ისტორიასაკითხავი

მეფე მიდასი

ფრეგიის მეფის მიდასის საბრძანებელში მხიარულების ღმერთს დიონისეს ჩვეულებრივი ნადიმობის დროს თავისი გულითადი მეგობარი და მასწავლებელი სილენე სადღაც დაეკარგა. მეგობრის ასე მოულოდნელად დაკარგვამ დიონისე მეტად შეაწუხა. სილენე დიონისე ღმერთის ნადიმისა და დროსგატარების სული და გული იყო და კიდევაც ამიტომ წუხდა იგი თავისი მეგობრის ასე უგზოუკვლოდ დაკარგვას. ფრიგიელები შემთხვევით წააწყდნენ ტყეში მოხეტიალე სილენეს და დაუყოვნებლივ მეფე მიდასს მიჰგვარეს. მიდასმა პირველ შეხედვისთანავე იცნო დიონისეს გულითადი მეგობარი და მყისვე დიდის თავაზიანობით სასახლეში მიიპატიჟა. მეფე დიდის პატივისცემით დაუხვდა სილენეს, დიდი ნადიმი და წვეულება გაუმართა. მთელი ათი დღის განმავლობაში მეფე მიდასის სასახლეში განუწყვეტელი ლხინი იყო გამართული. სილენე სულითა და გულით კმაყოფილი დარჩა მეფე მიდასის ასე გულუხვი მასპინძლობით. მეთორმეტე დღეს სილენე და მეფე მიდასი დიონისე ღმერთს ესტუმრნენ. დიონისე სილენეს ასე მოულოდნელად პოვნამ დიდად გაახარა და, ნიშნად ღრმა მადლობისა, მეფე მიდასს დაჰპირდა, ყველაფერს შეგისრულებ, რასაც კი მოისურვებ და მთხოვო. – მოწყალეო და ყოვლად შემძლებელო ღმერთო, – მოკრძალებით შეჰკადრა მეფე მიდასმა დიონისე ღმერთს: – თუ კეთილ ინებებთ და ჩემზე მოწყალებას მოიღებთ, გთხოვთ შემდეგი შემისრულოთ: რასაც მე ხელს შევახებ, ოქროდ აქციეთ! დიონისე ძლიერ გააკვირვა ფრიგიის მბრძანებლის ასეთმა კადნიერებამ, მაგრამ სიტყვის შეუბრუნებლად შეიწყნარა მეფე მიდასის ახირებული თხოვნა. მეფე მიდასი სიხარულით ფეხზე არ იდგა, მან არ იცოდა, როგორი მადლობა უნდა გადაეხადა ასეთი უხვი საჩუქრისათვის. მეფის აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა. თითოეული ნივთი, თითოეული საგანი, რომელსაც მეფე მიდასი ხელს ახლებდა, მყისვე ოქროდ იქცეოდა. მეფე ბედნიერად თვლიდა თავისთავს. სიხარულით გატაცებულმა მიდასმა მეგობრებს და რჩეულ კარისკაცებს დიდი წვეულება გაუმართა, რომელზედაც ჰსურდა თავისი უსაზღვრო ბედნიერება ყველასათვის შეეტყობინებინა. სამეფო სუფრა სასახლის დახელოვნებულმა მზარეულებმა ათასნაირი სასმელითა და საჭმელით შეამკეს. მხიარული სტუმრები მადიანად შეექცეოდნენ ნუგბარ სადილს, მეფე მიდასი კი გულდაწყვეტილი შესცქეროდა მდიდრულად გაწყობილ სუფრას. როგორც კი რომელსამე საჭმელს მეფე ხელით შეეხებოდა, პირთან მიტანამდე იგი ზოდ ოქროდ იქცეოდა და მისი შეჭმა, რასაკვირველია, ყოვლად შეუძლებელი ხდებოდა. მეფე ყოველ ცისმარე დღეს ამგვარად იტანჯებოდა და მუდამ ოქროებში ჩაფლული სიკვდილს ნატრობდა. მეფე მიდასმა, როცა ძალზე გაუჭირდა და ამასთანავე ნათლად შეიგნო თავისი თხოვნის სრული უგნურება, ისევ მოკრძალებით შეჰკადრა დიონისე ღმერთს: „ყოვლად მოწყალეო ღმერთო, მაპატივე, დამნაშავე ვარ შენს წინაშე! შემიბრალე, ყოვლად შემძლებელო, მაპატიე ჩემი შეცდომა და გამათავისუფლე ჩემი დამღუპველი ოქროებისაგან!“ დიონისემ შეიწყალა მეფე მიდასის თხოვნა და ამნაირად იხსნა ფრიგიის მბრძანებელი აუცილებელი სიკვდილისაგან, რომელიც მას მოელოდა თავისი უგნურებისაგან. მეფე მიდასი ამის შემდეგ დიდი ზიზღით შეჰყურებდა ოქროებს და საზოგადოდ ყოველგვარ სიმდიდრეს, რაც კი კაცის კეთილგონიერ ცხოვრებას მუდამ ხელს უშლიდა და აფერხებდა. მართალია, მეფე მიდასმა ამჟამად თავი დააღწია სასტიკსა და შეუბრალებელ სასჯელს, მაგრამ მეფის წინდაუხედავობამ და უგნურებამ ერთხელ კიდევ იჩინა თავი და იგი ამ წინდაუხედაობისა და უგნურებისათვის სამუდამოდ სასტიკად დაისაჯა. ერთხელ ღმერთები პანი და აპოლონი ერთმანეთს გაეჯიბრნენ აბა ვინ უფრო დახელოვნებულია მუსიკის ცოდნაშიო. ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა მოიწვიეს გამოცდილ მსაჯულთა კრებული, რომელსაც უნდა შეეფასებინა შეჯიბრებაში მონაწილეთა მუსიკალური ცოდნა და ხელოვნება. მსაჯულთა კრებულის ერთერთ წევრად მეფე მიდასიც მიიწვიეს. აპოლონ ღმერთმა ისეთის ხელოვნებით ააჟღერა კითარის სიმები, რომ მთელი უტყვი და მეტყველი ბუნება ერთიანად მოხიბლა. საუცხოვო საკრავის სიმთა ნარნარი ჟღერა მარგალიტებს აბნევდა ცის თვალუწვდენელ სივრცეში და მსმენელთ ნეტარების გრძნობას ღრმად უნერგავდა გულში. აპოლონის შემდეგ მსაჯულთა კრებულის წინაშე წარსდგა ღმერთი პანიც, რომლის საუცხოო საკრავის სიმთა ჟღერა მთელ არემარეს ფიანდაზად ეფინებოდა. მსაჯულთა კრებულმა მცირე თათბირის შემდეგ პირველობა მუსიკის ზედმიწევნით ცოდნაში აპოლონ ღმერთს არგუნა. მაგრამ მეფე მიდასი არ დაეთანხმა მსაჯულთა კრებულის ასეთ განაჩენს. ფრიგიის მბრძანებლის აზრით, პირველობა შეჯიბრებაში პანს ეკუთვნოდა. აპოლონ ღმერთი ძლიერ განრისხდა და, რომ საგრძნობლად დაესაჯა თავისი უსამართლო მსაჯული, მეფე მიდასს ვირის ყურები გამოაბა. მეფე მიდასი ძლიერ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. აბა, ვირის ყურებით შემკობილი სად ან ვისთან გამოჩნდებოდა! მეფემ დაუყოვნებლივ აიხვია სამარცხვინო გრძელი ყურები და გადაწყვიტა არავისათვის არ გაემჟღავნებინა ეს თავისი უბედურება. მაგრამ ამ საიდუმლოების ადფარვა შეუძლებელი იყო სასახლის კარის დალაქის წინაშე, რომელიც მეფე მიდასს მუდამ წვერულვაშს და თმას ჰკრეჭდა. მწუხარებით სასოწარკვეთილმა მიდასმა თავის დალაქს უბრძანა, რომ მეფის ამ უბედურების შესახებ არავისთან კრინტი არ დაეძრა. მართლაც, დალაქმა დიდხანს ინახა მეფის საიდუმლოება, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოითმინა, გავიდა ქალაქგარეთ, ამოთხარა დიდი ორმო და შიგ ჩასძახა: მეფე მიდასს ვირის ყურები გამობმიაო, და მყისვე მიწით მაგრად დამარხა მეფე მიდასის სამარცხვინო ამბავი. რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ იმ ადგილას, სადაც დალაქმა მეფე მიდასის საიდუმლოება ჩამარხა, სწორი და მაღალი ლერწმის ხეების ხშირი ტყე გაშენდა. როცა ქარი ამოვარდებოდა და შოლტივით ავარდნილი მაღალი ლერწმები იხრებოდა, ქარის დროს აშრიალებული ნაზი ლერწმები რხევის დროს ერთი–მეორეს წასჩურჩულებდნენ მათ ფესვებქვეშ დამარხულ საიდუმლოებას: მეფე მიდასს ვირის ყურები გამობმიაო. გამვლელ–გამომვლელი ისმენდა ლერწმების საიდუმლო ჩურჩულს, და ამნაირად ვრცელდებოდა ფრიგიის მკვიდრთა შორის მეფე მიდასის სამარცხვინო ამბავი. ც ე ი ს ი

ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close