განხილვალიტერატურაწიგნები

ჯემალ ქარჩხაძე- ქარავანი (მიმოხილვა)

თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის, ჩემი აზრით, ორი ყველაზე გამორჩეული ადამიანი თავიანთი შემოქმედებით გურამ დოჩანაშვილი და ჯემალ ქარჩხაძეა (მიუხედავად იმისა რომ უკვე გარდაცვლილია). დღეს სწორედ ამ უკანასკნელის შემოქმედებაზე მინდა ვისაუბრო. ქარჩხაძეს საკმაოდ ბევრი საინტერესო ნაწარმოები აქვს დაწერილი და ერთ-ერთ აღსანიშნავ ნაშრომად ,,ქარავანი“ შეიძლება ჩაითვალოს. პირველ რიგში, სანამ უშუალოდ შინაარსობრივ(პერსონაჟულ) ანალიზზე გადავიდოდე, მანამდე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ აშკარად იგრძნობა სიუჟეტური მსგავსება ,,სამოსელ პირველსა“ და ,,ქარავანს“ შორის. ორივე ნაწარმოებში ვხვდებით ფსევდოგმირს(ამ ტერმნიშვი ვგულისხმობ პერსონაჟს, რომლის ირგვლივაც ხდება მოქმედება, თუმცა მთავარ გმირად მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს) , რომელმაც უნდა გაიაროს ცხოვრების რაღაც ეტაპი, უნდა ნახოს გაჭირვება, სიმწარე, სიხარული და ყველა ის ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღოს, რაც ადამიანის ,,დაღვინებისთვისაა“ აუცილებელი. ,,სამოსელ პირველში“ ასეთი გმირი დომენიკოა, ხოლო ქარავანში კი დომენიკოს ანალოგი აბელი. ცალკე თემაა საბოლოო ჯამში ,,ღვინდებიან“ თუ არა ეს პერსონაჟები წიგნის ბოლოში, მაგრამ ფაქტია რომ ამისთვის ისინი საკმარისზე მეტს ნახულობენ ცხოვრებაში.

უპირველეს ყოვლისა, თუ თვითონ ჩვენი ფსევდო გმირის სახელს აბელს დავუკვირდებით, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ბიბლიური აბელი, რომელიც კვდება კაენის ხელით. ნაწარმოებში უშუალოდ ამ გმირის ფიზიკური მკვლელობა არ ხდება, თუმცა მისი სახელი რომ გამართლებული იყოს, იგი აუცილებლად უნდა გარდაცვლილიყო არაფიზიკურ დონეზე მაინც(რაც ნაწარმოებში უდავოდ ხდება, მისი მონოლოგები ამის ერთ-ერთი მაგალითია) და სწორედ მისი პიროვნების ამ სიკვდილის შემდეგ , მითიური ფენიქსის მსგავსად, უნდა დაბადებულიყო ახალი აბელი. ხოლო კაენის როლს ვფიქრობ ყველა ის მოვლენა ასრულებს, რაც ამ პერსონაჟის ირგვლივ ხდება. მოვლენებში იგულისხმება ყველა ის ნაწარმოების გმირი, რომლებმაც რამე გავლენა იქონიეს ნებსით თუ უნებლიეთ აბელის ხასიათისა თუ მსოფმხედველობის ჩამოყალიბებაში. სანამ აბელის პერსონაჟზე საუბარს გავაგრძელებ, მანამდე აუცილებლად უნდა გავიცნოთ ის ძირითადი გმირები, რომლებიც ნაწარმოების განუყოფელი ნაწილნი არიან, მათი ანალიზის გარეშე რთული იქნება აბელის, როგორც პერსონაჟის აღქმა.

დავიწყებ აბელის პაპით( ვხმარობ ამ ტერმინს რადგან წიგნში ასე არის გამოყენებული), რომელიც იდეაში ძალიან მოგვაგონებს სამოსელი პირველის ასევე საწყის პერსონაჟს დომენიკოს მამას. ორივე მათგანი წიგნის დასაწყისში ჩნდება და სწორედ რომ საწყისს ბიძგს აძლევენ ჩვენს ფსევდოგმირებს სამყაროს შემეცნებისკენ. ორივე მათგანზე ძალიან ცოტა ინფორმაცია მოგვეპოვება, თუმცა რაც გვაქვს იქიდან ფაქტია, რომ ძალზედ ამოუცნობი ბუნების მატარებელი ხალხია(აბელის პაპა და სამოსელში დომენიკოს მამა) . ორთავეს ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს და თითქოს ამ სამყაროში ამოწურული აქვთ თავიანთი მოვალეობები, ამ სამყაროსთან ყველანაირი კავშირი აქვთ ჩახსნილი( ამ კავშირის ჩახსნაზე აუცილებლად ვილაპარკებ მოგვიანებით, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი თემა წამოჭრილი წიგნში). აბელის პაპა, რომელშიც ,,რაღაც იდუმალი და გრანდიოზული სიდინჯე, ღრმააზროვანი დუმილი იმალებოდა“ აბელის მეხსიერებაში მუდამ სათაყვანებელ პიროვნებად დარჩა, რადგან მან განაპირობა აბელში იმ უმთავრესი კითხვების გაჩენა, რომლებიც შემდეგნაირად ჟღერს: რატომ ბრუნდება ადამიანი ყოველთვის უკან? რის მიხედვით აგნებს იმას, რაც ,,საკუთარის“ სახელითაა ცნობილი?(საკუთარი სახლი, მიწა, ქვეყანა) რატომ სულ პირდაპირ არ მიდის? რას ეყრდნობა მისი ეს არჩევანი? რამდენად ძლიერია უკანდაბრუნების მიდრეკილება? არშეგვიძლია გადავლახოთ ეს მიდრეკილება და მთელი სიცოცხლე ვიაროთ წინ, ერთი მიმართულებით? ეს კითხვები ყველა ემყარება იმ კავშირებს სამყაროსთან, რომელზეც როგორც უკვე ვთქვი, მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ჩაიარა აბელის ღრმა ბავშვობამ, პაპამ გააკეთა თავისი გასაკეთებელი, აბელს მისცა ბიძგი სამყაროს უკიდეგანო ოკეანეში. აბელის პირველი ნავსადგური, რომელთანაც მისი ნავი გაჩერდა, ეს მირიანი იყო. მირიანის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია ამ წიგნში, თუმცა მისი ამბავიც ისეთივე მოკლე იყო, როგორც მისი ცხოვრება. ვფიქრობ, მირიანი ამ ნაწარმოებში უფრო სიბრძნის რეპრეზენტირება გახლდათ, რომელმაც შემდეგი მუხტი მისცა აბელს უფრო და უფრო მეტი ეძია ცხოვრებაში, კითხვებისთვის აუცილებლად ეპოვნა პასუხები, ამ პერსონაჟსაც ყავს ,,სამოსელ პირველში“ ანალოგი ლტოლვილის სახით. აბელი მუდამ დაკომპლექსებული იყო მირიანთან ერთად, რადგან მირიანის გონებრივ შესაძლებლობასთან აბელს ჯუჯად წარმოედგინა თავი, ყოველთვის გულდასმით უსმენდა და ცდილობდა დაემახსოვრებინა ის საკვანძო ინფორმაციები, რომლებიც დაეხმარებოდა ასეთივე ბრძენ ადამიანად გახდომაში და თავისი კითხვების პასუხის გაცემაში. მირიანის სახელზეც თუ ცოტა ხნით შევჩერებით, საინტერესო მსგავსება შეიძლება დავინახოთ. როგორც მოგეხსნებათ, ისტორიული მირიანი იყო პირველი ქრისტაინი მეფე ქართლში, რომელმაც საფუძველი დაუდო ქრისტიანობის გავრცელებას, ანუ იყო პირველი ბიძგი ინოვაციური იდეოლოგიისა. ,,ქარავანის“ მირიანიც პირველი ,,ნავსადგური“ იყო აბელისთვის, რომელმაც ბიძგი მისცა აბელს არ დანებებოდა საკუთარ კითხვებს და საკუთარი ადგილი ეპოვა ცხოვრებაში. მირიანი იყო მართლაც საოცარი ფიგურა ამ წიგნში და მიმაჩნია, რომ მისი სიკვდილით მწერალმა არ დაასრულა მისი სიცოცხლე, რადგან თუ კარგად ჩავუღრმავდებით, მირიანის პიროვნება მოგვიანებით ორ ადამიანად გაჰყო მწერალმა, გედეონ რევიასა და სამსონის სახით, ანუ მირიანი წმინდა ქრისტიანული სახით, გარდაიცვალა(ფერი იცვალა) და ორ ახალ ადამიანად მოგვევლინა.

აბელის შემდეგი ცხოვრებისეული ,,ნავსადგური“ ყაჩაღი უკლება იყო. ეს ადამიანი მართლა უმნიშვნელოვანესი ფიგურაა წიგნში. ყაჩაღი, რომელიც ხორცს არ ჭამს, ყაჩაღი რომელიც ალკოჰოლს არ ეკარება. ამ კაცის იდეოლოგია მართლაც გასაოცარია. ადამიანი რომელიც არ ძარცვავს იმისთვის, რომ გამდიდრდეს, რამე ქონება დააგროვოს. უკლებას უბრალოდ სპორტული ჟინი ამოძრავებდა, ამიტომაც თქვა, რომ ვინც ადვილი გასაძარცვია ის არ უნდა გაძარცვო. პირიქით, ნამდვილი ხელოვნება ძნელად გასაძარცვის გაძარცვაში და გაწბილებაშია. უკლება იყო ადამიანი, ვინც თავისი საქმე ხელოვნებად აქცია და მთელი ცხოვრება უძღვნა. ის არ გაძარცვავდა წვრილშვილიან ოჯახს, ის არ ფიქრობდა ისე, როგორც ტრადიციული ყაჩაღი ფიქრობს. იგი ფიქრობდა რომ ძარცვა შემოსავალს არ იძლეოდა, თუმცა იმისაც სწამდა ხოლმე, როდესაც ,,პროფესიული ოსტატობა იდეალს უახლოვდებოდა“. იგი აბელთან საუბრისას ამბობს ერთ საინტერესო რამეს : ,,ჩემი აზრით ადამიანს რაღაც შინაგანი ძალაუბიძგებს, საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოხატოს რაიმე საშუალებით, ალბათ, მოწოდებით, თუკი ამ მოწოდებას მიაგნო, რათა თავი შეიცნოს და ამგზით ცხოვრების აზრი და დანიშნულება გაარკვიოს. თავად დანიშნულება რა არის, არ ვიცი.“ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რის გამოც უკლება უმნიშვნელოვანეს პერსონაჟად მიმაჩნია, არის მაშინ, როცა ჩვენი ყაჩაღი აბელს ეუბნება პასუხს კითხვაზე, არსებობს თუ არა ზნეობრიობა და სიკეთე სამყაროში: ,, დამიმტკიცეთ, რომ სიკეთედა ზნეობა მართლა არსებობს და მაშინ დაგიჯერებთ. შეირთეთ ცოლად ხოფერიას ქალი და დაგიჯერებთ.“ მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ, რომ აბელი ამ ნაბიჯს გადადგამს, რაც პერსონაჟის დაბრძენების ერთ-ერთი(და მგონი უკანასკნელი) ნიშანია . აბელის ამ მოქმედებით ზნეობრიობაზე კითხვაზე პასუხი გაცემულია.

შემდეგი ცოდნის ,,ნავსადგური“ გედეონ რევია იყო. ეს კაცი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იყო მოვლენა. კაცი , რომელსაც ადამიანური ლოგიკა 5 თითივით ჰქონდა შესწავლილი. მისი ცხოვრებისეული ანალიზი უაღრესად გასაგები და ახლო არის მკითხველთან, ამიტომ მათი უმეტესობა გედეონის გულშემატკივარი წამიერად ხდება. მისი იდეოლოგია ძალიან ამქვეყნიურია , ერთი შეხედვით, ვინც ეგზისტენციალიზმს იცნობთ, მოგეჩვნეებათ რომ ამ ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ნაწილის მატარებელია ეს პერსონაჟი და მისი მსოფმხედველობა ძალიან კარგად მოგაგონებთ ფრანგი ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის დარგში უმნიშვნელოვანეს მწერლის, ალბერტ კამიუს შეხედულებებს. კერძოდ, გედეონი ასეთ რამეს ლაპარაკობს: ,, ჩემი თეორიის მიხედვით , ადამიანს არავითარი დანიშნულება არა აქვს, უბრალოდ, სიცოცხლის იმპულსი აქვს, რომელიც გარდაუვალია და ამიტომ დანიშნულების ძიების სურვლის ბადებს. ეს სურვილი კი სასაცილოა, რადგან ხვალ მე და თქვენ სცენაზე გავალთ და სეირის საყურებლად მოგროვილი ბრბოს წინაშე სერიოზული სახით მოვყვებით კუტრუშს.” გედეონი, როგორც ზემოთ ვახსენე, მირიანის ერთ-ერთ რეინკარნაციად მიმაჩნია, რომელიც ერთ-ერთ უკიდურესობაშია გადავარდნილი, კერძოდ, ძალიან ამქვეყნიურია და ზუსტად იზიარებს ჩვენს ეგზისტენციალისტურ შეხედულებებს. ამიტომ მას ჭირდებოდა ანტიპოდი, რომელიც იქნებოდა მეორე უკიდურესობა, ანუ უაღრესად სულიერებაში გაჭრილი კაცი, რათა დაებალანსებინა რევიას ეს ,,მიწიერი“ ბუნება. ასეთი ადამიანი კი სამსონი იყო.

სამსონი მკითხველთა უმეტესობას არ მოსწონს, რადგან როგორც გედეონი ამბობდა, იგი ,,ღრუბლებში დაფრინავდა“. რელიგიურობისა და ასკეტიზმის არევაში ადანაშაულებს ბევრი ადამიანი ამ პერსონაჟს, მაგრამ ბუნებრივია, რადგან ცოტა ფანატიკოსობის ნიშნები აშკარად აქვს, ამიტომაც მიმაჩნია იგი მეორე უკიდურესობაში გადავარდნილ ადამიანად. სწორედ სამსონზე ლაპარაკის დროს განვიხილავ ამ ნაწარმოების იმ უმთავრეს აზრს, რაც ამ პოსტი დასაწყისში ვახსენე, კერძოდ იმ კავშირებს, რაც გააჩნია ყოველ ადამიანს ამ ქვეყანასთან, რომელიც იძულებულს ხდის ადამიანს დაბრუნდეს უკან. ,,რატომ ბრუნდება ადამიანი უკან?“, გამუდმებით სვამს ამ კითხვას აბელი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალზედ რთულია, თუმცა შევეცადოთ. ადამიანებს დაბადებისთანავე გვიჩნდება უხილავი ჯაჭვები ამ სამყაროსთან, რომლის ერთი ბოლო უშაუალოდ ჩვენზეა მობნული, ხოლო მეორე კი იმ ადგილას, სადაც ვბრუნდებით.(ჩვენი სახლი, მიწა, სამშობლო). მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია გაწყვიტოს ეს კავშირი გარკვეულ ლოკაციასთან, მაშინ ამ ლოკაციის ადგილს დაუყოვნებლივ სხვა საგანი იკავებს ანუ ჩვენ გამუდმებით ვართ დაკავშირებული რაღაც უხილავი ძაფებით მატერიალურ სამყაროსთან. თუმცა, საინტერესოა რა მოხდება, თუკი ადამიანმა გაწყვიტა ეს კავშირი ყველასთან და ყველაფერ მატერიალურთან? მოქმედებს კი მასზე ,,უკან დაბრუნების“ აუცილებელი პრინციპი? ამგვარი კავშირების გაწყვეტას მილიონობით ადამიანში ერთი ახერხებს და ამ შემთხვევაში ასეთი პიროვნება ან გიჟი ხდება ან წმინდანი, კერძოდ მისი ადგილი ამ ქვეყნად აღარ არის. სწორედ ასეთი ადამიანი დაგვიხატა ქარჩხაძემ ,,ქარავანში“ სამსონის სახით. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამსონს ნაწარმოებში გამოჩენისთანავე არ ჰქონდა ამ შედეგს მიღწეული. ის უბრალოდ ცდილობდა ამგვარ კონდიციას(კავშირების გაწყვეტა მაქვს მხედველობაში) დაახლოებოდა, ამ მცდელობაში მან მარცხიც განიცადა, კერძოდ როდესაც ცოლი მოიყვანა, თუმცა მალევე მან ამ სურვილსაც დასძლია და ნაწარმოების ბოლოს იგი ჩვენი თვალსაწიერიდან ქრება. მან სრულყო თავისი სურვილი. მან გაწყვიტა ყველანაირი კავშირი ამ სამყაროსთან და რადგანაც აღარაფერი აკავებდა მას მიწაზე, იგი უბრალოდ ,,გაფრინდა“. სწორედ ამიტომ მიმაჩნია სამსონი უნიკალურ პიროვნებად. მას ისეთი სულიერი საფეხურები ჰქონდა გავლილი, რომ სხვას ვერც კი დაესიზმრებოდა, ასეთი ,,ღრუბლებში გაფრენილი” ადამიანის ფსიქოლოგია სხვისთვის ძალიან უცხო და მიუღებელია, ამიტომ ვერ უგებდა გედეონი სამსონს. ისინი ტიპური ანტიპოდები იყვნენ ერთმანეთისთვის.

არ შემიძლია ,,ქარავანზე“ დავიწყო ლაპარაკი და გამოვტოვო ამ ნაწარმოებში ყველაზე გრანდიოზული იდეოლოგიური ჯახი გედეონ რევიასა და სამსონს შორის. სამსონი გედეონს აღიარებს როგორც მოაზროვნე, ლოგიკური აზროვნების ვირტუოზ ადამიანს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ რაოდენაც განვითარებულია მისი გონება, მით უფრო მიძინებულია მისი სული. ამ ჯახში სამსონი გედეონის დაგებულ მახეში ებმება, რადგანაც ემოციური კონტროლი დაკარგა, ხოლო გედეონი კი თავის თავის წინაშე მარცხდება(ჩემი აზრით) და რატომ, ამას ცოტა მოგვიანებით ვნახავთ. მანამდე ვნახოთ რომელ ნაწილში გამოიჭირა გედეონმა სამსონი:
,, – სატანა! – ისეთი კილოთი შესძახა სამსონმა, გაბრაზებული ბავშვები რომ ერთმანეთს მეტსახელს წამოსძახებენ.

  • გიყვარდეს მოყვასი შენი… – მშვიდი ღიმილით შეაგება გედეონმა.
  • მოყვასი ხარ შენ?! ამპარტავანო! გულზვიადო! მზვაობარო! შენ მოყვასი კი არა,
    მტერი ხარ!
  • შეიყვარე მტერი შენი… – იმავე კილოთი თქვა გედეონმა.
  • კი, როგორ არა, სულში ჩაგიძვრენ! შენნაირები უფალსაც არ უყვარდა.
  • მაშასადამე, ვერც უფალი მისდევდა თანმიმდევრულად საკუთარ მოძღვრებას.
    იმიტომ, რომ ეს მოძღვრება არაბუნებრივია. მტრის შეყვარება შეუძლებელია,
    სამსონ. თუ მტერია, ვერ შეიყვარებ და თუ შეიყვარე, მტერი არაა.
  • გვმოძღვრავ, მწიგნობარო?! ქრისტეს ეტოქები, სატანავ?! თავი მოიდრიკე. ამაყი
    თავი მოიდრიკე. ვინც აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს!“- როგორც ხედავთ გედეონმა მიუხურდავა სამსონს წმინდა ბიბლიურ ენაზე.( თუმცა ვფიქრობ რაღაც კუთხით დემაგოგია დაეხმარა მას ამაში). მაგრამ პირადად ჩემი აზრით, თუ რატომ ვთვლი გედეონს დამარცხებულად, არის ის მომენტი, როდესაც გედეონი ასეთ რამეს ამბობს: ,, ჩემი ცოდვები იუდამ იტვირთა და არა ქრისტემ. იუდამ აქცია იესო ნაზარეველი ქრისტე ღმერთად.“ აქ დასაზუსტებელია ეს თემა და შევეცდები განვმარტო ჩემეული ხედვებით. ცოტა თეოლოგიური ლაპარაკი იქნება საჭირო. იუდას არავითარ შემთხვევაში მიუძღვის რამე წვლილი ქრისტეს ღმერთად გახდომაში. ბევრ ადამინას ჰგონია, რომ იუდამ იმიტომ გასცა ქრისტე, რომ ეს ნაწინასწარმეტყველები იყო, თუმცა საქმე პირიქითაა- იმიტომ მოხდა წინასწარმეტყველება, რომ იუდა ამას უეჭველი იზამდა. წინასწარმეტყველება არავის არაფერში არ ავალდებულებს. წინასწარმეტყველება უბრალოდ არის მომავალში უკვე მომხდარი ამბის(დაუკვირდით ამ ფრაზას, ცოტა უცნაურად ჟღერს თუ რატომ ვხმარობ მომავალში წარსულ ფორმას) აწმყოში ფაქტად დადება. კერძოდ, წინასწარმეტყველება მოხდა უშუალოდ იუდას გაცემის საფუძველზე, ანუ პირველად იყო იუდას მიერ ქრისტეს გაცემა და შემდეგ წინასწარმეტყველება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური დროის დინება პირიქით გვიჩვენებს მოვლენებს. ჩვენ რეალურად ვერ ვიტყვით რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ იუდა ქრისტეს არ გასცემდა. აქ გამოვკვეთოთ ორი მომენტი. 1) როდესაც იუდეველთაგან( და არა მარტო) ყველამ იცის, რომ მათ მიწა-წყალზე დადიოდა ქრისტე, რომელიც სასწაულებს აღასრულებდა, თქვენი აზრით იქნებოდა საჭირო იუდას მიერ გაცემა იმისთვის, რომ ქრისტე შეეპყროთ? ვფიქრობ თუ ჯვარცმა იყო აუცილებელი კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად, ეს იუდას გარეშეც მოხდებოდა და შესაბამისად იუდას მოქმედება უბრალო ღალატის ფონზე დადის. 2) ამ შემთხვევაში განვიხილოთ ის მომენტი, როდესაც იუდამ არ გასცა ქრისტე და შესაბამისად არ მოხდა ჯვარცმაც. ამ შემთხვევაში რის საფუძველზე ვასკვნით იმას, რომ კაცობრიობა დაღუპული იყო , რადგან ცოდვები გამოუსყიდავი დარჩა? კი ბატონო, წმინდა წერილის აღსრულებისთვის აუცილებელი იყო ჯვარცმა, რადგან ეს იყო უფლის ნებაც, მაგრამ ბიბლიაში თუ კარგად ჩავიხედავთ, განსაკუთრებით ძველ აღთქმაში, აღმოვაჩენთ ისეთ მომენტს, როდესაც ღმერთმა თავისი გადაწყვეტილება და შესაბამისად წინასწარმეტყველების წინასწარმეტყველებაც შეიცვალა. კერძოდ, ღმერთის ნება იყო ნინევიის განადგურება, თუმცა ნინევიელთა უზომო სინანულით ღმერთმა შეცვალა ეს გადაწყვეტილება და ნინევიამაც აღარ გაიზიარა ის ბედი, რაც სოდომმა და გომორმა გაიზიარეს თავის დროზე. შესაბამისად შეიძლება იუდას არ გაცემით ან ჯვარცმის არ მოხდენით კაცობრიობას უკეთესი მომავალიც კი ჰქონოდა, ვიდრე ახლა გვაქვს. ამ შემთხვევაშიც იუდას საქციელი უბრალოდ ღალატად მიიჩნევა და სხვა არაფრად. ამიტომაც ვფიქრობ, რომ იუდას არანაირი როლი არ უთამაშია ქრისტეს ღმერთად გახდომაში. ამიტომაც მიმაჩნია გედეონი დამარცხებულად. ბოლოს, მინდა აღვნიშნო შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი აბელის თავგადასავალში, ეს იყო გედეონის სიკვდილი. გედეონის სიკვდილი ძალიან მარტივად და სადად გათამაშდა. კაცი, რომელიც აპირებდა მთელი თავისი ცოდნის დაკაბადონებას და ფურცელზე გადატანას, უეცრად უდიდესი ირონიული სპეკტაკლის თამაშის მონაწილე ხდება. მას ქუჩაზე მანქანა გაიტანს. სიკვდილის წინ მისი სახის გამომეტყველება ძალიან მრავლისმეტყველი იყო: ,, თვალებით გადმოსცა გარდაუვალი სიკვდილის შეგნება, კოსმიური პანიკა, აბსოლუტური, ყველაგზადახშული უმწეობა, შებრალების აბსურდული მუდარა და სევდა, თითქოს უადგილო, მაგრამ მკაფიო, ყოვლის გამმსჭვალავი და, შესაძლებელია, ცოტა მელოდრამატული სევდა.“ ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, თუ რაოდენ უძლურია ადამიანი მართოს საკუთარი მომავალი დამოუკიდებლად. როგორც ბულგაკოვს უწერია ,,ადამიანმა ისიც კი არ იცის თუ ამ საღამოს რა მოუვა“. ვფიქრობ სიკვდილის წინანდელ რამდენიმე წამში გედეონმა გაანალიზა მთელი თავისი შეცდომები როგორც ცხოვრებაში, ისევე თავისივე იდეოლოგიაში. მისი დასაფლავების შემდეგ საფლავთან ერთადერთი კაცი დარჩა ჩაფიქრებული, ეს სამსონი იყო…

მოკლედ, ეს არის ამ წიგნში ის საკვანძო საკითხები, რის გამოც ვთვლი ამ ნაშრომს ნამდვილად ბრწყინვალე ნამუშევრად. თუმცა არსებობდა საკითხები, რომელიც უფრო დასახვეწი იყო, მაგალთად სამსონის პერსონაჟს აკლდა დასრულება, აშკარად უფრო მეტად დახვეწა შესაძლებელი იყო. მაგრამ არაუშავს, მიუხედავად ყველა ამ ხარვეზისა ეს ნაწარმოები მაინც ერთ-ერთ უსაყვარელს წიგნად დარჩება ჩემს წიგნებს შორის.

ავტორი: გიორგი წერეთელი

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

One Comment

  1. ძალიან მომეწონა თქვენი რეცენზია. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ნაწარმოების ზოგიერთი “წვრილი” და არც ისე შესამჩნევი ეპიზოდი შეამჩნიეთ და დაინახეთ მასში დამალული დიდი აზრი(დაუკავშირეთ ფაქტებს). უდაოდ ჯემალ ქარჩხაძის “ქარავანი” ერთ ერთი გამორჩეული წიგნია თავისი ნატურით. სიუჟეტის სიმარტივითა და ამავდროულად უაღრესად რთული “წყალქვეშა ქვებით”. წიგნში კარგად გამოიკვეთა ქართველობის სახეც(რაზეც, არც ისე დიდად გაგიმახვილებიათ ყურადღება, თუმცა,ვინაიდან ერის აღწერა ძირითადად გედეონის აზრით შემოიფარგლებოდა, შესაძლებელია ვივარაუდოთ,რომ ერის ცნება მხოლოდ “გონების” გადმოსახედიდან დავინახეთ,თუმცა მე პირადად ძალიან ბევრ რამეში ვეთანხმები)
    საბოლოო ჯამში ნაწარმოები ძალიან კარგი გამოვიდა. რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო სამსონის დახვეწა,აგრეთვე სასურველი იქნებოდა უფრო კარგად გამოჩენილიყო ხიდჩატეხილობის საკითხი(რომელიც რაღაც დონით წამოიჭრა წიგნში),თუმცა ამ ეტაპისთვის ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ წიგნით. ჩემი პატარა ასაკის(და შესაბამისად უმეცრების) მიუხედავად (რომლის გამო ბევრ დეტალს ვერ ჩავწვდებოდი და რა თქმა უნდა რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ მინდა ხელახლა წავიკითხო “ქარავანი”) მაინც შევძელი მცირედით მაინც შევცნობოდი სამყაროს ჯ.ქარჩახაძის “თვალებით”.

    და… რა თქმა უნდა მადლობა ბატონ გიორგის ასეთი კარგი მიმოხილვისთვის. უდაოდ ვნებდები თქვენს განსწავლულობას და მადლობას გიხდით,რომ დამეხმარეთ ამ წიგნის უკეთ შეცნობაში!

კომენტარის დამატება

Back to top button