Topისტორიაუცნაური

ტოპ 10 შეცდომა მეცნიერების ისტორიაში

ღრმად ჩაისუნთქეთ და მოემზადეთ: გჯერათ თუ არა, ხანდახან მეცნიერებიც ცდებიან. მეცნიერებაზე შეყვარებულ ადამიანებს ზოგჯერ ისინი სრულყოფილები ჰგონიათ, ხშირად ვახდენთ მათი, როგორც ექსპერტების, ციტატების მოყვანას მხარდამჭერ არგუმენტებად, ჩვენი მოსაზრების გასამყარებლად ვამბობთ, რომ ეს «მეცნიერულად დამტკიცებულია» და ა.შ. მაგრამ მეცნიერებიც ადამიანები არიან და არც ისე სამართლიანია, მათ შეცდომის დაშვება ავუკრძალოთ. წარმოგიდგენთ მეცნიერების ისტორიაში დაშვებულ ტოპ 10 შეცდომას, რომლებიც „დისქავერმა” შეკრიბა.


● მიმოქცევის სისტემა.
ექიმად ყოფნა სულაც არ გჭირდებათ იმის მისახვედრად, როგორი მნიშვნელოვანი ორგანოა გული. მაგრამ ძველ საბერძნეთში რომ დაბადებულიყავით, ექიმობის შემთხვევაშიც კი სხვანაირად იფიქრებდით. იმ პერიოდის ექიმები, მაგალითად მეორე საუკუნეში მოღვაწე გალენი, სრულიად სერიოზულად თვლიდნენ, რომ ღვიძლი (და არა გული) ახდენდა სისხლის (ასევე ნაღველისა და ლორწოს) ცირკულაციას, ხოლო გული ამოძრავებდა „სასიცოცხლო სულს”.

ფიქრობთ, რომ ძალიან აცდნენ რეალობას? ეს ყველაფერი არაა.

გალენმა შეიმუშავა ჰიპოთეზა, რომ სისხლი მუდმივად მოძრაობდა წინ და უკან და შინაგანი ორგანოები მას საწვავად იყენებდნენ. ეს მოსაზრება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო დამკვიდრებული. რამდენად დიდი? მხოლოდ 1628 წელს ემცნო საზოგადოებას გულის დიდი საიდუმლო ინგლისელი ექიმის უილიამ ჰარვეის მიერ. მისი ნაშრომის „ანატომიური გამოკვლევა გულისა და სისხლის მოძრაობის შესახებ ცხოველებში” დამკვიდრებას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ეს უკვე მარტივი ფაქტია.


● დედამიწა სამყაროს ცენტრია.
კაცობრიობა თავის უზარმაზარ ეგოს ზოგჯერ მეცნიერებაშიც ავლენდა ხოლმე. მეორე საუკუნის ასტრონომი პტოლემეოსი აშკარად ცდებოდა, როდესაც მზის სისტემის მოდელის შექმნისას ცენტრში დედამიწა მოათავსა. თანაც ამ მოსაზრებამ 20-30 წელი კი არ იარსება, არამედ მთელი ათასწლეული და კიდევ რამდენიმე საუკუნე.

დაახლოებით 1400 წლის შემდეგ (1543 წელს) კოპერნიკმა გამოაქვეყნა თავისი ჰელიოცენტრული მოდელი. კოპერნიკი პირველი არ ყოფილა, ვინც იეჭვა, რომ ჩვენ მზის გარშემო ვმოძრაობთ, მაგრამ მან პირველმა მოახერხა, თავისი თეორიისთვის წონა მიეცა.

გამოქვეყნებიდან 90 წლის შემდეგ კათოლიკური ეკლესია ჯერ კიდევ ებღაუჭებოდა იმ იდეას, რომ დედამიწა ყველაფრის ცენტრია და გალილეოც კი დასაჯეს კოპერნიკის აზრების დაცვის გამო. როგორც ამბობენ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია (ან რჯული – ფაქტის აღიარების უნარზე :D).


● მიკრობები ქირურგიაში.
გინდა იცინეთ, გინდა იტირეთ, მაგრამ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ექიმები სულაც არ თვლიდნენ საჭიროდ, სკალპელის აღებამდე ხელები დაებანათ. შედეგი? ბევრი განგრენა. ექიმების უმეტესობა ამის მიზეზს ხედავდა „ცუდ ჰაერში” ან „ოთხ ტემპერამენტში” (სისხლი, ლორწო, ყვითელი ნაღველი და შავი ნაღველი).

„მიკრობების თეორია” (რევოლუციური მოსაზრება, რომ მიკრობები იწვევენ დაავადებებს) სათავეს მე-16 საუკუნეში იღებს, მაგრამ მხოლოდ ლუი პასტერმა მოახერხა მის მართებულობაში ხალხის დაჯერება 1860-იან წლებში. ამას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა ისეთმა ექიმებმა, როგორიც იყო მაგალითად ჯოზეფ ლისტერი, ალღო ადვილად აუღეს სიახლეს და მიხვდნენ, რომ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გავრცელებაზე პასუხისმგებლები ხშირად თავად ექიმები იყვნენ.

ლისტერი პიონერი იყო ამ სფეროში და მისი ინიციატივით დაიწყო ჭრილობების გასუფთავება და დეზინფექციის გამოყენება. გაიხსენეთ მისი ღვაწლი, როცა ხელების დაბანას მოინდომებთ.


● დნმ-ი არც ისე მნიშვნელოვანია.
დნმ-ი 1869 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მას სათანადოდ არ აფასებდნენ და უკანა პლანზე აყენებდნენ. შესრულებულ სამუშაოს არავინ უფასებდა და პროტეინების წყვილების ფონზე იჩაგრებოდა. მეოცე საუკუნის შუახანებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ დნმ-ი ნამდვილად გენეტიკური მასალა იყო, მაგრამ მეცნიერთა უმეტესობა ისევ მტკიცედ რჩებოდა იმ პოზიციაზე, რომ მემკვიდრეობა გადადიოდა პროტეინებით და არა დნმ-ით. მათი შეხედულებით, დნმ-ი ზედმეტად მარტივი იყო იმისთვის, რომ ამხელა ინფორმაცია ეტარებინა.

მხოლოდ უოტსონმა და კრიკმა მოახერხეს ამ გავრცელებული აზრის უკუგდება, როცა დნმ-ის ორმაგად სპირალურ სტრუქტურაზე ნაშრომი წარმოადგინეს. 1953 წლიდან ბიოლოგებმა დაიწყეს იმის გააზრება, რომ ეს მარტივი მოლეკულები დიდ სამსახურს გვიწევენ.


● ატომი ყველაზე პატარა ნაწილაკია.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ანტიკურ ხანაში ადამიანები არც ისე სულელები იყვნენ. აზრი, რომ მატერია შედგებოდა პატარა, ინდივიდუალური ერთეულებისგან (ატომებისგან), ათასობით წლების განმავლობაში არსებობდა. მაგრამ ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ ამ ერთეულზე პატარა რამეებსაც შეიძლებოდა ეარსება.

მეოცე საუკუნემდე ატომი ყველაზე პატარა ნაწილაკად მიაჩნდათ, მაგრამ როდესაც ასპარეზზე გამოჩნდნენ ისეთი ფიზიკოსები, როგორიცაა ჯოზეფ ტომსონი, ერნესტ რუტერფორდი, ჯეიმს ჩედვიკი და ნილს ბორი, სიტუაცია შეიცვალა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს პროტონები, ნეიტრონები და ელექტრონები და პრინციპი, რომლითაც ისინი ატომს ქმნიდნენ. მას შემდეგ დიდი გზა გავიარეთ: კვარკებიდან ჰიგსის ბოზონამდე და ანტიელექტრონიდან ნეიტრინოებამდე.


● დედამიწა 6000 წლისაა.
იყო დრო, როდესაც ბიბლიას მეცნიერულ ნაშრომად თვლიდნენ. დიახ, თვალები არ გატყუებენ. ხალხი თვლიდა, რომ ის ყველა დეტალში ზუსტი იყო მაშინაც კი, როცა აზრის გამოტანა ჭირდა.

მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი პლანეტა.

მე-17 საუკუნეში რელიგიურმა სწავლულმა და ეპისკოპოსმა ჯეიმს აშერმა დაწვრილებით გამოიკვლია ბიბლია და დაასკვნა, რომ სამყარო და დედამიწა შეიქმნა ძვ.წ. 4004 წელს. ამის შემდეგ კი დამატებით 18 საუკუნე გავიდა, სანამ დასავლურ სამყაროში მოღვაწე ბიბლიის მკითხველი გეოლოგები არ მივიდნენ ისევ იმ დასკვნამდე, რომ დედამიწა მუდმივად იცვლებოდა და ვითარდებოდა, მისი ასაკი კი დაახლოებით 6000 წელი იყო.

ჰმმ… ეს მკვლევარები „ცოტათი” აცდნენ რეალობას. თანამედროვე მონაცემებით, რომლებიც რადიოაქტიური დათარიღების მეთოდს ეფუძნება, პლანეტის ასაკი დაახლოებით 4.5 მილიარდი წელია.

მე-19 საუკუნეში გეოლოგებმა ნელ-ნელა აზრი შეიცვალეს და მიხვდნენ, რომ თუკი გეოლოგიური ცვლილებები მართლაც ისე ნელა ხდება, როგორც ფიქრობდნენ, და თუკი დარვინი თავისი ევოლუციით (რომელიც ასევე ძალიან ნელი პროცესია) ჭეშმარიტებას ღაღადებდა, დედამიწა გაცილებით ხნიერი უნდა ყოფილიყო. მეოცე საუკუნეში ჩატარებულმა მეცნიერულმა ანალიზებმა მათი მოსაზრების სისწორე დაადასტურეს.


● ხვნას წვიმა მოჰყვება.
ნეტავ მართლაც ასე ადვილად იყოს საქმე. შოკისმომგვრელია იმის წარმოდგენა, რომ ადამიანთა აზრით, მიწა ხანგრძლივი მოხვნით უფრო ნაყოფიერი გახდებოდა. ნუთუ ვერავინ ამჩნევდა მარტივი დაკვირვებით, რომ უნაყოფო და მწირ ნიადაგს ეს პროცედურა არ შველოდა?

ეს საკმაოდ მცდარი მოსაზრება, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო ამერიკისა და ავსტრალიის გაფართოების პერიოდში, იმიტომ ცოცხლობდა, რომ ზოგჯერ დამთხვევების წყალობით მართლაც სრულდებოდა. უფრო სწორად, ჩანდა, რომ სრულდებოდა.

რაც დღეს ზუსტად ვიცით, ისაა, რომ ხვნას კავშირი არ აქვს წვიმასთან. მასზე ამინდზე ზემოქმედი ფაქტორები ახდენენ გავლენას. ხრიოკი ტერიტორიები, როგორიცაა მაგალითად ამერიკის დასავლეთი, ხანგრძლივი გვალვის ციკლურ პერიოდს გადიან, რასაც ნოტიო წლების ციკლი მოჰყვება. დიდი ხნის შემდეგ ეს რეგიონიც დასველდება.


● ფლოგისტონი.
პირველად გაიგეთ? ნუ დაღონდებით, მისი ცოდნა დიდად არაა საჭირო – ის ხომ არც კი არსებობს!

ფლოგისტონი, რომლის ცნებაც 1667 წელს შემოიტანა იოჰან იოახიმ ბეხერმა, წარმოადგენდა კიდევ ერთ წევრს ელემენტთა ჯგუფში (რომელშიც უკვე იყვნენ მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი და ზოგჯერ ეთერი). ეს იყო მასალა, რომლისგანაც შედგებოდა ცეცხლი (მაგრამ არ იყო თვითონ ცეცხლი). ბეხერის მტკიცებით, ყველა აალებადი და წვადი ობიექტი შეიცავდა ამ ელემენტს და წვის პროცესში გამოყოფდნენ მას.

მეცნიერებიც სერიოზულად უდგებოდნენ ამ მოსაზრებას და მისი მეშვეობით ხსნიდნენ ცეცხლთან დაკავშირებულ საკითხებს: რატომ დაიწვნენ საგნები (ფლოგისტონის მარაგი ამოეწურათ), რატომ სჭირდება ცეცხლს ჰაერი, რომ დაწვას (ჰაერმა უნდა შეიწოვოს ფლოგისტონი), რატომ ვსუნთქავთ (უნდა მოვიცილოთ სხეულში არსებული ფლოგისტონი) და ა.შ.

დღევანდელობაში უკვე ცნობილია, რომ სუნთქვის მიზანი ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდებაა, რათა უჯრედებს ენერგია ჰქონდეთ, ხოლო ობიექტების წვისთვის საჭიროა ჟანგბადი. ფლოგისტონი კი საერთოდ არარსებულია.


● მძიმე ობიექტები უფრო სწრაფად ეცემიან.
ერთი შეხედვით დამაბნეველი კითხვაა: მძიმე საგნები უფრო სწრაფად ეცემიან თუ მსუბუქი? დღეს უკვე ვიცით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ისიც გასაგებია, თუ რატომ შევიდა შეცდომაში თავის დროზე არისტოტელე.

სანამ მეცნიერებაში გალილეო არ გამოჩნდა (მე-16 საუკუნის ბოლო პერიოდში), ამ მოსაზრების გამოცდა არავის მოაფიქრდა. ლეგენდა გვიამბობს, რომ ის პიზის კოშკზე ძვრებოდა და იქიდან ისვრიდა რაღაცებს, მაგრამ სინამდვილეში გალილეო მრავალ ექსპერიმენტს ატარებდა თავისი თეორიის გასამყარებლად, რომ გრავიტაცია ყველა ობიექტს ერთნაირად აჩქარებს.

მე-17 საუკუნეში ნიუტონი კიდევ უფრო წინ წავიდა და აღწერა გრავიტაცია, როგორც ორ ობიექტს შორის არსებული მიზიდულობა. დედამიწაზე ამის მაგალითია ერთი ძალიან მასიური ობიექტი (თავად დედამიწა) და დანარჩენი ობიექტები, რომლებიც მასზე მდებარეობენ.

რამდენიმე საუკუნის შემდგომ ალბერტ აინშტაინის ნაშრომებმა კაცობრიობა სრულიად ახალი მიმართულებით წაიყვანა, განიხილა რა გრავიტაცია, როგორც ობიექტების მიერ სივრცე-დროის გამრუდება. და ეს ყველაფერი არაა. თანამედროვე ფიზიკოსები მთელ ძალისხმევას ახმარენ იმ თეორიის შედგენას, რომელიც ერთნაირად ზუსტად იმუშავებს როგორც მაკროსკოპულ, ისე მიკროსკოპულ და სუბატომურ დონეზეც კი. ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ.


● ალქიმია.
ტყვიის აღება, მისი ტრანსფორმაცია და ოქროდ გადაქცევა დღეს ცოტა გიჟურად ჟღერს, მაგრამ გადადით წარსულში და წარმოიდგინეთ თქვენი თავი ანტიკურ ხანაში ან შუა საუკუნეებში. დაივიწყეთ, რომ სკოლაში (ან უნივერსიტეტში) ქიმია შეისწავლეთ და ჩათვალეთ, რომ ფაქტიურად არაფერი იცით ელემენტებზე ან პერიოდულ სისტემაში მათთვის მინიჭებულ ატომურ ნომრებზე. თქვენი ცოდნა შემოიფარგლება ნანახი ქიმიური რეაქციებით, რომლის დროსაც ნივთიერებები იცვლიან ფერს, ყრიან ნაპერწკლებს, ფეთქდებიან, ორთქლდებიან, იზრდებიან, პატარავდებიან, გამოყოფენ უცნაურ სუნს და ა.შ.

თუკი ქიმიას ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ინფორმაციის სიმწირის ეპოქაში საკმაოდ ლოგიკურად მოგეჩვენებოდათ იმ დაკვნის გაკეთება, რომ შესაძლებელია ბლაგვი, ერთფეროვანი, რუხი ფერის მეტალი გადაიქცეს ნათელ, კაშკაშა ყვითელ ნივთიერებად. იმის იმედით, რომ ოდესმე მართლაც შეძლებდნენ ამას, ალქიმიკოსები თავდაუზოგავად ეძებდნენ მითიურ „ფილოსოფოსების ქვას” – სუბსტანციას, რომელიც, მათი რწმენით, ალქიმიურ ძალებს ფლობდა.

ასევე დიდი დრო შეალიეს „სიცოცხლის ელექსირის” ძებნას. სამწუხაროდ, ვერც ეს იპოვეს.

ალქიმიკოსები იყვნენ პარაცელსი, რობერტ ბოილი, იოჰან იოახიმ ბეხერი და ისააკ ნიუტონი.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button