ენიგმამეცნიერებაუცნაურიუცხოპლანეტელები

როგორები იქნებიან უცხოპლანეტელები?

თუკი ჰოლივუდური ფილმების გჯერათ, სავარაუდოდ დაასკვნით, რომ უცხოპლანეტელები ანტიჰუმანურად განწყობილი გიგანტურები არსებები არიან. რადგანაც მეცნიერები ხშირად არ იღებენ ფილმებს და ჰოლივუდის სცენარისტებიც დიდად არ ბრწყინავენ მეცნიერულ დარგებში, ეს არც ისე ზუსტი აღწერილობაა კოსმოსური ორგანიზმებისთვის. თუკი ოდესმე უცხოპლანეტელები გვესტუმრებიან, დიდი ალბათობით ისინი სრულიად განსხვავებული იქნებიან ჩვენს გონებაში წარმოდგენილი არსებებისგან. თანამედროვე მეცნიერები გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს, თუ რა შტრიხები უნდა ჰქონდეთ უცხოპლანეტურ სახეობებს, რათა გადმოლახონ გალაქტიკა და ჩვენს ლურჯ პლანეტას ესტუმრონ.


● აგრესია
ის, რაც ადამიანებს ევოლუციურად განასხვავებს პლანეტის სხვა სახეობებისგან, მარტივად შეგვიძლია ერთი სიტყვით გამოვხატოთ: აგრესია. ნებისმიერ სახეობას უწევს შესაბამის გარემოში არსებობისთვის ბრძოლა, არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩენისას კი მისი დაძლევა. ეს ბრძოლა ევოლუციურ ადაპტაციებს წარმოშობს. პლანეტის დომინანტ სახეობას (რომლებიც, შეიძლება ითქვას, უცხოპლანეტელები აუცილებლად იქნებიან) უნდა შეეძლოს გარემოს ათვისება და მასზე ზემოქმედება. მისურის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული ნაშრომი მიგვანიშნებს, რომ უცხოპლანეტელები ამ საკითხში აგრესიულები იქნებიან – ისინი გამრავლდებიან და აითვისებენ მთელ მახლობელ საბინადროს. ჩვენზე განვითარებული სახეობა კი ადამიანებს სავარაუდოდ აღიქვამს რესურსად, როგორც ჩვენ – ფერმის ცხოველებს.


● მკვლევარები
ნებისმიერი არსება, რომელიც დედამიწას მოაღწევს, თავისთავად მკვლევარი იქნება. ჩვენს მაგალითზე რომ განვიხილოთ, დედამიწაზე თუ მის მიღმა არსებულ გამოუკვლეველ ტერიტორიებს აქტიურად ვეტანებით რესურსების ათვისების იმედით. გვაინტერესებს, რა ელემენტებსა და ნივთიერებებს შეიცავს მიწა, რაში შეიძლება მათი გამოყენება. გავიხსენოთ კოლუმბი და ამერიკა, მარკო პოლო და ჩინეთი, ვიკინგები და ევროპა. სტივენ ჰოკინგის მოსაზრებით, განვითარებული ტექნოლოგიის მქონე უცხოპლანეტელები სხვა პლანეტების ძიებაში იქნებიან, რათა მოახდინონ მათი კოლონიზაცია ან რესურსები აითვისონ. შეიძლება მათ მიზნად არ ჰქონდეთ ჩვენი პლანეტის განადგურება, მაგრამ სავარაუდოდ ეცდებიან მათთვის სასარგებლო რესურსების მითვისებას, რადგანაც ეს განვითარებული სახეობების მახასიათებელი შტრიხია.


● ვირუსული და ბაქტერიული იმუნიტეტი
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ხშირია ისეთი სცენარი, როცა უცხოპლანეტელი უმარტივესი დაავადებების მიმართ უძლურია, რადგან დედამიწაზე პირველად ყოფნის გამო აქაურ ბაქტერიებზე იმუნიტეტი არ გააჩნია. გავიხსენოთ პილიგრიმები და კონკისტადორები, ტიფი და ყვავილი ძირძველი ამერიკელი ინდიელების უმეტესობისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. მაგრამ კონკისტადორებიც და აცტეკებიც – ორივენი ადამიანები იყვნენ. „სეტის” უფროსი ინჟინრის, სეტ შოსტაკის მიხედვით, ბაქტერიების მოქმედების არეალი შეზღუდულია. მათ სჭირდებათ შესაბამისი ბიოქიმიის მქონე ორგანიზმი, რათა ზიანი მიაყენონ. დედამიწაზე არსებული ბევრი ბაქტერია და ვირუსი მხოლოდ რიგ სახეობებზე ვრცელდება. ანალოგიურად, ის დაავადებები, რაც ადამიანებს ემართებათ, იშვიათად გვხვდება ცხოველებში. შესაბამისად, უცხოპლანეტელები მხოლოდ იმ შემთხვევაში აიკიდებენ გრიპს, თუკი მათი შემადგენლობა დიდწილად ადამიანის მსგავსი იქნება.


● ისინი არ შეგვჭამენ
რა მოხდება, თუკი ჩვენი ხორცით ნადიმი მოინდომეს? საშიში სცენარია, თუმცა ამის ალბათობა დაბალია. მოწინავე რასა, რომელიც კოსმოსში მოგზაურობს, მტაცებლურ ინსტინქტებს ნაკლებად განვითარებულ არსებებზე დაიკმაყოფილებს. ნებისმიერი პოტენციურად დასახლებადი პლანეტიდან დედამიწამდე მოღწევას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, შესაბამისად მათ უკვე ექნებათ კვების მუდმივი წყარო. გარდა ამისა, განსხვავებულ პირობებში წარმოშობილი და განვითარებული არსების საჭმლის მომნელებელი სისტემა ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენს პლანეტაზე გავრცელებულ პროტეინებს ამუშავებდეს. შესაბამისად, ჩვენ საქონლის როლში ნაკლებად აღმოჩნდებით.


● მკვლელები
რამდენ ადამიანს აღმოუჩენია ახალ სახლში მწერების კოლონია, რაც საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზია? მხოლოდ მცირეოდენი დაიწყებს მათ დევნას, უმეტესობა კი სპეციალურ სამსახურს გამოიძახებს, რათა აბეზარი მწერები მომწამლავი გაზით გაანადგურონ, გადარჩენილებს კი საწამლავით მოუსწრაფონ სიცოცხლე. უცხოპლანეტელები, ისევე როგორც ნებისმიერი განვითარებული სახეობა, ტექნოლოგიას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ისინი სავარაუდოდ მოსპობენ მათთვის არასასურველ სახეობებს, რათა პლანეტაზე თავიანთი მიზნები განახორციელონ. თუკი ეს პლანეტა დედამიწა იქნება, უცხოპლანეტელები არა ლაზერებით, არამედ უფრო ეფექტური, შესაძლოა ბიოლოგიური იარაღით გაგვანადგურებენ.


● არ იქნებიან გიგანტური მწერები
იმ არსებების გიგანტური ვერსიების ხილვა, რომლებიც ჩვეულებრივ ზომაშიც საშიშნი არიან, არც ისე სახარბიელო წარმოსადგენია. თუმცა ამის მოხდენის შანსი მეცნიერულად დაბალია. მწერის სხეულის სტრუქტურა ისეთია, რომ მას ფუნქციონირება მხოლოდ მცირე ზომებში შეუძლია. გიგანტურ ზომებში არსებობისთვის მათ დასჭირდებათ გაცილებით მეტი ჟანგბადი, ვიდრე ამჟამინდელი ატმოსფეროდან შეუძლიათ მიღება. პრეისტორიულ პერიოდში, როდესაც ჰაერში ჟანგბადის შემცველობა მაღალი იყო, ისინი შთამბეჭდავ მონაცემებს აღწევდნენ. დღევანდელობაში კი ტარაკნის მსგავსი არსება, რომელიც ზომით ადამიანს აღემატება, ფანტაზიის სფერო უფროა, ვიდრე მეცნიერების.


● ზეინტელექტი
ფილმებში ხშირადაა უცხოპლანეტური რასები, რომლებიც ყველას მიმართ მტრულად არიან განწყობილი და გზაში ყველაფერს ანადგურებენ. ეს არალოგიკური გამოდის. ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის დონემდე მისაღწევად საჭიროა მაღალგანვითარებული ინტელექტის არსებობა. შესაძლოა, როგორც ზემოთ იყო ნახსენები, ისინი იყვნენ აგრესიულები სხვა და თავიანთი სახეობის მიმართაც კი, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, მთელ გალაქტიკაში ომებს მართავდნენ. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი ფრთხილ ანალიზს გააკეთებენ. ჩვენი ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ ერთმანეთზე გადამტერებით კაცობრიობას დიდი ზიანი ადგებოდა, ხოლო განსხვავებების გვერდზე გადადებამ და თანამშრომლობამ მაღალი დონის ცივილიზაციის შექმნას შეუწყო ხელი. შორ მანძილზე ფრენისა და კოსმოსის კვლევისთვის აუცილებელი თვისებები იქნება ინტელექტი, მეხსიერება, თვითცნობიერება, მოტივების ქონა და შემოქმედებითობა. მხოლოდ მათი მეშვეობით შეიძლება იქნას მიღწეული მეცნიერული გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვება.


● არაჰუმანოიდები
უამრავ სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში უცხოპლანეტელები ზოგჯერ საოცრად ჰგვანან ადამიანებს, თუმცა მეცნიერულად ამ ვარიანტს არც ისე დიდი შანსი აქვს. ადამიანები ევოლუციურად ჩამოყალიბდნენ სპეციფიკურ გარემო პირობებში. ჩვენ ორ ფეხზე დავდექით, რათა უფრო მეტი მანძილი დაგვეფარა და გავითავისუფლეთ წინა კიდურები, რათა იარაღები გამოგვეყენებინა. ცერა თითის გამოცალკევება კი წარსულში ხეებზე ძრომიალის შედეგია. მაგრამ რა მოხდება იმ პლანეტაზე, სადაც არაა ხეები? ჯერჯერობით შეუძლებელია უცხოპლანეტელების ზუსტი აღწერილობის შექმნა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი იქნებიან სწრაფები, რაც ევოლუციურ წარსულში ხელს ხეუწყობდა მათ გადარჩენასა და მსხვერპლზე ნადირობას. ექნებათ კარგად განვითარებული გრძნობის ორგანოები. დიდი ალბათობით აღჭურვილი იქნებიან კვების (პირი), მხედველობის (თვალები), სმენის (ყური) ორგანოებით, ექნებათ გადაადგილების ეფექტური საშუალება, როგორიცაა ფეხები. ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ იქნებიან მტაცებლები და ორგანიზმი შესაბამისად ექნებათ მოწყობილი.


● საუბარი და ანბანი
ცივილიზაციის განვითარებისთვის აუცილებელია კომუნიკაციის ქონა. ასევე აუცილებელია შორ მანძილზე კომუნიკაცია, რათა მოხდეს მასშტაბური გეგმების განხორციელება და ინფორმაციის გავრცელება. ადამიანების მსგავსად, განვითარებულ უცხოპლანეტელებსაც მოუწევთ ერთმანეთისთვის კომპლექსური თეორიების გაზიარება და შენახვა, რათა შემდეგ თაობებს მათზე წვდომა ჰქონდეთ. წერის რაიმე ვარიანტის გარეშე ნაკლებად მოსალოდნელია, შესაძლებელი იყოს ინფორმაციის თაობების მანძილზე გადაცემა. თუმცა რა ფორმით მოხდება ეს და როგორ ისაუბრებენ, ჯერ კიდევ გამოცანაა. მათ გარემოში ხმოვანი ტალღები შეიძლება არც ისე საუკეთესო საშუალება იყოს საკომუნიკაციოდ და გამოიყენონ ვიბრაციები, რომლებსაც სპეციალური ორგანოებით აღიქვამენ. ან, როგორც ჰოლივუდი გვიჩვენებს, ტელეპათია ჰქონდეთ განვითარებული. თუმცა ამ შემთხვევაში ტელეპათია ტექნოლოგიის განვითარების შედეგი უფრო იქნება, ვიდრე ბუნებისგან ბოძებული ნიჭი.


● არანაირი სუპერძალა
უცხოპლანეტელები არ იქნებიან სუპერძლიერები. დიდი ფიზიკური ძალა კოსმოსში მოგზაურობისთვის საჭირო ტექნოლოგიის განვითარებამდე ათასწლეულებით ადრე ჩაბარდება წარსულს მისი არასაჭიროების გამო. ეს არსებები იქნებიან თხელი აღნაგობის და ექნებათ ოპტიმალურად მოწყობილი ორგანიზმი, რომელსაც მინიმალური ენერგია დასჭირდება საარსებოდ. ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვანი ფაქტორია დიდ მასშტაბებში არსებობისთვის. მასიურ კუნთებს მეტი ენერგია და მოვლა სჭირდებათ, რაც ხელის შემშლელი იქნება მეცნიერულ კულტურაში. მათ არ დასჭირდებათ ფიზიკური ძალა გარემოს შესაცვლელად. სახეობას, რომელიც პრიორიტეტად ირჩევს სოციალურ კავშირებს, აბსტრაქტულ აზროვნებასა და კომუნიკაციას, მოტორულ უნარებსა და შრომის იარაღების გამოყენებას, რაც აუცილებელი ატრიბუტებია ვარსკვლავთშორის სივრცეებში ნავარდისთვის, ნაკლებად დარჩება დრო და რესურსები ფიზიკური ძალისა თუ სისწრაფის განვითარებისთვის.


● ფუნქციური დანამატები
როგორც ადამიანებს აქვთ ცერა თითები და იყენებენ მას საგნების ასაღებად ან უკეთ მოჭიდებისთვის, უცხოპლანეტელებსაც ექნებათ მსგავსი დანამატები. შეუძლებელია იარაღების შექმნა და გამოყენება, თუკი ვერ მოხერხდება მისი დაჭერა. ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, ჩვენი სტუმრები გიგანტური წვეთების ფორმის იყვნენ ან ვეებერთელა საცეცები ჰქონდეთ. ასევე, რამდენად შესაძლებელია განვითარებულმა სახეობამ ააგოს კოსმოსური ხომალდი და მართოს ის კოსმოსის თვალუწვდენელ სივრცეებში, თუკი არ ექნება ობიექტების დაჭერისა და ზუსტი გადაადგილების უნარი? ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ უცხოპლანეტელებს უფრო კარგად განვითარებული ბიოლოგიური დანამატები ექნებათ, ვიდრე ჩვენი თითები და ცერებია. სმარტფონებისა და დედამიწის მოწინავე ტექნოლოგიის მსგავსად, უცხოპლანეტელებიც შექმნიან თავიანთ ორგანიზმზე მორგებულ ტექნოლოგიას, ანალოგიურად მათი ორგანიზმები განვითარდება ტექნოლოგიის შესაბამისად. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო გაურთულებს ადამიანებს, აღიქვან და მართონ მათი მოწყობილობები.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button