყვარულისა და ერთგულებისა გამო მამულისა ჩუენისა ვიძულე ხელ-ხებად წიგნისა ამისა”.

დარწმუნებულმა, რომ ნანატრ სამშობლოს ვეღარასდროს იხილავდა გამოთქვა დიდი სურვილი, რათა საქართველოში არ დავიწყებოდათ მისი პიროვნება, ხოლო მის ნაშრომებს, მის ქვეყანაში გაეცნობოდნენ, გამოიყენებდნენ _ “საქართველოს შინა მოსწავლენი არა უგულებელს ჰყოფენ და ამით ვიქნები მათგან დაუვიწყებელ.”

იოანე 1830 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია პეტერბურგში. Aიმავე წელს გარდაიცვალა მისი ვაჟი გრიგოლი, რომელიც კახეთის 1812 წლის აჯანყების აქტიური მონაწილე იყო. Gგრიგოლის შთამომავლები ბაგრატიონ-გრუზინსკის გვარს ატარებდნენ.

ლიტერატურა:

  • ბარამიძე ალ., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან,თბ.,2003.
  • გვახარია ვ., ქართულ მუსიკალურ სისტემათა განვითარება, თბ., 1962.
  • იოსელიანი პლ., ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, თბ., 1991.
  • მიქაძე გ., იოანე ბატონიშვილის ნათარგმნი შრომების სია, საქ, ი.ჭავჭავაძის სახ. მწიგნობართა ასოციაციის ალმანახი “მწიგნობარი”, თბ., 1999.
  • ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია,ტ.II, თბ., 1958.
  • სააკაშვილი მ., გელაშვილი ა., საქართველოს მედიცინეს ისტორია,თბ., 1956.
  • პეტრიაშვილი თ., კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა,თბ., 2006.
  • ქუთათელაძე ლ., დავით და იოანე ბატონიშვილების ლექსიკოგრაფიული ნაშრომები. თბ.,1967.
  • შენგელია მ., ქართული მედიცინეს ისტორია. თბ., 1970.

თეიმურაზ პეტრიაშვილი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button