საინტერესოფილოსოფია

პლატონი და იდეალურ ფორმათა სამყარო

პლატონი(ძვ. წ. 429-347) ერთ-ერთი უდიდეის ფილოსოფოსია ძველი ფილოსოფიის ისტორიაში. ის დაიბადა ათენში. მისი ნამდვილი სახელია არისტოკლე.”პლატონი” კი ზეწოდებაა, რაც ფართოს ნიშნავს. მას არისტოკრატიული წარმოშობა ჰქონდა. ათენის ბოლო მეფე იყო პლატონის უშუალო წინაპარი.

პლატონი ბევრს მოგზაურობდა. ისცილიაში ყოფნისას ტირანმა დიონისე უფროსმა ის მონათა ბაზარში გააგზავნა გასაყიდად, თუმცა მონობიდან მისმა მეგობარმა ანიკერისმა იხსნა. ამის შემდეგ ის დაბრუნდა ათენში და დაარსა სკოლა ’’აკადემიის” სახელწოდებით, რომელსაც სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა.

პლატონის მასწავლებელი იყო ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი სოკრატე. თავად კი არისტოტელეს მასწავლებელი გახლდათ. მასზე დიდი გავლენა მოახდინა სოკრატემ და მისი დიალოგების მთავარ პერსონაჟადაც კი იქცა. ის ან უშუალოდ იღებდა მის ნააზრევს, ან აღრმავებდა მას.

არისტოტელე მკაცრად უპირისპირდებოდა პლატონს და ხშირადაც აკრიტიკებდა კიდეც, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მოსწავლე-მასწავლებლის პირადი ურთიერთობისთვის.

პლატონის დიალოგებში მკაფიოდ იგრძნობა სოკრატეს გაიდიალება. იგი დიალოგებში ყოველთვის იმარჯვებს, ხოლო მისი მოპაექრე სოფისტები, რომლებსაც პლატონი მკაცრად და დაუნდობლად აკრიტიკებდა, არა მარტო დამარცხებულნი, არამედ საკმაოდ დამცირებულნიც კი გამოდიან.

პლატონის შრომები მისი 50-წლიანი მოღვაწეობის ნაყოფია. მას ეკუთვნის: ”სოკრატეს აპოლოგია”, 35 დიალოგი, 13 წერილი და 25 ეპიგრამა. მისი უკვდავი ფილოსოფიური და ლიტერატურული შემოქმედება მთელი კაცობრიობის კუთვნილებად ითვლება. ის არასოდეს კარგავს აქტუალობას და ხშორად ხდება დავის საგნად. დიდია მისი გავლენა ცხოვრებისა და აზროვნების ყველა სფეროში. ის იქცა კაცობრიობის მარადიულ პრობლემად, რომელიც გამუდმებით ახლდება და ღრმავდება.

როგორც ვახსენე, პლატონის მოძღვრების მთავარი საკვანძო საკითხია იდეათა სამყარო. მისი აზრით, ყველაფერი ფიზიკური, რაც კი ფიზიკურ სამყაროში არსებობს მოძრავი და წარმავალია, თუმცა ყველაფერი შექმნილია მარადიულ-უცვლელი ’ყალიბებისაგან’. ხოლო ყველაფერი უცვლელი და მარადიული უკვე აღარ არის ფიზიკური სამყაროს ნაწილი. ამდენად, პლატონმა დაასკვნა, რომ ფიზიკურის გარდა არსებობს რაღაც სხვა სამყარო. ამ სხვა სამყაროს კი მან იდეების სამყარო უწოდა, სადაც არსებობს მარადიული და უცვლელი ’ყალიბები’. ამ ’ყალიბებს’ კი იდეები უწოდა.

მისი აზრით, საგანთა ყველა გვარს აქვს თავისი იდეა. მაგალითად, ადამიანს აქვს ადამიანობის იდეა, ცხენს-ცხენობის და ა.შ. იგი საგანთაგან დამოუკიდებლად, დროსა და სივრცის მიღმა არსებობს იდეათა სამყაროში. ფიზიკურ სამყაროში არსებული საგნები და ობიექტები კი ასლებია იდეათა სამყაროში არსებული საგნებისა. იდეათა სამყაროს საგნები იდეალურია, ხოლო ფიზიკური სამყაროს ობიექტები მხოლოდ მიახლოებით შეესაბამებიან იდეათა სამყაროში არსებულ ობიექტებს. ისინი ისწრაფიან სრულყოფილი იდეებისკენ, მაგრამ ვერასოდეს აღწევენ მას.

პლატონი იდეას თვლის მრავალი საგნის საერთო თვისებად. ამ გამაერთიანებელს ის ”იედოსს” უწოდებს. იდეების სამყაროს წვდომა გონებით შეიძლება. მხოლოდ ეს გვაძლევს მათზე ჭეშმარიტ ცოდნას. ხოლო ფიზიკური სამყაროს ობიექტებს გრძნობით ვწვდებით. ამრიგად, იდეები აზროვნების ობიექტია, ფიზიკური სამყაროს საგნები კი-გრძნობისა. ყოველი ამქვეყნიური ცოდნა კი იმქვეყნიურის მხოლოდ ანარეკლია. იდეა არის არა საგანი, არამედ გონების გამაერთიანებელი მეთოდი. პლატონი ფიქრობდა, რომ ვერასოდეს გვექნებოდა ჭეშმარიტი ცოდნა იმის შესახებ, რაც მოძრაობაშია. მისი აზრით ცოდნა მდგრად ობიექტს მოითხოვს. ამიტომ ის იდეებს უძრავად მიიჩნებდა, რითაც არისტოტელეს კრიტიკა დაიმსახურა. უძრავი იდეები არ შეიძლებოდა ყოფილიყო არსთა მოძრაობისა და არსებობის მიზეზი. ამიტომ შემდეგ საკუთარი შეხედულება უარყო და აღიარა, რომ მხოლოდ სიკეთის იდეაა უმოძრაო. სხვა ყველა დანარჩენი კი მუდმივ მოძრაობაშია. ამით მოსპო იდეების უძრაობიდან გამომდინარე თავისთავადობისა და მუდმივობის თვისებაც.

მისთვის სიკეთის იდეა უმაღლესი ჭეშმარიტებაა. იგი საბოლოო მიზანია, რომელიც ამოძრავებს, აერთიანებს და ააწესრიგებს ყველაფერს. მისკენ საყოველთაო მისწრაფებას კი მან სიყვარული უწოდა. იდეების სამყაროს არსებობა მჭიდროდ უკავშირდება სულის უკვდავების რწმენას. პლატონი მიიჩნევდა, რომ სული მარადიულია. ის ადამიანის დაბადებამდე არსებობს იდეათა სამყაროში. ფიზიკური სამყარო კი მისი დროებითი სამყოფელია. სხეულის სიკვდილის შემდეგ სული უბრუნდება იდეების სამყაროს და განაგრძობს ცხოვრებას. მისი აზრით, სულს აქ არ შეუძლია ჭეშმარიტი ცოდნის მიღება, რადგან აქ არ არსებობს ამ ცოდნის წარმომშობი საგნები. ამიტომაც მან წამოაყენა ანამნეზიის თეორია. ანამნეზიის თეორიის თანახმად იდეათა სამყაროში საგნების იდეებთან ერთად არსებობს სულიც. სული ხედავს იდეებს და იცის მათ შესახებ. მაგრამ როგორც კი ადამიანის სხეულში ჩასახლდება ყველაფერი ავიწყდება. შემდეგ კი თანდათან ხდება მათი გახსენება. არ შეიძლება ცოდნის გარედან შეტანა. ყოველ ნამდვილ ცოდნას ადამიანი დაბადებამდე ეუფლება.

ამრიგად, პლატონის აზრით ადამიანი დუალური არსებაა. მას აქვს სხეული და მარადიული სული. სულს კი შეუძლია უჭვრიტოს იდეების სამყაროს. იდეების სამყაროს არსებობა აუცილებელია. ის პლატონმა შემეცნების პროცესის გასაადვილებლად შექმნა. მას საგნების მრავალგვარობაში წესრიგის შეტანის ფუნქცია დააკისრა. საგნების მრავალგვარობა ართულებს მათ შემეცნებას. ამ პრობლემის გადჭრა კი მხოლოდ იდეებს შეუძლია, რადგან იდეები წარმოადგენენ საგნების გამაერთიანებელს.

გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტული წყაროები:

1.მერი ჭელიძე ”ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერების სათავეებთან (პლატონი, არისტოტელე)”, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1982 (გვ. 40)

2. თამარ კუკავა ”ბერძნული ფილოსოფიის ისტორია”, განათლება, თბილისი-1988 ( წიგნი1, გვ. 276-355)

3. პლატონი ”იონი, დიდი ჰიპია, მენონი”, ნაკადული, თბილისი-1974 (გვ.5-8)

4. ”ქართული საბჭოთა ენციკლოპედია” თბილისი-1983 (ტომი 8 გვ. 103-104)

5. http://www.ucnauri.com/07/01/2010/პლატონი – See more at: http://blogger.ge/post/2810#sthash.e3qlRO1l.dpuf

jacob. 17.07.2012 13:05

წყარო: http://blogger.ge

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button