ისტორიარელიგიაუცნაური

კრეაციონისტული მითები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

ვინ ვართ და საიდან მოვდივართ? არსებობს შემოქმედი? ეს კითხვები კაცობრიობასავით ძველია და ბევრი ფიქრობს, რომ მასზე სწორი პასუხი გააჩნია. ამ დილემების ამოხსნის მცდელობაში ისტორიის მანძილზე მრავალი მითი შეიქმნა. გასაკვირი კი არა მათ შორის არსებული განსხვავებები, არამედ მსგავსებებია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იქმნებოდნენ სხვადასხვა ეპოქებსა და კულტურებში.


● ჩინეთის კოსმოსური კვერცხი.
პირველი ცოცხალი არსება იყო პ’ან კუ (პანგუ), რომელიც 18 000 წლის განმავლობაში კოსმოსურ კვერცხში იზრდებოდა. როცა გამოჩეკვის დრო მოვიდა, მის ზემოთ არსებული ნაჭუჭი ცად იქცა, ქვემოთა კი – დედამიწად. ასევე ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთის საპირისპიროდ დაიყო – ქალი და მამაკაცი, სველი და მშრალი, სინათლე და სიბნელე, ინი და იანი და ა.შ.

ამის შემდეგ პ’ან კუ ნაწილებად დაიშალა და მისი ნარჩენებისგან ბუნება შეიქმნა. კიდურები გარდაიქმნა მთებად, სისხლი – მდინარეებად, სუნთქვა – ქარად, ხმა – ჭექა-ქუხილად, თმა – ბალახად, ოფლი – წვიმად და ა.შ. მარცხენა თვალი მზედ იქცა, მარჯვენა კი – მთვარედ. ერთ-ერთი ვერსიით, პ’ან კუს სხეულზე არსებული პარაზიტები ადამიანებად იქცნენ.

სხვები ამბობენ, რომ პ’ან კუს სიკვდილიდან მრავალი საუკუნის შემდეგ მარტოსულმა ქალღმერთმა ნუვამ გუბურაში თავისი ანარეკლი დაინახა და ტალახისგან მისი მსგავსი არსებები მოზილა. ისინი იქცნენ დიდგვაროვნებად. თუმცა მათი შექმნა რთული საქმე იყო, ამიტომ ნუვამ ტალახიანი ვაზი დაარწია და მისი წვეთებისგან უბრალო ხალხი შექმნა. წლების შემდგომ ცები ჩამოიქცა და დედამიწაზე ხვრელები გააჩინა, საიდანაც წყლები ამოიფრქვა და დიდი წარღვნა მოხდა. ნუვამ გამოაკეთა დედამიწა, თუმცა ამდენმა შრომამ გამოფიტა და მოკვდა. მისი სხეულის ნაწილები პ’ან კუს მსგავსად ბუნებად იქცა.


● ნიიციტაპის ენების ფერადი წყალი.
სამხრეთიდან მოხუცი კაცი მოვიდა და ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზაზე მცენარეები და ცხოველები შექმნა. პირველი ადამიანები იყვნენ ქალი და მისი ვაჟიშვილი, მასალა კი – თიხა. მოხუცმა მათ ასწავლა მცენარეებიდან საკვების მოგროვება და ავადმყოფობების ბალახით მკურნალობა, ასევე სანადირო იარაღების დამზადება ცხოველების დასახოცად და ცეცხლის გამოყენება საჭმლის მოსამზადებლად. რაც მთავარია, ასევე გაუზიარა ცოდნა სულიერი ძალის მიღებაზე, რისთვისაც საჭირო იქნებოდა სიზმრებში მათი სულიერი ცხოველის პოვნა.

სხვა კრეაციონისტული ამბების მგავსად, ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ამ ხალხსაც აქვს ლეგენდა დიდ წარღვნაზე. მისი წარმოშობის ერთ-ერთი შესაძლო ახსნაა აისბერგების მასიური დნობის პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 7000 წლის წინ. წარღვნის შემდეგ გადარჩენილი ხალხი მოხუცმა მთის წვერზე შეკრიბა და სხვადასხვა ფერის წყალი მისცა დასალევად. თითოეული ფერი სხვადასხვა ენას აღნიშნავდა. ნიიციტაპის, კაინაისა და პიეგანის ტომებმა შავი წყალი დალიეს, სწორედ ამიტომ მათ ერთი ენა აქვთ.


● სანემას სისხლიანი მთვარე.
სანემას ხალხი იანომამოს ტომების ჯგუფის წევრია და ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობს. თითოეულ ტომს თავისი მითები აქვს და ისინი თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემა. ამის გამო მათი კრეაციონისტული ვერსიები განსხვავებულია. თუმცა სანემას ხალხს სწამს, რომ ყველა ცოცხალი არსება წარმოიშვა საერთო წინაპრებიდან, რომელთა სულები ისევ არიან ტყეებში.

ერთ-ერთი ამბის მიხედვით, არსებობდა პერიბო, მთვარე, რომელიც ბავშვების სულებს ჭამდა. ამან სუჰარინას გაბრაზება გამოიწვია და პერიბო მუცელში დაჭრა. მისი სისხლი დედამიწაზე ისხმებოდა და ქმნიდა გუბეებს, საიდანაც მოკვდავი ადამიანები ჩნდებოდნენ. ყველაზე დიდი გუბეებიდან აგრესიულები იზრდებოდნენ, ხოლო პატარებიდან – მშვიდობისმოყვარეები.

სხვა მითში მახინჯ და სუნიან ნაროს (ოპოსუმი) შურდა თავისი ძმის, იამონამარივასი (ფუტკარი), რომელიც ლამაზი იყო და ორი ცოლი ჰყავდა. ნარომ მას ბოქვენის თმისგან გაკეთებული ჯადო ესროლა და მოკლა. მესამე ძმამ, რეჰამ (ხვლიკი), შეიტყო ნაროს ღალატზე და დააბეზღა. წინაპრებმა ნარო გაანადგურეს, თუმცა მისი სისხლი მოეცხოთ, რის შედეგადაც ცხოველებად და სულებად იქცნენ. ნაროს ექსკრემენტებით კი ზარმაცა შეიქმნა.


● ინდოეთი: შექმნა, შენახვა, განადგურება, განმეორება.
ბრაჰმამ ყველაფერი არაფრისგან დაიწყო. მხოლოდ გაფიქრებით მან შექმნა წყლები, მასში გაჩნდა თესლი და მოგვიანებით იქცა ოქროს კვერცხად, რომლისგანაც შემდეგ თვითონ დაიბადა. მხოლოდ ფიქრით მან კვერცხი ორად დაყო და ეს ნახევრები ცად და დედამიწად იქცნენ. ბრაჰმა მარტო იზრდებოდა, ამიტომ საკუთარი თავი კაცად და ქალად გაყო. ამბის ერთ-ერთ ვერსიაში ბრაჰმა მუდმივად ყოფდა თავის თავს, სანამ მისი სხეულისგან ყველა ცოცხალი არსება არ შეიქმნა. სხვა ვერსიით კი პირველი ქალი და კაცი სხვადასხვა სახით წყვილდებოდნენ და ქმნიდნენ სიცოცხლის ფორმებს.

შემოქმედი ბრაჰმა, მცველი ვიშნუ და გამანადგურებელი შივა გაერთიანდნენ ერთ აღმატებულ არსებად (ტრიმურტი). ბრაჰმა ქმნის ახალ სამყაროს, რომელსაც საბოლოოდ შივა ანადგურებს, მისგან რჩება მხოლოდ ვრცელი ოკეანე, რომელზეც დიდ გველზე მწოლიარე ვიშნუ მიცურავს. მითის ზოგ ვერსიაში ბრაჰმა არა კვერცხისგან, არამედ ვიშნუს ჭიპიდან ამოსული ლოტოსის ყვავილისგან ჩნდება. საბოლოოდ ჩვენი სამყაროც განადგურდება შივას მიერ და ახალი ციკლი დაიწყება.


● ნავახოს 4 სამყარო.
ნავახოს ტომს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და რთული კრეაციონისტული მითი აქვს. ის იწყება პირველ სამყაროში, რომელსაც „შავი სამყარო” ეწოდება. შავი სამყარო შეიცავდა 4 ღრუბელს, მათ შორის შავს, რომელიც ქალურ სუბსტანციას წარმოადგენდა და თეთრს, რომელიც მამაკაცურობის განსახიერება იყო. ერთად მათ შექმნეს პირველი კაცი, განთიადისა და სიცოცხლის განსახიერება და ქალი, სიბნელისა და სიკვდილის ანალოგია. შავ სამყაროში ასევე იყო დიდი კოიოტი (რომელიც კვერცხისგან გამოიჩეკა), პირველი სიბრაზე და სხვადასხვა მწერები.

შავი სამყარო ძალიან გადაიტვირთა, ამიტომ ყველა ფრინველების ლურჯ სამყაროში აცოცდა. აქ მათ 23 დღის განმავლობაში ჰარმონიულად იცხოვრეს, სანამ ვიღაცამ მერცხლების ბელადის ცოლის შეცდენა არ მოინდომა. ძუძუმწოვრების ყვითელ სამყაროში გაძევებულებმა აღმოაჩინეს 6 მთა, სადაც წმინდა ხალხი ცხოვრობდა. ისინი უკვდავები იყვნენ და ცისარტყელებზე მოგზაურობდნენ. პირველმა ქალმა გააჩინა ტყუპი ჰერმაფროდიტები, 4 დღის შემდეგ კი ისევ ტყუპები, ამჯერად ქალი და მამაკაცი. 20 დღეში უკვე 5 წყვილი ტყუპი იყო.

ერთ დღეს დიდმა კოიოტმა მოიტაცა წყლის მონსტრის ბავშვი. ამან მონსტრი ისე გააბრაზა, რომ კოკისპირული წვიმა დაუშვა, სანამ წყლის დონემ ძალიან არ აიწია და მთები არ დაფარა. პირველმა მამაკაცმა სხვადასხვა ხეები დარგო,თუმცა წყლის დონეს ვერცერთი აცდა. საბოლოოდ ქალის დარგულმა ლერწამმა ცას მიაღწია. ყველა მასზე აცოცდა და წვერზე მიღწევისას დაინახეს მეოთხე სამყარო – თეთრი სამყარო – სადაც ამჟამად ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ.


● სკანდინავიური ცეცხლის დემონები და ყინულის გიგანტები.
სანამ დრო შეიქმნებოდა, არსებობდა ნისლიანი და ყინულიანი ადგილი, სახელად ნიფლჰაიმი. დიდი სიცარიელის შემდეგ კი მოდიოდა მუსპელჰაიმი, სადაც ცეცხლის დემონები და ყინულის გიგანტები ბინადრობდნენ. მუსპელჰაიმის ცეცხლმა საბოლოოდ დაადნო ნიფლჰაიმის ყინული, რომელიც ჩამოიწვეთა და შექმნა გიგანტური ძროხა, სახელად აუდუმლა, ასევე ყინულის გიგანტი, სახელად იმირი. სხვა გიგანტები იმირის იღლიის ოფლისგან გაჩნდნენ და აუდუმლას რძით საზრდოობდნენ. აუდუმლა მარილიანი ყინულის ნატეხებს ლოკავდა და როცა ისინი დნებოდა, უფრო მეტი გიგანტები ჩნდებოდნენ.

გიგანტები შეწყვილდნენ და ასე გაჩნდნენ ოდინი და მისი ძმები. მათ მოკლეს იმირი, მისი ხორცისგან დედამიწა შეიქმნა, თავის ქალისგან – ცები, სისხლისგან – ზღვები, ტვინისგან – ღრუბლები, ძვლებისგან – მთები, თმისგან კი – ხეები. ოდინმა ააშენა ასგარდი, ღმერთების ადგილსამყოფელი და დაუკავშირა მიდგარდს (დედამიწას) ცისარტყელას ხიდით, რომელსაც ბიფროსტი ეწოდა. იმირის გვამში მოფუთფუთე მატლები ჯუჯებად იქცნენ და დედამიწის მიწისქვეშეთში დარჩნენ. ღმერთებმა მიდგარდში ორი ხე იპოვეს, სიცოცხლე ჩაბერეს და აქციეს ასკად და ემბლად – პირველ კაცად და ქალად.


● იაპონია: ქაოსი და მტკივნეული მშობიარობა.
იაპონელების კრეაციონისტული მითი იწყება ქაოსით, რომლისგანაც წარმოიშვა მატერია და გავრცელდა ცასა და მიწაზე. გაჩნდნენ სხვადასხვა ღვთაებები, მათ შორის იძანაგი და იძანამი, პირველი კაცი და ქალი. ისინი შეწყვილდნენ და ასე გაჩნდა იაპონიის კუნძულები, ასევე სხვა ღვთაებები. მათგან ბოლო იყო ცეცხლის ღვთაება, რომლის გაჩენამაც იძანამის გენიტალიები ისე დაუწვა, რომ ვეღარ გადარჩა და მოკვდა.

თავგზააბნეულმა იძანაგიმ ცეცხლის ღვთაებას თავი მოაჭრა და გაეშურა იომში, მკვდრების სამფლობელოში, რათა ეპოვა იძანამი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელს იომში უკვე ეჭამა, ამიტომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. ის შეპირდა იძანაგის, რომ წასვლის ნებართვას ითხოვდა, ოღონდ იმ პირობით, რომ იძანაგი უკან არ გაყვებოდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ იძანაგიმ პირობა დაარღვია და ძებნა დაიწყო, თუმცა წააწყდა სხეულს, რომელსაც მატლები (ჭექა-ქუხილის 8 ღვთაება) ესეოდნენ.

იძანაგი შეძრწუნდა და იძანამის სხეული გადამალა. იძანამიმ დაიფიცა, რომ შურისძიების მიზნით ყოველდღე ათას ადამიანს დახოცავდა, რაზეც იძანაგიმ უპასუხა, რომ სანაცვლოდ 1500-ს გააჩენდა. მას შემდეგ იაპონიაში ყოველდღე 1500 ბავშვი იბადება და 1000 ადამიანი კვდება. უკან დაბრუნებულმა იძანაგიმ იბანავა, მისი ტანისამოსისა და ნაბანი წყლისგან ახალი ღვთაებები გაჩნდნენ.

მზის ქალღმერთმა ზეციდან ჩამოშვებული ხიდის მეშვეობით დედამიწას პირველი იმპერატორი გამოუგზავნა. ის იაპონიის მთებში აღმოჩნდა, სასახლე ააშენა და მალე დაქორწინდა პრინცესა მოკაშკაშე ყვავილზე. თუმცა მისი სწრაფად დაორსულების გამო ეჭვებში ჩავარდა. იმაში დასარწმუნებლად, რომ მისგან იყო ორსულად, პრინცესა სასახლეში გამოიკეტა და ცეცხლი წაუკიდა, იცოდა რა, რომ მხოლოდ იმპერატორის შთამომავლებს არ ვნებდათ ცეცხლი. სასახლე დაიწვა, ამასობაში კი პრინცესამ გააჩინა 3 ღვთაება, რომელთა შთამომავლები იაპონიის სამეფო ოჯახად იქცნენ.


● ავსტრალიელი აბორიგენების ფერადი გველი.
აბორიგენების კრეაციონისტული ამბები იწყება იმ პერიოდიდან, როცა მსოფლიო იყო ხრიოკი და ცივი. ცისარტყელა გველს მიწისქვეშ ეძინა და ყველა დანარჩენი ცხოველები მუცელში ჰყავდა. როცა დრო მოვიდა, ის დედამიწაზე ამოვიდა და ცხოველები ამოანთხია, ასევე შექმნა ბუნება თავისი მახასიათებლებით.

ცისარტყელა გველმა შექმნა კანონები, რომლებსაც უნდა დამორჩილებოდა ყველა ქმნილება. მითის ზოგ ვარიანტში ის ყლაპავდა კანონის დამრღვევებს, შემდეგ ძვლებს ამოაფურთხებდა და ასე იქმნებოდა კლდეები და გორაკები. სხვა ვერსიით, ის მორჩილებს აჯილდოებდა ადამიანური ფორმის მიცემით, ხოლო ურჩებს ქვად აქცევდა.

ცისარტყელა გველს ზოგჯერ „მოხუც ქალს” უწოდებენ, სწორედ მან ასწავლა ადამიანებს საკვების მოპოვება. იმ ტომებში, რომლებსაც სჯერათ, რომ მათი წინაპრები ცხოველები იყვნენ, ასევე სწამთ, რომ ცისარტყელა გველმა თითოეულ მათგანს ტოტემი მისცა და დაუდგინა, რომ ადამიანს ეკრძალება ტოტემის შესაბამისი ცხოველის ჭამა. ამით მან უზრუნველყო, რომ საკვები ყოველთვის ყველას ეყოფოდა.


● ეგვიპტური ღვთიური სპერმა.
დროის დაწყებამდე არსებობდა ნუ (ნუნი), პირველყოფილი ქაოსის ოკეანე. ნუს ზედაპირზე არსებული კვერცხისგან გამოიჩეკა ღვთაება რა. მასტურბაციის შედეგად მან შექმნა უკვდავი ვაჟი და ქალიშვილი – შუ და ტეფნუტი. ისინი დაქორწინდნენ და გააჩინეს დანარჩენი ღმერთები, რას ცრემლებისგან კი კაცობრიობა იშვა. რას შვილიშვილმა, ღმერთმა ოსირისმა, ცოლად მოიყვანა თავისი და ისიდა. ისიდამ შეიტყო რას საიდუმლო სახელი, რამაც ოსირისს საშუალება მისცა, რას ადგილი დაეკავებინა და დედამიწის მეფე გამხდარიყო. ოსირისმა ადამიანებს ასწავლა საკვების მოპოვება და ღვინის დამზადება, ისიდა კი ქსოვასა და მედიცინაზე უზიარებდა ცოდნას.

ოსირისის ძმა სეტი, რომელიც ბოროტების განსახიერებაა, შურით აივსო. მან ოსირისი სარკოფაგში გამოამწყვდია, შემდეგ თხევადი ფოლადით დალუქა და ნილოსში მოისროლა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ისიდამ სარკოფაგს მიაგნო, თუმცა სეტმა დაასწრო და ძმის სხეული 14 ნაწილად დაყო, შემდეგ კი ისევ ნილოსში მოისროლა. ისიდამ ყველა ნაწილი მოაგროვა, გარდა პენისისა, რომელიც თევზს შეეჭამა. ამიტომ მან ახალი მოზილა თიხისგან და გაერთიანებული ოსირისი გააცოცხლა. მან ისიდა დააორსულა და გაუჩნდათ ვაჟი ჰოროსი, რის შემდეგაც ოსირისი მოკვდა და მიწისქვეშეთის მბრძანებელი გახდა. სეტისგან რომ დაეცვა, ისიდამ ჰოროსი კალათაში ჩასვა და ნილოსს გაატანა. ზრდასრულმა ჰოროსმა სეტი გამოიწვია იმის დასადგენად, ვინ უნდა ყოფილიყო დედამიწის მმართველი. გამარჯვება ჰოროსს ხვდა წილად.


● დოგონების უცხოპლანეტური კვერცხი.
დოგონი ადგილობრივი ტომია მალის რესპუბლიკაში, დასავლეთ აფრიკაში. მათი წარმოშობის მითები იწყება ღმერთ ამმათი, რომელიც დროის შექმნამდე არსებობდა. ამმა მარტო იყო, ამიტომ შექმნა დედამიწა, რომელსაც „სამყაროს კვერცხი” ან „თავდაპირველი პლაცენტა” ეწოდება და მდებარეობს უსასრულო სივრცეში. ამმა დაქორწინდა დედამიწაზე, მაგრამ მისი კლიტორი შეწყვილებაში ხელს უშლიდა, ამიტომ წინადაცვითა. მოგვიანებით დედამიწამ გააჩინა ოგო და თევზის ფორმის ანდროგენული ტყუპები, სახელად ნომო.

რადგანაც ოგოს არ ჰყავდა პარტნიორი ან ტყუპისცალი, მან ინცესტი განახორციელა დედამიწასთან. ამ კავშირის შედეგად გაჩნდა პირველი მენსტრუალური სისხლი, ასევე მიწისქვეშეთის სულები. ამმამ ოგო ტურად აქცია, რათა ზიანი გამოესწორებინა. დედამიწიდან წამოსული სისხლი გარდაიქმნა ციურ სხეულებად, მცენარეებად და ცხოველებად. შემდეგ ამმამ ბურთულები მოისროლა ცაში და ასე შექმნა ვარსკვლავები. თიხის ორი თეთრი ლარნაკიდან, რომელთაგან ერთს სპილენძის წითელი რგოლი ჰქონდა და მეორეს თეთრი, მზე და მთვარე შეიქმნა. მზის ქვეშ გაჩენილი ადამიანები შავკანიანები არიან, მთვარის ქვეშ კი – თეთრკანიანები.

1930-იან წლებში დოგონებმა ფრანგ ანთროპოლოგებს უთხრეს, რომ ყველაფრის საწყისი თავდაპირველად იყო ვარსკვლავში, რომელსაც ისინი „დოგს” უწოდებდნენ. ეს ვარსკვლავი მეცნიერულად ცნობილია, როგორც Sirius B, სირიუსის ტყუპისცალი. დოგონების მიხედვით, ასტრონომიული ცოდნა მათ მიიღეს ერთ-ერთი ნომოსგან, რომელსაც ისინი „ღმერთის შვილს” უწოდებენ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button