მოთხრობასხვადასხვა

აკა მორჩილაძე მუსა ყასიმი და მისი ოთხი ცოლი

თავი 1

იყო კლდის უბანში, თფილისში, მუსა ყასიმი, ბორჩალოელი თათარი, მამა-პაპით ყარა-ბულახის ალაგიდან, სადაც მიწა არ არის მიწა, არამედ თიხა და იმ თიხისგან თათრები აკეთებენ ხუფიან ქოთნებს, რათა გაავსონ ისინი ყაიმაღით; აკეთებენ ყელწვრილა დოქებს და ყარყარა სასმურებს შაქრიან წყლისთვის; ჯამებსაც აკეთებენ და კეცებსაც, ზედ სწვავენ ფოთოლში გამოხვეულ მაშავერას კალმახს და ხორბალს კანაფის ზეთში. იმდენს აკეთებენ და გამოსწვავენ თიხის ჯამ-ჭურჭელს, რომ ყოველი იქაური ოსტატია თიხისა და ამიტომ ეს ოსტატობა ოსტატობად აღარც ჩაითვლება, არამედ ცხოვრებად.

კარგი ალაგია ყარა-ბულახი, ოღონდ, მზეშიაც, წუღა-ქალამან-ქოშს ეკვრის იქაური მიწა, რახან ვერ შრება იმ ძალით, მზე რომ გამოიმეტებს.

ტალახიანი ქალამანი, დამძიმებული ზედ აკრულ და შემშრალ თიხით, მთელი სიცოცხლე ახსოვდა მუსა ყასიმს კლდის უბანში, თფილისში. ბიჭობის მერე აღარ ენახა ის თავისი სოფელი, მაგრამ ახსოვდა თიხით გადალესილი წყლის პირები და იტყოდა, მამაჩემ სადათას რომ არ დავესვი გასაყიდ ქოთნებით სავსე ურემზე და აქეთ არ წამოვეყვანე, ქალაქს ვერცა ვნახავდიო.

სადათას ხელობად ვერ დაენახა მექოთნეობა პატარა მუსასთვის, რომელიც დაიჭერდა ჩიტებს, ჩასვამდა ხუფიან ქოთნებში და როცა ვინმე ახდიდა თავს ქოთანს, ჩიტი ამოუფრინდებოდა. თფილელ ერთ-ორ ნაცნობში გაეშინჯა ოსტატობის რაობა და თავის გულში დურგლობა შემოეხაზა. მერე წამოეყვანა მუსა ყასიმი, სულ პატარა, ყურებმოკეცილი, თხილის ტოტსავით გაზნექილი და აქ შეგირდად მიეცა ერთი თათრისთვის, დურგლების ამქარში.

ამ ამქარს ჰქონდა ცისფერი ბაირაღი ზედ გამოხატულ ნოეს კიდობანით.

მუსა ყასიმი მთელ სამოც წელიწადს ჰკრავდა კიდობნებს, განჯინებს და ყუთებს, სჭედდა უზურგო სკამებს. სკამზე არასდროს დამჯდარიყო თითონ, მთელი ქალაქის სკამებს კი აკეთებდა. სადათა მოდიოდა წელიწადში ერთხელ ნოვრუზზე, გადმოალაგებდა ხურჯინებსა და ქოთნებს, ბატკანსა და ფლავს, დაუჯდებოდა და უამბობდა ძმების ამბავს. მერე აღარ მოსულა, მოკვდა. ძმები აიყარენო, მოუვიდა ამბავი.

თავი 2

გამშრალი, დაჭმუჭნული, მარილიანი, როგორც უნაგირქვეშ შენახული ცხვრის ხორცის ანათალი, მუსა ყასიმი, უკვე ბებერი, დაღლილი, პატარა და მოღუნული, ღონიერი ხმელი ხელებით, ცერზე ჩატეხილ ფრჩხილით, დიდი ჟღალი ფაფახით, უფრო დიდით, ვიდრე ფლავის სახარში ქვაბი; უთქმელი თვალებით, ერთ ძველ ახალოხში ჩაცმული, მოკვდა იმ დილას.

ამოიცნეს, რომ მოკვდა, რადგან არ წამოდგა თავისსვე შეჭედილ ტახტიდან, იქ დარჩა გულაღმა მწოლარე. წამოდგებოდა ცისკრის ზარებამდე, დილის ლოცვამდე და ესმოდა ხმები იქეთ კლდისუბნის წმინდა გიორგისა, აქეთ შია და სუნის მინარეთებზე გადმომდგარი მოლებისა, ერთმანეთის ჯობნა რომ სურდათ ლოცვათა ხმით. ბუტბუტით წაჰყვებოდა ამათ ძახილს და მერე გადასწევდა უკანა ოთახის ფარდას, რათა შეეხედა, როგორ იცმევდნენ მისი ცოლები. ოთხნი იყვნენ და ოთხივე უყვარდა მუსა ყასიმს. ლაპარაკი იყო, დიდი ქალის მოყვარულია ორმტკაველა მუსა ყასიმი, აბა ვის გაუბედნია ამ გროშებით ოთხი ცოლის შენახვაო. სხვა ლაპარაკიც იყო, შვილი არ მისცემოდა კიდობანთა ოსტატს და ამიტომაც ეწვალა ამდენიო, ეცადა სულ ბოლომდეო.

შეხედავდა მუსა ყასიმი, როგორც იცმევდნენ მისი ცოლები ჯერ ისევ სიბნელეში და უთქმელად წამოვიდოდა აქეთ, დაღმა, რომ მოსულიყო მეიდანში, სადაც ერთდარაბიანი სახელოსნო ედგა მარჯვენა მხარეს. გამოალაგებდა მეიდნის კიდეზე სკამებსა და ყუთებს, თაროებსა და ერთ დიდ ზანდუკს და მერე შეხვრეპდა ღრმა ჯამიდან, ყარა-ბულახის თიხებს რომ ახსენებდა, რასმეს ცხელს და თათარიახნსა. თუკი გაყიდდა ნაკეთს იმ დილიდან, სიფთაზევე, ფულს დარაბას გაუსვამდა ხეირის ბუტბუტით, შეგირდს დარაჯად დასვამდა და თავად შეჰყოფდა თავს მეიდნის ბაზრის რიგში ტკბილეულის ასარჩევად. კოხტად გამოხვეულ ამ ტკბილეულს შეგირდსავე გაატანდა მაღლა, კლდის უბანში, რათა ბიჭს მისი ბინის კართან დაედო, ენახათ ქალებს, ჩვენი ქმარის მორთმეულიაო. იმდენი არაფერი ჰქონდა მუსა ყასიმს, ერთ კარგად ნარეცხ ახალოხსა დაოვლილ ჩექმაში ბერდებოდა, ერთ ძველ ნაბადში გამოხვეული გალევდა ზამთარს და ზამთარს. ნაბადი სუფთა იყო, ერთი რამ ბურძგლი არ მოსდებოდა ზედ, ოთხი ქალი უვლიდა. თუ რამ საგანგებო შეკვეთა გამოვიდოდა, განა კიბის საფეხურები და აივნის ფიცარი არ უთლია მუსა ყასიმს? ავლაბარზე გადმოკიდულ სახლებში სცნობდა თავის დურგლობას. ის სახლები რომ არ ყოფილიყო, განა საჩუქრები იქნებოდა? განა იქნებოდა ის ვერცხლის ფულებით გაწყობილი ყელსაბამები და ლეკების ნაკეთები ბეჭდები და სამაჯურები? ხომ ვერ შესძლებდა ადრევე ცოლის ყიდვას და ქორწილთა გაწევას. ლამაზი კერვა იცოდნენ მუსა ყასიმის ცოლებმა, ჯამების კოხტად დალაგება და ბალიშის პირების ქარგვა დახლართულ ნახატებით. მედინა იყო ასეთი, მედინასგან სწავლობდნენ, ერთმანეთს ასწავლიდნენ. შებინდულზე რომ ამობრუნდებოდა მაღლა, დაულაგებდნენ წინ ვახშამს და თითონაც დაუჯდებოდნენ, უყურებდნენ, როგორ ჩატეხდა პურს ჯამში. აწვდიდნენ წყალსა და უმშრალებდნენ ხელ-ფეხს.

არავის ენახა, თითონ როდის მიდიოდნენ აბანოში, უდარაჯებდნენ კი, ოთხივენი როგორ ამოუყვებიან მაღლა, ბოხჩებით და ქოშების კაკუნით რიყის ქვით ნაგებ გზაზეო. არავის ეხსომებოდა, როდის ჰყავდა მუსა ყასიმს ერთი, ორი, ანაც სამი ცოლი. ოთხი ახსოვდა ყველას.

გარეთ უთქმელი ქალები იყვნენ. შვილები კი არ ჰყავდათ.

თავი 3

პირველათ რომ შეირთო ცოლი მუსა ყასიმმა, ისე გამოვიდა, ეგებ სულაც არ შეერთო არასდროს და ან ციმბირი ენახა, ან ყაჩაღათ წასულიყო გომარეთს მაღლა. მაგრამ ეს თფილისია. აქ გამოვა, ცოლი შეირთო ისე, როგორც არსად გამოვა.

მაშინ მუსა ყასიმი იყო ხმელი და ღინღლიანი ჯეილი ბიჭი, ახლად დალოცვილი ოსტატათ, ყავახანებში დამღამებელი ისე, რომ თითონაც ფიქრობდა, ფულს მოვაგროვებ და ყავახანას გავაღებო, ღამით ვანქზე ადიოდა ყომარის საცქერლად და მოსწონდა ყომარბაზების დაძახებული, “ამო, ამო, ძაღლის ძვალოო”, და ხელისგულების ტკაცუნი კოჭის თავებზე. იმ დროს ნახა მედინა: ერთ დიდ თათრულ წვეულებაში ბუღლამიანი ჯამი ჩადგა შორიახლო. არ დაეძინა იმ ღამეს, გამოკეტა სახელოსნო და იმის თვალების ძებნა დაიწყო. დანიშნული დაუხვდა, უთხრეს, აკვნიდან დანიშნულიაო. ყავახანებში ეღვიძებოდა კედელზე თავმიდებულს. იქ მოვიდა ერთხელ თაღირა, ძველი კაცი და უთხრა, თუ დასდებ საზღვარს, უნდა გააღო სახელოსნო, ქუჩის მთხოვარა იქნები, თუ ვერ დასდებ საზღვარს. გამოვიტაცოთ ეგ ქალი, მედინა. ასე იფიქრეს. თაღირამ მოიყვანა ორი ბორჩალოელი ყაჩაღი და ჩაძვრნენ ერდოდან უკუნ ღამით, შუა ქალაქში, დააფარეს პირზე ხელი მედინას, საბრალო გოგოს და გაქანდნენ ჭენებით ატეხილ წივილ-კივილში.

სოლოლაკში ჰყავდა, ხევებში დამალული. იჯდა მაყვლიანში და უყურებდა, დაუკრეფდა მაყვალს და თვითონ აჭმევდა, კვიცებს რომ აჭმევენ შაქარს, ისე. ოთხი დღის თავზე ამოვიდა თაღირა და სთქვა, მამამ და სასიძომ იჩივლეს, ერთი რომ რუსის სუდში და ერთი მუფთისთან: შია არიან, შენ სუნი ხარ, წამოდი, ჩავიყვანოთ ქალი ქალაქში, ოღონდ, ვიცით, რას ეტყვის ქალი რუსის სუდს? და ორივემ შეხედეს მედინას.

მუფთიმ კი იკითხა, რახან აქ თფილისია: ძალა იხმარეს, ქალო, როცა გმალავდნენ ხევში? წიგნს ეფერებოდა ხელით. მუსა ყასიმი კი ხედავდა შორ გზას, დაკარგვას. მედინა უყურებდა აგურით დაფენილ იატაკს აივანზე, მუფთის სახლში და სთქვა: არ ვიცი მისი ძალა, მაყვალს მაჭმევდა, ხელით მიდებდა პირში და წყალი ამოჰქონდა ღელიდან თავისი ფაფახით. ცოლია შენი, უთხრა მუფთიმ, გაიღე, რაც მოეთხოვება სიძეს, და გააკეთე, რაც მოეთხოვება ქმარს, იმსახურე მედინა.

რუსის სუდმა არც მოისმინა, გაპარსული კაცი იყო, ბრჭყვიალა ნიშნები ედო ბეჭებზე _ შეხედა ორივეს და ხელი აიქნია. წამოვიდნენ ბინაზე. იმ ორ ოთახში, კლდეში რომ ეჭირა. მერე სადათა ჩამოვიდა, ბაღდადში გამონასკვული ოქრო დასდო ხალიჩაზე.

თავი 4

კაი ძაან მოშორებით, ციხისძირის გადაღმა, სცხოვრობდა ერთი ღარიბი თათარი ქერიმა, ხრიოკ მიწაში ჯანის ჩამტოვებელი, კუზგამოსული, წვრილშვილის პატრონი, ისე რომ დღიური ლუკმა საძებარი ჰქონდა.

და ერთხელაც ქერიმა იჯდა და ნათხოვარ ცულით ჩორკნიდა ერთ გზაზე ნაპოვნ ფიცარს, თაროდ გამომადგებაო. ამ დროს მოადგა იმის მზით შეწუხებულ ვითომდა ეზოს, ერთი ფაიტონი და იქედან გადმოსული ორი ქალაქურათ ჩაცმული თათარი. ყორეს აქედან დაეკითხა: ქერიმა ხარო?

ქერიმამ გაშალა რაც შეეძლო, ჩაიც მიართო. თავის ხელით უვსებდა ჭიქას.

იმათ კი უთხრეს: გაგვიგონია, რომ წვრილშვილი გყავს და წელებზე იდგამ ფეხს. გაგვიგონია, რომ ექვსი ქალიშვილი მოგცა ღმერთმა და იმათ გათხოვებაზე არ იტყოდი არას.

ასეა, უთხრა ქერიმამ. პატიოსანი კაცი ვარ, ღმერთმა ქონება ცოტა მომცა, შვილი ბევრი და ერთმანეთზე ლამაზი, არ დაუნიშნავს არცერთი ვინმეს, ეშინიათ ჩემი სიღატაკის. სახე არ უნახავს არცერთის ვინმეს რაც წამოიზარდნენ და ეშინიათ ჩემი ჯაფით გაჩენილი კუზის, კუზიან მოდგმას გაგვიგრძელებენ ქერიმას შვილებიო. ქალაქის ხალხი ხართ, დაჩვეული ქალის ცქერას, ვერ ვიზამ, რომ შეგახედოთ ჩემს გოგოებს, რადგან ვხვდები, ვიღაცამ მოგასწავლათ, შეევაჭრეთ ქერიმას, უკეთესი ქალი გამოსთხოვეთ ცოლად თქვენი ყონაღისთვისო.

იმ ორში ერთმა თქვა ხმადაბლა: არ გთხოვთ ამას, არც სარკე წამოგვიღია, რათა იქ ჩახედული დაგვანახო ქალი. გენდობი შენ, იმიტომ რომ არც მე ვარ ბეგი. ჩემთვის მინდა შენი ქალი. ფაეტონი იცდის. დილაა ჯერ. სთქვი შენი ფასი, შეუკარი ბოხჩა და აქვე ვითამაშოთ ქორწილი. დაუძახე ვისაც გინდა. ამ სიტყვებზე ამოიღო უბიდან ძაფით გადახვეული თუმნიანები და დადო ჭიქებს შუა.

შენ ვინა ხარ? ჰკითხა ქერიმამ. თფილელი ხელოსანი ვარ მუსა ყასიმ სადათ-ოღლი, ეს ძმობილია ჩემი, ალი, უთხრა მუსა ყასიმმა, ცოლი უნდა შევირთო. მათალო, მათალო ერქმევა შენს ცოლს, უთხრა ქერიმამ, უფროსია, დრო აქვს სწორედ.

მერე მოლას დაუძახეს, ფარდაგები ითხოვეს მეზობლებისაგან. საკლავის ფასს სიძე გავიდა უთქმელად, სხვათათვის შეუმჩნევლად.

გამთენიისას მოიყვანეს ქალაქში. ფეხით აუძღვა კლდის უბანში.

ის დრო იყო, დარაბებს აღებდნენ.

წინა ოთახში მედინა იჯდა. სინზე დაელაგებია ჩირი და სხვა ტკბილეული.

თექვსმეტი წლისა გახდებაო, თქვა მუსა ყასიმმა.

მედინამ ფრთხილად გადაუწია თავსაბურავი სარკმლის ახლო მდგომს, წაიჩურჩულა: რა ლამაზია, შვილივით მეყოლება. და თვითონაც გვაჩუქებს შვილს. და შუა თითი გადაუსვა ცრემლიან წამწამებზე.

ნათქვამი იყო, რომ მედინამ დაარიგა ეს საქმე, გაიკითხ-გამოიკითხა და აძებნინა ცოლი თავისი ქმრისთვის, რათგან ათი წელიწადი სრულდებოდა და არ ჰყავდათ შვილი.

სულ ცახცახებდა მათალო, პატარა გოგო და მედინა და მუსა ყასიმი უვლიდნენ, ასწავლიდნენ და ელოდნენ.

თავი 5

მუსა ყასიმი ვერ გამდიდრდა და ვერც გაღარიბდა. ეს არის მხოლოდ, იმ თხელ წვერში სწორი ჭაღარა ძაფები გამოერია. სამი შეგირდი ჰყავდა და ერთი ქარგალი. საძნელო ხელობას თვითონაც მოკიდებდა ხელს. ნაშუადღევს გამოვიდოდა და ყავახანებში იჯდა. იქაურ მასლაათს უგდებდა ყურს. თითქოს ხელახლათ ესმოდა ძველი ფათერაკი და სიხარულები. თარის ხმა ზედ გულისფიცარზე სცემდა უცნაურ რამ სიოს. იმ დროს შეაკერინა ახალი ახალოხი და რატომღაც ჩაიცმევდა ხოლმე, ნელა-ნელათ მოსვამდა ყავას, აყოლებდა ტკბილს და თუ ხედავდა რაღაცის მოლოდინს. თარზე დამთხვევით გამოეხსნა გულის კარები და თითქოს მოუბრუნდა იმ ბიჭობისდროინდელი ძველი ანცობა და ბევრისთვის დაუნახავად, გამთენიას, ჯერად ცარიელ ყავახანაში დაჯდებოდა, პირით სარკმლისკენ. ეს იყო ქალების აბანოს დღე და ყავახანებში ღამითვე იმალებოდნენ პირტიტველა ბიჭები, რათა ბნელში ენახათ აბანოსკენ მიმავალი ქალები, რიჟრაჟზე კი მათი გამოსვლა შეეთვალიერებინათ.

მუსა ყასიმი ბიჭი აღარ იყო. თითქოს თავჩაღუნული დასცქეროდა დაბალ მაგიდას, ოცი წლის წინეთ თავად რომ მიეყიდა ამ ყავახანის მაშინდელი პატრონისათვის, მაგრამ ბინდ-ბუნდში აბანოს კარს ჰკიდებდა მსტოვარ თვალს. ათვალიერებსო, ამბობდნენ და ჩურჩულებდნენ, მუსა ყასიმი თავს არ დაანებებს შვილზე ფიქრსო.

შვილზე აღარ ფიქრობდა, ღმერთის ნება ყოფილაო. სიყვარული უნდოდა და იქნებ შვილიც ასე გამოსულიყო. სიყვარულს სთხოვდა ის შეფეთქილი წვერი, ვარდებს დაულაგებდა რაღაც უცნაური ფიქრი იმ თავის საწოლ ტახტზე.

უყურებდა მედინას, ხელებს, ფეხებს რომ ბანდა ერთხელ ღამით და უყურებდა მათალოს, ჭრაქი რომ ეჭირა და თვალწინ უთამაშებდა იმის შუქი და თქვა უცებ: ოცი წელიწადია ერთად ვართ ამ პატარა სახლში, მედინა და თერთმეტი წელიწადია ერთად ვართ, მათალო. ღმერთი ხედავს, მიხარია შინ მოსვლა და ეს საიდუმლო, ჩვენს შუა რომ ტრიალებს აჯა. ღმერთი ხედავს, არ მინდა თქვენი ფიქრის არევა, მაგრამ მოვკვდები მაშინ, თუ არ მოვიყვან სახლში იმ ქალს. ეს იმას ჰგავს, ჩვენ რომ სოლოლაკზე ვიმალებოდით ოდესღაც და რომ მეშინოდა არ გტკენოდა რამე.

და არ იტიროთ ახლა, თორემ დავუყვები დაბლა და ვივლი წყალში, სანამ არ დამფარავს და არ წამიღებს განჯაში.

მედინამ სარკე მიუტანა და უთხრა: კარგად ჩაიხედე აქ და ნახე, თუ ხარ მართალი, რომ ვერ დაივიწყე შვილზე ლაპარაკები. მათალომ კი ტუჩი წაიკვნიტა.

ათ წელიწადში ბერიკაცი ვიქნები და მაშინ უფრო დავინახავ. ფული ვისესხე, ვალი მადევს ამ საქმის მოსაგვარებლად, ნუ მეტყვით, რომ მოხუცი ვარ, შვიდი ძაფი თეთრი წვერი მაქვს მხოლოდ.

ეგ ძაფებია, ეშმაკმა რომ გამოუშვა, თქვა უცებ მწარედ მათალომ და მედინამ გადაიკისკისა, თითქოს მეზობლებს ჰგონებოდათ, რომ არ მოქანცულა მუსა ყასიმი და ხარობს თავის ცოლთა შორის. მოიყვანე, იმასაც ვასწავლით ქარგვას და პურის ცხობას, მატყლის ჩეჩვას და ვერცხლის პრიალს. იმასაც ვასწავლით სიყვარულს, უთხრა მედინამ. ჰა, სად გყავს ის ქალი? ოღონდაც, კერძი მოვიკლოთ ჯამში და არ დადუმდე ამისთვის, არ წაჰყვე წყალს განჯისკენ, შენ სიბერეში დამწვარო.

ახლა მათალომ გადაიკისკისა.

ის კოხტა ქალი მთლად პატარა და კატასავით მოკრუტუნე, იყო ძროხების ერთი კაი გასუქებული დალალის ასული და მისთვის ადრევე მიეტანათ ამბავი, მუსა ყასიმს შენი ქალისთვის თვალი დაუდგამსო. ძვირი დაუსვა.

გოგოს ფერი-ე ერქვა და მართლა კრუტუნით ლაპარაკობდა. მესამე ტახტი ჩადგეს უკანა ოთახში.

თავი 6

სახელოსნო დარაბას რომ მიუკაკუნეს, მუსა ყასიმს არ გაუგონია, ერთ ძველ განჯინას აჭედებდა რკინის ფირფიტებს, რათა თაგვთა ნახრავი ადგილები დაეცვა. დურგალი დიდი ხმაურობით სცემდა ჩაქუჩს. ძველებური ჯანი კი აღარ მოსდგამდა… მერე კვლავ დააკაკუნეს, მათრახის კარს სცემდნენ დარაბას.

მუსა ყასიმმა კვლავ ვერ გაიგონა, ყურსაც აკლდებოდა და მთელი ამბავი.

კარში რომ ჩოხიანი კაცი ჩადგა და ოთახი დააბნელა, მერეღა გამოექცა თვალი.

ხეირი აქა და მშვიდობა, სალამ, თქვა კაცმა. მოხდენილი იერისა იყო, მხრებზე ურიადნიკის ეპოლეტები უჩანდა.

მუსა ყასიმი მინდა ვნახო.

აქა ვარ, უთხრა მუსა ყასიმმა და ჩაქუჩი გადადო.

ბაშქიჩეთის ურიადნიკი გამოდგა, გვარად ბეგიაშვილი და მოჰყვა ამბავს, რომ სახადმა გასწყვიტა ერთი რომელიმე სოფელი ყარა-ბულახი. ვინც ადრევე აიყარა, აიყარა, ვინც არადა წაიყვანა უფალმა. ერთი საწყალი დედაბერი გადარჩენილიყო იქა და თავის შვილიშვილით დაძრულიყო მაზრისკენ. მაზრის უფროსის კარზე მიეყვანა თავისი შვილიშვილი და ეთხოვა, მალე წავალ იმ ქვეყანას და ეს ჩემი შვილიშვილი ქუჩაზე დამრჩებაო. თფილისში არის ერთი ყარა-ბულახელი კაცი, მუსა ყასიმ სადათას ძე და ის არა ჰკრავს წიხლს ჩემს შვილიშვილს, იმის ხელში მიაწვდინეთო.

მუსა ყასიმი ერთხანს დაფიქრებით უცქერდა ამ კაცს, ასე რომ მოაგნო ამხელა მეიდანში და თქვა, დავბერდი, შეგირდი აღარა მყვანსო. ამ სიტყვებზე ურიადნიკმა ბეგიაშვილმა გასძახა კარს გარეთ, მოდი აბა, აქა, გოგოო.

ქალი იყო, მას კი ბიჭი ეგონა.

იქნებოდა ასე თხუთმეტი წლისა, ძველმანებში ჩაცმული, თავზე გადახუნებული რამ მოეხვია. მოწყენილი, გამოუვალი. ეტყობოდა, გლეხურათ გაზრდილი, ყველაფერნასწავლი.

რა გქვია შენა, გოგო?

თავალები.

რა?

თავალები ჰქვია. ასე და ასეა მაგის ამბავი. იქვე დაბადებულა, სადაც მე, ვინ იცის, ქოთნებში სხამდა ბოლოქანქალა ჩიტებს. უამბობდა წინა ოთახში ჩამომსხდარ ცოლებს მუსა ყასიმი, როცა უკანა ოთახში დაქანცულ გოგოს დასძინებოდა.

შენი ცოლია? ჰკითხეს ამათ. ერთად ვიქნებით, სანამ ვიქნებით?

იყოს ცოლი, ღმერთმა გამომიგზავნა, იყოს თქვენთან, თუ არ გინდათ რომ ქუჩაზე იყოს მათხოვრად. როგორღაც დაღლილმა თქვა მუსა ყასიმმა, ვიყოთ ერთად, ასე გვიცხოვრია, განა ჩემზე გეთქმით რამე? აი, დავბერდი. და აღარ უთქვამს, ეგებ ღმერთმა შვილი გამოიმეტოს ჩემთვისო. აღარ გამოიმეტებდა, კარგად იცოდა ესა. მერე სამი ცალი მარჯნის ნამტვრევი ამოიღო ქისიდან და წინ დაულაგა მედინას, მათალოს და ფერი-ეს.

აბა, რა ვიცოდი, რომ ოთხნი იქნებოდით?

ოთხნი, ასე გვეუბნება წიგნი.

თავი 7

რახან ქალები არ გააღვიძა ტახტის ჭრიალმა, ცხადი იყო, რაც მოხდა. გარეთ რაც გამოვიდა, პირველი მედინას კივილი იყო. მისი კივილი გადაკისკისებას ჰგავდა. მიჩვეული იყვნენ, იმის კისკისის ხმა რომ გამოვიდოდა გარეთ. კიოდა, სანამ მეზობლებით არ გაივსო სახლი, კიოდა, სანამ ამხანაგები არ მოვიდნენ, კიოდა, სანამ უსტა არ ამოუძღვა მთელს ამქარს, გადახუნებულ ცისფერ დროშით ხელში, ზედ კიდევ რომ კიდობანი ეხატა. კიოდა და ხმა აღარ ჰქონდა. ბოლოს მხოლოდ ხრიალი ისმოდა მისი და ამ დროს დაიწყო ლაპარაკი ფერი-ემ, ლაპარაკობდა ყველაფერს ერთ ადგილს მიშტერებული, კრუტუნებდა კატასავით, თითქოს აღარ სუნთქავდა, ისეთებს ლაპარაკობდა, ისეთს გამოურევდა, რომ ერთმა მეზობლის ქალმა სცადა, პირზე აეფარებინა ხელი. აქებდა და აღწერდა, თითქოს მისდევდა უკან, თავალები კი კბილებით გლეჯდა დასველებულ ქალაღაიას, გაგლეჯდა და ზედ გადაეფარებოდა მკვდარს. გაგლეჯდა და გადაეფარებოდა. ეს ამბავი რომ ტრიალებდა, ვიღაცა გაფაციცებულმა დაუნახა ხელში შავტარიანი ოჯახის დანა მათალოს, რომელიც აქამდე ჩუმად იყო და თუ რომ არ გაეკავებინათ, უეჭველად დაიცემდა გულში. ეხლებოდნენ საბრალონი ტახტის კიბეს და იხუტებდნენ იმის ჟღალ, როდინდელ ფაფახს.

ამ დროს მოვიდა მოლა და ამ დროს მოვიდა ნაგი-ბეკ რუსტამბეკ რუსტამბეკოვი, მეიდანში რომ ყოფილიყო თავის საქმეზე, მუსა ყასიმის მიცვალების ამბავი შეეტყო და დაუზარლადა ამოსულიყო კლდის უბანში. ჯერ რამდენ წლის წინათ ეთხოვნა მუსა ყასიმს ამ დიდებულ კაცისთვის, ბიჭი რომ მეყოლება, იმის მამობილი შენ უნდა იყოო. ნაგი-ბეკმა განზე გაიხმო მოლა და დასაკრძალავი გეგმა დაასახვინა. უსტასთან ერთად. ნაგი-ბეკი იმაზე დადგა, რომ მიცვალებულს, მასთან ლაპარაკებში არაერთჯელ გამოეხატა სურვილი დამარხულიყო მშობელ სოფელ ყარა-ბულახის თიხიან მიწაში. სხვა მოთავეებმა ფიქრი გაშალეს, თუ როგორ წაესვენებინათ და თუ მოესწრებოდა ეს საქმე მზის ჩასვლამდი. მაშინ ნაგი-ბეკმა ამოიღო ოქროს საათი, ხუფს აჰკრა, დათვალა და სთქვა, ისე მიაღწევს მშობელს მიწას, თუ მალევე დავასვენებთ კაი გამძლე ხარებშებმულ ურემზე, თითქო ღმერთის ნება ასრულდებაო.

ეს იყო, რომ ნაგი-ბეკს, როგორც ევროპულად ნასწავლ კაცს, სურდა, მუსა ყასიმის ცოლებს გასაუბრებოდა, აჰა, თუ ეშორებათ საფლავი ადგილი და სურთ ქალაქში იყოს, რათა მივიდნენ და იტირონ, როცა უნდათ.

ნაგი-ბეკ, უთხრა მოლამ, აქ თფილისია და არ დაგელაპარაკებიან ეგ ქალები, რადგან არ ჰყავთ შვილი და არ ელაპარაკება თფილისში უშვილო ქალი ქმრის მოყვრებს, რადგან სცხვენია, რომ არ უჩუქნია მათთვის შვილი.

ამაზე ნაგი-ბეკი გამოვიდა კარში და გადმოხედა ქალაქს, მერე ხელი ჩაიქნია და უთხრა ხალხს: შესუდრეთ საბრალო მუსა ყასიმი და უთხარით ცოლებს, რომ უნდა აღვასრულოთ მისი ანდერძი.

აჰ, რას იზამდნენ მედინა, მათალო, ფერი-ე და თავალები.

კლდის უბანში კი წესი იყო ასეთი, რომ რა რჯულიც არ იყოს, მეზობლები მგლოვიარეთ კართან დაუდგამდნენ ხოლმე კერძით სავსე ქვაბ-ქოთანს და ჩაის ტილოში გამოხვეულ პურს, რადგან ხალისი საჭმლის კეთებისა ჭირისუფალს არ შერჩენია.

ერთი დღეც გავიდა და ნახეს მეზობლებმა უხლებელი ქვაბ-ქოთანი ყასიმაანთ კართან.

ჯერ იძახეს გარედან და მერე გასწიეს ფარდა და შევიდნენ ქალები და ვეღარავინ ნახეს შინ. ვერც ერთი ვერ ნახეს. ისე კოხტად დალაგებული იყო ყველაფერი, თითქოს ბინდია, მუსა ყასიმი ეხლა შემოვიდა აქა და დასხდებიან ერთად ხალიჩაზე, ილაპარაკებენ და შეჭამენ ცოტას. იმათი თვალები შეეგება ერთმანეთს და ყველაფერი ასე ნაცნობი, ამოხსნილი, სულ იქნება, ტკბილი და ცოცხალი, როგორც მეიდნიდან ამოგზავნილი, ხილაბანდში გამოხვეული, მუსა ყასიმის ხელით არჩეული ტკბილეულობა.

სად წასულან?

თავი 8

ორი თვის მერე, ერთ კლდისუბნელ კაცს სალდათის ბაზარზე ენახა ერთი ბასიაკი, რომელსაც სიმთვრალეში დაგდებულს დასძინებოდა კლდის პირას. შეღვიძებოდა ნაშუაღამევს და ამ ძილ-ღვიძილში დაენახა თითქოს, რომ მტკვარზე მოცურავს უმაშხლოდ ტივი. მთვარე იყო და დავინახეო, ტივზე ოთხი თათრის ქალი იჯდაო.

ეგეთი, აბა, ვის უნახავს, რომ ქალები ტივზე ისხდნენო. თითქოს სიზმარი იყოო, ასე უთქვამს ბასიაკს, მაგრამ თუ სიზმარი იყო, მაინც თათრის ქალები იყვნენო.

აღარ უნახავთ არც ერთი. რაც იყო, იყო.

რაც აღარ იყო, იმას რაღა ეშველებოდა. რა იცი, ეგებ ცასაც შეუერთდნენ იმ ვარსკვლავიან ღამით.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button