ისტორია

ნინო ვაშაყმაძე – “საბჭოთა ხელისუფლების პირველი ეტაპი ქუთაისის მაზრაში”

XX საუკუნის პირველ მეოთხედში მსოფლიოს გლობალურ პოლიტიკაში მომხდარმა უმნიშვნელოვანესმა ცვლილებებმა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ახალი განლაგება, თამაშის ახალი წესები დაამკვიდრა. სამხრეთ კავკასია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული რეგიონი დიდ სახელმწიფოთა შორის ჭიდილისა, თუ პოლიკურ მანიპულაციათა ობიექტი გახდა. ეპოქისთვის ნიშანდობლივ ქარტეხილთა გადატანა ამ რეგიონის სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველის დემოკრატიულ რესპუბლიკასაც მოუხდა. რომანოვების იმპერიის დაშლისა და გადატანილი კრიზისების შემდეგ, უკვე ბოლშევიკურმა რუსეთმა თანმიმდევრულად შესძლო ტრადიციულ გავლენის სფეროთა აღდგენა და საქართველო კვლავ თავის პოლიტიკურ სივრცეს დაუბრუნა.

არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გამოკვლევები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წწ) დაპყრობას, უცხო ძალის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობას ეხება. ეს საკითხი, ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა კუთხით და საკმაოდ ფართო სპექტრით არის განხილული. აღნიშნული პროცესები ისტორიკოსთა ყურადღების ცენტრში არაერთგზის მოქცეულა და მრავალი გამოკვლევის თემა გამხდარა. ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთ კონკრეტულ რეგიონში, ქუთაისის მაზრაში ბოლშევიკური რუსეთის ჯარების შემოსვლის შემდეგ პოლიტიკური სისტემის შეცვლის პირველ დღეებში არსებულმა ვითარებამ, საოკუპაციო ჯარების ქმედებებმა და მათმა ურთიერთობამ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან – რევკომებთან, ასევე საყურადღებო იყო საზოგადოებაში არსებული განწყობა.

თბილისის დატოვების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ქუთაისში გადავიდა. ქართული ჯარების წინააღმდეგობას უპერსპექტივოდ ხდიდა მამისონის უღელტეხილიდან რიონის ხეობით ქუთაისისკენ დაძრული და აფხაზეთში სოხუმის მიმართულებით შეტევაზე გადასული რუსეთის ჯარების მოქმედება. ბრძოლების გაგრძელებას აძნელებდა თურქეთის მთავრობის ანტიქართული პოლიტიკაც. შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში არც სურამის ქედზე და არც ქუთაისის მისადგომებთან ბრძოლების გამართვას აზრი არ ჰქონდა [7, 84] ძალათა აშკარა უთანასწორობის პირობებში საქართველო განწირული იყო საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაში მოსაქცევად.
საქართველო-რუსეთის 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის მოვლენები ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ინტერპრეტირებული იყო წითელი არმიის მიერ ქართველ მშრომელთა დახმარებად, რომელიც “ხორციელდებოდა რამდენმიმე მიმართულებით. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა კავკასიის გადმოსასვლელები. ს. კიროვის უშუალო ხელმძღვანელობით იქნა ორგანიზებული 98-ე ბრიგადის 33-ე მსროლელი დივიზიის გადმოსვლა დარგ-კოხი მამისონის უღელტეხილით. კავკასიის გადმოსასვლელები დაფარული იყო ღრმა თოვლით. ცუდად ჩაცმულმა მებრძოლებმა მკაცრ კლიმატურ პირობებში გამოიჩინეს წარმოუდგენელი გმირობა და ბრწყინვალედ შეასრულეს დავალება. მამისონის უღელტეხილით გადმოსულმა წითელი ჯარის ნაწილებმა თითქმის უბრძოლველად დაიკავეს ონი, საჩხერე და ქუთაისი” [21, 201].

საბჭოთა პერიოდიკის მასალათა მიხედვით იმ დღეების მოვლენათა ქრონოლოგია ამგვარად წარმოგვიდგება. “6 მარტს ქუთაისს შიში მოადგა სურამის გვირაბის მხრიდან. შიში არ გამართლდა, რადგან გამოირკვა, რომ საბჭოთა ჯარი მოდიოდა ქუთაისზე არა რიონის მხრივ, არამედ ჩრდილოეთიდან ოსეთიდან რაჭაზე და ონზე. დაიწყო ახალი ევაკუაცია ბათუმისაკენ” [8] _ წერდა გაზეთი “კომუნისტი”.

“აჯანყებული ქართველი მუშებისა და გლეხების დასახმარებლად~ მამისონის უღელტეხილის გავლით წამოსული წითელი ჯარების საბრძოლო მანევრების შესახებ იძლევა ინფორმაციას იმავე გაზეთის ფურცლებზე რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს თავმჯდომარე გ. ორჯონიკიძე: “25 თებერვალს ერთ-ერთმა მთავარმა ნაწილთაგანმა გადალახა მამისონის უღელტეხილი, რომელიც დაფარული იყო საჟენ-ნახევრიანი თოვლით. 20 ვერსის მანძილზე მათ მოუხდათ თოვლზე სიარული უღელტეხილზე გადასულმა წითელი ჯარის ნაწილებმა თითქმის უბრძოლველად აიღო ონი. მენშევიკთა მთავრობის ჯარები კი გაიქცა საჩხერის მიმართულებით. ამჟამად ჩვენი ჯარი უახლოვდება საჩხერეს და ქუთაისს” [8].

უღელტეხილის გადმოლახვისას გადატანილ სირთულეებსა და ქუთაისში შესვლის შესახებ წერს თავის მოგონებებში წითელარმიელი ვ. გრიდნევი. მენშევიკების მთავრობამ გაიგო წითელი არმიის გადმოსვლა მამისონზე და შეეცადა ხელი შეეშალა ჩვენი წინსვლისათვის. ერთ პატარა მდინარესთან მენშევიკების ჯარის ბრიგადა ტყვია-მფრქვევის ცეცხლით შეგვხვდა. ადგილი მეტისმეტად ვიწრო იყო და ჯარს გაშლის საშუალება არ ჰქონდა. გადაწყდა ხიდის გარშემოვლა… დიდი სიძნელეების მიუხედავად დახეული ჩექმებით, თითქმის ფეხშიშველებმა გარს შემოვუარეთ ხიდს და მისი დამცველი მენშევიკური ბრიგადა ვაიძულეთ უკან დაეხია. ჩვენი ბრიგადა ქუთაისთან ახლოს დაბანაკდა. მე ბრიგადის მეთაურმა მიბრძანა ქალაქში შესვლა და კავშირგაბმულობის საქმის მოგვარება. გავემართე ტელეფონისტთან ერთად და გაოცებული დავრჩი. გზის ორივე მხარე სავსე იყო საზეიმოთ მორთული ხალხით. ყვავილებს გვესროდნენ და გულითადად გვესალმებოდნენ” [11].

ისტორიულ წყაროთა განხილვა-გაანალიზებისას სხვა სიმართლე, სხვა რეალობა იკვეთება. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საბჭოთა ჯარების მიერ განხორციელებულ ინტერვენციას ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვა. ქართველ ბოლშევიკებსაც კი უჭირთ იმის დაფარვა რომ “აჯანყებული საქართველოს” დასახმარებლად წითელი არმიის შემოსვლა რუსეთის იმპერიულ ზრახვათა შეფუთვის კარგად ნაცადი და დამუშავებული სცენარი იყო. თვით გ. ორჯონიკიძე რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის 1924 წ. ოქტომბრის პლენუმზე აცხადებდა: “საქართველოში ჩვენ 1921 წელს შევედით. ჩვენს წინააღმდეგ აღსდგა მენშევიკების მიერ დაშინებული და წაქეზებული მთელი მოსახლეობა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველი გლეხობა და ქართველი მუშები მთელი 20 წლის მანძილზე მენშევიკების პარტიის განუყოფელ გავლენას განიცდიდნენ………ეს მუშები 1921 წელს მასობრივად გამოეხმაურენ მენშევიკთა მთავრობის მოწოდებას შაშხანით ხელში გამოელაშქრათ ჩვენს წინააღმდეგ, როცა მენშევიკებს შევუტიეთ” [3, 121-123].

კიდევ უფრო მეტი რადიკალიზმით გამოირჩევა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანი გ. ლომინაძე “ჩვენს რევოლუციას 1921 წ. საქმის დაწყება იმით მოუხდა, რომ საქართველო წითელი არმიის ხიშტებით დაიპყრო, წითელი არმიისა, რომელიც ქართველმა პატრიოტებმა გარეშე, უცხო ძალად მიიჩნიეს. თვით საბჭოთა რევოლუციას რუსის ჯარის მხრივ საქართველოს ოკუპაციად წარმოგვიდგენენ’’ [3, 123].

ეს განცხადებანი 1924 წლის აჯანყების შემდეგ გაკეთდა და პარტიული მუშაკები ცდილობდნენ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, როგორმე საკუთარი თავის რეაბილიტირებას, მაგრამ მათი სიტყვები საქართველოში განვითარებული მოვლენების რეალური გამოხატულება იყო. 1921 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენციას ჰქონდა ადგილი და აქ ომის ყველა კანონი ამოქმედდა. ქართველ მშრომელთა დახმარების მისიით შემოსული საბჭოთა ჯარების ქცევა არც ისე მშვიდობიანი და კეთილშობილური იყო როგორც ზემოთხსენებულ წითელარმიელის მოგონებებშია აღწერილი. რუსეთის სამოქალაქო ომის ქარტეხილგამოვლილი, დამშეული ჯარისკაცების თავდასხმის პირველი ობიექტი ფოსტ-ტელეგრაფის შენობები გახდა: “9 მარტს შემოვიდა თუ არა მიქიენში საბჭოთა ჯარი… თავს დაესხნენ ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულებებს და გაცარცვეს, წაიღეს გადასაგზავნი ფულის ბარათები, თანხა და სხვა სახაზინო ქონება, დაამტვრიეს მანქანა-აპარატები და თვით შენობის ნაწილიც. გაუცარცვავთ თვით მოსამსახურენიც” ]19, 13] _ წერს ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი ქუთაისის რევკომის თავმჯდომარეს.

რუსეთის მიერ გასაბჭოებულ საქართველოში ხელისუფლების უმაღლეს, მაგრამ რეალურ ძალაუფლებას მოკლებულ ორგანოს “საქართველოს რევოლუციური კომიტეტი” წარმოადგენდა. 1921 წ. არჩეულმა საქართველოს რევკომის პრუზიდიუმმა ფილიპე მახარაძის თავმყდომარეობით ადგილობრივი მმართველობა შემდეგნაირად მოაწყო: სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებად აღიარებულ იქნა სამაზრო, საქალაქო, სათემო და სასოფლო რევილუციური კომიტეტები. სამაზრო რევოლუციური კომიტეტები უნდა დამორჩილებოდნენ საგუბერნიო რევოლუციურ კომიტეტებს, სულ უნდა შექმნილიყო სამი საგუბერნიო რევოლუციური კომიტეტი: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, აგრეთვე სოხუმის რევოლუციური კომიტეტი. საგუბერნიო და საოლქო რევკომების სისტემამ საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ, შეიქმნა სამაზრო, საქალაქო და სათემო რევკომები [7, 109].

1921 წლის 8 მარტს შეიქმნა ქუთაისის საგუბერნიო რევოლუციური კომიტეტი, რომელსაც პირველ ხანებში ხელმძღვანელობდა საქართველოს რევკომის საგანგებო რწმუნებული ქუთაისი გუბერნიაში ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორი. საგუბერნიო რევკომს დაქვემდებარებული სამაზრო რევკომი ჩამოყალიბდა 24 მარტის განკარგულებით. მის თავმჯდომარედ დაინიშნა აკ. დალაქიშვილი, წევრებად კი თ. გორგასალიძე და ვ. სულავა [12, 27]. 7 აპრილის საგუბერნიო რევკომის დადგენილებით (თავმჯდომარე დ. ლორთქიფანიძე) ქუთაისის სამაზრო რევკომი გაუქმდა, მისი მმართველობა გადავიდა გუბრევკომის განკარგულებაში. ეპოქისთვის დამახასიათებელი დინამიზმისა და არასტაბილურობის გათვალისწინებით ვითარება მალე შეიცვალა. “1921 წლის 10 აპრილს საქართველოს რევკომმა ქუთაისში ჩაატარა ქუთაისის გუბერნიის სამაზრო და საქალაქო რევკომის თავჯდომარეთა თათბირი. მას ხელმძღვანელობდა საქართველოს რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარეძე. თათბირმა მიიღო დადგენილება ქუთაისის საგუბერნიო რევოლუციური კომიტეტის სამაზრო რევოლუციურ კომიტეტად გარდაქმნის შესახებ [2, 13].

ორგანიზაციული ხასიათის ცვლილებების გატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით საქართველოს რევკომმა 1921 წლის 15 აპრილს სპეციალური დადგენილება გამოსცა: “გუბრევკომი გადადის ქუთაისის მაზრის რევკომად და ავრცელებს თავის უფლებამოსილებას მხოლოდ ქუთაისის მაზრაზე. რევკომის განყოფილებათა ყველა გამგეებს წინადადება ეძლევათ მოახდინონ რეორგანიზაცია გუბერნიის მაზრების, შეამცირონ შტატები, გამოუცვალონ ბეჭდები და სხვა’’ [12, 76].

რევკომის შემადგენლობაში შეიქმნა საბინაო, მიწის, შრომის, სოციალური უზრუნველყოფის, ეკონომიკური, კომუნალური, საფინანსო, ჯანმრთელობის დაცვის და სახალხო განათლების განყოფილებანი, სახალხო მეურნეობის საბჭო, სასურსათო კომიტეტი და მუშურ-გლეხური ინსპექცია.

ქუთაისის მაზრა ცალკეულ თემებისაგან შედგენილ 8 სარაიონო უბნად იყო დაყოფილი. მაზრის მცხოვრებთა საერთო რიცხვი 320 000 სულს უდრიდა.

ქუთაისის რევკომმა სახელმწიფო აპარატის სხვა ადგილობრივი ორგანოებიც ჩამოაყალიბა, რომელთაც განსაკუთრებული დატვირთვა ეძლეოდათ ბოლშევიკური ხელისუფლების განმტკიცების საქმეში. კონტრევოლუციის, ჯაშუშობის, ბანდიტიზმის, საბოტაჟის, სპეკულაციის წინააღმდეგ საბრძოლველად გუბრევკომის 25 მარტის დადგენილებით შეიქმნა საგანგებო “ტროიკა” მ. გახოკის თავმჯდომარეობით [12, 24]. აგრეთვე ჩამოყალიბდა რევოლუციური ტრიბუნალი.

ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფიის თანახმად, რევკომები იყვნენ რევოლუციის ქარიშხლიან დღეებთან შეფარდებულ მოქნილ და ოპერატიულ ორგანოები, რომლებიც შემდეგ გადასცემდენენ ძალაუფლებას საბჭოებს. ითვლებოდა, რომ საქართველოს რევკომების უფლებამოსილების ხანგრძლივობას განსაზღვრავდა კონკრეტულ-ისტორიული პირობები.: “საქართველო მაშინ წარმოადგენდა გლეხურ ქვეყანას, მეტად ძლიერი ინტელიგენციით, ქართველი მენშევიკების სამწლოვანი ბატონობით და მათი დემაგოგიური განცხადებებით “სახალხო ხელისუფლების”, “სოციალიზმის”, “დემოკრატიისა” და “დამფუძნებელი კრების” შესახებ ჯერ კიდევ მოსახლეობის ნაწილი იყო მოწამლული. საქართველოს პროლეტარიატი სუსტი იყო, მათი ნაწილი კვლავ განიცდიდა მენშევიკების გავლენას… ამას ემატებოდა ის რთული საერთაშორისო ვითარება, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ” [1, 75].

აღწერილი ვითარების გაანალიზება თვალნათელს ხდის, რომ “მუშურ-გლეხური რევოლუციისთვის’” წინაპირობები საქართველოში არ არსებობდა. მარქსისტული იდეპლოგიისაგან თავისუფალ ქართულ ისტორიოგრაფიაში რევკომების სახელდახელოდ შექმნა და მათი არაპროფესიონალიზმი აღიარებული ფაქტია: …”რევკომის მთელი შემადგენლობა, როგორც წესი, მუშურ-გლეხური იყო. ინტელიგენცია მისდამი უნდობლობის გამო ხელისუფლების ორგანოებიდან განზე იდგა. რევკომის მაშინდელ წევრთა უმრავლესობა თანამდებობისთვის შეუფერებელი იყო. მათ აკლდათ ელემენტარული განათლება და წარმოდგენაც არ ჰქონდათ ნორმალურ მმართველ აპარატზე. რევკომებში აღმოჩნდნენ რუსეთის პირველი რევოლუციის დროის ტერორისტები, წითელრაზმელები ან დემოკრატიული მმართველობის მიმართ განაწყენებული პირები, რომლებიც შეუზღუდველი ძალაუფლების ვითარებაში ბევრ უკანონობას ჩადიოდნენ და წინააღმდეგობის ყოველგვარ ცდას თრგუნავდნენ იარაღით” [6, 83].

ამ თვალსაზრისს ამყარებს საქართველოს რევკომის პირველი თავმჯდომარე ფ. მახარაძე ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ 1921 წლის 6 დეკემბერს რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტისათვის დაწერილ თავის მოხსენებით ბარათში: “საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების დროს ადგილზე არც ისეთი პარტიული უჯრედები აღმოჩნდა, არც ისეთი პარტიის ცალკეული წევრები, რომელთაც უნარი ექნებოდათ მოეწყოთ ხელისუფლება და ცხადია, ამ საქმისთვის მეტწილად ხელი უნდა მოეკიდათ საეჭვო ან პირდაპირ დანაშაულებრივ ელემენტებს. აი, სად არის ჩვენი პირველი ცოდვა. აი, სად არის ფესვი ბოროტებისა. აქედან დაიწყო ჩვენი მარცხი თუ სანახევროდ მარცხი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების მშენებლობის საქმეში” [3,119].

ხელისუფლებასა და მმართველობაში არსებულ მდგომარეობაზე, კერძოდ განათლებული უნარიანი ადამიანების დეფიციტზე ამახვილებს ყურადღებას ამერიკელი მწერალი დოს პასოსი, რომელმაც 1921 წლის აგვისტოში იმოგზაურა საქართველოში [22, 65]

ქართველ ბოლშევიკებს სურდათ რევკომები ექციათ მტკიცე ძალაუფლების მქონე ხელისუფლების ორგანოებად. ამ თვალსაზრისით მათი შეხედულებების საილუსტრაციოდ საინტერესოა ქ. თბილისის რევკომების მიერ დამტკიცებული სარაიონო რევკომების და განყოფილებების დებულება: “რევკომი არის საბჭოთა ხელისუფლების ორგანიზაციის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ზომებს მმართველობის ორგანოთა მხრივ, ე. ი. შექმნა მტკიცე მუშტის, რომელსაც შეეძლება მტკიცე რევოლუციური წესრიგის დამყარება” [10].

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკური რუსეთისთვის ხელისუფლების ცენტრალურ თუ ადგილობრივ ორგანოებს მხოლოდ ფასადის ფუნქცია ჰქონდათ მინიჭებული. ამასთან ერთად რევკომების ხელში რეალური ძალაუფლების თავმოყრის ხელისშემშლელი ფაქტორი სწორედ მართვის საკითხებში არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა იყო.
საბჭოთა საქართველოში არსებული საერთო სურათიდან გამონაკლისს არც ქუთაისის მაზრა წარმოადგენდა. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 8 აგვისტოს ცირკულური მოთხოვნის საპასუხოდ გაკეთებულ თავის ანგარიშში ქუთაისის სამაზრო რევკომის თავმჯდომარე აღიარებს გამოცდილი კადრების ნაკლებობის ფაქტს, როგორც გამართული მუშაობისათვის ხელისშემშლელ გარემოებას: “საერთოდ, საქმის წარმოება რაიონებში ჩაითვლება სუსტად, ვინაიდან არ არის საკმაო შტატები გამოცდილი პირებისა. ქალაქ ქუთაისში განყოფილებების მუშაობას ემჩნევა ნაკლი, რისი მიზეზიც არის ის, რომ არ გვყავს საკმაო შტატები პასუხისმგებელი ამხანაგებისა და უხდებათ თითოს დაიკავონ რამდენიმე თანამდებობა და მოსამსახურეთა სრული დაუკმაყოფილებლობაა” [16, 7].

რევკომები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფუნქციებს ნომინალურად ასრულებდნენ. რეალური ძალაუფლება რკპ (ბ) კავბიუროს და მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს ხელში იყო. ამის გათვალისწინებით რევკომებისთვის რთული იყო საოკუპაციო ჯარების თარეშისა და თვითნებობის ალაგმვა.

ქუთაისის საგუბერნიო რევოლუციური კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა 11 მარტს. ამ და მომდევნო სხდომათა დღის წესრიგში უმნიშვნელოვანეს საკითხად იდგა სამხედრო ძალების მხრიდან არაორგანიზებული რეკვიზიცის და ძარცვის შესაჩერებლად ზომების მიღება, მათთან ურთიერთობის დარეგულირება, ქალაქში ჩხრეკის წარმოებისას რევკომის წევრთა თანდასწრება [12, 1-3].

ქუთაისის გუბერნიაში (შემდეგ მაზრაში) შექმნილი ვითარება არ განსხვავდებოდა იმისგან, რაც ზოგადად ოკუპირებულ საქართველოში იყო. “რუსეთიდან შემოჭრილი და დამშეული ჯარები სახელმწიფო დაწესებულებებში დაბანაკდა, კერძო ბინებზე და ოჯახებში მოთავსდა. მრავალი საუკუნოებით მოწყობილი ოჯახები განადგურდა, სიწმინდე და ზნეობა შეირყვნა… ყოველგვარი ავეჯოულობა და ოჯახის სამკაულები თბილისის სადგურზე დღიან-ღამიანად გაქონდნენ, ვაგონებში აგროვებდნენ, რუსეთში აგზავნიდნენ. ლენინს ვუგზავნით საჩუქრადო” _ წერს ვლ. მგელაძე [5, 7].

საბჭოთა რუსეთის ჯარებთან საქართველოს მოსახლეობის ურთიერთობის ნორმალიზებას და პოლიტიკური დაძაბულობის შენელებას ისახავდა მიზნად ვ. ი. ლენინის 10 მარტის დეპეშა მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოსადმი “იმის გამო, რომ მეთერთმეტე არმიის ჯარის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან წინადადება გეძლევათ სრული კონტაქტი დაამყაროთ საქართველოს რევკომთან და ზუსტად შეუფარდოთ თქვენი მოქმედება რევკომის დირექტივებს, საქართველოს რევკომთან შეუთანხმებლად არ მიიღოთ არავითარი ღონისძიებანი, რომლებსაც შეუძლიათ შელახონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. განსაკუთრებული პატივისცემით მოეკიდეთ საქართველოს სუვერენულ ორგანოებს. განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ ქართველი მოსახლეობის მიმართ. დაუყონებლივ მიეცეთ სათანადო დირექტივა არმიის ყველა დაწესებულებას, მათ შორის განსაკუთრებულ განყოფილებასაც. პასუხისგებაში მიეცით ყველა, ვინც ამ დირექტივას არღვევს” [3, 136].

აღნიშნული დირექტივის მიღებამდე და შემდეგშიც საოკუპაციო ჯარების მხრიდან მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ძარცვისა და უკანონო რეკვიზიციის ფაქტებს მრავლად ჰქონდა ადგილი. ამის თვალსაჩინო ილუსტრაციაა ქუთაისის საგუბერნიო რევკომის არაერთგზის მიმართვა სამხედრო უწყებებისადმი.

ქუთაისის საბაჟოს პოლიტიკური კომისარი ვლ. სტეპანოვი რევკომის თავმჯდომარეს ატყობინებდა ჯარის ნაწილების მიერ საბაჟოზე არსებული ქონების ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე გაზიდვის შესახებ. “ამა წლის 12 მარტს საბაჟოზე მოვიდა ამხ. გაბაევი შეიარაღებულ წითელარმიელთა თანხლებით და კატეგორიულად მოითხოვა ჩემგან და საბაჟოს უფროსისგან შემოსული ჯარის შტაბისთვის ყველაფერი. ჩემი წინააღმდეგობა გაბაევის მიერ უარყოფილი იქნა და იძულებული გავხდი გამეცა საწყობიდან საქონელი. შემდეგ მოიყვანეს სატვირთო მანქანა და ცხენებშებმული ურემი. წაიღეს ყველაფერი რაც სურდათ და განუსაზღვრელი რაოდენობით” [17, 77]. მასალებიდან ირკვევა, რომ მომდევნო დღეებში უკვე რევკომის თავმჯდომარის სანქციით გაიცემოდა საბაჟოს საწყობიდან ჯარისთვის საჭირო სურსათი და საქონელი. ვლ. სტეპანოვი ფრთხილად გამოთქვამს თვალსაზრისს რომ ჯარისკაცთა აწეული განწყობის გათვალისწინებით რევკომის პოზიცია სწორი იყო [17, 275].

რუსეთის საოკუპაციო ჯარების შენახვა ქალაქს მძიმე ტვირთად დააწვა, რაც კარგად ჩანს ქუთაისის სასურსათო კომისარიატის ანგარიში სახალხო სასურსათო კომისარიატისადმი; “პირველ ხანებში სურსათ-სანოვაგის მარაგი ძალიან მცირე იყო. ამავე დროს ჯარის ნაწილები ქალაქში და მოსახლეობას შორის სოფლებში დაბანაკებულნი დაჟინებით მოითხოვდნენ კომისარიატისგან ყოველნაირ სურსათ-სანოვაგეს და საქონელს, საკვებს. ამის გამო თითქმის ერთი თვის განმავლობაში, ესე იგი დღიდან დაარსებისა 10 მარტიდან შუა აპრილამდე კომისარიატის მთელი ენერგია დაიხარჯა ჯარების გამოკვებაზე” [14, 49].

ამ ფონზე ნიშანდობლივია ვ. ლენინის 1921 წლის 29 მარტის დეპეშა გ. ორჯონიკიძისადმი წითელი არმიის საქართველოში დარჩენასთან დაკავშირებით. “ჩვენ მივიღეთ ნარიმანოვის, ბუნიათ-ზადეს და სერებრიაკოვის სასოწარკვეთილი დეპეშა. ისინი სამართლიანად აღნიშნავდნენ, რომ სრულიად შეუძლებელია მეთერთმეტე არმიის დაბრუნება დამშეულ და გაძარცვულ აზერბაიჯანში. მიიღეთ უაღრესად ენერგიული ზომები, რათა ეს არმია დატოვებულ იქნეს საქართველოში და რადაც არ უნდა დაჯდეს დააჩქარეთ პურის ჩამოტანა უცხოეთიდან საქართველოს კონცესიებზე, მარგანეცზე და სხვ. გაცვლით. სწრაფად მიპასუხეთ. პოლიტბიუროს დავალებით ლენინი” [3, 146-147].

მწვავე ეკონომიკური პრობლემების მქონე აზერბაიჯანთან შედარებით საქართველოში, როგორც ჩანს, უკეთესი პირობები არსებობდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების შესანახად. აღნიშნულის კონტექსტში მოიაზრებოდა 33-ე მსროლელი დივიზიის 98-ე ბრიგადის მდგომარეობა, რომლის ორგანიზებული გადმოსვლა ს. კიროვის უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა. ანტონოვის “მწვანე არმიის”, ფრანგულის არმიის ნარჩენების განადგურების შემდეგ მენშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი მუშებისა და გლეხების მისაშველებლად საქართველოში ჩრდილოეთ ოსეთის გზით” [11]. შემოსული წითელი ჯარების უზრუნველყოფისათვის ადგილობრივი ხელისუფლება ყოველგვარ ზომებს ღებულობდა, მაგრამ ომის შედეგებით განპირობებული საერთო სიდუხჭირის გათვალისწინებით განხორციელებული ღონისძიებანი სასურველი შედეგის მქონე არ აღმოჩნდა. როგორც უკვე ავღნიშნავდით, დამშეულ და სამხედრო დისციპლინას შეუჩვეველი ჯარის ნაწილები მოროდიორობით დაკავდნენ. სიტუაციის გამოსასწორებლად მე-11 წითელი არმიის ხელმძღვანელობამ თბილისიდან საიდუმლო ოპერატიული დეპეშა გამოუგზავნა პოლკის შტაბის მეთაურს პოლიტკომისარს კუიბიშევს და საქართველოს რევკომის წევრს ა. გეგეჭკორს: “მოქმედი არმიის გენერალური აპარატი გიბრძანებთ, თქვენი პირადი პასუხისმგებლობით მიიღოთ გადამწყვეტი ზომები სამხედრო ნაწილების მიერ ძარცვის, უხამსობის შესაჩერებლად. დაუყონებლივ გაანთავისუფლოთ სამხედრო ნაწილების მიერ დაკავებული ქუთაისის სკოლები. ყველა დამნაშავე უხამსობასა და ძარცვაში, ასევე საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო ნაწილების ქცევის შესახებ მთავარსარდლის დირექტივის დამრღვევი დაისაჯოს სამხედრო დროის კანონების Mმთელი სიმკაცრით” [19, 1].

ამ პერიოდის მასალებიდან ირკვევა, რომ კატეგორიული ბრძანების მიუხედავად, ქალაქში წესრიგის აღდგენა საკმაოდ გართულდა. კვლავ ჰქონდა ადგილი წითელარმიელთა მხრიდან სახლების თვითნებურად დაკავების, ღარიბი მოსახლეობის ძარცვა-გლეჯის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უხეში ქმედებების ფაქტებს. ქუთაისის საგუბერნიო რევკომის თავმჯდომარე 21 მარტით დათარიღებულ დეპეშაში ისევ სთხოვს ქალაქის და მისი შემოგარენის გარნიზონის უფროსს და 25 მსროლელი ბრიგადის კომისარს კარლსენს ზომების მიღებას ჯარისკაცთა ყაზარმულ რეჟიმზე გადასაყვანად და სამხედრო დისციპლინის აღსადგენად [15, 32].

ქალაქში დაბანაკებული ზოგიერთი ჯარისკაცის ქმედება იმდენად უკონტროლო იყო, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მათი მიკუთვნება რომელიმე საჯარისო შენაერთისათვის გაუჭირდა. ამგვარი `პარტიზანული რაზმების~ სასწრაფოდ განიარაღება კატეგორიულად მოსთხოვა რევკომის თავმჯდომარემ დ. ლორთქიფანიძემ ქალაქისა და მისი შემოგარენის გარნიზონის უფროსს. თუმცა ამ უკანასკნელმა ჯარისკაცთა განიარაღებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ისინი არ არიან პარტიზანული ჯგუფები, არამედ “თერგის მე-3 კავალერისტთა პოლკი და შევსება მოხალისე ოსთაგან 293 პოლკისთვის, რომლებიც შეუერთდნენ ბათუმის მიმართულებით მიმავალ ჯარებს. ქუთაისში მათ მიერ ჩადენილ უწესობათა უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ბათუმის მიმართულების ჯარებთან მოქმედ რევტრიბუნალს. ჩემის მხრივ, მიღებულია ყველა ზომა ნორმალური ცხოვრების დასამყარებლად და მოსახლეობის ძალმომრეობისაგან დასაცავად [15, 34].

ქუთაისში საბჭოთა ჯარების შემოსვლიდან თვენახევრის შემდეგაც მოსახლეობისა და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა მხრიდან პრეტენზიები წითელი ჯარების უმსგავსო ქმედებებზე კვლავ დღის წესრიგში იდგა. ქუთაისის რევკომის თავმჯდომარე 21 აპრილის ადგილობრივ სამხედრო ხელმძღვანელთა გვერდის ავლით საქართველოს რევკომს და XI არმიის სამხედრო რევოლუციური საბძოს ხელმძღვანელობას სთხოვს ვითარებაში გარკვევას და ზომების მიღება “31 დევიზიის კომისართა დაპირების მიუხედავად ნაწილებმა არ გადაუხადეს ანგარიში ქუთაისის ხელოსნებსა და მუშების გაწეული სამსახურის სანაცვლოდ და წაღებული მასალების შესახებ სოვნარხოზში მოსახლეობის მიერ ჩაბარებულია ქვითრები რამდენიმე მილიონი მანეთის ღირებულების. მოსახლეობიდან შემოდის საჩივრები მიმავალი ჯარის ნაწილების მიერ ნივთების დატაცების შესახებ” [18, 39].

ქუთაისის გუბერნიაში ბოლშევიკური რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებათა და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან უთანხმოების მიუხედავად ეს უკანასკნელი იძულებული იყო არა თუ ანგარიში გაეწია სამხედრო ძალისთვის, არამედ გარკვეული პატივისცემაც კი დაეფიქსირებინა მის მიმართ: “გადმოვიდა რა დასავლეთ საქართველოში, დიგორის რაზმმა მიიღო აქტიური მონაწილეობა ქართველ გლეხთა განთავისუფლების საქმეში. ამის გათვალისწინებით ქუთაისის გუბრევკომი დასავლეთ საქართველოს მშრომელი მასების სახელით გამოვხატავთ გულწრფელ და გულითად მადლიერებას დიგორის ხალხისადმი მათი უანგარო და გმირული დახმარებისათვის მენშევიკებისგან ხალხის განთავისუფლების საქმეში. საქართველოს რევკომის საგანგებო წარმომადგენელი ა. გეგეჭკორი” [12, 72]. აღნიშნული რაზმი ზანდარ ტაკოევის ხელმძღვანელობით რევკომის მიერ იქნა დაჯილდოებული წითელი დროშით. პათეტიკით არის აღსავსე გუბრევკომის სამადლობელი წერილი, რომლის ადრესატია 31 მსროლელი დივიზია და მისი მეთაური პაშკოვსკი [12, 79].

ქუთაისის რევკომის ამგვარი ქმედება ადვილი ასახსნელია. გასაბჭოებულ საქართველოში ხელისუფლების ცენტრალური თუ ადგილობრივი ორგანოების ძალაუფლება ფიქცია იყო და მხოლოდ უცხო ქვეყნის სამხედრო ძალას ეყრდნობოდა, მისი ნების გამომხატველს, დაკვეთის აღმსრულებელს წარმოადგენდა.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის შესაძლოა იმ ეტაპზე წითელი ჯარების შემოსვლა უცხო ქვეყნის მიერ განხორციელებულ ოკუპაციად არც კი მოიაზრებოდა, მაგრამ პოლიტიკური რეჟიმის შეცვლით განპირობებულმა რყევებმა, ბურუსით მოცულმა მომავალმა, თუ ხელისუფლების ორგანოების ნაბიჯებმა, რაც კერძო საკუთრების ლიკვიდაციისკენ იყო მიმართული მათში უნდობლობის ატმოსფერო შექმნა. ჩვენს მიერ ზემოთხსენებულ ანგარიშში, ქუთაისის რევკომის თავმჯდომარე მთავრობისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ წერდა: “ქ. ქუთაისი არის მეშჩანური ქალაქი, რომლის დიდი უმრავლესობა ვაჭრობა-სპეკულაციას ეწევა და რა თქმა უნდა, ასეთი შემადგენლობა არ იქნება კარგად განწყობილი მთავრობასთან, რაც შეეხება მეორე ნაწილს ქალაქის მცხოვრებთა, უფრო მუშურს და საერთოდ, მშრომელების, ის კარგ განწყობილებაშია, მაგრამ ასეთი ცოტა არის. მაზრაში მშრომელი მუშების და გლეხების დიდი უმრავლესობა 80-90%კარგ განწყობილებაშია მთავრობასთან, დანარჩენი 10-20%, რომლებსაც წარმოადგენენ ადგილობრივი “კულაკები” (სვირის რაიონის, სიმონეთელები და სხვ.) რა თქმა უნდ ვერ არიან კმაყოფილი” [16, 5].

გლეხობის ლოიალობის შესახებ გამოთქმული ამ თვალსაზრისის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხელისუფლება მათთვისაც მიუღებელს წარმოადგენდა. ბოლშევიკების მიერ პროპაგანდირებული სახელმწიფო სოციალიზმის ეკონომიკური სისტემა კერძო საკუთრების ლიკვიდაციას გულისხმობდა, რომლის დამკვიდრება განსაკუთრებით მტკივნეული იქნებოდა სოფლად. ამ ფაქტის ერთგვარ აღიარებას ახდენს ვ. ბახტაძე საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო და სარაიონო ორგანიზაციების პირველ კონფერენციაზე თავის მოხსენებაში: “საქართველო არის გლეხური წვრილ-ბურჟაზიული ქვეყანა, გლეხს როგორც ასეთს შესისხლხორცებული აქვს სიყვარული კერძო საკუთრებისადმი. აქედან გამომდინარეობს ის რომ, საქართველოს არ ჰყავს პროლეტარიატი, რომელსაც შეუძლია უხელმძღვანელოს რევოლუციურ მოძრაობას. სამწუხაროდ ის მცირერიცხოვანი მუშები, რომლებიც მოიპოვებიან ჩვენთან არიან გახრწნილი მენშევიკების მიერ” [14, 132].

აღნიშნული კონფერენცია მუშაობას 5 აგვისტოს შეუდგა, როცა კომუნისტური პარტიის X ყრილობის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო გადასული იყო ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ხდებოდა კერძო ინიციატივის წახალისება ყველა სექტორში. ამიტომ, ვ. ბახტაძე ცდილობს ახსნა მოუძებნოს ახალ ეკონომიკურ კურს, იმავდროულად ქვეყანაში არსებული რეალური სოციალური სურათის ასახვას ახდენს.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ ხანებში საოკუპაციო ჯარების მხრიდან განხორციელებული ძალმომრეობა, მოროდიორობა, უკანონო რეკვიზიცია მოსახლეობაში შიშსა და პანიკას იწვევდა, გაურკვევლობისა და უნდობლობის ატმოსფეროს ამძაფრებდა ახალი ხელისუფლების მიერ დეკლარირებული მემარცხენე რადიკალური პრინციპები, არაპროფესიონალიზმი და ქმედითუუნარობა. ქ. ქუთაისში ცხოვრება თითქოს ჩაკვდა, დაიკეტა სავაჭრო დაწესებულებანი. საგუბერნიო რევკომმა სცადა კვლავ აღედგინა ცხოვრების რიტმი, ოღონდ ახლებურ ყაიდაზე და 21 მარტის შესაბამისი განკარგულება გამოსცა: “სავაჭრო დაწესებულებების ყველა მეპატრონეთ, რევოლუციური ხანის სასტიკ პასუხისმგებლობის მოთხოვნით, ევალებათ დაუყონებლივ დააბრუნონ მაღაზიებში და სავაჭროებში გადამალული საქონელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ, როგორც ეკონომიკური ცხოვრების ამფორიაქებელთ, იქნება მიღებული მკაცრი ზომები” [12, 26].

საოკუპაციო ჯარებისადმი მოსახლეობის შიშს საკმაო საფუძველი ჰქონდა, მაგრამ რევკომი ცდილობდა წითელი არმიის რებილიტირებას და სასტიკად ებრძოდა მათ მიმართ უნდობლობისა და პროტესტის რაიმე ფორმით გამოხატვას. ამის დასტურია 16 აპრილის ბრძანებულება: `მუშებისა და გლეხების მტერნი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საბჭოთა მთავრობის გამოცხადებით საქართველოში და კერძოდ, აქ ქუთაისში, ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ ჩირქი მოსცხონ არსებულ მთავრობას და სახელი გაუტეხონ მას. ავრცელებენ ყოველგვარ ჭორებსა და საფუძველს მოკლებულ ხმებს, ვითომ და სახელოვანი წითელი არმია, რომელმაც საქართველო გაანთავისუფლა მენშევიკური უღელისაგან, ამზადებს პოგრომულ გამოსვლებს ადგილობრივ მთავრობათა წინააღმდეგ… რევოლუციური კომიტეტი არავის არ მისცემს ნებას, რომ თუ გინდ სიტყვით ვინმემ გაბედოს და ჩირქი მოსცხოს წითელ არმიას… პროვოკატორები იქნებიან დასჯილი უმაღლესი სასჯელით დახვრეტით~ [12, 152]

ოკუპაციის პირველ წელს ომით გამოწვეულ საერთო ნგრევას ქუთაისის მაზრაში სტიქიური უბედურება დაემატა, რამაც მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო… მით უმეტეს, რომ ეს მხარე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლის მქონეს, უხვმოსავლიანს არასდროს წარმოადგენდა. “წელს მთელი ქუთაისის მაზრაში გაზაფხულისა და ზამთრის გამუდმებული გვალვების გამო მოსავლის ნაკლებობას განიცდიდა, მაგრამ არის ამ მაზრაში ერთი კუთხე, სახელდობრ გამოჩინებულის და გულოკერის თემები, რომელიც არა თუ ნაკლოვანებას განიცდის, არამედ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეხლაც მოსავლის აღების დროს უკვე ნაწილობრივ შიმშილობს. ყოველმხრივ შევიწროებული ხალხი ჩავარდა მეტად უხერხულ მდგომარეობაში, სოფლად უკვე დაიწყო ოთხფეხა საქონლის გაყიდვა, სპეკულიანტები სარგებლობენ ასეთი მდგომარეობით და საქონელს ჩალის ფასად ყიდულობენ” [16,74] – წერდა გამოჩინებულის სათემო რევკომის თავმჯდომარე სამაზრო რევკომს.

მთელ ქვეყანაში ბატონობდა ინფლაცია, ყოველდღიურად იზრდებოდა ფასები. ჩვენს მიერ ხსენებული ამერიკელი მწერალი დონ პასოსი აღწერს იმ სიღარიბესა და გაუსაძლის ყოფას, რაც ახალმა დროებამ მოუტანა მოსახლეობას. განსაკუთრებულ შეშფოთებას ხანშიშესულ ადამიანთა მიმართ გამოხატავდა: “ამ მოხუცებს ძალზე უბადრუკი ბედი ხვდათ წილად. უმრავლესობისთვის ახალი რეჟიმი მიუღებელი აღმოჩნდა… გაოცებას ვერ ვფარავდი იმის გამო, რომ მოხუცები ყველა გარდაცვლილიყო, ჩეკას მიერ იყვნენ დაკავებულნი, თუ ისინი ახალი ცხოვრების წესით გამოწვეულმა სასტიკმა ძალმომრეობამ გააქრო” [22, 64].

მწერალი აღწერს გარდამავალი პერიოდის დამახასიათებელ მოვლენებს: გაპარტახებული მეურნეობა, დაბალი ხელფასები, ნორმირებული სურსათ-სანოვაგე, რის გამოც ქვეყანაში აღზევებულია სპეკულიაცია, კორუფცია, მექრთამეობა: “არავის არ უხდიან იმდენს, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ სურსათ-სანოვაგის ნორმას გვერდით შემოსავლის გარეშე რაიმე აუცილებელი დაამატონ, შედეგად, როგორც რევოლუციამდე, უფრო მეტად თუ არა ყვავის სპეკულიაცია, მექრთამეობა, რაც ყოველთვის დამახასიათებელი იყო რუსი ჩინოვნიკებისთვის” [22, 66].

ამ თვალსაზრისით არც ქუთაისის მაზრა წარმოადგენდა გამონაკლის. ვითარების საილუსტრაციოდ ყურადსაღებია სამაზრო რევკომის საფინანსო განყოფილების მიმართვა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატისადმი: “თქვენდამი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად არ არის გამოგზავნილი ფულის ნიშნები, თუკი იგზავნება ისე მცირე რაოდენობით, რომ შეუძლებელია ყველაზე აუცილებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. იმის წყალობით, რომ ფასები ყოველდღიურად იზრდება, რისი ყიდვაც დღეს შეიძლება ხვალ იგივე საგნებში სამჯერ მეტი უნდა გადაიხადო. ეს იწვევს ფულის ზედმეტ ფლანგვას, დაჟინებით გთხოვთ, დაუყოვნებლივ გამოაგზავნოთ ჩემს მიერ ნათხოვნ თანხაზე მეტი, კიდევ ერთი მილიარდი მანეთი’’ ]13, 10].

ფულის ნიშნების გაუფასურების გამო ვაჭრობამ ნატურალური ხასიათი შეიძინა, გლეხი ცდილობდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი პირველადი მოთხოვნილების საგნებში გაეცვალა. “მიწის მუშა გაურბის სიმინდის და სხვა სანოვაგის ფულზე გაყიდვას, დაჟინებით მოითხოვს ნაცვლად ამისა ნავთს და მარილს, მანუფაქტურას, რკინა-შაბიაბანს და სხვა მისთვის აუცილებელ საჭირო საგნებს” [14, 27].

არსებული ვითარება ბუნებრივი პროტესტის გრძნობას ბადებდა. სოციალური ფენების უკმაყოფილებას სხვადასხვა წყაროები კვებავდა. მოტივაციათა განსხვავების მიუხედავად, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს ხელისუფლების მიუღებლობის, მის წინააღმდეგ ბრძოლის სულისკვეთება აერთიანებდათ. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირველ ეტაპზე განვლილი მარცხისგან საზოგადოება თითქოს გონს მოსვლას ცდილობდა, თუმცა სხვადასხვა ფორმით წინააღმდეგობის გამოხატვას მაინც ახერხებდა: “იმ დღეებში 18 მაისს კი ქუთაისს საჯარო გასამართლება მოუწყვიათ, არც მეტი არც ნაკლები ლენინისა და ჟორდანიასი. თეზისები წინასწარ ყოფილა რევკომთან შეთანხმებული და დარიგებული. სასამართლოზე თურმე ტევა არ ყოფილა და ბოლოს და ბოლოს, სასამართლოს და ხალხს ასეთი განაჩენი დაუდგენია: ლენინს სიკვდილი და ჟორდანიას ცაში აფრენა. გაცოფებულა საშა გეგეჭკორი. ამ პროტესტის ინიციატორები იქვე შეუპყრია და ციხეში შეუყრია” [4, 22].

29 აპრილს პარტიული ბიუროს დამთავრების შემდეგ მანქანით სახლში მიმავალ ა. გეგეჭკორს, დ. ლორთქიფანიძეს, ვ. ბახტაძეს, აკ. დალაქიშვილს და ტ. ლორთქიფანიძეს ყუმბარა ესროლეს. საბჭოთა რეგიონულმა პრესამ ამ ფაქტში “ჟორდანია-რამიშვილისა და მათი დამქაში ევროპელი იმპერიალისტების ხელი დაინახა” [9]. ვფიქრობთ, აღნიშნული ინციდენტი თვითონ ბოლშევიკთა მიერ იყო პროვოცირებული, საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებთან ანგარიშის გასასწორებლად.

საბჭოთა ხელისუფლების პირველ ეტაპზე ქუთაისის მაზრაში შექმნილი ვითარების გაანალიზებისას აქცენტი უმთავრესად სოციალ-ეკონომიკურ სურათზე გაკეთდა, მაგრამ განმსაზღვრელი მაინც პოლიტიკური რეჟიმი იყო. გარკვეული თავისებურებებისა და სპეციფიკის მიუხედავად, ქუთაისის მაზრის მდგომარეობა გასაბჭოებული საქართველოს საერთო სურათის ერთი შტრიხია. წარმოდგენილი მასალა არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული ისტორიულ პარალელთა ძიების, საქართველო-რუსეთის 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის მიმდინარეობისა და შედეგებისთვის რამდენიმე რამდენიმე ახალი დეტალის დაზუსტების თვალსაზრისით. ყოველი ომი ზედაპირზე ამოატივტივებს ჭუჭყსა და ქაფს, ადამიანთა მოდგმის მანკიერებებს. ომს აქვს ალტერნატივა, მაგრამ მშვიდობიანი მსოფლიო, კაცობრიობის უიმედო ოცნებად დარჩება, სანამ იარსებებს ძალაუფლებისათვის, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო გავლენის სფეროების მოპოვებისათვის ბრძოლის მისწრაფება. ამის საპირისპიროდ ისეთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობა, როგორიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა

1. ბახტაძე უ, რევკომი საქართველოში (1921-21 წწ) ჟურნ. “მნათობი”, 1950, # 12
2. ვაჭრიძე გ. ვაჭრიძე პ., ქუთაისის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსის ისტორიისათვის, ქუთაისი 1995.
3. თოიძე ლ., ინტერვენციაც ოკუპაციაც ძალდატანებითი გასაბჭოებაც ფაქტობრივი ანექსიაც თბ., 1991.
4. კირთაძე ნ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და ოკუპაციის პირველი წლები, თბ. 1991.
5. მგელაძე ვ. რუსეთის მობრუნება საქართველოში, თბ., 1991
6. სურგულაძე აკ, სურგულაძე პ, საქართველოს ისტორია, თბ., 1991.
7. საქართველოს ისტორია, XX საუკუნე, ვ. გურულის რედაქციით თბ., 2003.
8. გაზ. “კომუნისტი”, 1921, #21.
9. გაზ. “მუშა და გლეხი”, 1921, #9.
10. გაზ. “სოციალისტ-ფედერალისტი”, 1921, #19.
11. გაზ. “ქუთაისი”, 1972, #49.
12. ქუთაისის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 305, ანაწ. 1, საქმე 4.
13. იქვე, საქმე 13.
14. იქვე, საქმე 16.
15. იქვე, საქმე 19.
16. იქვე, საქმე 32.
17. იქვე, საქმე 34.
18. იქვე, საქმე 43.
19. იქვე, საქმე, 61.
20. იქვე, საქმე, 62.
21. Сургуладзе А, закавказье в борьбе за победу социалистической револусий, Тбилиси 1971.
22. Dos Passos, John. The major Nonfictional Prose, edited by Donald Pizer, Weyne state university Press, detroit 1988

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button