გამორჩეული ადამიანები

ლეილა აბაშიძე – ”დოდო ჭიჭინაძე”

როცა მასზე ვფიქრობ, მახსენდება ძველი გამონათქვამი, ბრძენკაცს რომ ჰკითხეს: რატომაა ბოროტი ადამიანი მუდამ ცუდ ხასიათზეო. ბრძენმა უპასუხა: ”იმიტომ, რომ მას აწუხებს საკუთარი უბედურება და სხვისი ბედნიერებაცო”.

დოდო ის ადამიანი იყო, ვინც სხვების ბედნიერებით ცხოვრობდა. საკუთარ დარდს კი ღირსეულად ატარებდა და არავის აგრძნობინებდა.

ღვთისმოშიში, ღრმად მორწმუნე, ყველა გაჭირვებულის დამხმარე და ქომაგი, უსამართლობასთან შეუპოვარი მებრძოლი და, რაც მთავარია, ღრმად ეროვნული მოქალაქე გახლდათ.

ის ფილმში _ ”დავით გურამიშვილი” ქეთევანი კი არ იყო მხოლოდ, ეკრანის თეთრი ტილოდან მზირალი, ნამდვილი ქეთევან დედოფალი იყო, თავის ერზე უზომოდ შეყვარებული. ამიტომაც შეიყვარა იგი ასე უზომოდ ქართველმა მაყურებელმა!

უცხოეთში ყოფნის დროს საოცარი რამ შემემთხვა: საბჭოთა ფილმების კვირეულზე გახლდით რომში. ერთ ოჯახში სტუმრობის დროს სალოცავ კუთხეში ხატების გვერდით დოდოს უმშვენიერესი სურათი დავინახე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ეს ხომ ჩვენი დოდოა! წამოვიძახე, მაგრამ აქვე ვიფიქრე, ეს ხომ მკრეხელობაა: ჩვეულებრივი მოკვდავი _ წმინდანების გვერდით, მაგრამ აღარავის შევეკამათე, პირჯვარი გადავიწერე და ვიფიქრე _ ილოცონ! დაე, ილოცონ!

ღვთიური სილამაზის მქონე და სიკეთით სავსე ქართველი ქალის გამოსახულებაზე! ესეც, ალბათ, ღვთის ნებაა!…

ადვილი წარმოსადგენია, როგორი იყო დოდო მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, ნათესავებისათვის… უზომოდ შეყვარებული თავის ერთადერთ აწ განსვენებულ ძმაზე _ რეზო ჭიჭინაძეზე. რეზო ჭიჭინაძე, უბადლო ვაჟკაცი, ჭკუითა და სილამაზით განთქმული, დოდოს საფიცარი ხატი იყო! მათ დაძმურ სიყვარულზე ლეგენდები დადის დღესაც.

ჩემო დოდო! როგორ გვაკლიხარ ყველას! როგორ გვცივა უშენოდ!

რაც შენ აღარ გვყავხარ, ასე მგონია, ძარღვებში სისხლი გაჩერდა!

მოგონებები მათბობს და ის, რომ ჩვენი ვარსკვლავები ასე ახლოს და გვერდიგვერდ გახსნეს კინოთეატრ `რუსთაველის~ წინ.კინოს, რომელსაც ორივემ შევწირეთ მთელი ცხოვრება. ახლა კი შენმა სულმა ვარსკვლავად ქცეულ ქვაში ჰპოვა მარადიული სიცოცხლე.

ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით სამარადისოდ.

გაზეთი “კავკასია”, 2010 წ.

http://www.nplg.gov.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button