ისტორია

თეიმურაზ პეტრიაშვილი – “რაჭველები კრწანისის ომში”

ირანის ტახტისთვის მებრძოლმა აღა-მაჰმად-ხანმა, დიდი ხნის თავგანწირული, სასტიკად დაუნდობელი ბრძოლების შემდეგ, ქვეყნის თითქმის ყველა პროვინცია დაიმორჩილა, მაგრამ, ეს არ აკმაყოფილებდა,Mმისი მიზანი იყო მეზობელი სახანოებიც დაეპყრო და ირანისთვის მიეერთებინა. ქართლ-კახეთს კი, რუსეთთან კავშირის გამო, განადგურებით ემუქრებოდა. ეს კავშირი თავისი მიზნების განხორციელებაში უშლიდა ხელს და ერეკლეს სთხოვდა თავი დაენებებინა რუსეთისათვის.

ერეკლე შაჰს არ ენდობოდა, არ ემორჩილებოდა, მას რუსეთის დაპირებების “ფუჭი” იმედი ჰქონდა. თუმცა კი, მაშინ სისხლისაგან დაცლილი საქართველოსათვის გადარჩენის სხვა გზის ძიებაც არ იყო იოლი. ყარაბაღის ხანი იბრაჰიმი, განჯის და ერევნის ხანებიც წინაამღდეგობას უწევდნენ შაჰს.

1795 წლის მაისში, აღა-მაჰმად-ხანმა 70 ათასი მებრძოლი შეკრიბა და სალაშქროდ გაემზადა. თავისი დიდძალი ჯარი სამად გაყო. ერთი ნაწილი ჩრდილოეთით, ყუბის მიმართულებით გაუშვა, მეორე, ერევნის დასასჯელად გაგზავნა, მესამე ნაწილს თავად უსარდლა, ყარაბაღში ბრძოლით შევიდა და კლდოვან მთაზე აგებულ შუშის ციხეს ალყა შემოარტყა. იბრაჰიმი თავისი ჯარით ციხეში გამაგრდა.

ერეკლემაც გადაწყვიტა დაეცვა თავისი ქვეყნის სამხრეთის საზღვრები. Mმას მოკავშირეების იმედიც ჰქონდა, მაგრამ განჯის ხანმა უღალატა და აღა-მაჰმად-ხანს დაემორჩილა, ერევნის ხანიც დანებდა. სომეხთა კათალიკოსის მიერ გაღებულმა დიდმა თანხამ კი ერევანი დარბევას გადაარჩინა. ერეკლეს ერთგულ მოკავშირედ ამჯერად მხოლოდ ყარაბაღის ხანი რჩებოდა.

ერეკლეს დასახმარებლად იმერეთიდან მისი შვილიშვილი, იმერეთის მეფე სოლომონ მეორე წამოვიდა 2000 მებრძოლით და თბილისში, ერეკლეს 3000 მეომარს შეუერთდა. ქართველთა 5000 კაციანი ლაშქარი სამხრეთისკენ დაიძრა. დადიანი წყალდიდობის გამო ვერ მიეშველა ერეკლეს.

შუშის ციხესთან მდგარი აღა-მაჰმად-ხანი არ იმჩნევდა რა იყო მისი ყველაზე დიდი მიზანი, ისე იქცეოდა, ვითომ არც კი უნდოდა თბილისისაკენ გამოლაშქრება, სინამდვილეში კი, რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდა და როცა დარწმუნდა, რომ რუსები ქართველებს აღარ მიეხმარებოდნენ, შუშის ციხეს ალყა მოხსნა და თბილისისაკენ სრაფი ტემპით წამოვიდა. მას სწორედ საქართველოს დაპყრობა-განადგურება და ერეკლეს დატყვევება ჰქონდა ჩაფიქრებული.

ერეკლემაც შემოაბრუნა ჯარი და თბილისის დასაცავად გამოეშურა. 6 სექტემბერს ერეკლე და სოლომონი თბილისს მოადგნენ.

7 სექტემბერს, აღა-მაჰმად-ხანმა, 35 ათასი მებრძოლით წითელი (გატეხილი) ხიდი გადმოლახა და კუმისის ტბისა და იაღლუჯის ქედის მიდამოებში, სოღანლუღის განაპირას, მტკვრის ახლოს, როგორც მაშინ ეძახდნენ _ სარვანის მინდორზე დაბანაკდა.

9 სექტემბერს სპარსელთა პირველი შემოტევა პოზიციური ხასითისა იყო და დაზვერვით ხასიათს ატარებდა. მათი ჯარი ჯერ მთლიანად შეკრებილი არც იყო. მოწინავე რაზმები სოღანლუღის ბაღებისაკენ დაიძრენ. სოღანლუღთან მომდგარ მტერს, ჩასაფრებულმა ქართველებმა საკმაოდ დიდი დანაკარგით უკან დაახევინეს.

ამ მცირე შეტაკების შემდეგ, სპარსელებმა მიიჩნიეს, რომ თბილისზე მისვლა სოღანლუღიდან მიმავალი ვიწრო საქარავნე გზით, რომლის ერთ მხარეს ადიდებული მტკვარი იყო, ხოლო მეორე მხარეს კი თელეთის ქედის კლდოვანი ფერდობები, ძნელი იქნებოდა და თანმხლები მელიქების აბოსა და მეჯლუმის, ასევე ამ მიდამოს გზების სხვა მცოდნეების რჩევით, გადაწყვიტეს პირველი დიდი შეტევა თელეთისა და წალასყურის მიდამოებიდან, თელეთის ქედით შინდის-ტაბახმელაში ასვლით, იქედან კი კრწანისის ველზე დაშვებით და ამავე დროს თაბორის ქედის გადმოლახვით განეხორციელებინათ, საიდანაც იოლად მოადგებოდნენ თბილისს სეიდაბადის და აბანოთუბნის მხრიდან.

ეს შეტევა 10 სექტემბერს განხორციელდა.

სპარსელთა მოწინავე, ოთხიათასკაციანი ლაშქარი თელეთიდან ტაბახმელაში ავიდა (მათ ზურგს უმაგრებდა სარვანის მინდორზე დაბანაკებული დიდძალი ჯარი) და თელეთის ქედის ჩრდილოეთის ფერდობებით, კრწანისის ველის გავლით, დაახლოებით იმ ადგილებისა სადაც დღეს ე.წ. სამთავრობო აგარაკებია, ქვემოთ, სეიდაბადისკენ, აპირებდა დაშვებას.

თეიმურაზ ბატონიშვილის ნაამბობიდან ჩანს, რომ “დღესა ორშაბათსა, ათსა რიცხვსა სექტემბრისასა, ბრძოლა უყო მეფის ძემან დავით მეწინავეთა აღა-მაჰმადისათა, ველსა ზედა კრწანისისასა მეწინავე მხედრობითა და ჰყვაცა თვისთან იმერთა მხედრობანიც მცირედნიც”. იმერლების რაზმს ზურაბ წერთელი მეთაურობდა.

10 სექტემბერს, ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობა და არტილერია ერეკლემ შვილიშვილს, დავითს მიანდო. თავად ერეკლე, სეიდაბადის ბოლოს, კრწანისის ველის განაპირას იდგა, სოლომონიც იქვე ახლდა. მათ გვერდით ათასზე მეტი მეომარი იყო თავმოყრილი და თუ მტრის რაზმები წინ, კრწანისისაკენ წამოვიდოდა, სეიდაბადისაკენ არ უნდა გაეშვათ ისინი

შესაბამისი საბრძოლო თანმიმდევრობით, რათა საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს იოლად მიშველებოდნენ განლაგდა ოთარ ამილახვრის, იოანე მუხრანბატონის, ზაქარია ანდრონიკაშვილის რაზმები (სავარაუდოდ 3 ათას მებრძოლამდე ) დაAასევე დაახლოებით ათასხუთასამდე იმერელი მეომარი.

ერეკლეს შვილიშვილი, დავითი, არტილერიით, თაბორის ქედის ფერდობებზე, სოლოლაკისა და ტაბახმელას გზების შეერთების მიდამოსთან იდგა. მტრის პირველი შემოტევა მას უნდა მოეგიერებინა.

ერეკლეს რაზმში, გარდა ძირითადი მებრძოლებისა, თბილისს იცავდა მისი ერთგული 200 თათარი (აღსანიშნავია, რომ ისინი 11 სექტემბერს სპარსელებმა განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს). 500 იმერელი უშუალოდ ერეკლესა და სოლომონის სიახლოვეს, ქართლ-კახელთა და თათრების რაზმის გვერდით, საფრებში განლაგდა.

როგორც ავღნიშნეთ, 2000 იმერელი მებრძოლი, ჯერ კიდევ აგვისტოში შემოვიდა თბილისში და ერეკლეს ჯართან ერთად ერევნისკენ წავიდნენ.

ამ დროს რაჭის საერისთავო გაუქმებული იყო. ის ჯერ სოლომონ პირველმა გააუქმა 1769 წელს. როსტომ ერისთავს და მის შვილებს თვალები დათხარა. ამბობენ ჯალათს შეეცოდა და დაინდო დასასჯელები. ამის გამო, ზოგიერთ მათგანს მხედველობა ნაწილობრივ შეუნარჩუნდა. ასეთი იყო როსტომის ვაჟი გიორგი, რომელსაც თურქები ქიორ-ბეის, ბრმა ბეგს ეძახდნენ.

სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ, 1784 წელს, იმერეთის ახალმა მეფემ, დავით გიორგის ძემ საერისთავო აღადგინა და ერისთავობა გიორგის ვაჟს ანტონს მისცა. მალე ანტონი მამამისმა, გიორგიმ შესცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ისევ ანტონი გახდა რაჭის ერისთავი.

1789 წლიდან იმერეთის მეფე, სოლომონ პირველის ძმის, არჩილის ვაჟი, დავითი გახდა. ამავე დროს ის ერეკლეს შვილიშვილიც იყო. დავით არჩილის ძემ თავისი ღირსეული ბიძის საპატივცემულოდ სოლომონი დაირქვა და სოლომონ მეორის სახელით გამეფდა.

1789 წელს გამეფებულმა სოლომონ მეორემ ანტონს ერისთავობა ჩამოართვა და რაჭის საერისთავოც ისევ გაუქმდა, რაჭა იმერეთის მმართველობაში მოექცა, ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ სოლომონის მებრძოლთა შორის რაჭველი მეომრების რაზმიც ყოფილიყო.

—–
10 სექტემბრის ბრძოლა დაიწყო.

მტერი შინდის-ტაბახმელას მიდამოებს მოადგა. თაბორის ქედის სამხრეთის ფერდობებზე მოხერხებულად იდგა დავით ბატონიშვილი. მის საკმაოდ გამოცდილ არტილერისტებს, შინდის-ტაბახმელასთან, თელეთის ქედის ჩრდილოეთის მხრის იოლად გადმოსალახი ფერდობები ჰქონდათ მიზანში ამოღებული.

დავითმა თელეთიდან ამოსულ, ფერდობებზე დაშვებულ მტერს წინსვლა ცოტა დააცადა და მერე ერთბაშად დააყარა ზარბაზნის, ზამბურაკების და თოფის ცეცხლი. Bბევრი სპარსელი დაიხოცა, ხმლითაც მოუწიათ მტრის კაფვა დავითის მებრძოლებს, რამდენჯერმე უკან შეაბრუნეს, თითქმის ოთხი საათის განმავლობაში იგერიებდნენ და ანადგურებდნენ მტერს, მაგრამ მათ ახალი რაზმები ცვლიდა და ზოგი კიდეც უახლოვდებოდა კრწანისის ველის იმ ადგილებს სადაც ერეკლე და სოლომონი იყვნენ გამაგრებული.

ქართლ-კახელთა ჯარი უფრო დისციპლინირებული იყო იმერლებთან შედარებით, დინჯად იბრძოდნენ ერეკლეს ერთგული თათრებიც, ისინი ერეკლეს ბრძანებას ელოდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მტერი უახლოვდებოდათ, სანგრებიდან არ გამოდიოდნენ და ადგილიდან არ იძროდნენ. იმერელმა მეომრებმა, რომ დაინახეს მოახლოებული მტერი, მოუსვენრობა დაეტყოთ, სანგრებიდან დაიწყეს გამოსვლა, “ჯიქებივით ხტოდნენ” და მტრისკენ მიიწევდნენ.

ერეკლე შეწუხდა “აჩქარებით საქმე არ გამიფუჭონო”. თუმცა მალე მისცა სროლის ნება და მოახლოებული მტერიც დიდი დანაკარგით უკან მიბრუნდა.

იმერლები, მიუხედავად იმისა, რომ ხელჩართული ბრძოლის ბრძანება ერეკლეს და დავითს ჯერ გაცემული არ ჰქონდათ, რამოდენიმეჯერ გამოვარდენ საფრებიდან, მტერს წინ გადაუდგნენ და უკანაც მისდიეს გაქცეულებს.

აქ ერთი ახოვანი მებრძოლი გამოეყო იმერელთა რაზმს, ეტყობა “ბრძოლის სიმთვრალემ გაიტაცა”, წინ წავიდა და მიეტანა სპარსელების ერთ ჯგუფს. ვინც მის ხმალს გადაურჩა უკან შებრუნდნენ და გაიქცნენ. ის კი მარტოდმარტო გაეკიდა გაქცეულ სპარსელებს და მათი რაზმი თითქმის სერის ბოლომდე აჰყარა, საოცარი სანახავი იყო აღნაგობითაც და… მისმა თავგამოდებამ, ბრძოლაში სიმარჯვემ მტერიც კი გააოცა. გმირული შემართებით, მარჯვნივ თუ მარცხნივ, კაფავდა ყიზილბაშებს, “შემოატრიალა ხმალი და ირგვლივ კალო გააკეთა”.

იმერეთის მეღვინეთუხუცესს, სიმონ წერეთელს, რომელიც სოლომონის ერთგული მებრძოლი იყო და ამ ბრძოლაშიც მის გვერდით იდგა, ერეკლესაგან დავალება ჰქონდა მიცემული, რომ იმერეთის მეფეს გვერდიდან არ მოშორებოდა. მრავალი ბრძოლის მნახველი და მონაწილე სიმონი, გაოცებული გაჰყურებდა ბრძოლის ველს და იცნო ვინც იყო იმერელთა რაზმის ეს თავგამოდებული მეომარი – ეს გახლდათ რაჭველი აზნაური გოცირიძე.

გოცირიძე მარტო დარჩა გაქცეული მტრის რაზმში, მტერიც შემობრუნდა და ალყაში მოექცა გმირულად მებრძოლი. ეს რომ დაინახეს, ახალგაზრდა იმერლების დიდი ნაწილი, მათ შორის რაჭველებიც, ერთდროულად წინ გავარდნენ დასახმარებლად, მეორე მხრიდან სპარსელებსაც მიეშველათ მრავალრიცხოვანი ჯარი. უთანასწორო ბრძოლა შეიქმნა, “ერთი ასს ებრძოდა”.

გოცირიძეს განსაკუთრებული სისასტიკით შეუტიეს სპარსელებმა, ალყა გააძლიერეს, მაგრამ არ შეშინდა, უკან ვერ დაახევინს და სანამ უსულოდ არ დაეცა მკერდგანგმირული, მისი ხმლის ქნევა ძვირად უჯდებოდა გარსმოსეულ მტერს.

დახოცილი ყიზილბაშების “ხორა” დადგეს იმერლებმა, მტერს ბევრად მეტი ზიანი მიაყენეს, მაგრამ 10 სექტემბერს, შინდის – ტაბახმელადან, თელეთის ქედით სეიდაბადისაკენ ჩამოსასვლელი გზების მიდამოში, კრწანისის ველზე, გმირულად დაეცა სამასამდე იმერელი მებრძოლი, მათ შორის რაჭველებიც.

ერეკლეს და დავითის ბრძანებით, ქართველთა სხვა რაზმები გადავიდა შეტევაზე. შვიდჯერ მაინც შეაბრუნეს მტერი დაუზოგავი, ხელჩართული ბრძოლით ქართველებმა, მაგრამ მათ ახალ ახალი, დასვენებული, აღ-მაჰმად-ხანისაგან გამხნევებული რაზმები ემატებოდა თელეთის ქედის მეორე მხრიდან.

ერეკლეც ჯერ დინჯად გაჰყურებდა ბრძოლის ველს, იმედს აძლევდა თავის მებრძოლთა შემართება და “თამამად იმათი ხმლის ტრიალი”. როცა ჩათვალა, რომ მისი ბრძოლაში ჩართვა საჭირო იყო, “მოხუცებულს გული აუპრიალდა და თავის ბაირახტარს დაუძახა:

_ “აზატ ხანის დამმარცხებელი ბაირაღი აქ მაიტა” !

ხუთას მებრძოლიან ქართველთა რაზმს წინ ჩაუდგა, ბაირაღი ააფრიალა და ბრძანა: _ უკან მამყევითო “ !

“ბაირაღის ერთ მხარეს გამოსახული იყო ღვთისმშობელი თავის ძითა და მეორეზედ წმინდა გიორგი, რომელსაც ვეშაპი გაეგმირა შუბით”.

მტრის რაზმების შუაგულში შევარდა 75 წლის გმირი. ჯერ დროშის ტარის შუბის წვერით დაერია მათ, მერე ახალგაზრდული შემართებით იშიშვლა ხმალი, “თავისი მეომრებიც გულადად მიჰყნენ”, საოცარი ბრძოლა შეიქმნა. სოლომონს გულმა ვერ მოუთმინა და თუმცა, ერეკლესგან ნაბრძანები ჰქონდა, რომ ბრძოლაში არ ჩართულიყო, შვილიშვილიც მაინც პაპას მიჰყვა “ხმალდახმალ”. სიმონ წერეთელიც არ მოშორდა თავის მეფეს.

“ წარმოიდგინეთ მეფე ერეკლე ჯერ არ იყო იმათში გარეული, ისე ომომდნენ და როცა გაერია რანი შეიქმნებოდნენ ქართველ-იმერლები. თავიანთი საყვარელი მეფე რომ დაინახეს, ნამეტავად იმ გაფრიალებულის ბაირაღითა და მეფე სოლომონიც იმათში, ასე ეგონათ მეორე სიცოცხლე მოგვემატაო, რანიც იყვნენ ერთი სამათ შეიქმნენ ” – Gგვიამბობს ალ. ორბელიანი.

“ბევრს ომში ვყოფილვარ და ამისთანა ბრძოლა არ მინახავს. თუ წინ ბნელი არ გადაგვეღობებოდა, შორს გავრეკდით მტრებს. Gგამარჯვება მაინც, რასაკვირველია, ჩვენი იყო” –იგონებდა სიმონ წერეთელი.

“აოტნეს მრავალნი და მრავალი სპარსი მოსრეს მას დღესა შინა”, გვაუწყებს თეიმურაზ ბატონიშვილი.

“შეიქმნა ომი ფიცხელი და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა ირაკლის, მრავალგზის გამარჯვებულსა და ღრმთისგან დაცულსა ბრძოლასა შინა და იმ დღეს მრავალი ყიზილბაში დახოცეს, ვიდრე მწუხრამდე იყო ბრძოლა და სიღამემან განყარნა”, წერს უცნობი ავტორი.

ერეკლესა და სოლომონის, ორი ქართველი მეფის შუა ბრძოლაში გვერდითდგომით და თავგანწირვით აღტკინებული ქართველები ლომებად იქცნენ, მტერმა მათ შეტევას ვერ გაუძლო, “წინ წაიყარეს და უკან მიჰყვნენ სპარსელებს”, ცოცხლად დარჩენილები მთებისკენ გარბოდნენ, რათა თელეთისაკენ, თავიანთი ბანაკისკენ გადასულიყვნენ, სადაც მტრის ჯარის დიდი ნაწილი, მოსვენებული ნებივრობდა, მათ ახალი ძალები ემატებოდათ, მეორე დღისათვის ემზადებოდნენ. ბანაკს მიაშურა აღა-მაჰმად-ხანმაც. ახალი შებინდებული იყო, როდესაც მთის იმ ადგილზე სადაც ის იდგა, ქართველ მებრძოლთა ლანდები გამოჩნდა.

ქართველთა გმირობით, ბრძოლაში შემართებით და საოცარი თავდადებით გაოცებული მრავალგზის ნაომარი შაჰი, დადარდიანებული და ჩაფიქრებული იყო, ის არ მოელოდა მცირერიცხოვანი ქართველებისაგან ასეთ წინაამღდეგობას. დიდი დანაკლისით დამარცხდნენ ამ დღეს სპარსელები… მაგრამ მიუხედავად ამისა მათი ჯარის რაოდენობა მაინც 6-ჯერ თუ 7 – ჯერ აჭარბებდა ქართველებისას. ასე, რომ ბრძოლებში დიდი გამოცდილების მქონე აღა-მაჰმად-ხანს, საბოლოო გამარჯვების იმედი ალბათ არ ჰქონდა დაკარგული.

გმირულ ბრძოლაში დაამარცხეს მტერი 1795 წლის 10 სექტემბერს ქართველებმა შინდის-ტაბახმელას სიახლოვეს, კრწანისის ველის მიდამოს მთიან ადგილებში.

ტყუილად არ ჩაუვლია რაჭველთა შემართებასაც. თუმცა, ვინ იცის კიდევ რამდენი მათგანი დაიღუპა მეორე დღეს, თბილისის მისადგომებთან.

ერეკლე და სოლომონი თავიანთი ჯარით გამარჯვებულნი შემობრუნდნენ თბილისში. მაგრამ ნაადრევი იყო ქართველთა სიხარული. ბედისწერა ქართველებს, დიდ უბედურებას უმზადებდა.

თეიმურაზ პეტრიაშვილი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button