ისტორია

თეიმურაზ პეტრიაშვილი – ერეკლე მეორის შვილები

ერეკლე მეორის შვილებზე ძნელია მოიძებნოს მასალა, რომელიც მათ შესახებ, ერთიან, ზუსტ მონაცემებს მოიცავს, თუმცა სხვადასხვა ავტორებზე (ქრისტეფორე კეჟერაშვილი–ბადრიძე, ი. მეგრელიძე, ნ.შოშიტაშვილი – რომლის ჩამონათვალიც შედარებით სრულყოფილია) დაყრდნობით შეჯერებული სია უფრო ზუსტი უნდა იყოს:

ერეკლეს პირველ მეუღლედ ისტორიკოსები უფრო ხშირად ქეთევან ვახტანგის ასულ ყაფლანიშვილ–ორბელიანს მოიხსენიებენ, მაგრამ არის სხვა, არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება, კერძოდ მამისა ბერძნიშვილი სხვადასხვა ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით, რომელთაგანაც, ალბათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ვახუშტი ბატონიშვილია, წერს, რომ “ქეთევან ყაფლანიშვილის ქალზე ერეკლეს არ უქორწინია… და ის მონაზვნად შემდგარა…” მ. ბერძნიშვილი ეყრდნობა ვახუშტის სიტყვებს, რომელიც აღნიშნავს, რომ ერეკლეს “მოგუარეს ცოლად ასული ვახტანგ ყაფლანიშვილისა, გარნა მიზეზითა განუტევა იგი და მოიყვანა იმერეთიდამ ასული ზაალ ფხეიძისა (ზოგიერთი წყაროს მიხედვით გიორგი მხეიძე) და იქორწინა მას თანა”.

ძნელია დაზუსტება რომელია ფაქტია სწორი, მაგრამ პირველი ცოლისაგან ერეკლეს სამი შვილი ჰყოლია – რუსუდანი, ვახტანგი (ვახტანგ კარგი), და ერთი ადრე გარდაცვლილი (ზოგი მონაცემით ორი ახლადგარდაცვლილი). სახელები უცნობია.

მეორე მეუღლე ანა ზაალის ასული აბაშიძე იყო. მასთან ერეკლეს ჰყავდა გიორგი –ტახტის მემკვიდრე და თამარი.

ერეკლე II-ს მეუღლე დარეჯან დედოფალი

დარეჯან ოტიას ასული დადიანი ერეკლეს მესამე მეუღლე გახლდათ. მისი შვილებია:

ელენე, მარიამი, ლევანი(ლეონი), სოფიო, იულონი, სალომე, ვახტანგი(ალმასხანი), თეიმურაზი (შემდგომში კათალიკოსი ანტონ მეორე), სოსლან დავითი, არჩილი და ასლამაზ–ხანი (თუ ეს ორი სახელი ერთ პიროვნებას არ ერქვა. თ.პ.), ალექსანდრე, ქეთევანი, ფარნავაზი(ფარნაოზი), თეკლა, ეკატერინე, ლუარსაბი, მირიანი, ხორეშანი, ანასტასია.

ბევრი მათგანი ადრე გარდაიცვალა.

სიძეებიდან აღსანიშნავია – თამარის მეუღლე დავით ორბელიანი.ელენეს (სოლომონ მეორის დედა) პირველი მეუღლე – არჩილ ბაგრატიონი, სოლომონ პირველის ძმა. მეორე მეუღლე იყო ზაქარია ანდრონიკაშვილი. მარიამის მეუღლე – დავით ციციშვილი. ქეთევანის მეუღლე – იოანე მუხრან ბატონი. თეკლას მეუღლე – ვახტანგ ორბელიანი.

თეიმურაზ პეტრიაშვილი
მედიცინის მეცნ. დოქტორი, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button