National Geographicენიგმამეცნიერებაუცნაურიფლორა & ფაუნა

რატომ აქვთ ზებრებს ზოლები?

ზებრას ზოლები განუვითარდა აბეზარი მწერების მოსაცილებლად – ასეთია ამ საკითხის შესახებ ყველაზე სრულყოფილი კვლევის დასკვნა.

ზებრების სამივე სახეობას უფრო მუქი ზოლები აქვს, ვიდრე სხვა აფრიკულ ცხოველებს, როგორიცაა კამეჩი და ანტილოპა. ეს ე.წ. „ზოლების გამოცანა” საუკუნეზე მეტხანს იყო თავსატეხი მეცნიერებისთვის, მათ შორის დარვინისთვის, რის შედეგადაც შემუშავდა 5 ძირითადი ჰიპოთეზა: ზოლები იგერიებენ მწერებს, აქვთ კამუფლაჟის ფუნქცია, აბნევენ მტაცებლებს, ამცირებენ სხეულის ტემპერატურას ან ეხმარებიან ცხოველებს სოციალურ ურთიერთობაში.

მეცნიერებმა პირველად შეძლეს ამ მოსაზრებების ერთმანეთთან დაპირისპირება სტატისტიკურ მოდელში.

„ჩვენ ისევ და ისევ აღმოვაჩინეთ, რომ ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ზოლიანობასთან, არის მკბენარა ბუზების მოცილება”, განაცხადა კვლევის ლიდერმა ტიმ კარომ, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგმა.

„აღტაცებული დავრჩი იმის ხილვით, რომ მტკიცებულებები ასე ძლიერ იხრებოდნენ ერთი მიმართულებით.”

კვლევისთვის კარომ და მისმა კოლეგებმა შეკრიბეს ინფორმაცია მრავალი სახის წყაროდან, მათ შორის მუზეუმის კოლექციები და ისტორიული რუკები.

თავდაპირველად ჯგუფმა შეისწავლა ზოლების ნიმუშებს შორის სხვაობა ცხენისებრთა ოჯახის (Equidae) 7 თანამედროვე სახეობაში, მათ შორის ცხენებში, ვირებსა და ზებრებში, და მათ 20 ქვესახეობაში. მათ უმეტესობას სხეულის რომელიმე ნაწილზე ზოლები აქვს.

ასევე აღნიშნეს, სხეულზე სად ჩნდებოდა ზოლები – მაგალითად სახეზე, მუცელზე ან გავაზე.

შემდეგ ჯგუფმა შეადგინა რუკა, სად ცხოვრობ(დნ)ენ თანამედროვე და გადაშენებული სახეობები, სად ბინადრობენ მკბენარები, ლომისა და აფთრის მსგავსი მტაცებლების გავრცელების არეალი, ტყეების განაწილება და სხვა გარემო ფაქტორები, რომლებსაც შეიძლებოდა, გავლენა მოეხდინა ზოლების ევოლუციაზე. მონაცემები შეიყვანეს სტატისტიკურ მოდელში, რათა დაედგინათ, რომელი ფაქტორი ახსნიდა ყველაზე უკეთ ზოლიანობას.


შედეგებმა აჩვენა, რომ ზოლიანი სახეობების გავრცელების ზონა, მიუხედავად კონკრეტული სახეობებისა და სხეულის ზოლიანი ნაწილებისა, ემთხვევა იმ რეგიონებს, სადაც მკბენარა ბუზები ყველაზე აქტიურები არიან – ნათქვამია კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „Nature Communications”-ის 1-ლი აპრილის ნომერში.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგმა ბრენდა ლარისონმა, რომელიც კვაგას (ზებრის ერთ-ერთი სახეობა) ზოლებს შეისწავლის, განაცხადა, რომ კვლევა ზოგადი სახისაა და შეიძლება, უფრო სპეციფიკური კვლევის ჩატარება გახდეს საჭირო.

სწორედ ამიტომ „ეს თემა შეიძლება უფრო მეტად კომპლექსური იყოს და ეს კვლევა არ წარმოადგენდეს აღნიშნული საკითხის შესახებ ბოლო სიტყვას”, აღნიშნა ლარისონმა, რომელმაც „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის საზოგადოების კომიტეტისგან” სამეცნიერო კვლევებისთვის დაფინანსება მიიღო.

ლარისონი ეთანხმება დასკვნას, რომ ბუზების შეჩერების საშუალება „ამ დრომდე საუკეთესო ჰიპოთეზაა, მაგრამ დანარჩენი ჰიპოთეზები კარგად არაა შესწავლილი და ჯერჯერობით პირდაპირი მტკიცებულებების ნაკლებობაა”.

„საჭიროა, ცოცხალ ზებრებს დავაკვირდეთ და ვიცოდეთ, რა ხდება, სანამ რამეში დავრწმუნდებით”.

მეცნიერები ჯერჯერობით არ დაკვირვებიან ზებრებს ველურ გარემოში იმის გასარკვევად, ერიდებიან თუ არა ბუზები მათზე დაჯდომას, რაც ნაწილობრივ იმის გამოა, რომ ძნელია ცხოველებთან ასე მიახლოება. ასევე უცნობია, რატომ უვლიან გვერდს მკბენარა ბუზები ზოლებს.

თუმცა როგორც კვლევის ავტორმა კარომ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ სხვადასხვა ბალახისმჭამელთა ჯგუფთან თავმოყრილი მკბენარა ბუზები ზებრებს მოერიდებიან.

„დებატები შემდეგ საფეხურზე გადავიყვანეთ – შეგვიძლია, საბოლოოდ გამოვრიცხოთ ყველა (სხვა) ჰიპოთეზა”, აღნიშნა მან.

Source
https://charlius.com/2014/04/08/zebra-stripes/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button