ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – მგელი

იყო, და არა იყო რა, იყო ერთი მგელი. ტოტია ერქვა იმ მგელს, ვაჟა-ფშაველას “ამოდის, ნათდებაში” ტოტია მგელი რომ იყო და თავისივე მოძმეებმა რომ შეჭამეს, აი, იმისი შვილთაშვილი. დიდი პაპის საპატივცემულოდ დაარქვეს ეს სახელი. ხოდა, ტოტია დღე დაძუნძულებდა და საჭმელს ეძებდა, თუ ვერ იშოვნიდა, საღამოს ჩაიყუნცებოდა მთის წვერზე და მთელი ღამე გულამოსკვნით ყმუოდა, განსაკუთრებით მთვარიან ღამეს, და, უფრო განსაკუთრებით, სავსე მთვარის დროს, რადგან სავსე მთვარეზე ჩაქაფული ახსენდებოდა. რატომ ჩაქაფული? – ძალიან უყვარდა და იმიტომ! ისე, ჩაქაფული ბატკნის დანახვაზეც ახსენდებოდა.


ამერიკელმა ფსიქოლოგმა, აბრაჰამ მასლოუმ, ეგრეთ წოდებული, “ადამიანის მოთხოვნილებების პირამიდა” შექმნა, რომელიც ხუთი დონისაგან შედგება. ამ “პირამიდაში” მან დონეების მიხედვით დაალაგა ადამიანის მოთხოვნილებები – ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებედან – პიროვნულ, სულიერ და შემეცნებით მოთხოვნილებებამდე.
დონე პირველი – ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები – თანდაყოლილი და ნიშანდობლივია ყველა ადამიანისთვის, ასეთ მოთხოვნილებებში შედის საკვები, წყალი, ბინა, სექსი.


ხოდა, ერთ დღეს, მართლაც, დაინახა ქვევით, მინდორზე ბატკანი ძოვდა. თავისით აენთო თვალები, აღრჭიალდა კბილები, მგლის მუხლი ჩაუდგა და დაღმართში ჩაძუნძულდა. რადგან იქ მდინარე არ იყო, არ უთქვამს ბატკნისთვის: – “აქ რატომა სვამ წყალსაო!”, პირდაპირ მოიგდო ზურგზე და თავის ბუნაგში მიაძუნძულა. იმ ღამით არ უყმუვლია. არც მეორე ღამით უყმუვლია. მესამე დღეს, ისევ იმ მინდორს გადახედა. ისევ დაინახა ბატკანი, ისევ გაახსენდა ჩაქაფული, ისევ ჩაძუნძულდა, ისევ უბოდიშოდ მოიგდო ზურგზე და წამოიყვანა. ბატკანმა უთხრა:
– წესი არ იცი? ჩემთვის, შარი მაინც მოგედოო! – მაგრამ მგელმა უპასუხა:
– ახლა სხვა დროაო! – ასე გაგრძელდა რამდენიმე ხანს.
ბუნაგში ცხოვრობდა. საჭმელი ჰქონდა. წყარო ბუნაგის უკან მორაკრაკებდა. სხვა რაღა უნდოდა? – ცოლი უნდოდა! ხოდა, მოიყვანა. მის წინაპარ ტოტიას, თავში ტორი რომ ჩაჰკრა, აი, იმისი შვილთაშვილი – კლარა. დაფიქრდა ტოტია:
– აღარ მშიაო, აღარც მწყურიაო, აღარც მცივაო, აღარც საროსკიპოებში დავეხეტებიო, მაგრამ ეს ფარა როდემდე იქნება მინდორზეო? – და შიმშილის გახსენებაზე, ტანში გასცრა.


დონე მეორე – უსაფრთხოების დაცვის და წესრიგის მოთხონილებები – ჩნდება მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილებულია ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები.


– ცხვრის ფარა უნდა მოვაშენოო! – გადაწყვიტა.
– ამას რა დასჭირდებაო?
– დედალი და მამალი ცხვარიო! – ჩავიდა მინდორზე და ამოიყვანა დედალი და მამალი ცხვარი.
– აბა, თუ გინდათ, რომ არ შეგჭამოთ, გამრავლდითო!
– მაგას სიყვარულობა სჭირდებაო! – უპასუხეს ცხვრებმა.
– მერე, ვინ გიშლით, ისიყვარულეთო!
– შენ რომ გიყურებ, ვერ ვსიყვარულობო! – უპასუხა მამალმა ცხვარმა.
– ოხ, შე ასეთო და ისეთოო! – ადგა და შეჭამა. სხვა მამალი ცხვარი ამოიყვანა. ვერც იმან ივარგა. დაღონდა ტოტია, დანა პირს არ უხსნიდა.
– კაცო, ბატკნები ამოიყვანე, გავზარდოთ, შეგვეჩვევიან და ჩვენი აღარ შეეშინდებათო! – თავისი აზრი გამოთქვა კლარამ.
– ყოჩაღ, დედაკაცოო! – ჩავიდა და ამოიყვანა დედალ- მამალი ბატკანი. შვილივით ზრდიდნენ, ცივ ნიავს არ აკარებდნენ. ბატკნებიც, ტოტიას და კლარას – “დედას” და “მამას” ეძახდნენ. გაიზარდნენ, დუმები დაიკიდეს. მართალია, ტოტიას მათ დანახვაზე ჩაქაფული ახსენდებოდა, ნერწყვი მოსდიოდა, სიმწრისგან ბალანს იგლეჯდა და ცოტა ხანში ბალანი მარტო თავზე, სახეზე, იღლიებში და სარცხვენელის ზემოთ შემორჩა, მაგრამ ცხვრის ფარის გაშენების სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ითმენდა.
ცხვრები, მალე განევრცნენ და სიყვარული გაამეფეს. ორი – ოთხად გდაიქცა, ოთხი – რვად, რვა – ფარად. დარბოდა მათ შორის ტოტია, მაგრამ ფარას თავში რომ მივიდოდა, ბოლოს ვეღარა ხედავდა. ადგა, და ფეხზე წამოდგა. უკვე მთლიანად აკონტროლებდა ფარას. დაიწყო ორ ფეხზე სიარული.
– ფარას გარშემო უნდა შემოვუღობოო! – გაიფიქრა. წავიდა ღობისთვის ტოტების მოსატანად. დაამტვრია ტოტები, მიიტანა ბუნაგთან და დაიწყო შემოღობვა. დაიხედა და წინა თათების მაგივრად, თითები ჰქონდა გამოსული. ახლა, ცხვარს წყალი სჭირდებოდა. ბუნაგის უკან წყარო რომ იყო, არხი გაუჭრა, ეზოზე გამოატარა და დააგუბა. გუბეში ჩახედა თავის თავს – ცხვირი და ყურები დაპატარავებოდა, მხოლოდ თვალები ელავდნენ ძველებურად, მგლურად.
ამასობაში შემოდგომა მოვიდა. ბუნაგში ქარი შემოიჭრა. აიღო ტოტიამ ტოტები, ზედ ცხვრის ტყავები გადააკრა და ბუნაგის შესასვლელში კარად ჩამოჰკიდა. გააღებდა კარს, გამოვიდოდა ბუნაგიდან და კარს კუდით მიკეტავდა. ერთხელაც, მოუქნია კუდი, მაგრამ კარი არ დაიკეტა. დაიხედა და კუდი აღარა ჰქონდა.
ზამთარიც დადგა. ეზოში ვეღარ გამოდიოდა, სციოდა. აიღო ცხვრის ტყავები და ტანსაცმელი შეიკერა. გუბეში რომ ჩაიხედა, იქიდან ადამიანი შემოჰყურებდა.


დონე მესამე – სოციალური მოთხოვნილებები – მეგობრობის, სამსახურის, სიყვარულის, ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია უსაფრთხოების მოთხოვნილებები.


– კლარა, მეყოფა მგლური ცხოვრება, ქალაქში უნდა ჩავიდეო! – უთხრა ტოტიამ ცოლს. გაიგდო წინ ერთი ცხვარი და გაუდგა ქალაქის გზას. ქალაქში ბევრი ნახა თავისნაირი. ბაზარს მიაგნო. ცხვარი გაყიდა. იმ ფულით ორი საბანი და ბალიში იყიდა და ბუნაგში აიტანა. ღამით თბილად ეძინათ. ყოველ კვირას ჩადიოდა ტოტია ქალაქს, ივაჭრებდა და ამოდიოდა. ტანსაცმელი იყიდა, მეცხვარეთა გაერთიანებაში მიიღეს. ოტია მგელაძედ ჩაეწერა. გაერთიანების წევრები “ლეგა ოტიას” ეძახდნენ, რადგან ტანსაცმელი მუქი რუხი ფერის ეცვა. მიდგა-მოდგა ოტია, მეგობრები გაიჩინა, ქალებში დაიწყო სიარული. კლარასთან ჯერ მოვალეობის გამო წვებოდა, მერე სულ აღარ დაწვა, და ბოლოს, ოჯახში კვირაში ერთხელ ადიოდა, ცხვრების ქალაქში გამოსარეკად. ერთი ქალი შეუყვარდა – რესტორნის მზარეული ანჟელა. ღამით იმასთან რჩებოდა. ყოველდღე ძმაკაცებში ქეიფობდა, სუფრიდან სუფრაზე გადადიოდა. რაც მთავარია, ჩაქაფულს არ იკლებდა.


დონე მეოთხე – თავმოყვარეობა – იმისათვის, რომ ადამიანს გაუჩნდეს პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება, რომელიც თავის თავში გულისხმობს განსაზღვრულ სათანადო სოციალურ სტატუსამდე და დამოუკიდებელ ქმედებებამდე მიღწევას, სოციალური მოთხოვნილებები უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული.


ჩამორეკა და ჩამორეკა ცხვრები, ყიდა და ყიდა, იქეიფა და სხვებიც აქეიფა. “რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია”-ო – დევიზად გაიხადა. პატივისცემა გასცა და პატივისცემა მიიღო. ბატონ ოტიას ეძახნენ, მოქალაქეები ფეხზე უდგებოდნენ. ზოგი ბაძავდა, ზოგს შურდა, ზოგიც მტრობდა. მფარველები გაიჩინა ზედა ეშელონებში. ანჟელა მაგის ტოლი და სწორი აღარ იყო და მიატოვა. ცოლი მოიყვანა – მანეკენი თამუნა. საცხოვრებლად მასთან გადავიდა. მანეკენ თამუნას მეტი ფული სჭირდებოდა, ვიდრე მზარეულ ანჟელას. უფრო მეტი ჩამორეკა ცხვრები. უფრო მეტი გაყიდა. მეტი ფული აიღო. მეტიც დახარჯა: – ცოლის კაბებიო, პოდიუმებიო, პარიკმახერიო, მაკიაჟიო, მანიკიურიო, პედიკიურიო, საღამოებიო, საჩუქრებიო, ქეიფებიო. ბატონი ოტია მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. თვალები მიენაბა, აღარ აკვესებდა. მგლური მარტო ის დარჩა, რომ სიგარის მოსაკიდებლად, სანთებელას ანთებისას კრთებოდა და ცეცხლს თვალს არიდებდა. ხო, დამავიწყდა, სიგარის მოწევა დაიწყო. ჩაქაფულს აღარ მიირთმევდა, ყელში ამოუვიდა და თან ნაღვლის ბუშტსაც უღიზიანებდა. “ფუაგრა” შეუყვარდა “ტრიუფელით”, და კიდევ -“ვაშლის შტრუდელი”.


დონე მეხუთე – თვითრეალიზაცია – თავმოყვარეობის დაკმაყოფილებისას, ადამიანში ჩნდება თვითაქტუალიზაციის, თვითგამოხატვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მოთხოვნილება.


დაიწყო ქალაქის მერის არჩევნები.
– მერი შენ თუ არ იქნები, აბა, სხვა ვინ უნდა იყოსო?! – ურჩიეს კეთილისმყოფელებმა. დაიწყო არჩევნებისთვის მზადება. ბუნაგში, თვითონ აღარ წავიდა, სად ეცალა? კაცი გაგზავნა
– ტყეში ადი, მგლის ბუნაგში, მგელი ნახე, კლარა ჰქვია, ჩემი ვალი აქვს, გამოართვი ცხვრები და ჩამორეკეო! – ჩამოარეკინა ცხვრები, ჩააბარებინა, ფული აიღო, პარტია შექმნა, ხალხს შეხვდა, სახურავები გადაუხურა, გზები დააგო, ტელევიზიით გამოვიდა, პრესამ გააშუქა, ზოგი მოისყიდა, ზოგს დაემუქრა და გაიმარჯვა.
სულის ცხონებაზე დაიწყო ფიქრი, ეკლესიაში ლოცულობდა, სალოცავი ააშენა, უმწეოებს ეხმარებოდა. ასე გაიარა ოთხმა წელმა.


ელოდა, ელოდა კლარა ტოტიას, ბევრი ელოდა, თუ ცოტა ელოდა, ადგა და ქალაქში, ქმრის საძებნელად წამოვიდა. ქალაქის შესასვლელში იმსხვერპლა მცველის ტყვიამ. სანაგვეზე მოისროლეს, ხევში.
მოვიდა ახალი არჩევნები. გაგზავნა, ბატონმა ოტიამ, კაცი ცხვრების ჩამოსარეკად.
– ის ბუნაგი ვნახე, მაგრამ იქ არც კლარა იყო და არც ცხვრებიო!
– როგორო! – გაიქცა თვითონ, მაგრამ ყველაფერი გაპარტახებული დახვდა. ვეღარ დააგო გზები, ვეღარ გადახურა სახურავები, ვეღარ მოისყიდა ხალხი და არჩევნები წააგო.
სახლში მივიდა,
– ღარიბი და მათხოვარი რაში მჭირდებიო! – სახლიდან გამოაგდო თამუნამ. ანჟელასთან აღარ მისულა, იცოდა, რომ არ მიიღებდა. მეგობრებს ჩამოუარა, ყველამ ცხვირი აუბზუა. სხვა რა გზა ჰქონდა, თავის ბუნაგში მიძუნძულდა. სამი დღე გარეთ ვერ გამოდიოდა, სანამ ბალანი ამოუვიდოდა. მესამე დღეს მშიერი გამოლასლასდა, მთის წვერზე ჩაიყუნცა და სავსე მთვარეს გულამოსკვნილმა შეჰყმუვლა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button