განხილვალიტერატურაწიგნები

Childhood’s End – არტურ კლარკი

ბავშვობის დასასრული ალბათ სწორი თარგმანია ქართულ ენაზე. მაგრამ მეწვრილმანეობას თავი დავანებოთ და საქმის არსზე გადავიდეთ. წინ გელით მსუბუქი სპოილერები, რომლებიც წიგნის წაკითხვის ბედნიერებას, გარწმუნებთ, მაინც არ მოგაკლებთ.
ძირითადი სიუჟეტი არის ის, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტელების შემოსევაა. (მე-20 საუკუნის ბოლო) არ გეგონოთ ბოროტი მიზანი გააჩნდეთ მათ და მავნებლობას აპირებდნენ დედამიწაზე. ისინი უფრო თავიანთი სიკეთით უღებენ ბოლოს კაცობრიობას. მათ წიგნში ჰქვიათ ,,overlords” ანუ უმაღლესი მმართველები იქნება ალბათ სწორი, მაგრამ მოდი დავტოვოთ ტერმინი ოვერლორდი. მათი უპირველესი მიზანია განაიარაღონ კაცობრიობა და ცივი ომის რკინის ფარდის გალღობა მოახდინონ. ცივი ომი ვახსენე და ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ნამდვილად არ გახლავთ. წიგნის პირველი რამდენიმე ფურცელი ეძღვნება იმას, თუ როგორ ეჯიბრება ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს კოსმოსში მოგზაურობაში. მხოლოდ ამ ნაცნობი მოვლენების წაითხვის შემდეგ გადავდივართ სულ სხვა განზომილებაში, სადაც დედამიწის დალოცვილ ცაზე მფრინავი თეფშები მფარველი ანგელოზებით ადგანან დიდი ქალაქებს თავზე.

ოვერლორდები მიზანს ადვილად მიაღწევენ, საბოლოოდ დედამიწაზე დაისადგურა სიმშვიდემ, კეთილდღეობამ, აღარ არის ომები, შიმშილი, ეპიდემიები და ა.შ. უტოპია დამყარდა მოკლედ!   
ტექსტში იყო ბევრი პოლიტიკური ქვეტექსტი. კომუნისტები v. შტატები: ოვერლორდები ისე ჩადგნენ მათ შორის გეგონება რკინის ფარდის ფუნქცია შეითავსესო. ადამიანს აეკრძალა განვითარება, კულტურის შექმნა. სამაგიეროდ მიიღო მსოფლიო მშვიდობა, ჰარმონია, ფული და საჭმელი. დანაშაული აღარ ხდება. ამის პარალელურად კაცობრიობის გონი დაჩლუნგდა, ახალი არაფერი იქმნება, ყველა მატერიალური სიკეთე ხელმისაწვდომია. კულტურული განვითარება თითქოს გამყინვარების ეპოქაში მოხვდა. სამუშაოსაც კი რობოტები ასრულებენ.
ოვერლორდების შემოსვლა ტიპიური კოლონიალიზმია. როგორც ინგლისი-ინდოეთი და ა.შ. დადებითი მხარე ამასაც აქვს ორი აზრი არ არის. კოლონია ვითარდება ძლევამოსილი კოლონიზატორის წყალობით. შედის ახალი ტექნოლოგიები, საყოფაცხოვრებო ნივთები, კულტურაც კი. მაგრამ არის კი ეს სასრუველი? ანუ ის რომ განვითარებაში გეხმარება გარედან მოსული ტიპი, რომელიც თავის წესებს გახვევს თავზე. რა თქმა უნდა არა. სჯობს ყველაფერმა თავის წვენში იდუღოს და საზოგადოებას დავუტოვოთ თვითგამორკვევის იდეა. აი ეს აკლდა ოვერლორდებს. მათ სიკეთით და სათნოებით გააჩანაგეს ადამიანის ინდივიდუალიზმი. მთავარი კითხვა, რომელიც ნაწარმოებში ისმის: რა არის თავისუფლება შეცდომების დაშვების თავისუფლების გარეშე?
როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის მამებს სჩვევიათ, კლარკმა ბევრი მოვლენები იწინასწარმეტყველა თავისი ნაწარმოებებით, რომელთა ნაწილიც გამართლდა, ნაწილიც შორეულ ოცნებად რჩება.(მაგალითად: უცხოპლანეტელების არსებობა) რაც ნამდვილად უცხო მოეჩვენობოდა იმ დროის მკითხველს ეს იქნებოდა ნაწარმოებში წარმოჩენილი ქალთა თანასწორობა, სექსუალური თავისუფლება, სექსუალური უმცირესობების არსებობა. (მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ ტიპები არ გვყავს ნაწარმოებში საკმაოდ გავრცელებულია მრავალპარტნიორული ურთიერთობები).
აღსანიშნავია, რომ კოსმოსში მოგზაურობის ფენომენი განყენებული არის ადამიანური რასისგან. ოვერლორდები, რა თქმა უნდა, დაფრინავენ დროსა და სივრცეში, მაგრამ ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება დატოვონ დედამიწა. The Stars are not for man…
ნაწარმოების გმირებს რაც შეეხება. გმირების დეტალებში აღწერა და მათი მკითხველისთვის შეყვარება კლარკს ნამდვილად არ ახასიათებს. ,,მთავარი გმირის“ ფენომენი აქ არ არსებობს. მთავარი გმირი, ალბათ, თავად დედამიწაა, უფრო სწორად კაცობრიობა გახლავთ.
ნაწარმოები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისგან. მთელი წიგნის მანძილზე ვერ გაიგებთ სათაურის შინაარსს, რა შუაშია ბავშვობის დასასრული? მაგრამ ბოლო თავები ყველა კითხვას პასუხს სცემს. ათბალიანი შეფასების სიტემიდან თავისუფლად დავუწერდი 6-7 ქულას.

ავტორი: ომარ ნოე წერეთელი

Source
ომარ ნოე წერეთელი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button