ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? გაბუნიათა გვარი

გაბუნია – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი. ძველ საქართველოში გავრცელებული იყო კაცის სახელები: გაბა, გაბე, გაბუა, გაბუნა, გაბელა, გაბეჩა, გაბადა, გაბეცა და სხვა. შესაბამისად, გვაქვს “გაბუნიას” მსგავსი დერივატული გვარსახელები: გაბაშვილი, გაბაძე, გაბური, გაბადაძე, გაბაიძე, გაბუაშვილი, გაბელია, გაბუჩია, გაბეცაძე და სხვა. მათ შორის მხოლოდ ფუძეთა მსგავსებაა და არა სისხლით ნათესაობა.

გაბუნიათა გვარსახელის დაბოლოება კოლხურია. ეს გვარი, საისტორიო საბუთების მიხედვით, ოდიშის სამთავროში XVII საუკუნიდან ჩანს. უფრო ადრე, XVI საუკუნეში, გაბუნიათა გვარი იმერეთის სამეფოში იხსენიება. კიდევ უფრო ადრე, XIV-XV საუკუნეების საბუთებში სვანეთში მცხოვრები გვარი “გაბუნიანი” იხსენიება (“გაბუნიანი ჩემო, მოურავი გაბუნიანი გამრეკელი”). ვერ ვიტყვით, რომ სვანი გაბუნიანი და იმერელ-მეგრელი გაბუნია ერთი და იგივეა, მაგრამ თუ სვანთა ბარად მიგრაციის უწყვეტ პროცესს გავითვალისწინებთ, ვერც დანამდვილებით უარვყოფთ ასეთ შესაძლებლობას.

ჩვენს ხელთ არსებული წერილობითი წყაროების მიხედვით, ასეთი სურათი იხატება:

1578 წლის ქუთაისის საყდრის გამოსავლის მებეგრეთა დავთარში შეტანილია გეგუთს მცხოვრები გაბუნიების ორი ოჯახი. “მართებს გეგუთს გაბუნიას ორს განაყოფსა იოვანეს და მისსა ძმასა თივა ზნაი ცხრაასი, თეთრი ექუსი, ქათამი ერთი და შინ ჩადგომით სმაი-ჭამა და ცხენით სამსახური ნიადაგ!” როგორც ჩანს, ეს გეგუთელი ძმები გაბუნიები ქუთაისის საყდრის მსახურნი იყვნენ. “სმაი-ჭამა და ცხენით სამსახური ნიადაგ” ანუ “მასპინძლობა და ხლება” იმხანად და შემდეგ საუკუნეებშიც საპატიო სამსახურად ითვლებოდა. შესაბამისად, მსახურთა სისხლის ფასიც სხვა იყო ქართული სამართლით.

1628 წელს ზემო სამეგრელოს სოფელ საქუჩულორიოს მცხოვრები გაბუნიები ბიჭვინთის საყდრის მსახურნი გამხდარან ლევან დადიანის შეწირულობის წიგნის მიხედვით.

1628-1638 წლების ლევან დადიანის განჩინების მიხედვით, მეგრელი გაბუნიათა კიდევ სამი ოჯახი ხონის მონასტრის ყმები გამხდარან. საბუთში გაბუნიათა გვარის 6 კაცის სახელი იხსენიება, მაგრამ ისინი იმხანად სამ კომლად ცხოვრობდნენ: კაცია, მამია და ჯაშუშია გაბუნიები ერთი გაუყრელი სახლის შვილები ყოფილან. მათი “სახლის კაცი ბახეულა და გარჯღუელა” მეორე კომლია, მესამე კომლი კი ყოფილა საბატონო გლეხი, ვინმე “ხახუს შვილის” ყმა მწყაზარია გაბუნია.

XVII-XVIII საუკუნეების სოციალური შინაარსის დოკმენტებზე დაყრდნობით, ო. სოსელიას ნარკვევების სამტომეულში ზუსტად არის განსაზღვრული გაბუნიათა სოციალური მდგომარეობა და განსახლების არეალი. ამ პერიოდის გაბუნიები იმერეთსა და სამეგრელოში გლეხისა და აზნაურის წოდებით ცხოვრობდნენ თავად ლორთქიფანიძეთა, თავად ჩიჯავაძეთა, თავად იაშვილთა, თავად ფაღავათა და თავად ჩიქოვანთა მამულებში.

ყმის პატრონი, ალბათ აზნაური გაბუნია იხსენიება 1762 წლის იმერთა მეფის სოლომონ I-ის ხონის მონასტრისადმი შეწირულობის წიგნში: “…და მეორე გლეხი პაპავა დედულია ხუტუელა გაბუნიას ყავდა. ამოვიყვანეთ და ისევ შემოგვიწირავს მათის მამულ-ალაგითა…”

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გაბუნიათა გვარის მეომრები გლეხნი – კომლზე კაცად და აზნაურნი – ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, აგრეთვე მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.

აზნაურ გაბუნიებს ძველი დროიდან ჰქონდათ საგვარეულო დამღა: ცელი და ხმალი ვადაჯვრიანი.

სავარაუდოდ, აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა 1807 წლის ერთ საბუთში მოწმედ დასახელებული ბერუკა გაბუნია. საბუთი წარმოადგენს სამეგრელოს თავად ფაღავათა ანტონ ხონელი ეპისკოპოსისთვის მიცემულ წიგნს.

რუსულ საბუთებში აზნაურად იხსენიება ხახუნა გაბუნია, რომელიც 1824 წელს ირანში იმყოფება და იქ რუსეთის რწმუნებულს, ვინმე მაზაროვიჩს თხოვნით მიმართავს, რათა სამეგრელოში დაბრუნების ნებართვა მიიღოს. ამ მაზაროვიჩმა ხახუნა გაბუნიას თხოვნა ირანიდან კავკასიის მეფისნაცვალს, გენერალ ერმოლოვს გამოუგზავნა თბილისში. ერმოლოვმა სასტიკი უარი შეუთვალა. მისი პასუხიდან ირკვევა, რომ ხახუნა გაბუნია 1819 წელს, რუსული სამხედრო სასამართლოს განაჩენით, ციმბირში ყოფილა გადასახლებული. იქვე იმუქრება გენერალი ერმოლოვი: თუ გაბუნია რუსეთის იმპერიის ფარგლებში მაინც შემოვა, მას სახრჩობელა არ ასცდება, როგორც ციმბირიდან გაქცეულს და ძებნილსო.

რუსთა ბატონობის ჟამს რუსთაგან დევნილთა და ძებნილთა შორის კიდევ ერთი გაბუნია ჩანს: დადიანის აზნაური გუგუია გაბუნია. ეს მეგრელი აზნაურიც ციმბირში იყო გადასახლებული, ისიც გამოქცეულა და სამეგრელოში დადიანის კარზე სული მოუტანია. თბილისში რუს მეფისნაცვალთან დასმენა მოვიდა, ციმბირიდან გამოქცეული აზნაური გაბუნია დადიანმა შეიფარა და მერე ახალციხეში ვახტანგ ბატონიშვილთან გააგზავნაო რაღაც საიდუმლო წერილით. გენერალი ერმოლოვი 1826 წლის ოქტომბერში ავალებს სამეგრელოში რუსთა ჯარის მეთაურს პოლკოვნიკ ბებუთოვს, თვალყური ადევნოს დადიანის ქმედებას და დაადგინოს გაბუნიას სამყოფელი.

ბებუთოვის დასმენიდან ირკვევა, რომ ძებნილი აზნაური გუგუია გაბუნია 1826 წლის დეკემბერში უკვე ქობულეთშია, “მოღალატე” ქაიხოსრო გურიელის ბანაკში. რუსები “მოღალატეებს” ეძახდნენ იმ ქართველებს, რომლებიც საქართველოში რუსთა ბატონობას არ ეგუებოდნენ და იარაღით ებრძოდნენ.

რუსულმა მმართველობამ საქართველოში დამკვიდრებისთანავე აგენტურული ქსელი შექმნა. “ქაიხოსრო გურიელთან რომ ჩემი კაცი მყავს, – დასძენს პოლკოვნიკი ბებუთოვი თავის დასმენაში, – იმისგან გავიგე, რომ იქ მყოფ გაბუნიას ბანძაში თავისი სახლ-კარისა და თავისი ძმის მონახულების სურვილი აქვსო”. აი, ასე, რუსულ ხელისუფლებას ყველა “არაკეთილსაიმედოს” ოცნება და სურვილიც კი უნდა სცოდნოდა.

1827 წლის თებერვალში გენერალმა ერმოლოვმა მორიგი დასმენა მიიღო: ახალციხიდან აგენტი ატყობინებდა, რომ ვახტანგ ბატონიშვილმა აზნაურ გაბუნიას წერილები გამოატანა იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს თავადებთან. ჩვენთვის უცნობია, რა ბედი ეწია გუგუია გაბუნიას იმერეთში ანუ რუსეთის იმპერიის საზღვრებში შემოსლვის შემდეგ. ერთი რამ კი ცხადია: ეს პიროვნება რუსულ კატორღას და რუსულ მმართველობას ვერ ეგუებოდა საქართველოში და იმ წარჩინებულ ქართველთა წრეში ტრიალებდა, რომლებიც რუსებს ებრძოდნენ.

საქართველოში რუსთა ბატონობის მრავალ უარყოფით შედეგთაგან ერთ-ერთი ისიც იყო, რომ ქართველებში თანდათან ვრცელდებოდა რუსული დაბოლოების გვარები. შემდეგ ორ საბუთში გაბუნიები უკვე რუსული ფორმის გვარებით იხსენიებიან.

1831 წლის ანდერძ-მინაწერი “ანდრია სალოსის ცხოვრების” ხელნაწერ წიგნში: “მებრძანა მაღალღირსის სრულიად სამენღრელოისა არქიმანდრიტის გიორგის მიერ და მე, მოსურნემან მსახურებისა მისისა, აღვწერე წიგნი ესე ანდრია სალოსისა იერო ნიკლაოს გაბუნოვმან. 1831 წელსა აპრილის 2-სა ცაგერს”.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის ერთი გვიანდელი ანდერძ-მინაწერი: “…სრულ იქმნა წიგნი ესე სასამართლო წელს 1838-სა, ივნისის ლა-ს, 31. ღმერთო, წარმატებას მიეც დამწერი ამის და თუ რაიმე შეცდომა ჰპოოთ, ნუ ზრახავთ მისთვის, რომელ ორს დღესა შინა დაწერილა სიჩქარისა გამო და ნაწერიცა არასაძიებელ არს. მოიხსენებდეთ, წამკითხველნო, დამწერსა ამას წიგნისასა კონსტანტინე ხახოს ძე გაბუნოვსა”. ნიკოლოზ და კონსტანტინე გაბუნიები ხელნაწერ წიგნთა გადამწერნი ყოფილან.

1855 წელს სოხუმისა და ანაკლიის ნაპირებს უცხო გემები მოადგნენ. ნაპირზე გადმოსხდა ოსმალთა ჯარი ომარ ფაშას მეთაურობით. დაიწყო რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლები კოლხეთის ჭაობებში. 1856 წლის მარტში გენერალი მურავიოვი მოახსენებს თავად დოლგორუკოვს ფოთი-ხორგა-ხეთას მიდამოებში მომხდარი ბრძოლების შესახებ. უმძიმეს პირობებში, იქ, სადაც გაუჭირდა რუსის ჯარს, განსაკუთრებით უვაჟკაცია “მეგრულ მილიციას” თავად ჯაიანისა და აზნაურ გაბუნიას მეთაურობით. ამ გაბუნიას “გუბერნსკი სეკრეტარის” წოდებით იხსენიებს რუსი გენერალი.

XIX საუკუნის II ნახევარში მოღვაწეობდა გაბუნიათა გვარის კიდევ ორი სასულიერო პირი: საირმის მონასტრის წინამძღვარი იღუმენი კირილე გაბუნია და გარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონი გერასიმე გაბუნია.

ერის სამსახურში გამოჩნდნენ გაბუნიათა გვარიშვილნი: აკადემიკოსები: ლეონიდე და ნოდარ გაბუნიები, პროფესორი გეოლოგიის დარგში კალისტრატე გაბუნია, პროფესორები მედიცინის დარგში: გივი გაბუნია, უჩა გაბუნია და ჯუმბერ გაბუნია, პროფესორი ისტორიის დარგში ვალერიან გაბუნია, პროფეროსი ეკონომიკის დარგში კონსტანტინე გაბუნია, კონსერვატორიის პროფესორი ნოდარ გაბუნია, კონსერვატორიის პროფესორი და ოპერის სოლისტი მედეა გაბუნია, კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია, ისტორიკოსები: გურამ და გიორგი გაბუნიები, ეთნოგრაფები: ალექსანდრე, ლევან და სალომე გაბუნიები, ენათმეცნიერები: კახა და ქეთევან გაბუნიები, არქეოლოგები: ლეონიდე და მანანა გაბუნიები, მუსიკათმცოდნე ლალი გაბუნია, ხელოვნებათმცოდნე ცისანა გაბუნია, მხატვრები: მიხეილ, არტემ, ვახტანგ და ლევან გაბუნიები, კრიტიკოსი გელა გაბუნია, მწერალი დავით გაბუნია, დრამატურგი გიორგი გაბუნია, მთარგმნელი ზურაბ გაბუნია, არქიტექტორი თეო გაბუნია, რეჟისორი გიორგი გაბუნია, მსახიობები ნატო და გურანდა გაბუნიები და სხვანი.

ადგილს და ადგილს შემორჩა გაბუნიათა გვარის სახელი – იმერეთში: “გაბუნიასოული” – ვენახი სოფელ ამაღლებაში, “გაბუნიები” – უბანი სოფელ ფარცხანაყანევში, “გაბუნიების გორი” – სახნავი ადგილი სოფელ ძულუხში, “გაბუნიების ტყეები” – ტყე სოფელ მუხიანში და სოფელ უკანეთში, “გაბუნიების წყარო” – წყარო სოფელ ციხისუბანში და სხვა; სამეგრელოში: “ლეგაბუნე” – ტყე სოფელ ახუთში, “საგაბუნიო” – უბანი სოფელ ეწეწონეში და სოფელ ჩხირიაში და სხვა.

ამჟამად გაბუნიები ცხოვრობენ: ოდიშ-სამურზაყანოში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში, რაჭაში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: მარტვილის, აბაშის, ხობის, ზუგდიდის, წყალტუბოს, ვანის, ხონის, სამტრედიის რაიონებში, ქალაქებში: თბილისში, ფოთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. მრავლად იყვნენ აფხაზეთშიც. არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში.

საქართველოში გაბუნიათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 6500-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გაბუნიათა გვარი!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/qarthuli-gvarebi/4335-visi-gorisa-khar.html

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button