ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? გოგოჭურთა გვარი

გოგოთა, გოგოლა, გოგორა, გოგოჩა, გოგოჭა – ქართული წარმართული საკუთარი სახელები კაცისა.

გვარისსახელით “გოგ”-ფუძისანი არიან: გოგოშვილნი – კახნი, გოგოძენი – გურულნი, გოგოლაძენი – რაჭველნი, გოგოლაშვილნი – იმერნი, გოგორიშვილნი – მესხნი, გოგჭაშვილნი – ალგეთელნი და გოგოჭურნი – ხევსურნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ხევსურეთს ბუდობდა სახელიანი გვარი გოგოჭურთა.

ეგრე უბნობენ, ოდესღაც შუაფხოით გუდანს მოსულანო ძმანი: ჭინჭარა, არაბა და გოგოჭა. გუდანელნი კავკაზაურნი განდევნესო. ჯინჭარაისები – ჭინჭარაულნი გუდანს დარჩნენო, გუდანის ჯვრის მსახურება ინატრესო; არაბაისები – არაბულნი გორშეღმს გადავიდნენ, სიმრავლე ინატრესო; გოგოჭაისები – გოგოჭურნი ჭორმეშავს დადგნენო, სახელი ინატრესო.

ძმათაშვილთა ამ სამ გვარს დღემდე გუდანის ჯვრის მეგანძურობა მოუდით და სამოგანძუროს თემს ქმნიან ხევსურეთში.

ჭორმეშავიდან გოგოჭურები პირიქითს და ბუდეხევსურეთში გურო-გიორგწმინდას, ატაბეს, ბუჩუკურთას და უკანა ფშავში ცაბაურთას გადასულან. იქ ფშავში გოგჭურთ თემი შეუქმნიათ.

ხევსურეთში გოგჭურებთან ფიცით ძმობა აქვთ: ალუდაურებს, ქეთელაურებს, მამიაურებს, ხოსიაურებს, მინდიკაურებს, დაიაურებს და ხახიაურებს.

ერწოელი ყორიაულნი იგივ ჭორმეშიონი გოგოჭურნი არიან მისურაულთ მამისანი.

გოგჭურობას იტყვიან კახნი მატაბელნიც.

ფშავში გოგოჭურთ თემისანი არიან: ბეკურაულნი, მჭედლურნი, გოგნელაშვილნი, პატარაშვილნი, ჩიტოშვილნი, გედეხაურნი, მიგრიაულნი, ცაბაურაშვილნი, მარცვალაშვილნი, მარტიაშვილნი, რაზიკაშვილნი, თიბელაშვილნი, ბაჩიაშვილნი, პირქუშაშვილნი და დულუზაურნი, აქავ რაზიკაშვილებთან ძმად შემოყრილნი ჟამიაშვილნი.

ქართულ საისტორიო საბუთებში გოგოჭურთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება.

1675 წელს კახეთში სოფელ ხოდაშენში ქეთევან დედოფალმა მამული უბოძა მახარებელ გოგოჭურს.

1750 წელს ჭინჭარაულთა და ჩოლოყაშვილთა შერიგების წიგნში ფშაველ ბჭე ხევისბერთა შორის დასახელებულია მამისიმედ გოგოჭური. გოგოჭურთა სალოცავებია ხევსურეთში: გუდანის ჯვარი, ჭორმეშავის გიორგი, ხმელის გორისა და ატაბეს კვირაე ხმელთმოურავი; ფშავში: ლაშარის ჯვარი და ცაბაურთის მთავარანგელოზი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოგოჭურთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ – “მეფისა ალმის მპყრობელთა” სადროშოში.

გოგოჭურთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, ასპინძისა და კრწანისის ველებზე. გოგოჭურთ გვარისანი იყვნენ სახალხო გმირები მარტია მისურაული და მამუკა ქალუნდაური.

ამჟამად გოგოჭურნი ცხოვრობენ: ხევსურეთში, ფშავში, არაგვის მთისწინეთში, ერწო-თიანეთში, ალგეთის ხეობაში, სამგორის ველზე, შიგნით კახეთში, გაღმამხარში და შირაქის ველზე.

საქართველოში გოგოჭურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 1000-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგოჭურთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

სტატიის ავტორი: ჟურნალის რედაქცია

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button