სხვადასხვა

აკა მორჩილაძე ერთ დღეს საათნავა მოვიდა

მომცრო ქრონიკა

“გამიფრინდა სიხარულის ფრინველი,

შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა”.

დავით ბატონიშვილის ერთადერთი ლექსიდან

1.

გუშინ საღამოს ყველას გეეგო, რომ მოხუცებული მგოსანი საათნავა ქალაქს მოსულიყო ახპატიდანა. ის დეენახათ სომხის ბერის ჯვალოჩაცმული, თეთრი წვერით და შავი წარბებით მომავალი შუა სეიდაბადზე და ხმაც დავარდნილიყო, ბერობა დაუგდია, ეფისკოპოზობაზე უარი მიუგია და ქალაქს დაბრუნებულა, რათა და, ძველ ხელობას რო მისდიოსო.

ეს ჭეშმარიტი სიტყვა იყო: საათნავას, ბერად დავითის სახელით შესულს, ასე ეცხოვრა, რომ ჭკუის რიგება არავისთვის დაენებებინა, ღმერთმა დალოცოს ამისი ფიქრები და ქრისტეები. ახპატიდან კი განაჯავრი მოსულიყო, როგორც მდაბიო კაცს, ასრე მიყურებენ თავიანთ ამპარტავანკოშკებიდან, გამოვიქეცი, მე ბებერი, რო ქალაქის ცხოვრებას თავი მივსცე და გარეთ აღარ გავიხედოო.

თავის ბიჭთან, ოჰანესასთან დამდგარიყო.

2.

აბა და, მალსკვლავი აღარა თამაშობს გულში? თაფლი უთხარი, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოვა. ქართულია.

ჯეილი ერგებაო, გემრიელი ოჯახობაო; შენ გადაბრუნდები, მძორი იქნები და ჩემმა ქალმა რათ შავი უნდა ატაროსო?

ხუთმეტი წლისაა, შენა კი, ცალი ფეხი იქეთა გაქვსო.

ადრიან დილით, ჯერ არ გამონათებულზე ამაებს ფიქრობდა მოხუცებული მგოსანი საათნავა, ოსტატი ქიარიმისა და მეფე ნარინჯის ხმისა.

ბარე ოცი წელი სრულდებოდა, საათნავა ქვრივად იყო. ახლა თავის ბებრულ ჰაზრით გადეეწყვიტა, ცოლი უნდა შევირთო და ბერობიდან კაცობაში ასე უნდა მივიდეო. ამისი შვილები და სიძეები სულ სიცილით დაიხოცნენ, საცოლო ისეთი ენახა. უთხრეს: საიქიოს მიმავალს, ცოცხალი, ასეთი სულიერი რამ აგრე შესაჭმელად რად გაგიმეტებია, ასეთი ფიქრი საიდან გაგიჩენია თავშიო.

ნორჩი ქალი, თვალს ამორჩევით ხარჯავს, ყველას განა უყურებს? და ბებერ არუთინას  უნდა გაჰყვესო? ანაც – ქართულია? ასეთებს ამბობდნენ: არუთინას საზი ვეღარ დაუჭერია ხელში და ქალს დაიჭერსო? ესეც: რათ უნდა ასეთი დაჭერა, როცა მუცლის ქარებით უნდა წაუხდინოს გუნებაო.

მეტსაც იტყვიან, ორფერობა მათია.

და მე რაღაო? პირწყალი და სხვის საღად დგომა. იმათ ქორწილში სანა და მღერა. გუშინვე, დაღამებული რო არ იყო, კაცები გაგზავნა.

სპარსულ სარკეში სჩანდა საათნავას დაღალული თვალები და თეთრი წვერი. ესეც იფიქრა, შემეღებაო.

მერე სარკეს მოეშვა  და ბანზე ავიდა. წყლიდან სისხამის სიცივე უწევდა. აჰა, ქალაქიც. განა ჩემი ცრემლი ზღვისგან არი? რომელს დავაბრალო, რისგან არი?

ბებერიო. აჰარუნა კუზიანმა, პუჭიკა აჰარუნამ და ღმერთო, რათ გამოუყვანე ეგეთი ქალი? კუზიან აჰარუნას ქალსა სთხოვდეს საათნავა!!! და ბებერიო.

ოთხი მიგზავნილი კაცი მოუბრუნდა. თუ ვინმე ბაღლინჯი? სულ ასეთი კაცები: კალატოზების უსტა დავითა, ტერტერა არაქელი და ისინიც, უზბაშად ნამყოფი ასლამაზა და გოგია მკერვალი.

რაღა?

მელიქი უნდოდა მისვლოდა, ქალაქის მამასახლისი? იყო ამის დროც ძველ დღეებში – მიუშვებდა ამათაც.

იცი, რომ მეჯლიშშიაც მჯდარა? განა ერთხელ, ათასჯერ. ეტყოდა მეფე ერეკლე: საათნავავ, დარდისა გვითხარ! ანაც: საზანდარო, გულში ია გაგვიხარე, შაქარყინული დასდე აქაო.

აჰ! ეს ნათქვამი ყველას თავში შეიშვება?

3.

ოთხი კაცი! აჰარუნა კუზიანმა, რომლის ქარგლობა-საწყლობა, ხმელა პური და გატეხილი დოქი ახსოვს. მაშინ ეტყოდა, ბიჭო, აჰარუნ, რაც რო ოქროს ყაფაზა იყოს, გაანგრიე, ჯაზა იქ დასტოვე, ცხოვრება ესააო.

და ახლა – ოხუნჯობაა და სხვა რა? პატარა ქალი, ჰურად მოსული, რკალიან წარბებს შუა ხალი რომ დაუსვამს იმის დამხატავს, საათნავასთვის!!! არ ემეტებათ.

ასე ეჯერა – ახლა ავდგები და კუზიან აჰარუნასთან წავალ, ორს რამესა ვეტყვი, ცხოვრებას გავაგებინებ. იქ ფერფლად დავყრი იმის ფიქრებს, ზარბაზანს გავატან იმის თამასუქებს და მერე მიყურონო.

ამისთვის უნდა ჩაეცვა.

ზანდუკში ეწყო ის, რაც აღარ გახსენებოდა აგერ ოც წელიწადს. წითლის მოსხმა უყვარდა, შიგნიდან კი ახალოხი, ყირმიზი ძაფით ნახატი. აგე, ქუდიცა და ფეხზე? ესეც წითელი, ნალმიცემული…

სუნი აეღო ამ ჩასაცმელებს, ზანდუკში იყო დადებული. ბერობამდისაც შავით დადიოდა. ამაებს გარდა ყველაფერი გაეღება, ქვრივ-ბებრის წესიაო.

ბებრის წესი და ცოლი?

იმათაც, გაგზავნილ კაცებსაც არ ეჯერათ, ეს ანბავი ოხრად დარჩომილიაო, გულზე ეწერათ.

დიდი საქმე რამე: აჰარუნა ახლა არის ყაზაზების უსტადო, იმათი სალარო უჭირავს და ვახშს მისდევსო. ამხელა სახლი დაუჭერია, ფიანდაზ-ზირანდაზები დაუგიაო.

საათნავამ სარკეში მოათვალიერა თავი. ბატონიშვილთან ენახა ადრე კაცის სიგრძე სარკე. ის რომ ჰქონოდა აქა, წინ დაუდგებოდა უცხოდ ჩაცმული. დაინახავდა, ტანისამოსი ზედ ეკიდა – ბრმაც ეტყოდა, არუთინ, რა ყეენივით მორთულხარო, მაგრამ ვერა ჰხედავდა, პატარა სარკე იყო.

კუზიანო აჰარუნ!

არუთინას გაახსენდა, როგორ დალოცეს საათნავად ძველმა აშუღებმა. ყავახანაში იყო – ღინღლი თუ ედო საულვაშეზე. ხმა აქსო, ასე იტყოდნენ, ხმაო, წვიმა რო ფარვანასა ჰკლავს და ის კიდევ შეებრძოლება, აი, ასეთიო.

განა ჩემი ცრემლი ზღვისგან არი? რომელს დავაბრალო, რისგან არი? ამის ფიქრიც მოსდიოდა, არ ეშვებოდა და ჰანგითა სდევდა.

და ხვნეშით, ოხვრით, უხეირო სვლით, ჯავრით და ბოღმით, წავიდა მგოსანი საათნავა კუზიან აჰარუნასთან.

ამის წასვლის აზრი იყო, რომ – შენ ჩემი ჩრდილი ხარ, არაფერი.

4.

და მივიდა საათნავა კუზიან აჰარუნასთან.

კარში ნოქარი დაუხვდა. ერთი გაიცინა, ღაისი მოხადა და არეული ფეხით გაუძღვა.

მეფე ერეკლედ გამხდარა ეს აჰარუნა, იფიქრა საათნავამ, ნოქრები დაუდის.

აჰარუნას საანგარიშო კენჭები გეეშალა და სთვლიდა. აქეთ მელანი ჰქონდა, იქით –  დავთარი.

ეს რო შევიდა, იმწამს კენჭები აურია და წამოდგა.

– არუთინჯან, მობრძანებულხარ… მობძანდი, აი, აქ დაისვენე.

დაბერილი პირისახე ჰქონდა, ნარღვევი ძაფივით კიდევ წვერი, დიდი იყოს, აქლემი იქნებოდაო, ოხუნჯობა იყო მეიდანში.

– აი, ვიდგები და ასე გეტყვი, – ბრაზი მოუვიდა საათნავას, – ორ რამეს გეტყვი და შენ იცი…

– რა ნაცვალივით მოსულხარ, ასასი ხარ? – კენჭები აიღო აჰარუნამ, – ტუსაღხანას გინდა წამიღო?

საათნავამ არ უგდო, ასე უთხრა:

– მზითვიც არ მინდა… სულ დაავიწყდა გზაში რაც ეფიქრა: რაც დაგიბარებია ტერ-არაქელასთვის, სულ წყალია, ღვინო არ არი… მე მზითვის კაცი ვარ? არა მცნობილობ? ჩემგან ლუკმა არ გახსოვს? ჩემი საბანი არ გფარებია? ბემურვათი ხარ? ქალსა გთხოვ, განა ცხოვრებას…

და ჯიქური შეხედვა მოუნდა.

– მზითვზე და ოქროულზე რამე დამიბარებია? ფეშქაში იყოს! – წარბები აუთამაშდა აჰარუნას, – ამაგი გქონია, მაგიერიც მიგიღია. არა, ქალს არ მოგცემ!

– მაშ ვის მისცემ? თავადსა? თავადი არ წაიყვანს.

– არავის მივსცემ, ბებერს… გამიზრდია, განა გადასაგდებად მინდა? რა ტახტებს, თოუზებს მისცემ? აგე დაღლილხარ, ძლივს აქ მოსულხარ, ეგებ გზაზე კიდეც განსვენებულიყავი.

საათნავას რეტი დეესხა. ის მოხდენილი და ლამაზი სიტყვები სულ ქარმა წაიღო და ჩინმაჩინის ქვეყანაში დაჰყარა.

– მე ვინა ვარ? – ასე ჰკითხა.

– ვინც გინდა, – ის სუქანი ხელი აიქნია აჰარუნამ, – ბებერი კაცი. მოგეწყინა განა ლოცვა? საქორწილოდ წამოხველ? დაგიხურავს ქანდარბაზის რამეები…

– მე ვინა ვარ? – დაიყვირა და ვერც დაიყვირა მოხუცებულმა.

– ვინც გინდა-მეთქი, შეშა ხარ, წყალს რო მიაქს. ხალხი მოგზავნე, ქვეყანაში თავი მოგიჭრია. თავად მოსულიყავ, წესი აგიტყდა? – ესეც უკვე მიტკლისფერი იყო.

– მე საქართველოს მეფის საზანდარი ვარ, თუნდ მთელი ქალაქის სარგებელ-თავნი აქ გედოს!

– იყავ! იყავ! – ხრინწი დაადგა აჰარუნას. – იყავი ჩემს ჯეელობაში. ახლა მონასტერის ბებერი ხარ, მეტი არც არაფერი. ნარიმანაც იყო მინბაშათ და ახლა ოთხივ კუთხით მიწა უდგას. ვეღარა ჰხედავ? არ გიხდება საქორწილო რამეები. აღარც აშუღობ და არცა რა, შვილი გინახავს, შვილიშვილი, აგე, რამთენი, ღმერთმა ჯანი მისცეს, და ქალი როგორ მოგცე? ან რო მოგცე, მიგყავს, ჰა? ნამუსი?

აჰარუნამ მუჭში ჩაგროვილი კენჭები გაიქნია და კედელს მიაყარა. საათნავა ადგა. მერე ამოიხვნეშა და მასპინძელმა იფიქრა, ისე ამოიხვნეშა, უნდა მოკვდესო.

– ჯან, არუთინ-ჯან, შენი ჭირიმე, – იღლიაში შეუდგა მთლად დამფრთხალი, – აკი გითხარ, აი აქ დაჯე-მეთქი, – და ნელა ჩამოაჯინა ტახტზე.

– არუთინ-ჯან, განა იქნება? მოიცა, წყალი მოგართო…

მოხუცებული ასევე იჯდა, ხმას არ იღებდა.

– აი, ეს მიირთვი… აგრე… განა შენი გულის ფრიალი შეიძლება? – წინ ჩაუცუცქდა აჰარუნა, – ქვეყნის იადონი გვყევხარ… მე განა საწყენი რამე რო? ეს ფინთი დროება ისე გამოაფრენს პირიდან… ქორფაა-მეთქი და რაყიფს დეელოდოს, თითონ გითქვამს მტრედის და ყვავის ანბავი… პატარა სიხარული მაქს და… არუთინ-ჯან, განა კაცები უნდა მოგეშვა?

საათნავა ხმას არ იღებდა. ძირს მობნეულ კენჭებს ათვალიერებდა.

რომელს დავაბრალო, რისგან არი? საითაც გაიქეც, იქეთ წაიქეცი, ბედოვლათიც შაიქენ…

– ჰა, არუთინ-ჯან? განა ტყული ვარ?

– მიყვარს, განა ხუშტურია? – თქვა უცებ საათნავამ და სასაცილოდ კი გამოუვიდა.

აჰარუნამ კი კენჭების კრეფა დაიწყო. ერთი ამოჰხედა ქვემოდან იმ თავისი ტარტაროზი თვალებით და ჰკითხა:

– გინახამს, რო, ჩემი ქალი არუთინ-ჯან?

საათნავა ნელ-ნელად წამოდგა და ახლა კი მართლანათქვამი მოახერხა:

– რომც არ მენახოს და, გული მიჯნურია. გულისა იცი რამე?

მერე კი წამოვიდა.

– გაჰყევი ბიჭო, სადმე არ წაიქცეს, – ნოქარი დაადევნა კუზიანმა აჰარუნამ.

გული გამხმარი ბროწეულსავით გამიწურა, სულ მჟავე მოდის, ფიქრობდა საათნავა…

5.

და მერე საღამო იყო.

მგოსანი საათნავა, სულ შავად გამოწყობილი, ყავახანაში იჯდა და ყმაწვილებს რამეებს ასწავლიდა: ქამანს ბღუჯვა არ უხდებაო, განა კალამიაო, თითი თარზე უნდა სცეკვავდეს, განა ეწეპებოდესო. ამიტომ – აშუღმა მეთარემ შაქარყინული და რაჰათლუჰუმი არ უნდა სჭამოს, რათა ხელები არ გეეწეპოსო. თითები მშრალი გქონდეს ცალი თვალით ცას უმზერდე, რათა სიტყვა დაიჭირო, მეორით საკრავს უყურებდე, ავი ჰანგი არ გაგექცესო.

ყველამ დაინახა, გარეთ რომ ეტლი დადგა.

ერთი ბიჭი შამოვიდა და გეზი პირდაპირ საათნავასკენ დაიჭირა. ჩქარად მოსულს ჩქარად წასვლა უნდოდა.

– სალამი, – ისე მიაყარა, რო – ბატონები არიან ხითარაშვილის ბაღებში, გამოღმა და სავათნამა მოსულა და გვიპოვნეო, უეჭველი მოგვიყვანეო, აი, ეტლიც გამომაყოლეს.

ჩიტი ათამაშდა მოხუცებული აშუღის გულ-მუცელში, მაგრამ თავის წესს გვერდი არ აუქცია.

– ვინ არიან? – ჰკითხა მოსულს. – შენ ვისი ხარ?

– ყორღანაშვილი იოსებასი ვარ. იმის ქეიფია. ბარათაშვილები ამოსულან დღესა და ისინი ჰყავს. რო არ მოიყვანო, ოხრად დაგარჩენო.

– ჰა, ჰხედამთ? – ყმაწვილებს გადახედა საათნავამ, – რაც წინათ ამ გვარებს უჩხუბიათ, ახლა საათნავამ უნდა შაარიგ-მაარიგოსო…

შეგირდებმა გაიცინეს, ბიჭმა ქუდი მოჭმუჭნა ხელში.

– უარი უნდა მითხრა ბატონებსა, – ამას მიხედა აშუღმა, – განა ვქეიფობ, არ იციან? ბერი ვარ.

– გამოქცეულიაო…

საათნავამ ყმაწვილებს მიხედა და თითი აიშვირა ცაში.

– ღმერთს ვინ გამეექცევა? არა, ყორღანას ოქროპირო, ბოდიში უნდა მითხრა თავადსა.

ბიჭმა, ქუდიანი მუჭი დაიკრა ხელისგულზე.

– არ მოგიყვანია და ყურს მოგჭრიო.

საათნავამ თბილადა თქვა:

– შენი ყური გვინდა? რა ვქნა, შვილო-ჯან? ეს თითები ჩემი არ არი, ეს ხმა სხვისია, სიტყვა – მკვდარია.

– ოხრად დაგარჩენო, – ეს ქუდი მთლად დამალა მუჭში ბიჭმა. – ჩამაიყვანეო.

მგოსანმა თვალები გააპარა განზე.

– აი, უყურე, მარტო რო მოვიდე, ერთი ანგარიშია. მარტო ვერ მოვალ და თუ მარაქა ვკარი და აემ დასტით თუ მოველი, – საათნავამ თითებით ჩამოიარა ყმაწვილ-შეგირდები. – სხვა თვლა უნდა. საზი უნდა? თარი უნდა? მთქმელი და დამწევი, ქამანჩა? ესეც ოთხი! სხვა ანგარიშია.

მოსულს ვითომ ჯაჭვი ახსნესო, ასე გაიბღინძა ბოქაულივით.

– ანგარიში რა მოსატანია? თუნდა ყეენის ლაშქარი იყოს, მაასხი. ბატონმა თქვა, სავათნამა ვისაც სწორში ხედამს, ყველა ჩამაიყვანოსო. ჩვენი ანგარიში ძველიაო.

მოხუცებული საზანდარი წამოდგა და გარშემო დამჯდარ ყმაწვილებს თვალებით უთხრა:

“ჰა, გახდით საათნავას მარაქა? რა ბოქლომი დაიდეთ? ვერ ჰხედავთ, ხალხში გაგრიეთ აწი და ყველა დაგიძახებთ”.

სიტყვით კი ასე მოუვიდა:

– ადე, ჰა, წავიდეთ და ესა…

და მღეროდა იმ ღამეს, დაბლა, ორთაჭალაში, ხითარაანთ ბაღებში. ასე მღეროდა, რომ მწვადი აღარ შეიჭამა. ერთი ჯავრში ჩამბალი თავადი ცრემლსაც იწმენდდა. წყლისპირები სიცივეს ისროდა, საათნავა კი საზზედ ჰკვნესოდა ამ გვიან, მთვარისგან გამოფხიზლებულ საათსა, დაღალული და ცალი თვალით მაინც ცისკენ მაყურებელი.

საათნავა მღეროდა: განა ჩემი ცრემლი ზღვისგან არიო, რომელსა დავაბრალო, რისგან არიო, განა ჩემი გული ქვისგან არიო? კაცი ვიყავ, ბერობა რად მინდოდაო, საითაც გავიქეც, იქეთ წავიქეცო…

მერე საზანდარს წათვლიმა. რომ გამოფხიზლდა, ჯეილები მისას მღეროდნენ.

მოხუცებული თავადებს გამოესალმა და ეტლითვე გამოუშვეს.

თავადებმა კი იქვე, ნაბდებზე დაიწყეს ხვრენა.

ამისი ხმა კი, ხმა უცნაური, თითქო ბრაზიანი და ძალათ სიცილიანი, ბაღებში დარჩა.

მერე კი, ვითომ თელეთისკენ წაიღო ქარმა.

6.

გუშინ დილაზე ყველას გეეგო, რომ სისხამზე სომხის ორი ბერი მოსულიყო და საათნავა, უფრო კი დავით-ბერი ახპატს წეეყვანათ.

თურმე ქალაქს იქეთ, აქედანა და ოსმალომდინ, სულ წვიმები დიოდა. ეს ბერები ასე დეელბო, რო უკბილოც შეჭამდაო.

რაღათ წაყვა საათნავა ამათ, ვერავინ შეიტყო. ამის ყაბული წყენის მორჩენა იყოო, ეფისკოპოზობა დაუმტკიცესო, ბოდიში უთხრესო, პირობა დაუდესო. ესეც – და ღვთის სიტყვა გაახსენეს, ჯოჯოხეთის გზებიო.

საათნავას უთქვამს ამათთვის:

ეშმაკის შიში არა მაქსო და უამბია: ნორაშენზედ ერთი ფრანგის ქალი, ტალითა მიყვარდა. ერთი იმისი ქვემოდან გამოხედილი მანახა, იმის ნაფრენი თვალი. თვალი, უცხო რამ ჩიტისა ახლა დამაჭერინა და გაუშვი, ეშმაკთან მოვხვდეო.

ამით ის მიუხვედრებია ბერებისთვის, შიშით კი არ მოვდივარ, წამოსვლის დროა და მოვდივარო.

რძლისთვისაც ერთი უთქვამს, მარმარას საფლავის გზა იციო? და ოხუნჯი სიტყვაც დაუგდია, აბა, გამოცანას ვამბობ: რა სწორია, ბერი ვარ, თუ ბებერიო.

ასე წასულა. ოსმალომდინ სულ მოწვიმულში, ჯვალოში ჩაცმული.

და მერე ქალაქში აღარ მოსულაო. თუ მოსულა და, ვეღარავის დეენახა, სეიდაბადზე არ ამოუვლიაო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button