ისტორიალიტერატურა

თამარ ხელაშვილი – “ლეგენდად ქცეული ცხოვრება”

შუაფხოს რომ გავივლით, არაგვის ხეობა საგრძნობლად ვიწროვდება. გზა მიდის გაღმაგამოღმა აყუდებულ ფრიალოებს შორის. გვხვდება დასახლებული ადგილები და სალოცავები: ზარისჭალა, გოგოლაურთა, მუქო, ხოშარა, ლაშარი. მის მოპირდაპირედ ღელის (თამარის) სალოცავია. ღელისა და ახადის გორს შუა მდინარე წაწადა მიიკვ ლევს გზას. ხეობაში ისეთი ფრიალოებია, ყორანი ვერ დაეკარება. წაწადას მარჯვენა ნაპირას, ტყიან გორზე, მიემართება ახადში ასასვლელი, ძნელად სავალი ბილიკი. ხამი კაცი შიშელდით თუ აივლის ამ კლდოვან, კიბისებურ, ორ კილომეტ რამდე მანძილს. ტყის მერე იწყება ალპური ზონა გაშლილი სახ ნავსათესი მამულებით. ზედ გორის თავზე მოედანია პირქუშის სა ლო ცავით, ცოტა ქვემოთ უზარმაზარი ლოდებია – გოდერძაულთა მიწასთან გასწორე ბული ციხის ნაშალი. ციხის ზემოთ ძველ დროში ხალხმრავალი სოფელი იწყებოდა. ახლა იქ ნასახლარებია, ძლივს შესამჩნევი სა ძირკვ ლებით. სოფ ლის ზემოთ, ახადელთა სალოცავის _ პირქუშის ნა ბინავარ-ნასამჭედლო ვარზე იდგა ხელაშვილების ორსართულიანი სახ ლი. შენობა უხსოვარი დროისა იყო, მშრალი ყორით ნაგები, ბანიანი, მაგ რამ ახადელთა სახლებს არ ჰგავდა. მას არ ჰქონდა კუთხეები, არც ფანჯრები. ახადში ასასვლელ გზასა და სოფელს გადაჰ ყურებდა მისი ერთადერთი შუკუმი, რომელშიც კაცის თავიც არ გაეტეოდა. კაცის სიმსხო მორები ეწყო ჭერის კოჭებად. ერთიანი სქელი ფიცრის, ლოდებით ამოშენებული და თაღოვანი კარი კედელში გასაყრელი კეტით იკეტებოდა. ახადელთა გადმოცემით, სახლის საფუძველში ოქროს ძუძუები ყოფილა ჩატანებული. ალბათ, ამიტომ დაანგრიეს საძირკვ ლამდის ის უკვდავ უბერებელი შენობა, რომლის ნადგომზეც ახლა მხოლოდ სიპია გაშლილი. იქ დაიბადა მიხა ხელაშვილი, უფრო სწორად, ხელაიშვილი.

ძველ დროში ახადის მკვიდრნი მხოლოდ გოდერძაულნი ყოფილან. მათ გვარში ჰყოლიათ ერთი ძლიერი, თავნება, ვაჟკაცობით განთქმული კაცი _ ბეწუნა, რომელსაც თიკუნად (მეტსახელად) ხელაი რქმევია. მისი შთამომავლობისანი იყვნენ ხელაიშვილები. არ იციან, რამდენი თაობა წავიდა ბეწუნას შემდეგ. მიხას მამა – ზურაბი უკვე ხელაშვილად დაწერილა. პაპას – ჯუღურას ერთი ქალი ჰყოლია და ორი ვაჟი: თი ნიბექი და ზურაბი.

ზურაბის ცოლი, თამარი, თხისტყავიან მათურელ გმირთა შთამომავლის, თავადაც გმირული თვისებების მქონე გაგნა თადიაურის ქალი იყო. მათ სამი შვილი შეეძინათ: მიხეილი, პელაგია და პავლე. თამარი მეტად შრომისმოყვარე, ზნეკეთილი, ოჯახის ერთგული და ოთხ შვილზე გადამკვდარი დედა იყო (პირველი ქმრისაგან ჰყავდა უფროსი ასული – სალომე კაკაბ ლიშვილი-ჟამიაშვილისა).

მიხეილ ხელაშვილი დაიბადა 1900 წლის იანვარში. ბედნიერმა მამამ ხატს ზვარაკი შეუთქვა შვილის ბედკეთილობისათვის. ბავშვობა ახადში გაატარა მიხამ. არ სჩვეოდა სხვისი დაჩაგვრა, არავის იბრიყვებდა, თუმცა თანატოლებში ყველაზე ღონიერი და სწრაფი იყო. ბუნებით გულ კეთილს, ხალისიანსა და მოძრავს უყვარდა ლექსობა-შაირობა, გართობა, შეჯიბრი სროლასა და ჭიდაობაში. შრომისმოყვარე და დამჯერე მიხა ათი-თორმეტი წლისა საოჯახო საქმეებშიც ეხმარებოდა მშობლებს. ღვთისნიერი და ხატ-ღმერთის მლოცველი ზურაბი ცდილობდა, რომ მისი შვილებიც მორწ მუნენი და ღვთისმსახურნი გამხდარიყვნენ. გონიერსა და დაუზარელ მიხას მამამ ექვსი წლის ასაკში დააწყებინა წერა-კითხვა. მან ძალიან სწრაფად, ადვილად ისწავლა მხედრული და წიგნის კითხვაც შეიყვარა. ზურაბს სახლში კარგი ბიბლიოთეკაც ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით მიხას მადევარი მილიციელების მიერ განადგურებულა არაერთი დარბევის დროს. ღელის სალოცავში ყოფილა დაყუდებული ბერი ილარიონ მოსანთლიშვილი, რომელსაც ზურაბთან, როგორც მორწმუნე და წიგნიერ კაცთან, დიდი მეგობრობა ჰქონია. იგი ხუცური წიგნებით ამარაგებდა ხელაშვილებს. მიხას ხუცურიც უსწავლია. ზურაბმა, ბერის რჩევით, თავისი სწავლისმოყვარე შვილი მღვდლებს მიაბარა მცხე თაში, რათა საღმრთო რჯული ესწავლებინათ და ეკლესიის მსახურად გაეწვრთნათ. სამი-ოთხი წელი სწავლობდა იქ მიხა.

ნიჭიერმა მოწაფემ კარ გად შეითვისა საღმრთო სჯული, ყოველი წეს-კანონი ეკლესიისა, გა ერკვა ქვეყნის ავ-კარგში და აღმზრდელთა სიყვარულიც დაიმსახურა. მას თავისუფლად შეეძლო მღვდლობა, სურვილიც ჰქონდა, რომ ახადის მახ ლობლად, სოფელ მუქოში წასულიყო მღვდლად, მაგრამ ხელი შეუშალა საამისო ასაკის სიმცირემ და სათანადო საბუთის უქონლობამ. ამის გამო იგი დიაკვნად გაუმწესებიათ ბარისახოში. იქ დავაჟკაცდა მიხა. სამსახურის დაწყებიდან ორი-სამი წლის განმავლობაში თავისი კარგი ხასიათისა და ქცევის წყალობით დაიმსახურა სიყვარული, დაიახლოვა ტოლ-სწორები: თათარა, დათვია და გიგია ლიქოკელები, ალექსი ოჩიაური, გიგია ჭინჭარაული, სულხანაური და სხვანი. ბევრი მათგანი ნათელ მირონით დაუკავშირდა, ზოგი ძმად შეეფიცა. რაინდული სულისა და სწრაფვის, მომლხენ-მოლექსე ახალგაზდა მოსწონდათ ხევსურებს. თანა ტოლებთან შეჯიბრში ეჩვეოდა მიხა სავაჟკაცო ზნესა და საქმეს, თითქოს იცოდა, თუ გრძნობდა, რომ ყოვე ლივე ეს მალე დასჭირდებოდა. ხევსურეთში კარგი იარაღიც შეიძინა. ბარისახოს მღვდელი საყვედურობდა, მეომარივით რომ დადიოდა ღვთის მსახური.

_ ხო არას ვაშავებ, რა გაწუხებსო? _ აშოშმინებდა მიხა.

სხვათა მსგავსად, სამშობლოსათვის თავდადებული, ქვეყნის ბედიღბალზე დაფიქრებული იყო ბარისახოს სამღვდელოება. ბჭობდნენ რუსეთ-საქართ ვე ლოს ურთიერთობისა და მამულის განთავისუფლების გზების შესა ხებ. მიხაც ამ სულისკვეთებით განიმსჭვალა, განიმტკიცა თანდაყოლილი ზნე-ხასიათი, თავისუფლებისმოყვარე, მებრძოლი, ბობოქარი სული.

1920 წლიდან და-სიძის, თევდორე მღვდლისა და სალომეს რჩევა დახმარებით მიხა დიაკვნად გაამწესეს ჩარგლის ეკლესიაში. იქაურებსაც ჩქარა შეეთვისა იგი, ზრუნავდა მათთვის და საქვეყნო საქმეებზე ესაუბრებოდა ხალხს. დიდხანს მადლიერებით იგონებდა იოსებ გურასპაული, მიხამ წერა-კითხვა რომ შეასწავლა. ჩარგალში დიაკვანს დაუახლოვდნენ ახალგაზრდები: ლუკაანთ ლევანი (ვაჟა-ფშაველას შვილი), ივანე მთიბელაშილი, მისი და პარასკო, ვანო და ნიკო ხორნაულები კაწალხევიდან, იაკოფ მარწყვაშვილი, გიორგი მგელაშვილი მიგრაულთიდან და სხვანი. დაოჯახებას ურჩევდნენ თავისიანები მიხას. ჩარგალში ყოფნიდან მეორე წელს მან საცოლედ შე არჩია იქაური მდიდარი მეცხვარის, ფოცხვერა ბაჩიაშვილის უმცროსი ქალი, სხვებისაგან თვალტანადობით გამორჩეული დე დუნა.

ფოცხვერას ოჯახი ვაჟა-ფშაველას მეზობლად სახლობდა, წყალგაღმა. _ ქალი ჯერ პატარაა და ვერ გავათხოვებო, _მოიმიზეზა ფოცხვერამ და უარით გაისტუმრა დედუნას სათხოვნელად მისულნი. სინამდვილეში კი ჯანმრთელობადარღვეულს თავისი ფანდი კაცი უნდოდა თავისი ცხვარ-ძროხის მეპატრონედ და საქმის გამძღოლად. ფოცხვერა მალე გარდაიცვალა. ქალის ოჯახის დამწუხრებამ მიხას ხელი შეუშა ლა დაოჯახებაში.

შემოდგომა იყო. ფოცხვერას ცხვარი ყორუღში იდგა ქალების ამარა. ვაჟა-ფშაველას შვილს, ლევანს კომისარი კოლა ჯაგნელიძე ესტუმრა მილიციელებით. იქ თანასოფლელი ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სროლაში. ეს არ მოეწონა კომისარს.

_ რა სროლა გაგიმართავთ, რა ამბავია?! _უსაყვედურა მასპინძელს.

_ შეჯიბრება-გართობა გვაქვსო, _ თავი იმართლა ლევანმა.

მილიციელები ყორუღის მახლობლად აძოვებდნენ ცხენებს და ქალებს ლაზღანდარობა დაუწყს. მათი ხმამაღლობა რომ გაიგო, მიხამ თოფი სახლში შეიტანა, ბუხარში მაღლა გახირა და ჭალაში ჩაიარა. იგი ქა ლებს გამოესარჩლა და მილიციელებს შეეკამათა. შელაპარაკებას წა ჩხუ ბება მოჰყვა. ხმაური რომ გაიგონეს, კოლა და ლევანიც ჭალაში ჩავიდნენ. კომისარი მიხას მიუხტა და მაუზერი წაართვა, თან ლევანს ჰკითხა:

_ ვინ არის ეს ახალგაზრდა, ჩემს ხალხს რომ აწუხებს?

_ საშიში კაცი არ არის, სოფლის დიაკვანია, _ მიუგო მან.

_ რას თამამობ, ვინა ხარ? თოფიც თუ გაქვს, მოიტანე, თორემ აქაურობას მოგაცილებ! _ დაემუქრა ჯაგნელიძე მილიციელებთან მოდავე დიაკვანს.

_ მიხა ხელაშვილი ვარ, ფშაველი, ჩემს ალაგზე ვარ, შენ და შენი მილიციელები კი წესრიგის დაცვის მაგივრად უწესობას შვებით, ქალები ცხვართან არიან, მათთან რა ხელი აქვს უცხო ხალხს! _ შეეპასუხა იგი.

_ ეს რა დიაკვანია? ამისთანა კაცი დასაჭერია, სოფელს ააბუნტებს,

– განრისხდა კომისარი.

ლევანმა დააშოშომინა იგი და თავისთან წაიყვანა პურის საჭმელად. მიხას მაუზერის დაბრუნება ეწადა.

_ უთხარი, დამიბრუნოს! _ შეეხვეწა იგი ლევანს, მაგრამ მან ანიშნა, რომ იქაურობას გასცლოდა და თოფიც თან წაეღო.

იმედგადაწურული მიხა თავისი თოფით ტყეში მიიმალა. საუბარში გართულმა კოლამ მისი წასვლა ვერ შენიშნა.

_ მაგ დიაკვნის წაყვანა ახლავე სჯობს, _ ამცნო მასპინძელს თავისი გადაწყვეტილება ჯაგნელიძემ, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ტყეში გასული მიხა მთავრობას ერიდებოდა, ხალხს კი არას უშავებდა. მის ოჯახს რამდენჯერმე მიუვარდნენ მილიციიდან, ეძებდნენ მიხას, მაგრამ ვერსად პოულობდნენ. მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა ხელაშვილი. მოსახლეობაც უჯერებდა მას, ენდობოდა კაცთ მოყ ვარეობითა და მხიარული ხასიათით თანატოლებში გამორჩეულს.

მიხა ხელაშვილი კარგი მოსაუბრე, ლაღი, მოსიმღერე, მიმზიდველი ქცევა-მანერების მქონე ახალგაზრდა გახლდათ. სახით მომხიბვლელი მიხა, გოლიათური აგებულების ზურაბსა და მის სხვა შვილებთან შე დარებით, დაბალი იყო. საშუალო ტანისას მსხვილი და ძალოვანი აღნაგობა ჰქონდა. ტყეში გასულს ორი-სამი დღეც რომ ეშიმშილა, საჭმლის თხოვნა არ შეეძლო, მწყემსები და მგზავრები თვითონ აწვდიდნენ სარჩოს. ასეთი გახლდათ “ის ქვეყნის დამაქცევარი ყაჩაღი”, პირადი ცხოვრება და ბედნი ერება შორს რომ დარჩა. ჩუმი და მოპარული გახდა მისთვის წუთისოფლის ლხენა და ნეტარება. მიხა ხელაშვილს აშკარად არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი, მათ მეტწილად ჭოგრიტით უყურებდა ტყიდან, ფრთხილობდა, რომ მის გამო ათასჯერ აწიოკებული ოჯახი კიდევ არ შეეწუხებინათ.

ავტორიტეტით, გარეგნობით, ძალ-ღონით, სისწრაფით, სროლითა თუ მოლექსეობით გამორჩეულმა დიაკვანმა მისდაუნებურად დაჩრდილა, დაჯაბნა ჩარგლის ახალგაზრდობა. ამიტომ ექიშპებოდა მას ზოგიერთი მათ განი. მაღაროსკარში იმხანად კომისრად იყო ალექსი მისრიაშვილი, მიხას კარგი მეგობარი. ის აფრთხილებდა ხელაშვილს ჩარგლელთაგან მოსალოდნელი ღალატის შესახებ. ერთხანს ლუკა მარცვალაშვილი გავიდა მიხასთან ტყეში, მაგრამ იგი ცოტა ხნის შემდეგ მთავრობას შე ურიგდა. მიხა ადრევე მიხვდა ლუკას განზრახვას, ფრთხილობდა, არ ენ დობოდა. ივანე გარსევანაშვილი და ვახტანგ რაზიკაშვილიც მისი მო ქიშპეები იყვნენ, ცდილობდნენ, როგორმე მთავრობის ხელში ჩაეგდოთ იგი. მისრიაშვილმა შეატყობინა მიხას, რომ ჯაგნელიძე სამოცი მი ლი ცი ელით მასზე თავდასხმას აპირებდა და ურჩია, იქაურობას გარიდებოდა. ხელაშვილი კი არ გაერიდა, ერთ დილას თვითონვე მიუხტა ჯაგნელიძეს და მოკლა. მიხამ მილიციელებს იარაღი აჰყარა და მაღაროულაში გადაყარა. დაშინებულებმა აქეთ-იქით გაქცევით უშველეს თავს, ეგონათ, ტყვია მართლა არ ეკარებოდა მიხას.

კანცელარიაში შეჭრილ ხელაშვილს კედელზე აკრული კაცი დაუნახავს, იარაღი მიუღერებია შესაშინებლად.

_ აქ რას აკეთებ? სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ ძმებს არა ვხო ცავ!

_ უთქვამს დამფრთხალისათვის და კაბინეტის გაღება დაუვალებია. მას კი ვერც ფეხი მოუცვლია და ვერც კარი გაუღია. მიხას შეუმტვრევია კარი, კარადებიც გაუხეტავს, ლენინის სურათი ჩამოუგდია და ფეხით გაუთელავს, მერე ზანდუკიდან თავისი მაუზერი ამოუღია.

_ მისრიაშვილის ცხენი მომგვარე! _დაჰკივლა თურმე იოსებ ბოძაშვილს მიხამ. მანამდე კი წასულა და თურმანაულების სახლის სახურავზე საქართველოს დროშა დაუმაგრებია. შემდეგ ამხედრებული გასულა არაგვზე ხელაშვილი, ცხენი იქვე დაუტოვებია და ტყეს შეჰფარებია. ეს ამბავი თვით იოსებ ბოძაშვილს გაულექსავს:

“მაღაროსკარში ვმსახურობდი ერთ დროს მენაცაო,
მამაძაღლმა ხელაშვილმა, დახე, რა გვიყვაო:
ჩვენი კოლა კომისარი კარზე მოგვიკლაო,
მე კედელს ვეფარებოდი, ის მე მომადგაო,
ნაგანი და მაუზერი ორივ მომაპყრაო:
– ჯაგნელიძეს მაუზერი, მითხარ რა იქნაო?
ცივი ატკაზი მოუსვი: _ არ მინახიაო.
_ ხელაშვილ მოგაძებნინებს, ბალღო, მაიცაო.
კაბინეტისაკ წასულმა წინ გამიმძღვარაო,
მისი შკაფი და კამოდი, ორივ გატეხაო,
ლენინის სურათი ნახა, ზედ გაიარაო,
მაუზერი ამოიღო, გადაიკიდაო,
კარებზე ჩამოიარა, ჩამოთამაშდაო,
მისრიაშვილის ლურჯაი მამაყვანინაო,
შეჯდა და გამოაჭენა, წყალგაღმ გავიდაო.
ახ, ნეტავი, ბოძაშვილო, შენ ტყვია მოგცაო,
რომ მოგეკლა ხელაშვილი, სახელ გაგეთქვაო”.

მაღაროსკარიდან აფხუშოში წავიდა მიხა, დედა და და-სიძე გააფრთხილა, ბინას გასცლოდნენ. პატარა ბალღები კოდში ჩასხეს და ზედ ფლასი გადააფარეს. სალომე და თევდორე მახლობელ ტყეში გავიდნენ, მოხუცი კი ხოდისაკენ გაემართა, თან წაიღო თავისი ტანსაცმელი და სხვა რამეებიც, რაც ვირზე აეკიდებოდა. რაზმელებმა _ იოსებ ჯანა შვილ მა, ლევან ბოძა შვილმა, ჩოხელაშვილმა და სხვებმა დაინახეს მი მავალი. ჯერ შორიდანვე ესროლეს მიხას დედას, მერე კი მისცვივდნენ და წამებით მოკლეს.

ნადავლი ჯანაშვილსა და ჩოხელაშვილს გაუნა წი ლებიათ (სალომე თავის ტანსაცმელს ჯანაშვილის ცოლ-შვილის ტანზე ხედავდა მოგვიანებით). დედის დასაფ ლავებისათვის მივიდნენ სო ფელში მიხა და მისი და-სიძე. მანამდე სოფლის თავკაცს, ოსა ზუ რაბაშვილს მისწერა მიხამ მუქარის წერილი. ხელაშვილი მოითხოვდა ეკლესიის გალავანში დაეკრძალათ დედამისი და ისე მოეხერ ხებინათ, რომ მილიციას ხელი არ შეეშალა დასაფლავებისათვის. მოხუცი წესისა და რიგის მიხედვით დაკრძალეს დათქმულზე ერთი დღით ადრე, რადგან სო ფელს მილიციისა მაინც ეშინოდა. დასაფლავებას მიხაც დაესწრო. ხმა არავის ამოუღია, არც ვინმეს უსროლია, იმის მიუხედავად, რომ ხალხში გადაცმული მილიციელებიც იყვნენ. ჩარგალში აღარ ედგომებოდა მიხას. ხევისჭალელი ლევან ხავაზურის რჩევით, ჩოლოყაშვილის რაზმთან შე ერთება გადაწყვიტა და ეს თავისიანებსაც შეატყობინა. ტანსაცმელი მოუმ ზადა სალომემ. წასვლის წინ მიხამ საცოლე მოინახულა, უნდოდა ახად ში თავის მამასთან მიეყვანა, მაგრამ მოხუცი დედის მარტო დატოვება არ ინდომა დედუნამ.

_ არ გათხოვდე! _ ეს იყო მიხას უკანასკნელი თხოვნა სატრფოსადმი.

ქაქუცა ჩოლოყაშვილს გამორჩეულად ჰყვარებია მიხა. ენდობოდა და ფშავ-ხევსურეთში გზავნიდა ხალხის მისამხრობად. იგი ყოველთვის სიხარულით ასრულებდა ამ დავალებას. დროდადრო ახერხებდა ფშავში გადასვლას შინაურებისა და სატრფოს სანახავად. მიხა ფოცხვერას სიძე გახდა დაფარულად. გაუცხადებლად, საიდუმლოდ მოეწყო ყველაფერი. გაუგებარი მაინც არაფერი რჩებოდა, მილიცია აწუხებდა დედუნას. ხუმრობით კარის პოეტს უწოდებდა ჩოლოყაშვილი მიხას. ჰპირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში კარგ სწავლა-განათლებას მიაღებინებდა.

_ კარის კი არა, ველის პოეტი ვარ, _ ხუმრობდა ისიც.

სულხანი შვილის მოგონებებიც ადასტურებს მათ კარგ ურთიერთობას.

ორი წელი დაჰყო მიხა ხელაშვილმა ჩოლოყაშვილის რაზმში.

1924 წლის ზაფხულში, როცა დამარცხებული ქაქუცა თანამოაზრეებთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა, მიხა და ლევან ხავაზური კახეთში დარჩნენ. სამშობლოში მოსალოდნელი სიკვდილი ამჯობინეს უცხოეთში ყოფნას. ერთხანს შირაქი და ცივ-გომბორი მოიარეს მეგობრებმა. საიმედო ადგილი უნდა მოენახათ გამოსაზამთრებლად. ხელაშვილს ჩარგლისაკენ მიუწევდა გული და მცირე ხნით იქ წასვლა გადაწყვიტეს. მიხა ჩარგალში რომ დაიგულეს, კვლავ თავიანთ ბნელ საქმეებს შეუდგნენ მისი მოქიშპენი.

ლუკა მარცვალაშვილმა განაახლა მასთან “მეგობრობა”. ერთხელ ლუკა პირს ჰპარსავდა თურმე მიხას. მას ალბათ გული უგრძნობდა მოსალოდნელ ღალატს:

_ რაღა სხვას დარჩეს ჩემი მკვლელისათვის მთავრობის დაწესებული ჯილდო, შენზე უფრო ალალია. აი, ახლა შეგიძლია სამართებელი ყელში გამომისვა და მომკლა, _ უთქვამს მიხას ლუკასათვის.

_ მაგას როგორ ვიზამ, ძმასავით მიყვარხარ, შენ რომ ჩოხა მაჩუქე, იმისთანა საჩუქარი ძმას არ მოუცია ჩემთვის, _ უპასუხნია ატირებულ
მარცვალაშვილს.

მიხა ხელაშვილის მკვლელს ჰპირდებოდნენ იარაღს, სამსახურს, 100 მანეთსა და ყოველგვარი გადასახადისაგან განთავისუფლებას. მილიცია დევნიდა, არბევდა მის დახმარებაში შემჩნეულებს. არაერთგზის ააწიოკეს ფოცხვერას ოჯახიც, მაგრამ მიხა თადარიგიანად იქცეოდა, არ ეკარებოდა დედუნას სახლს, ცოლ-შვილს ჭოგრიტით უჭვრეტდა. დევნილს ახ ლოდან არც უნახავს თავისი ქალიშვილი, დედამისის სახელი _ თა მარი რომ დაარქვეს. ლევან ხავაზური გვერდიდან არ შორდებოდა მი ხას, მოქიშპეთა ამარა არ ტოვებდა და ცდილობდა ისევ კახეთში წა ეყვანა, მაგრამ ვერ დაითანხმა. იმ წელს, გვიან შემოდგომაზე წავიდა კახეთში ხავაზური (1940 წლამდე იმალებოდა ტყეში, მერე შეურიგდა მთვარობას). მიხა ჩარგალში დარჩა. იანვრის გასულისათვის გადაწყვიტა ხევისჭალაში წასვლა.

მიხა ხელაშვილის მკვლელობა 1925 წლის იანვრის ბოლოს მოხდა. ნაქეიფარმა მიხამ მარცვალაშვილის საბძელში დაიძინა, კახეთში უნდა წასულიყო მეორე დღეს. მტრებმა დრო იხელთეს, მძინარე მიხას ლევან გარსევანაშვილმა დაახალა ტყვია თავში, ლუკა მარცვალაშვილმა ვერ გაბედა. მკვლელი იმავე ღამეს ჩავიდა ჭალისსოფელში (ჩარგლის უბანი) ვახტან რაზიკაშვილთან. მან კი მაღაროსკარში მილიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ. მკვლელობის ადგილას, მარცვალაშვილის სახლთან მისულმა მილიციელებმა სროლა დაიწყეს, რათა ხალხს მათი მოკლული ჰგონებოდა ხელაშვილი. მეორე დღეს დუშეთში ჩაიტანეს მარხილზე დადებული მიხას ცხედარი და მილიციის შენობის წინ დააგდეს, ხალხის საჩვენებლად და დასაშინებლად. რამდენიმე ხანს იქვე დატოვეს, შემდეგ დაუმარხავად ჩააგდეს თხრილში. არავის ანებებდნენ მის დაკრძალვას. ცხედარი თითქმის დაიშალა. დამ და სიძემ მოიპარეს მიხას ნეშტი, ხევსური მილიციელის დახმარებით, ცხენს გადაჰკიდეს, ჩარგალში აიტანე და მეორე ღამეს ფარულად დამარხეს დედამისის საფლავის თავთით, წმიდა გიორგის ეკლესიის გალავანში. არ ეღირსა მიხა ხელაშვილს საკუთარი სამარე და “შინ გათლილი კუბოს ფიცარი”. ეს ნატვრა ხომ დაღუპული მეგობრებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ლექსში გამოხატა.

მიხა ხელაშვილის მეგობარ-თანამოაზრეთა ნაწილი ადრევე დახოცა მილიციამ. გადარჩენილებმა დაიტირეს ვაჟკაცი, საფლავთან კი ვერა, თავისსავე კერაზე: ვანო ხორნაულმა _ კაწალხევში, ლევან ხავაზურმა – ბაწარას ტყეებში, თავისიანებმა კი ახადსა და ჩარგალში. ასე წავიდა საწუთროდან სამშობლოსათვის თავდადებული ახალგაზრდა, შეეწირა თავისუფლებისა და ღირსების დაცვას, იმას, რაც სწამდა და თავზე მეტად უღირდა. უგვან სიცოცხლეს წინაპრებთან სახელოვანი მისვლა ამჯობინა საქართ ველოს მთის ტრადიციებზე აღზრდილმა კაიყმამ, მიხა ხელაშვილმა..

დაიცარა მიხას მტრების ბედიც: მარტო თოფი მიუღია მთავრობისაგან ლევან გარსევანაშვილს. იგი მოსისხლეებმა მოკლეს იმავე ზაფხულს. ლუკა მარცვალაშვილი გამოცდილ ძებნილს, გოგია ჭიჭოშვილს მოუკლავს შირაქში, ტარიბანაში. წამებად იქცა ვახტან რაზიკაშვილის ცხოვრებაც, საოცრად დახლართული ჯაჭვით გადაბმული მიხა ხელაშვილის ბედთან.

25 წლის ასაკში გამოასალმეს მიხა ხელაშვილი სიცოცხლეს, მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან არაერთი დარბევა-განადგურების მიუხედავად გადარჩა მისი ლექსების ნაწილი. ამან, ღირსეულ სიცოცხლესთან ერთად, ლეგენდად აქცია, უკვდავყო მიხა ხელაშვილის სახელი. მიხას მამისეულ სახლში, ახადში, მილიციას სულ გაუნადგურებია პოეტის ბავშვობის დრო ინდელი ნაწერები. კახეთში შექმნილი ჩოლოყაშვილის რაზმელობის პერიოდის ლექსთა ნაწილი, რომელიც მის მეგობარ ივანე ყაყი და შვილ თან ინახებოდა, მან ძმის მეგობარსა და მიხას შემოქმედების თაყვანის მცემელს, ვანო ხორნაულს გადასცა. ვანომ ლექსები კლდეში და მალა, რამაც გარკვეულწილად დააზიანა ისინი. გარკვეული ხნის შემდეგ მან მიხა ხელაშვილის ლექსები ფსევდონიმებით _ “მიხა ახადელი” და “მიხეილ ზურაბაშვილი” _ გამოაქვეყნა თავის მიერ გამოცემულ ხალხური სი ტყვიერების კრებულში.

თამარ ხელაშვილი

Source
https://burusi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button