ლიტერატურანოველასაკითხავი

ფრიდონ ხალვაში – კოსტოხა

რკინიგზის სკოლის გვირაბიდან გამოქცეული გულიანად შევერიე და კიდეც შევეფერე სოფლურ სამუშაოებს. არც არავინ იცოდა, რატომ დავბრუნდი, არც არავინ იცოდა, როგორ დავბრუნდი. ჩემი სოფელი დუბეც თითქოს მესხვაფერა, ჩვენი ოდა უფრო მედაბლა. ნახშირიც კი ბუხარში მემრეშა, მეცივა. ნენე-ბაბაი უფრო დაბერებულები მომეჩვენა. მურთაზი გამოფშეკილი და ბრაზიანი. ჩვენი ოდასახლის ზემოთ, კოჟორაზე (გორაკზე) სამხედროებს საჰაერო-სამეთვალყურეო პუნქტი მოეწყოთ. ოთხი-ხუთი ჯარისკაცი, ერთი ათმეთაურით, მიწურში ცხოვრობდნენ, მე როგორც გახედულ-გამოხედული, ცხრამთას იქით ნამყოფი და, შინაურთა აზრით, რუსულის მცოდნეც, `რუსებთან~ მიმიშვეს, სამხედრო ბიჭებმაც ხალისით მიმიღეს. კოხზე, მუხის ფსვებს გადავევლე, მიწურს მივუახლოვდი. კოსტოხაზე წრეხაზი შემოეხაზათ, ციფრებით და რაღაც ნიშნებით აღენიშნათ. მოწინააღმდეგის თვითმფრინავი თუ გამოჩნდა, ფრენის მიმართულებას განვსაზღვრავთ და საცა საჭიროა, იქ შევატყობინებთო, ამიხსნეს. ყველანი რუსებად მივიღე. ეშერას გვირაბიდან ჩამოყოლილი რამდენიმე ღერი სიტყვით, როგორც ნენეი იტყოდა, _ `დავკნაჭე~ რუსული, ჰოდა, იმდენი ნდობა გამომიცხადეს, თავიანთ მიწურშიც კი შემიყვანეს. იქ უფრო დაღამებული საღამო იყო. უცხო სუნი იდგა. ალუმინის დიდი მაშრაფებით ჩაის დალევა დაიწყეს. მეც დამისხეს. ჩიჩვირი მოვითუთქე. კენჭი შაქარი მივაკვნიტე და ნელ-ნელა, სულისბერვით, ოდნავ ფერნაცვალი მდუღარე წყალი მოვხვრიპე.
მეამაყებოდა ისეთი ნდობა, იმათ კი, შევატყვე, ვუხაროდი მე, აქაური ბიჭი, ვისთანაც ორ ღერ სიტყვას გაცვლი. კედელზე შევნიშნე გიტარა და სამკუთხა ჩანგური, რომელსაც ისინი ბალალაიკას ეძახოჟნენ და, რომელსაც წვრილი მავთულები ჰქონდა გადაჭიმული.
რადგან ჩანგურზე ჩხაკუნი ცოტა კი შემეძლო, ბალალაიკაზეც ჩამოვკარი თითები, მისი წვრილი და შეწყობილი წკრიალა უცნაური შორეთისაკენ მეძახოდა თითქოს. მაგრამ ბალალაიკა მაინც ჩანგურულად მოვიმორჩილე და რასაც ჩანგურზე ჩვენებურ ყაიდს ვუკრავდი, ისეთი ხმა გამოვაშვებინე, თუმცა, ბალალაიკის მჭახე წაწკუნი მაინც სხვა იყო,. გულს ისე ვერ მფხანდა. ჯარისკაცებს მაინც მოეწონათ და მეც თავი მოვიწონე. იმათი ეფრეიტორი, ესე იგი, უფროსი, ვასილი, ანუ ვასია, იყო, ყუბანელი, შავგვრემანი რუსი. თვალებიც ჩვენებური ჰქონდა, _ ადესას კაკლებივით ყურყუმელა _ შავი. ერთხანს ვიფიქრე, მატყვილებს, ეს რუსი არ იქნება-მეთქი, მეორე, რუსეთის ბერძენი იყო, _ ფედია. დანარჩენი სამი კი ერთ დარჯაგში ჩამოსხმულებს გავდნენ. ქერა კი არა, თეთრი თმა, ზღვის წვეთებივით უფერული თვალები და აპრეხილი ცხვირები. აი, ისინი ნამდვილ რუსებად მივიღე, ხოლო დაძმაკაცებული უფრო შავყუბანელთან და რუსეთის ბერძენთან აღმოვჩნდი. ვასია გიტარაზე უკრავდა, ფედია _ ბალალაიკაზე. მე იმათ ნამღერ რუსულში ჩვენებური ქართული, ხან ბანი, ხანაც წვრილი (შეკრიმანჭულება) შევუშვი და რაცხანაირი ხმების აკიდოები ავჩუჩხლეთ.
მეორე დღეს თავმჯდომარემ დაიძახა და `თავდაცვაავიაქიმიის~ წრის მასწავლებლობა დამავალა. ერთი ნახმარი, გაჭეჭყილი აირწინაღი, ნიკალასდროინდელი, სარივით გრძელი თოფი და დაქექილი ინსტრუქცია, ასევე დაჯღურკულზე დაწერილი აქტით, ჩამაბარა, ნასტავლი ხარ და მოდი, საღამოობით ხალხს ასტავლეო.
შრომადღეებს დაგიწერთო. თითქოს უცბად გავიზარდე. გავდიდკაცდი. ინსტრუქცია ღამით, ჭრაქის შუქზე ორჯერ გადავიკითხე. მაგრამ შევისწავლე. ფუგასური და ცეცხლგამჩენი ყუმბარების ამბები გარკვევით ეწერა. იმ ბობმბებისგან თავდაცსის წესები ჩაწიკწიკებული იყო. მერე, ქიმიური ომის შესახებ საშინელებები წავიკითხე. აირწინაღი სახეზე ჩამოვიცვი, ჩანთა მხარზე გადავიკიდე, ასე გავიარ-გამოვიარე. აირწინაღში სუნთქვა სრულებით შეუძლებელი იყო. იმისთანა სუნი მეცა, ყლორჭინი დამაწყებინა და ვთქვი, ამას ჯობია ქიმიურ ომში პირღიამ ვისუნთქო-მეთქი. მაგრამ მეზობელ გლეხებს, საღამოს, კანტორაში, დამაჯერებლად ავუხსენი, თუ როგორ უნდა ეხმარათ ნამდვილი აირწინაღი. თოფისა კი ყველამ ჩემზე მეტი იცოდა და რაიმესი ახსნა შემრცხვა. წრის წევრები, ყველანი ჩემზე გაცილებით დიდები იყვნენ, მაგრამ მორჩილად მისმენდნენ და, წარმოიდგინეთ, შეკითხვებსაც მაძლევდნენ.
-ომი როის იქნება, ეგ მითხარი შენ, _ ამოიძახა ერთმა. გეგონებოდა, ომის დაწყება ეჩქარებოდა. გავბედე,. _ დიდკაცურად, გაჯავრებით შევხედე, თანაც არაფერი ვუპასუხე.
იქ კი, სადღაც შორს, ინგლისის ქალაქებს აყრიდა და აყრიდა გერმანია ბომბებს. კანტორიდან საღამოობით გაზეთი შინ მიმქონდა. ბაბაი ბუხართან ხმამაღლა მაკითხებდა. გერმანიის გადარეული ბელადისა აინტერესებდა ძალიან. ულვაში აქვს, სიმაღლე კი არაო, ჩაიქირქილებდა მამაჩემი ჰიტლერზე. მაგრამ ჰიტლერი ბაბას ქილიკს აინუნშიაც არ აგდებდა, უბათქუნებდა და უბათქუნებდა გაღმელს და გამოღმელს. მიანგრევდა, მიაპობდა, მილეწავდა, მიდიოდა. მთელ საფრანგეთზე უკვე კაი ხანია ჯაჯია ქორივით იყო გადამჯდარი და ძიძგნიდა. საფრანგეთის ამბავი, მახსოვს, მე და ბაბამ ერთად მოვიტირეთ ორი წლის წინათ. გერმანიის არმია პარიზში შევიდაო, წავიკითხე ხმამაღლა მაშინ. გული ჩამწყდა, კინაღამ ავტირდი. ასე დიდმა და ძველმა ქვეყანამ, იმფერი ქალებისა და მწერლების პატრონმა, როგორ იკადრა, როგორ მიიყვანა საქმე იქამდე, რომ გიჟი გერმანელები თავის სატახტოში შეუშვა? მაშინ გაზეთები გერმანელებს პირსისხლიან ფაშისტებს ეძახდნენ, მაგრამ ბოლო ხანებში, როცა სტალინი და ჰიტლერი ხელშეკრულებით დაამხანაგდნენ, სიტყვა ფაშისტი გაზეთებში თითქმის აღარ დაუწერიათ. გერმანიის ჯარები, ვერმახტის ჯარები, საიმპერიო ჯარები, _ აი, როგორ ეძახოდნენ ჩვენი რედაქტორები თავიანთ ნაწერებში სვასტიკიან ნაცისტებს. გერმანელები რომ მარშით შედიოდნენ სახელმწიფოებში, ვატყობდი, სულაც არ მოსწონდათ, მაგრამ ქაღალდზე დაწერილი მეგობრობის გაფუჭებას უფრთხილდებოდნენ, თან, ალბათ, ეგონათ, ამით თავდასხმას, რისთვისაც მზად იყვნენ, აიცილებდნენ.
ხშირად კიდეც აქებდნენ გერმანულ სამხედროთა ქველობას. მესერშმიდტები, იუნკერსები როგორ ეზიდებოდნენ ბომბებს ევროპის ქალაქების დასაფშვნელად. ამას ვითომ მეც ვხედავდი, ვითომ მესმოდა იმ თვითმფრინავთა გუგუნი და გრიალი, მამაჩემი მომისმენდა, თავს ჩააქნევდა, ნაცარში ჩააფურთხებდა, მიწით გამოვსებულ ქალამნებს გაიხდიდა, გაიხდიდა წინდებსაც და დაგორგვალებულ ქალამნებში ჩააწყობდა, უშუშო სარკმელში ცას გახედავდა, მომიბრუნდებოდა და მთქნარებით ჩამილაპარაკებდა:
_ ვინ გახდა ეს ჰიტლერი ბოლოს და ბოლოს, ასე რაფერ გადაატრაწა ყველას თავზე, ა?!
-ბაბი, _ ვპასუხობდი მეც დინჯი ჩაფიქრებით, _ სტალინმა თუ მეიწადინა, მაგი რას დაუკავდება… _ ამაზე უჩუმარა ჩაიკირკილებდა, მხრებს აათამაშებდა, ქვეშ-ქვეშ გამომხედავდა ისე, სხვამ არავინ შეგვნიშნოსო.
რას ნიშნავდა ეს, მაინცდამაინც თლათ ვერ ვეხვდებოდი ,მაგრამ, ყველაფრის ბოლომდე გამხელა ჩემთვის ჯერჯერობით ეძნელებოდა.
_ ჰო, ბაბი, ჰო, _ დამაშოშმინ-დამამშვიდებდა. ეს იყო და ეს.
შებინდებისას სალდათებმა ძაღლი აუშვეს. ბამბურა, მხრებბალნიანი, მგელძაღლა ღრენითა და ბურდღუნით შემოურბენდა კოსტოხას და კმუსუნ-კმუსუნით მიწურის შესასვლელთან, მისთვის დაგებულ `პარტიანკების~ საფენზე დადებდა უკანალს და თავის ხოშორ კუდს ძირს დააფართხუნებდა იმის ნიშნად, რომ მოვალეობის ნაწილი უკვე შევასრულე, ახლა კი ჭამა მინდაო. ვასია-ეფრეიტორი უმალვე უბრძანებდა სალდათს, ძაღლს ვახშამი გამოუტანეო. აფხაკუნდებოდა ალუმინის პატარა კარდალი, ტყლაპატყლუპით ჩაცვივდებოდა შიგ სადილის ნარჩენები და მალე კარის გვერდით, კუთხეში, მრეშბალნიანი, მგელძაღლა სულმოუთქმელად შესანსლავდა ყველაფერს და მაშინვე ფხაკუნ-წკმუტუნს ატეხავდა, არ მეყო, დამიმატეთო. მაგრამ ეფრეიტორი ვასია, კვლავ საქმიანად უბრძანებდა. გაიყვანეთ და სამორიგეო მავთულზე გამოაბითო. ის მავთული, კარიდან მთელ კოსტოხაზე რომ გადაეძგიბათ, მიწაზე იყო გაწოლილ-გადაჭიმული და ძაღლის საბელის რგოლი, მთელ სიგრძეზე თავიდან ბოლომდე, თავისუფლად დასრიალ-დახოხიალობდა. ასე რომ, მგელძაღლას შეეძლო გასამხედროებული მთელი ჩემი ბაღნობის ალაგი, _ კოსტოხი, წუთში მოერბინა და კაცის ჭაჭანება იქ გამოჩენასაც ვერ გაბედავდა.
ა, გასულ წლამდე მე სულ აქ ამოვჭენდებოდი,ჩემი მუხლებით აქაურობა იყო მოქელილ-მოგალული. კოსტოხა, გაზეთის ენით რომ გითხრათ, ჩემი დამოუკიდებლობისა და ავტონომიური არსებობის რეალური გარანტია იყო. ამიტომ მისი ხელყოფა არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი, გვირაბის მთხრელთა რკინიგზის სკოლიდან გამოქცეული, შინ რომ დავბრუნდი და ჩემო კოსტოხა დაპყრობილი დამხვდა, თითქოს ბავშვობა მაშინ დავკარგე სამუდამოდ. ერთი მოტირება მოვიტირე კოსტოხას წართმევა,. მაგრამ მეორენაირად, მიხაროდა, _ ჩემი ბავშვობის საყვარელი სათამაშო ალაგი, კოსტოხა, საბჭოთა სამშობლოს სამსახურში ჩადგა. ეჰ, ეს რომ ვინმემ მოახსენოს სტალინს, ბელადი ალბათ მე თავისთან დამიბარებს კრემლში და მადლობას მეტყვის… მერე, მეც წავალ ჯარში, ხელში ავიღებ თოფს, დავიცავ ჩემს უსაზღვრო საბჭოეთს. სადაც გამგზავნის ბელადი, იქ წავალ. არაფერს და არავის შევუშინდები. გამოვიჩენ გმირობას. ამას კი ბელადი უსათუოდ შენიშნავს და ოქროს ვარსკვლავით დამაჯილდოვებს. ხოლო, როცა მკერდზე ოქროს ვარსკვლავით და ლენინის ორდენით დავბრუნდები, მომიწყობენ მრავალათასიან სახალხო შეხვედრას ბათუმის ვაგზალში, როგორც ეს მოუწყვეს გმირ სულაბერიძეს, ფინეთის ომიდან როცა დაბრუნდა, რაც მე ჩემი თვალით ვნახე, მაშინ, გინდათ გაგებული იყოს, რომ გვირაბის მთხრელთა სკოლიდან გამოვიპარე, მაინც ყველაფერს მაპატიებენ.
ჰო, _ კოსტოხას ავტონომიაზე ვამბობდი, _ ზაფხულში, ზღვისპირა სოფლიდან ზაქროს ამოსვლა აქაურობაში დიდ გამოცოცხლებას შეიტანდა. მე და ზაქრო აქ, კოსტოხაზე, მთელ დღეს ვთამაშობდით. არა, იგ იმთლად თამაში არ იყო, _ ჩვენ აქ ვმუშაობდით. ფრჩხილები მიწით გამოპენჭილ-გამოგლესილი გვქონდა, თმებშიც მიწა ჩაპნეულიყო ბლომად, უბეშიც მიწა ჩაცვენილიყო. მიწას ვთხრიდით, ვღარავდით, ვაგენგიშებდით, ვშლიდით და კიდეც ვჭამდით, გაგვყავდა გზები, ქუჩები, ვაშენებდით ქალაქებს, სოფლებს, ვაგზლებს: ბოლოს, კოსტოხას ავტონომია გამოვაცხადეთ და, ჩვენ ორნი, მე და ზაქრო, დავეპატრონეთ.
მაშინ რა ვიცოდი, თუ ოდისმე იმდენი ჭკუა მოიყრიდა ჩემ თავში, რომ თვით ნამდვილად არსებული ავტონომიაც დრომოჭმულად, ეროვნული უხერხულობისა და გლობალური გაუგებრობის ნათელ ნიმუშად მომეჩვენებოდა? ჯერ ერთი, ვისგან იყოფი, კმაყოფაზე იყო და შემოსავალ-გასავლის მოვლა-წაძღოლა თავის ხელში ეპყრას. მაშინ დაგჭირდებოდა ან მოგინდებოდა ამნაირი ავტონომია? ამბობენ, რა გვენაღვლება, ავართვათ დიდ კავშირს რაღაცეები ავტონომიის საბაბით და ვჭამოთო. თანაც, ხომ ხედავთ, ჩვენც ჩვენი პაწია დამოუკიდებლობა გვაქვსო. კი, მაგრამ ვისგან გაქვს ეს დამოუკიდებლობა. შენიანებისაგან? შეიძლება შენ ცალკე ხალხად იწოდებოდე შენივე ხალხში?
კოსტოხას ავტონომია, მე და ზაქრომ, კარგა ხანს ვაარსებეთ. მაგრამ იქ ნაშენები ქალაქები და სახელმწიფოები აქ არყოფნის ხანებში მოგვისრისეს. შეიჭრებოდნენ ჩვენი აქ არყოფნის ხანებში, სოფელ მოზეტიალე `ბარბაროსთა ბანდები~ და ჩვენს ნახოხიალებ-ნატანჯ ცივილიზაციას გაგვინიავებდნენ. მომავალ ზაფხულს, როგორც მიწისძვრის შემდეგ, ყველაფერს თავიდან ვიწყეყდით. ავაშენებ-ავაწყობდით ახლად ჩვენ-ჩვენს სამშობლოებს თუ სახელმწიფოებს და შეჯიბრებებსაც ვაწყობდით, რათა თვითეულს საკუთარი გამოგონილი სოციალიზმი უმაღლესად განგვევითარებინა.
ჩვენ ორი ბაღანა, ჩვენივე კოსტოხას ავტონომიაშიც კი, სოციალისტურის გარდა, სხვა სისტემის ხსენებას სახელადაც ვერ ვბედავდით გვეხსენებინა. ხანდახან, პატარ-პატარა ომებსაც ვუცხადებდით ერთმანეთს. მაშინ, მე და ზაქრო მხოლოდ იმჟამად მეომარი ქვეყნების სახელებს დავირქმევდით და ჩვენაც უფრო არხეინად, უფრო გულდასმით, ვაჩაღებდით ერთმანეთის ნგრევა-აოხრებას, ვიდრე შენებას.
ზაქრო ხშირად გერმანია იყო. ქალაქთან უფრო ახლო მცხოვრები ვარო, ტექნიკა მეტად ვიციო და ამიტომ მე რომელიღაც სხვა მომცრო დამარცხებული რესპუბლიკა ვიყავი.
ერთხელ საფრანგეთობაც მერგო და იმ დღეს დიდი რუდუნებით უამრავი პიწკებით, ქვით, მიწით ავაგე ჩემი მაჟონის ხაზი. ამან კაი დრო წაიღო და თითებიც კარგად დავიღლიტე. მაგრამ სიმაგრე მართლაც მაგარი გამოდგა. ზაქრო-გერმანიამ, თავისი თიხის ტანკებით და ნაფოტის მანქანებით, ვერანაირად ვერ გადმოლახა ჩემი მაჟინო. ნამდვილ გერმანიასავით გვერდებიდან შემოპარვაც მოიწადინა, მაგრამ უმალვე მივუხვდი. აბა, მე მაშინდელ ბლაყე საფრანგეთივით ხომ არ შემოვუშვებდი ოკუპანტებს. ჩემი კოსტოხას რელიეფი უფრო მიწყობდა ხელს. გადაღმა-გადმოღმა ფერდობებზე ისეთი გაუვალი ეკალბარდები იყო დაძუძგურებული, შიგ ჯინიც (ეშმაკი) ვერ გაეტეოდა.
მისმა შეიარაღებამ რომ ვერ გაარღვია ჩემი თავდაცვის ზღუდე, ზაქრო-გერმანია გაჯავრდა, წამოიჭრა და ხელდახელ მეძგერა. იმნაირი კვანტები და რაღაც სხვა ილეთებიც იხმარა ზაქრომ, ცოტა შემაჯანჯგალა, წამაფორხილა და, ბოლოს, ჩემივე აგებულ მაჟინოს ხაზზე გამაწვარადინა. ასე, რომ საფრანგეთს ვერც იმ დღეს ავაცდინე მარცხი.
ვასია-ეფრეიტორმა სალდათი გამაყოლა, ჩააცილეო. მგელძაღლამ ღრენა-ღმუილი მორთო, ალბათ, ჯავრობდა, მაგ ბღუშტის დასაგლეჯად რატომ არ მიშვებთო. ამასობაში მუხნარის ჩირგვები ფრაწაფრუწით გადავირბინე, უკან, სალდათს, სპასიბო-მეთქი, მოვაძახე და სამშვიდობოზე, ჩემს მყუდრო ეზოში, მარტოდმარტო გავჩერდი. ის ცა, რაც ჩემი ეზოდან ჩანდა, საკარმიდამოსავით მიყვარდა. ჩემს ბავშვურ ოცნებებთან ერთად ბევრჯერ მირბენია იმ მოჭინჭვალე ვარსკვლავთა შორის. ის ვარსკვლავები ჩემი ძველი ნაცნობები არიან. მიწაზე რომ ვერაფერს შევასმენდი, იმ ვარსკვლავებს მივაშტერდებოდი. ისინიც ბაგეებისა და თვალების კამკამით ერთმანეთს გადაუჩურჩულებდნენ, რა ვუთხრათ, რა დავპირდეთ, რითი დავეხმაროთო. ხეირიანს მაინცდამაინც ვერაფერს მანუგეშებდნენ, მაგრამ იმათი მადლიერი ვიყავი მაინც.
იმ საღამოს ცა თითქოს უფრო ცოცხალი და სევდიანი იყო. თანაც, უფრო უნაპირო, უფრო ღრმა, უფრო უფერული მომეჩვენა. ღრუბელთა ერთმანეთზე გადაბმული ბოლქვები, ჯამიდან გადაღვრილ ჭუჭყიან წყალივით, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიედინებოდა. ბოლოს, ღრუბელთა სვლა გაწყდა. ცა გაიხსნა და წითელ-წითელი წინკლებით მოჩითული თავისი კალთა მთებზე გადმოფინა. ივნისი უკვე სიცხეების თვეა ჩვენში, მაგრამ საღამოს მაინც თავისი ნაზი სუსხი მოჰქონდა.
მუხის ფოთლებში ჩუმი მოკრძალებით ეხვეოდა ნიავი და უცნაურ ენაზე აჩურჩულებდა. ისეთი სიმშვიდე იყო, მეც კი ფიქრად მაქცია, ჩემი გამორბენილი, პატარა, დაუწყობელ-დაულაგებელი ცხოვრების ბილიკები, ხელმეორედ გამარბენინა და ათასი წუხილით დამიჭვალა გული.
დილით დიდი სამამულო ომი დაიწყო. თუმცა, ჯერ იგი სამამულო ომის სახელით არ მოსულა ჩვენამდე. ჯერ იგი, უბრალოდ, ომი იყო, ჯერ ომისაც არაფერი ეტყობოდა. იყო ჩვეულებრივი ამბავი, ვიღაცისაგან განაგონი. ეს, შესაძლოა, ტყუილიც გამომდგარიყო.
ავადმყოფი მამაჩემი ბუხრისპირ, სექვეზე დაგებულ ლოგინში იწვა; მე პირის დასაბანად გარეთ გავვარდი. ღარის წყალი შეიძლება მარტო მიწრეტილიყო, ვიღაც ზედაური მეობელი მოპარულ წყალს ბაღჩის მოსარწყავად მიუწინწილებდა ფელოში და ჩვენ, ქვედაურები, შეიძლება მშრალზე დავრჩენილიყავით. ამიტომ, დედაჩემს იალუნზე ქვაბები, კარდლები, კაპჭანები წყლით დაევსო და ფეფენიკის ქვეშ, მყუდროში ჩაემწკრივებინა.
ჭაჭვი (პეშვი) წყალი სახეზე რომ შევიშხეფე, ჩექმების ბრახუნი მომესმა, ავიხედე. კაპანში კიბის საფეხურებივითი დაღრეკილ-დახლართული მუხის მრეშ ფესვებზე, დრაგადრუგით, ვასია-ეფრეიტორი ჩამორბოდა, წელზევით სულ ტიტველი იყო და გრძელი ხავლის ქნევით მოქროდა. სიხარულით აღგზნებული იყო. კატიუშაზე რომ სიმღერაა, აი, იმის ნაგლეჯს მღეროდა. წყალთან მოიჭრა და პირგადღურულს მომეხვია.
_ შუკრი! დარაგოი, ზნაეშ ნოვოსტ? ვაინა, ვაინა ნაჩალას!.. _ ყვიროდა აღტაცებული, რა ახარებს ამ უბედურს-მეთქი, ვიფიქრე ჩემი საკუთარი ჭკუით, თანაც ვფრთხილობდი. _ იქნებ ზემოდან ასეთი ბრძანებაა._ უნდა აღტაცებით შევხვდეთ ომის დაწყებას. აბა, ჩვენი საბჭოთა ადამიანის მოწყენილობა, დარდიანობა და შიში როგორ შეიძლება.
გამთენიას მივიღეთ ცნობაო, გერმანიამ დაბომბა კიევი, ოდესა, მინსკი, ყირიმი… უკვე შემოიჭრა მოტორიზებული ნაწილები და ჩვენი წმინდა… ბოღმა და ცრემლი ყელში გაიჩხირა, თვალებზე ბლიკვი მოვიჭირე. ვასია ღარზე დაიხარა, წყალი ჭაჭვებით პირსახეზე, გულ-მკერდზე შეისხა, წელზევით სულ დაისველა, სახოცი ზურგზე გადაიჭიმა, ხერხივით აღმა-დაღმა იხახუნა, სახეც მოიხოცა, თვალი ჩამიკრა და ხელისქნევით აღმართში ავარდა.
მაღლა, კოსტოხაზე უცებ შედგა, გადმომხედა. ფრონტზე თუ გამიშვეს, ბალალაიკას დაგიტოვებო, მომაძახა და მუხის ჩირგვებს მიეფარა.
მამა წამომდგარიყო, ნიფხავ-პერანგში გამოხვეული, ბუხრისკენ მიბრუნებული, ძიგარაზე ნაკვერცხალს დებდა მალე პირი ააფლაკუნა და დაგორგვალებული კვამლის ბოლქვები ერთმანეთის მიყოლებით ჭერისკენ აცურდნენ. ჩანდა, გლახა ხასიათზე იყო. ბოლო ხანებში ხშირი ავადმყოფობა დასჩემდა. ჯირკვების მოსატანად ვეღარ მიდიოდა ტყეში. ცულს, წალდს, თოხს ვეღარ ხმარობდა, ძველებურად. მოტყდა, დაძაბუნდა, სიბერემ თავისი ჰქნა, მუხლებში და მკლავებში ძალა გამოაცალა. ხელ-ფეხი რომ ძველებურად ვეღარ მოიხმარა, ბაბაი გაჯავრდა, მართალია, სიბერეზე და თვით ბედისწერაზე ჯავრობდა, მაგრამ ჩვენ, გარემყოფთ, გვეგონა, ჩვენ გვიჯავრდებოდა, არავისი ბრალი არ იყო, რომ მამაჩემს ასე წაერთვა ღონე და მოხუცებულობის შეუბრალებელმა ავზნიანობამ ამნაირი მოსავებულობა შეჰყარა, მაგრამ, ზოგჯერ ჩვენს აჩქარებულ და ახმაურებულ გავლა-გამოვლასაც ვეღარ იტანდა, ყველაფერი აღიზიანება, უბრალო ფაჩუნზეც გაბრაზებული აყვირდებოდა,. ერთადერთი სახლიმამალი მაინცდამაინც გარედან, ბუხარზე გაბოგილ ღჯაზე, აფოფინდებოდა, რომ სწორედ იქიდან აეტკაცუნებინა თავისი ფართხუშა ფრთები და იქიდან გადმოეღვარა ქვეყნის თავზე თავისი ჩახლეჩილი ყივილი.
-დეიჭირეთ მაგი დელი ყიყილაი და მომასვენეთ ერთი ,თუ ღმერთი გწამან. გაწყვიტეთ მაგი ყიაში და ერთი პაწაი შეფააღათი (შეღავათი) მომცით და… რამ ამბავია, ჭო, ეს, რა იქნა, ა? ისე იყივლებს, შეშის ნაფრეწივით გამაპობს შვაში, ტვინში პასალა მეყრება ვითამ,. იმნაირი ყივილი იცის მაგ საქორემ, მაგან…
-ბაბი, გერმანიამ, დღეს დილას, ომი დაგვიწყო თურმე. _ სერიოზული ხმით მოვახსენე, ავადმყოფმა ბერიკაცმა თუთუნის პლაკუნი შეწყვიტა და ჩაიბუბუნა:
_ ეგ რა თქვი, ჭო?!
_ მართლა, ბაბი, კოსტოხის უფროსმა მითხრა, აგერ ღართან მითხრა. _ დოკუმენტურად დავუდასტურე.
_ ე! ხომ ვამბობი, მაი, ჰიტლერაი ამ ჩვენ სტალინს არ შეარჩენს ამას-მეთქი, ეფეროს ახლა კიდევ მაგ ფირალს ეს ჩვენი ბლაყვი. ეფეროს და აძლიოს მატარებლებში ჩაჭირთული უკრაინის პური! რათ გინდა, ეფერები, რომ შენ სტალინი ხარ, ძიავ, ადექი, დროზე დუუბიჯგინდი, მიახვეტე და მიახვეტე… ახლა შენ გააჩერებ ჰიტლერას?!
მერე ისევ ააფხაკუნა ძიგარა. კვამლის გორგვალა ბოლქვები თანდათან გასქელდა, გამუქდა, გამწარდა, ბოლოს ნერწყვით შესელებული ნამწვავი ნაცარში ფერთხა და გააფთრებული თვალები მომავლო.
_ მართლა იმან გითხრა?..
_ ჰო! _ მამა ჩაფიქრდა.
_ შემეცოდვა ეს ულვაშაი ახლა, ე! კი, სტალინი შემეცოდვა…
აწრიალდა, აიფუშ-დაიფუშა სოფელი დუბეც. ყველანი ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რა იქნება, რა მოხდება, აქაურობაში ხომ არ ჩამოაღწევს გერმანია, ხომ არ დაგვარტყამს ჩვენც?
მესამე დღეს მობილიზაცია გამოაცხადეს. მთელი მამაკაცობა ხიდისკენ დაიძრა, იქ იყო თავშესაფარი, იქიდან კი `გურძავოებით~ რაიონში მიყავდათ. რაიონიდან უკვე რუსეთში. ზოგიც, _ აზერბაიჯანში, ირანისკენ.
მურთაზი გვიან დაიბარეს, ასე მეთხუთმეტე დღეს. ფეხის ქუსლის ტკივილი ბავშვობიდან რომ ჰქონდა, არავინ არაფრად ჩათვალა. ომია, ჯარში გეძახიან, სამშობლო დასაცავია, უნდა წახვიდეო. დედაჩემი მამაჩემს ემუდარებოდა, ბერო, ჩაი რაიკომში და შეეხვეწე, დაგიტიონ შვილიო, ხომ ატყობ, დახოხილდი. ერთი ბღუშტის (ჩემზე უთხრა) ხელში შიერი დევხოცებით?! მამაჩემი ნაცარს ჯიჯგნიდა. ძიგარას ძიგააზე აპლაკუნებდა. ხმას არ იღებდა.
მოიღუშა სოფელი. დაუბნელდათ ფოთლის ხეებს.
ხიდის ფურნის ლამფის კარზე ოყიანი ბოქლომი დაჰკიდეს, _ პურის ცხობა შეწყდა. ხალხი მთლიანად საკუთარ მოყვანილ მჭადის იმედზე დარჩა.
მარტო საკარმიდამო სიმინდი, პურის წამოუხმარებლად, წლიდან წლამდე, როდი ყოფნიდათ.
სექტემბერი წვიმებით დაიწყო. წვიმები თანდათან გაცივდა, იაილებში წამოთოვა, ბევრს ყიშლებში მოგვიანებული საქონელი თოვლმა დაუხოცა.
ფრონტიდან თითო-ოროლა დაღუპვის ქაღალდი მოვიდა, ხმამაღალი ტირილის ეშინოდათ. მალულად ტიროდნენ ქალები.
მწვანე, ჭახე, ახლად ჭყინტობაში შესული სიმინდები თავებმოღრეკილები, მოწყენილები, მგლოვიარე ქალებივით მიწას ჩასციცინებდნენ.
იწვიმა, იწიმა: დაღვარა, დახერგა, დაზაფრა ყველაფერი. გადელდა წყლები, ჭოროხი მთლად გადაირიაო, ამბობდნენ, ერთ დღეს უბედური ამბავი ამოიტანეს, კახაბერში, ჭოროხთან, მეჩეჩზე მდგარი წითელარმიელთა მთელი ნაწილი წყალდიდობას ღამით წაუღია, ვინ იცის, რამდენი ათეული ჯარისკაცი დაიხრჩო.
მეჩეჩს ორივე გვერდიდან რომ გადარეულმა ნიაღვრებმა მოუჭირეს მარწუხები, საწოლებიდან აცვენილი სალდათები წყალში ჩაცვენილან, მაგრამ სტიქიას სუყველანი ჩაუყლაპია. ეს სიკვდილი რაღაც ჰქენი, ღმერთო, ფრონტიდან მოწოლილი სიკვდილი არ გვეყოფოდა? _ ტიროდა დედაჩემი, მურთაზას ტიროდა. სად იყო ჩემი ძმა, რასა იქმდა, არავინ უწყოდა.
თვის შუა დღეებში იდარა. მზე გამოვიდა, იჭყიტა. თურმე ერკიელი ჰქნა. მეორე დღეს ისევ დასცხო. ცა ჩამოწვა თითქოს. ისეთი ჭექა-ქუხილი ატყდა, ყველას ეგონა, გერმანიის ჰაეროპლანები შემოგვესიენო და ბომბები დაგვიშინესო .მოვნახე ჩემი დაფრეწილი აირწინაღი და მოვემზადე თავდასაცავად, მაგრამ ფრაწაფრუწი ღამით შეწყდა, ქვეყანა უცნაურად გაიკმიდა. არავითარ შხეფის ჩქაფანი აღარ ისმოდა. სექვეზე გაშლილ ლოგინებში შევძვერით და დილის მზეს დაველოდეთ, _ ბუნეის სიჩუმე გამოდარების ნიშნად ვცანით. ციოდა კი, ძალიან ციოდა.
გამთენიას ლაწანის ხმამ გამოგვაღვიძა.
ბაბაი კვნესით წამოჩოჩდა. საკრმელზე მიფარებული ფოსტი (თიხის ტყავი) გასწია და მწარედ ამოიგმინა.
_ დაგვავსო ღმერთმა და ესაა!
მეც იქ, მეორე სექვეზე ვიწექი, წამოვიჭერი, მივვარდი, გავიხელე, ქვეყანა თეთრად გადაპენტილიყო. ეს თოვლი იყო.
ფოთლებიანი, ნაყოფმოუკრეფელი ხეები საცოდავად დაზნექილიყვნენ. ზოგს მთელი ბოლი ჩამოხლეჩოდა, ზოგსაც ძლივს ეკავა თავისთავი, საცა იყო, უნდა მოტეხილიყო.
დედაჩემი აღარსად ჩანდა, დერეფანში გავბრაგუნდი, უშუშო ფანჯრიდან სიცივე მოჰქროდა. გადავიხედე. _ ნენეი სიმინდებში ჩასულიყო. ჩვილ-ჩვილ ტაროებს ფერთხავდა. მთელი ყანა თოვლით წაფიქლულიყო. წაქცეული, მიწასთან გასწორებული სიმინდები , _ მეც კი ვხვდებოდი, სიცოცხლისაკენ ვეღარ მობრუნდებოდნენ, ახალრძეჩამდგარი ტაროები (ტოღები) კაკალს ვეღარ გაიმაგრებდნენ. ნალიის ძველი სიმინდი კი, ჰა, წისქვილის ხვიმირში ერთხელ ჩასაყრელადაც ვეღარ იკმარებდა.
მურთაზის ცოლ-შვილი იმ კალათისხელა ოთახში, რომელიც თვით ჩემმა ძმამ ოდის ლამფებისაგან მოჭედა, გამორიგებულ-გამოყოფილად,. ცალკე კომლად ითვლებოდა, ალბათ ამიტომ მეჩვენებოდა: თოვლი ჩვენს ყანაში უფრო მეტი იყო, ვიდრე მურთაზისაში.
აწუხებულ-აკვნესებული მამაჩემი, თავბედის წყევლით ლოგინიდან აგანგალდა, ჩაიცვა, გარეთ გავიდა. მეც გავყევი და ხეხილის ბერტყვას შევუდექით. დედაჩემი თოვლში ძლის მოჩანდა, ხოლო ეზოდან ჩანავალი მისი კვალი უკვე ახალ ნათოვს წაეფარა.
მერთაზი რომ ჯარში თუ ომში წასულად დავიგულე, თანაც მამაჩემის სიბერე-მოსავებულობა რომ თვალნათლივ ვიხილე. ოჯახში ჩემი მთავარკაცობის აუცილებლობა ძალიან გამორჩეულად გამომესახა.
ნაადრევი შემოდგომის მძიმე თოვლი, ხაოიან ფოთლებსა და ჯერ ისვ ზაფხულის სიმწვანის ბუსუსებით მოჭორფლილ ტოტებს ისე მიგლესოდა, ხაშრების მიფართხუნებას, გინდა ხის ძირებზე წიხლების დაშენას მაინცდამაინც აინუნში არ აგდებდა. უცებ მამაჩემმა აღმა აშვერილი ხაშარი გააშეშა და მიყვირა:
-ჭო, ჰადაა დედაშენი?! ე, აღარ ჩანს. გააგდე ეგ ტაკვეცი დად ჩაი ერთი, ნახე, არ დეირჩოს ეგ სეფილი (უბადრუკი), ეგა!
მაშინვე გადავევლე თეთრში ჩაყვინთულ ღობეს და წელამდე მორტყმული თოვლი თავდაღმართში მართლაც თვალის დახამხამებაში ჩავარღვიე, დაღლილი დედაჩემი იქვე მიმჯდარიყო და ზემოდან, სექვეზე ნადატოვარ ამოგუდულ საბანივით, კაწანი (ნამქერი) აზრდილიყო. არ ვიცი, თოვლის ღვამპაები თუ ცრემლები ჩამოსდიოდა, _ ლოყები და მთელი სახე მოსველებოდა, საკისური ჩახსნოდა ნენეს და ცხელი უბიდან ჩემი შორი ზაფხულების სურნელი ამოდმიოდა. ხმელი და სუსტი ბეჭედი. ღაზლის ჩაქითაში შესაბრალისად შესველებულები, იმ უსინდისო თოვლის ბულულს ისე შებიჯგინებოდა, გეგონებოდა, ჩვენი ახალშეჭყინტული ყანების დასაჟრეჭად მოჭრილი მთელი თოვლობა თავისი მხრებით უნდოდა მაღლა აეწია და ხალხი შიმშილს გადაერჩინა.
-ნენი, მომეკუჭე, ნენი. შინნა აგიყვანო, თვარა… _ ვუთხარი და ზურგზე მოვიმხე. აკრუსუნდა, მაგრამ მალე გაინაბა. ისე მემსუბუქა ნენეი, რომ უცნაურად მეტკინა გული. ჩემივე კვალში ჩამდგარი ადვილად ავედი თავამდი, მაგრამ დედა ცეცხლაპირამდე ძირს არ ჩამოვსვი. იგი დასაცოდავებული და აკანკალებული, ჩააბლებული ნაკვერცხლებისაკენ იწეოდა, თანაც ჩურჩულით მთხოვდა:
_ მოი, ჩაგიხუტო, შვილო, შენი ჭირიმე; შვილო, რაფერ გაზრდილხარ, შვილო, შუქრავ, მოი, ერთი… _ დავიჩოქე და მისი დაჩვილებული, გრილი ბაგეები რბილი ალერსით მოსესვ-მიმესვა ლოყაზე.
ჩაღვენთილი ღადარი მაშით გავჩხრიკე, სული შევუბერე და ბედაური მისათბუნები დავუტოვენენეს. მე კი ისევ გარეთ გავიჭერი, მამას მივეხმარები-მეთქი.
გავედი თუ არა, მამაჩემთან იქ, წიაპა, ხაშარივით წვრილი და მაღალი ზაალი დავინახე. ხომ გახსოვთ, _ რიზალ ბიძიას ბიჭი, ჩემზე დიდი იყო, მაგრამ ოდესღაც ჩემთან ამხანაგობდა.
ზაალი ამჯერად ისე მორყეულ-მოგრეხილიყო, ჩემზე უფრო დაპატარავებული მომეჩვენა. ფერი არ მომეწონა სახეზე. მოხარშულ ხაპერასავით სულ გადატეტკილი, უტყვი და გაშეშებული სახე ჰქონდა.
ბაბაი გაგვიდელდა, ალი ბუძავ, და, შენნა გვიშველო რაცხაო, ემუდარებოდა მამაჩემს. მამა ზორში იყო, მაგრამ მაინც ოდნავ ჩაეღიმა ირონიულად. მაგას მე კაი ხანია ვებნევი, დელი ხარ, რიზალავ-მეთქი, მარა ააფერი ეყურებაო. მაშინვე მივხვდი, ზაალაი სიცილის გუნებაზე არ იყო. ბიჭმა უმწეოდ ჩემუკენ შემოიხედა, თითქოს მე შემეხვწა, მიახვედრე რამე მამაშენს, არ ვეხუმრებიო.
-ალი ბუძიავ, გუშინასწინ ქაღალდი მოვიდა, ჩვენი მიქაილაი გერმანიამ მოგვიკლა… _ თქვა და იმხელა ზაალი ბაღანასავით აფლიკვინდა. სულ აუცახცახდა მხრები. მამაჩემმა ხაშარი თოვლში ჩაასო და გაოგნებული შემობრუნდა.
ბოლოს, როგორც იქნა, გადელებული ბუნება მივატოვეთ და გადელებული კაცისაკენ გავეშურეთ.
ხალხი შეკრებილიყო. მამა გზიდან ოდის კარამდე გადებულ წყვილ ძელზე გავიდა, კარს მიადგა და შეჩერდა.
_ რაა, რა გჭირს, ჭო, რიზალავ? _ შეუძახა .ჩაბინდულ ოთახში სექვეებზე რამდენიმე კაცი იჯდა. შუაში ჩაესვათ წვერმოშვებული, ფეხშიშველა, რიზალი, ჭლიკებზე დახეოდა შარვალიც და ალაგ მიწიდან ახალამოღებული კარტოფილისფერი მუხლები მოუჩანდა. მან წინანდებური ხალისით აღარ შემოხედა მამაჩემს. მაგრამ ხმა გაიგონა თუ არა, მგონი იცნო და თავი დაბნეულად აღმართა. ხმა კი ეცნო, მაგრამ თვით ბაბაი ვეღარ იცნო, კაიხანს აქეთ-იქით სივრცეში ატრიალა თვალები, მერე ისევ ჩაღუნა თავი და მწარედ ამოიგვნეშა.
მუხლებზე ხელები დაიტყაპუნა და ასადგომად წამოიწია.
_ ჰაით, ავდგეთ ახლა, წევდეთ ახლა!.. _ ბრძანა რიზალმა. ყველამ შეშფოთებით შეხედა ავადმყოფს და ნელ-ნელა ყველა ზეზე წამოდგა.
შეშლილ კაცზე ცქერა ყველაზე დიდი საშინელება ყოფილა ამ ქვეყნაზე. მკვდარს შეხედავ, _ იმდენი არაფერი, ხომ არ წამოდგება და ხომ არ მოგახტება, წევს თავისთვის და არის. გინდა სულაც აარიდე თვალი, ნუ შეხედავ სულაც, ვინმე დაგსჯის თუ რაი ნეტავ. მაგრამ შეშლილის სახე სულ სხვაა. არ შეხედავ, შეიძლება წამოგეპაროს და გიკბინოს. ან სულაც მოგაჭამოს ცხვირი ან ჩაგარტყას თავში და მიგაბნიდოს იქვე. ამიტომ ფხიზლად ყოფნა გჭირია.
ჯარში წასული მიქაილის ცოლი, ვარდო, კართან ატუზული ზაალის მახლობლად გაიქროლებდა ხოლმე. შევნიშნე, იქ მყოფნი ხშირად თვალს გააყოლებდნენ რძალს და მერე ერთმანეთს გადახედავდნენ. ქალი სხვა სოფლიდან მოუყვანეს მიქაილს და მას თავიდან ვარდო არ ექვა. მისი ნამდვილი სახელი არც არავინ იცოდა დუბეში, თურმე ვიღაცამ წაიჩურჩულა, მიქაილს რაფერი ვარდივით ქალი მოუყვანიაო და რიზალის იმ დღიდან ვარდო დაუძახნია ქალისთვის.
მიქაილმა თავის ვარდოსთან მხოლოდ სამი თვე მოასწრო ეცხოვრა და ოცდათვრამეტში წითელ ჯარში წაიყვანეს. სწორედ ორმოცდაერთის ზაფხულში შინ ბრუნდებოდა, მაგრამ ომმა მოუსწრო და ისიც, სხვა ჩვენებურ ბიჭებთან ერთად, ბურჟუაზიულ სახელმწიფოებისაგან ესტონთის გასანთავისუფლებლად, ბალტიისპირეთში შესული, სადღაც, ტალინთან, გაეჩხირა. მერმენდელი მისი ამბავი არავინ იცოდა.
ვარდოს ციცაი ეყოლა. გოგონას ვარდომ, სოფლის ჯინაზე, ვარდო დაარქვა, ეგონა, თავად მას ამის შემდეგ ნამდვილ სახეს დაუძახებდნენ, მაგრამ ამ ოინს ყურიც არავინ ათხოვა, ქალს კვლავ ვარდოს ეძახოდნენ, ხოლო გოგონას, _ ვარდოს ვარდოს… შვილის ყოლის მერე ვარდო მართლაც გაზაფხულივით აყვავილდა, ფათხუშა ძველმანებს იცვამდა, მაგრამ ტან-სხეული ისე ასკდებოდა, რასაც მალავდა, სწორედ ის უჩანდა. თავ-პირი სულ ლეჩაქით აკოჭილ-ახვეული ჰქონდა, მაგრამ იმ ნაკოჭებიდან თვალები, ლოყები, ბაგეები ისეთ ოქრო-ალთუნებს აფრქვევდნენ, ბრუდასხმული კაცები თვალს არიდებდნენ, არავინ შეგვნიშნოს და ცუდი რამ არ იფიქროსო. ვარდო თავის სილამაზის ხანძრის დასანელებლად კაბაზე და სახეზეც ხშირად ტალახს წაითხაპნიდა. ეს კი, საუბედუროდ, სილამაზეს უფრო ადელებდა.
ხეშტერა ზაალი რომ წამოიზარდა, მამა რძალთან სიფრთხილის ნიშნად ორთვალა ფაცხიდან გაიყვანა და ნალიაში გაუმართა საწოლი. სწორედ მაშინ დაიწყო…
მამაჩემი და მე მოპირდაპირე სექვეზე ჩამოვჯექით, ახლა კი რიზალმა მეტის დაძაბვით შუქგამორთული თვალი მამაჩემზე შეაჩერა და შიშმა ტანში ამბურძგლა.
-ავდგეთ ახლა, ალიავ! _ იყვირა უცებ რიზალიმ და ფეხზე აიჭრა. რაკი მამაჩემი დარწმუნდა, მიცნოო, ერთგვარად გულზე მოეშვა და მეგობარი კიდეც შეეცოდა. დავინახე, თვალები შეუსველდა. რიზალი კი წვერგაშლილი, ფეხშიშველა და მუხლებგამოცვენილი, ღია კარისკენ დაიძრა. იმ ორძელს, აივნად რომ მოეყუდებინათ გარედან, არავითარი მოაჯირ-ხელმოსაკიდი არ გააჩნდა, ცარიელ-ტარიელი იყო იქაურობა. მამაჩემი წინ გადაუდგა.
_ შენც?! _ მიღრიალა დელმა და მამაჩმი წაბიძგა, მამა გაუძალიანდა, რიზალიმ კი გამეტებულად ჰკრა ორივე ხელი და გზა გაიხსნა. მაშინ ხალხმა ერთხმად შეიღრიალა, და მე დავინახე, ფეხშიშველა ბერიკაცმა ოთახიდან პირდაპირ დათოვლილ ბოსტანში როგორ გადააბიჯა; არ ეგონა თუ იქ, გარეთ, თოვლი იყო, ისიც ისე ღრმა და ცივი, მაგრამ არ შეჩერებულა. ხრაშუხრუშით მიარღვევდა სველ და მძიმე თოვლს ბოსტანში და მიდიოდა, მიდიოდა, ვინ იცის, საით.
სხვამ გაყოლა ვერ გაბედა, მამაჩემი კი წამოეწია, რაღაცა საშინელი ხმით დასჭექა, გულმკერდზე ხელები შემოაჭდო, მოღუნა, მოიმორჩილა, შინისკენ შემოაბრუნა და ბიძგვა-ბიძგვით, დატუქსული თუ ერთგვარად მოთვინიერებული, დაწითლებულ-დასისხლიანებული ჭლიკებით შინ შეიყვანა. ხმა არ ამოუღია, სიტყვის შებრუნება არ გაუბედავს, მოძუნძულებდა და მოყვებოდა ძმაკაცს.
-რიზალავ, ჭო, დაჯე ახლა, დევსვენოთ, მე ალიაი ვარ, ხომ ხედავ… დამიჯერე მე! დაჯე და ერთად ვიტიროთ.
_ ა?! _ ამოიგმინა, უცებ სველი უკანალით დაასკდა სექვს და შეაშტერდა მამაჩემს.
_ წაით ახლა თქვენ! მე დავრჩები, ამდენს რა გინდებიან აქ, _ განუცხადა მამაჩემმა იქ მყოფთ. მართლაც ნელ-ნელა წამოიშალნენ და ფეხაკრეფით გაიკრიფნენ ოთახიდან.
მამას შევატყვე, ინანა, წეღან, ვიტიროთო, რომ უთხრა, ამ სიტყვაზე რაღაცა გაახსენდა რიზალის და მართლაც ჩაიფლიკვინა.
ზაალი მოკრუნჩხული და გამწვანეული, სამზარეულოს კარზე ატუზულიყო. მეცოდებოდა, მივედი, ვუთხარი, წამოი ჩემთან-მეთქი.
ვარდო და ვარდოს ვარდო ბუხრიანში ფაციფუცობდნენ. რიზალის დედაბერი კაიხანია დავრდომილი დახოხავდა ოდაში. ბოლო ხანებში კი მთლად წასულიყო ხელიდან. საპყარი დედამთილი ბუხრიანის სექვეზე დაქლექილ საბანში მიხვეულიყო. იმ საბანში გამოკოჭილ დედამთილს ვარდო ხან ერთ სექვეზე გადაათრევდა, ხან მეორეზე.
_ ავდგეთ, აბა, ჰაით?! _ ჩაიბუბუნა რიზალიმ და კვლავ მუხლებზე დაიტკაცუნა ხელები, მამაჩემმა უკანვე დასვა. თან ზაალს ანიშნა, თოკი მომიტანეო.

მეორე დღეს გამოიდარა. დაცხა. თოვლი ღვარებად მოსკდა. ღვარებმა ყანები ღრმა ღარდებით დაარუა და ჩვენი ყანა-ბაღჩები, თვით ქვეყანაც, ნამტირაევი, უდროოდ დაბერებული ქალის სახეს დაემსგავსა.
ჩაჟრეჭილ-ჩალეწილი სიმინდები, თოვლში მოხარშული, გაუფერულებული, ჩალა-ქცეული მთელი ყანები, დათხრეშილ-დაფორჩვილ საბნებივით გადახურვოდა ზამთრით შეციებულ დედამიწას. ჯერ ისევ ჭიპა კიტრებიანი და ყვავილებმიბჟუტული ლერწები გვერდზე გადახრილ ღჯებს ჩამოძლეძოდა. ათასნაირი დაჩუტულ-დასრესილნაყოფიან ხილთა მოხლეჩილი ტოტები გამოდარებულზე ნიავში უსიცოცხლოდ კორწიალობდნენ.
ბაბამ თქვა, მგონი, ამინდით ჰიტლერის მხარეზეაო და თავადაც აკვნესებულ-აწუხებული, ლოგინში ჩაწვა.
უცებ, შუაღამით, ხმაურმა და ნენეს ქვითინმა გამომაღვიძა. ბუხართან, მამაჩემს მურთაზი მიჯდომოდა და მწოლარეს ეხვეოდა. წითელარმიელის გახუნებული სამოსი ეცვა, მაგრამ ფეხზე ქალამნები დავუნახე, დედაჩემი ძირს ჩამომჯდარიყო და ომიდან მოსულ შვილს მუხლებზე კოცნიდა, მურთაზი თურმე ფრონტამდე არც მისულა. მის ჩაჭყლეტილ ქუსლიან ფეხს ვერავითარი ჩექმა ვერ მოარგეს, ხოლო გერმანიის ომში საბჭოთა კაცის ქალამნით გაყვანა სარდლობამ არ იკადრა თურმე.
პირადად მე კი მურთაზი ყველაზე ბოლოს მომეხვია. თავადაც ქვითინებდა. ბავშვებს ეძინათ. რძალი შორიახლოდან შესცქეროდა ჯარიდან მოსულ, მონატრებულ ქმარს, მაგრამ დედამთილ-მამამთილის თვალწინ, ვერ ეხვეოდა.
იმ უმჭადო-უსიმინდო ოჯახში მარჩენალი კაცის დაბრუნება, რაღა თქმა უნდა, დიდი შეღავათი იყო.
მეორე დღეს დუბეში ხმა გავარდა, ზაალი წითელ არმიაში წაიყვანესო, მაგრამ დოლოგანში ჩაყვანილი მანქანიდან გადამხტარა და გაქცეულა. ამბობენ, თურქეთში გადაძვრაო. ზოგიც ჩურჩულებს, ზეგნის ტყეებში იმალება, ღამღამობით კი შინ ჩამოდისო. ერთ დღეს, ვარდო რაიონის მილიციამ დაიბარა, გეცოდინება, სად იმალება ზაალი და მოგვიყვანე, თორემ ბაღანასა და დედამთილ-მამამთილთან ერთად ციმბირში გაგასახლებთო. ქალი აღშფოთებულა. სხვათა შორის, მამაცურად უპასუხნია: უპუროდ, უმჭადოდ, უკაცოდ იმ საბძელა ოდაში ყოფნას გასახლება მირჩევნია; იქ რაცხანაირ ნაქეტოს მაინც ვიპოვი და კარდალში გავამღვრევო.
თოვლით დახრუკუ-დაჯღურკული ფოთლეი ჯერ უმწივარ ხეხილს ცვიოდა, ცვიოდა. ძროხები, თხები, ხბორები, ახორბეიდან რომ გამოხოლხდებოდნენ, ეზოებში იმ დაგვარგვალებულ ჟვერებს ხრაწახრუწით ჭამდნენ, მერე წაქცეულ ღობეებს გადააბიჯებდნენ და დამზრალ-დაჩუტულ ჭყინტა სიმინდებს, მოურიდებლად, არხეინად შესეოდნენ,. ადამიანი, ძველებურად, პირუტყვს აღარ უჯავრდებოდა, მოსავალი ისედაც წამხდარი იყო.
მამაჩემის სანახავად ჩემი უმცროსი და, ფადიმე გვეწვია თავისი ქმრით. ცისფერთვალება ომერი ენერგიული ბიჭი იყო, მაგრამ ძველებურ ყაიდაზე ჩაცმული, ნაადრევად დაბერებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა (ჩემი და მაშინ გათხოვილიყო, მე რომ გვირაბში სამუშაოდ გამიშვეს). ომერს მამა მოლა ჰყავდა, ამიტომ თავადაც ლოცვისთავებს არაბულად ხმამაღლა აბულბულებდა. დღეში ხუთი ვახტი (ნამაზი) აუცილებლად უნდა ელოცა. ფადიმე გაეწვართა და თავის ჭკუაზე დაეყენებინა. ორივე გაღმა-გამოღმა, თხის ტყავდაგებულ სექვეებზე, დადგებოდნენ სალოცავად, ბაგეებს გაუჩერებლად აფუჩფუჩებდნენ და ხელებსაც. წესის თანახმად, ხან მაღლა აღმართავდნენ, ხან მუცელზე თუ მუხლებზე დაიბიჯგებდნენ. ჩემი დაი უფრო ადრე ამთავრებდა ლოცვას. თითქოს ჩქარობდა, როგორმე მოეთავებინა და მამაჩემს მიჯდომოდა სამისაიფოდ. ომერი კი ნელა, ზოზინით, მძიმედ და საფუძვლიანად ასრულებდა მაჰმადის ნაბრძანები ნამაზის ყველა ილეთს, ხოლო მეუღლეს, რატომ ადრე მიატოვაო, ერთგვარ ჯავრიან და უკმაყოფილო თვალებსაც კი გააყოლებდა. ჩემი დაი ამას გრძნობდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.
იმ დღეს დედაჩემმა უკანასკნელი ფქვილი ამოხვეტა, კიდობნიდან და სიცოტავის გამო აღარც კი გაცრა. თხლად მოზილა და ახალგამოყუდებულ ქაფქაფა კეცზე ცომი ტყლერწა. ხელი ხის გობში ჩასხმულ წყალში ჩააწო და მაშინვე მჭადის გაბრტყელება-მოსწორებას შეუდგა. კეცი ვერ გაავსო პირთამდე, მაგრამ მჭადის სიფართეში ძველებურს ჰგავდა. დედაჩემმა ხელის ყუა ორჯერ გადაჯვარედინებულად დაჰკრა მჭადს და საჯი (თუნუქის მრგვალად მოჭრილი ფილა) დაახურა. მჭადის ზედაპირსა და საჯს შორის საკმაო სიცარიელე დარჩა, ამიტომ კეცს თავი ხელმეორედ მოხადა.
-ყურძნის ჟვერი ჯობია, განა ჰაღადაა ჟვერი, _ თქვა ნენემ და ასტამით ახვეტილი `ღვიდარო~ ზედ საჯზე დაახოხოლა. ოდაში, წინანდელი მშვიდობიანობისა და ბედნიერი სიუხვის სურნელი დაბრუნდა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button