გამორჩეული ადამიანებისაკითხავი

”მე რომ ასე ვეცემე, ვაღიარებდი, რომ სიამის ჯაშუში ვარ”

გასული საუკუნის 20-30-იან წლებში მიხეილ ჯავახიშვილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი დისიდენტი მწერალი იყო. საბჭოთა
წყობილება მან ვერც პიროვნულად მიიღო და ვერც შემოქმედებაში შეასხა ხოტბა. ერთხელ თურმე იგოეთის კომუნაზე უნდა დაეწერა ნარკვევი, მაგრამ ვერ შეძლო. რაც დაწერა, დახია და დააყოლა: რა ვქნა, შეკვეთით წერა არ შემიძლიაო…
მისი სიცოცხლეც 1937 წლის სისხლიან რეპრესიებს შეეწირა. მავნებლად და დივერსანტად გამოცხადებული გამოჩენილი მწერალი საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკად აწამა, სასურველი აღიარება მიიღო და დახვრიტა.

“მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ რადგან ზვარაკია საჭირო, მზად ვარ, საქართველოს თავი შევწირო. თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასდოს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასდროს აღმოფხვრით”, _ ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილმა განაჩენის გამოტანის შემდეგ წარმოთქვა. ციხე და პატიმრობა მისთვის უცხო არ ყოფილა. ის ჯერ კიდევ მეფის მთავრობის დროს ყოფილა გამომწყვდეული მეტეხის ციხეში. ეს “პატივი” არც საბჭოთა ხელისუფლებამ დააკლო…
ის, რომ საქართველოს გასაბჭოებას მწერალი ვერაფრით ეგუებოდა, მის მიერ დავით სულიაშვილისადმი გაგზავნილ წერილშიც ნათლად ჩანს. “ძმაო დავით, მე აქ ცხოვრება არ შემიძლიან. ჩემი გასვლა საქართველოდან ჩემი მეორედ დაბადება იქნება. ამ საქმეში დამეხმარე, სამაგიერო მომთხოვე და მიმსახურე… გარწმუნებ, ძმაო დავით, გარეთ უფრო მეტს და თავისუფლად დავწერ, ე.ი. მცირე სარგებლობას მოვუტან ჩემს სამშობლოს. აქაური ამბები? არავითარ გაზეთს აღარ ვკითხულობ, ყველგან სუფევს ჩვეულებრივი სიმდაბლე, ჭორიკანობა და გულგატეხილობა. დავიშრიტეთ, დავიქანცენით და მოვიღუნეთ. ეს არის და ეს”, _ სწერს მიხეილ ჯავახიშვილი უცხოეთში მყოფ მეგობარს. გულგატეხილობისა და მძიმე სულიერი მდგომარეობის მიუხედავად, მიხეილ ჯავახიშვილი მაინც ახერხებს მუშაობას და თან იატაკქვეშა პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწევა, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

“ჩემი საიდუმლო მუშაობა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში 1921-1923 წლებში ჰგავდა ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურაობა არ იცის, მაგრამ სხვის დასახმარებლად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა. ამის ახსნა შეუძლებელია. აქ მუშაობს იდუმალი ძალა, ალღო მოძმის მიშველიების და ამ ალღოს ასჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე შეგნებას”, _ ასე შეაფასებს მოგვიანებით მწერალი თავის პოლიტიკურ საქმიანობას. `ჩეკა~ ფხიზლად ადევნებდა თვალყურს მის ყოველ ნაბიჯს და ზედმიწევნით აღნუსხავდა. საბჭოთა მთავრობამ ჯავახიშვილი პირველად 1923 წელს დააპატიმრა და დახვრეტა მიუსაჯა. ბოლშევიკების ტყვიას ის ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფის წყალობით გადაურჩა. პავლე ინგოროყვა და ჯავახიშვილის კიდევ რამდენიმე მეგობარი სერგო ორჯონიკიძესთან მისულან თხოვნით: მიხეილ ჯავახიშვილი ნიჭიერი მწერალია და ნუ დახვრეტთო! იმ დღეს ორჯონიკიძე განსაკუთრებით კარგ გუნებაზე ყოფილა და მწერლების თხოვნა დაუკმაყოფილებია. ძალიან გაჰკვირვებიათ ჯავახიშვილის მეგობრებს გულქვა ბოლშევიკის სულგრძელობა და ერთ ამბავს იხსენებდნენ. ადრეც მისულან მწერლები ორჯონიკიძესთან თხოვნით და ვაჟა-ფშაველას შვილზე უთხოვიათ, შეენარჩუნებინა სიცოცხლე, მაგრამ სერგოსგან მკაცრი უარი მიუღიათ: თვითონ ვაჟა-ფშაველა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდითო.

დახვრეტას გადარჩენილმა მიხეილ ჯავახიშვილმა “ჯაყოს ხიზნები”, “არსენა მარაბდელი” და კიდევ ბევრი სხვა შედევრი დაწერა. სტალინის ინიციატივით, ის “შრომის წითელი დროშის” ორდენით დააჯილდოეს და გაჩნდა იმედი, რომ ეს ჯილდო შესაძლოა, მწერლის სიცოცხლის გარანტია ყოფილიყო, მაგრამ…
30-იანი წლების დასაწყისში ლავრენტი ბერიამ მეტეხის ეკლესიის დანგრევა ბრძანა, რამაც ქართველი საზოგადოება აღაშფოთა. მწერალთა ჯგუფი ლავრენტი ბერიასთან სათხოვნელად მისულა. `დაგვინახა თუ არა, შავმა ალმურმა გადაჰკრა სახეზე. მან მკვახედ გვითხრა: ასე, დელეგაციის სახით, ერთად არ უნდა მოსულიყავით ჩემთან, ცალ-ცალკე რატომ არ მოხვედითო?” – ასე იხსენებს მამის მონაყოლს მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილი ქეთევან ჯავახიშვილი. მწერლებმა აუხსნეს ბერიას, რომ მეტეხის ეკლესია, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუში იყო და ამიტომ მისი დანგრევა არ შეიძლებოდა. მიხეილ ჯავახიშვილს ბერიასთვის ისიც კი უთქვამს: ასეთ ძეგლს ევროპაში ოქროს ზარდახშაში ჩასვამდნენო!.. მწერლებთან შეხვედრის შემდეგ, ბერიამ განკარგულება შეცვალა, მაგრამ გულში ბოღმა ჩაიდო, რადგან მწერლებმა ის უვიცობაში ამხილეს. მოგვიანებით, ბერიას ბრძანებით, თითქმის ყველა ის მწერალი დააპატიმრეს და დახვრიტეს, რომელიც მასთან მეტეხის ეკლესიის გადარჩენის თხოვნით იყო მისული…
ბერიასთან შეხვედრის შემდეგ შინ დაბრუნებული მიხეილ ჯავახიშვილი უგუნებოდ ყოფილა და სახეზე მიტკლისფერი ედო. ხვდებოდა, რომ მართალია, ამ გაბედული ნაბიჯით ქართველ ერს მეტეხის ეკლესია შეუნარჩუნა, მაგრამ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. ბერიას ჯაშუშები მის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდნენ. “ჩეკა” ყოველდღე აპატიმრებდა მის ახლობლებსა და ნაცნობ-მეგობრებს. მწერალი ყოველ წუთს ელოდა, როდის დადგებოდა მისი ჯერი. ჯანმრთელობამაც უმტყუნა. მუხლები აწუხებდა და სიარული უჭირდა.
1937 წლის ზაფხულში მწერალი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ქვიშხეთში ისვენებდა. მის ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი ამჩნევდა, რომ ის ძალზე უგუნებოდ იყო. “ჩვენ ერთ სახლში ვისვენებდით. ყველანი ვცდილობდით, მიხეილ ჯავახიშვილისთვის გულიდან დარდი გადაგვეყარა. ერთ საღამოს, როდესაც უმრავლესობამ საძინებელ ოთახს მიაშურა, მიხეილმა მოისურვა, ძველებური ჩვეულება, კარტის თამაში გაგვეხსენებინა. დაბნეული თამაშობდა. უცნაურად გამოიყურებოდა ეს დინჯი კაცი. მისი თვალები ავისმაუწყებელ სიგნალს გამოსცემდა. მალე შევწყვიტეთ თამაში. ჩანდა, მწერალს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა”, _ იხსენებდა შემდგომ აკაკი გაწერელია.

ავბედითი წინათგრძნობა მწერალს მალე აუხდა: ის იმავე ზაფხულს, 14 აგვისტოს დააპატიმრეს. ჯოჯოხეთში, რომელსაც “ჩეკას” ციხე ერქვა, მიხეილ ჯავახიშვილი მეორედ აღმოჩნდა. მისი საქმის გამოძიებას გამომძიებლები _ ლევან აბაშიძე და მიხეილ ნაცვლიშვილი უძღვებოდნენ. მწერლის პირველ დაკითხვას, გამომძიებლების გარდა, ბერია და ქობულოვი ესწრებოდნენ. სასურველი ჩვენების მისაღებად, გამომძიებელმა აბაშიძემ მიხეილ ჯავახიშვილს მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც, ავადმყოფობისგან დასუსტებული მწერალი იატაკზე გულაღმა დაეცა. ამან ბერია გაამხიარულა, ხმამაღლა იცინოდა, შემდეგ კი ჯავახიშვილთან მივიდა, გულზე ფეხი დააჭირა და უთხრა: ახლა გადგას თავზე ”ჩეკისტიო”! ესე ბერიას შურისძიების ნაწილი იყო. როდესაც ის ცეკას მდივნად დანიშნეს, მიხეილ ჯავახიშვილს თურმე მეგობართან დაუჩივლია: ესღა გვაკლდა, ”ჩეკისტი” დაგვდგომოდა თავზეო!.. ჰოდა, წამებისას, ბერიამ მიხეილ ჯავახიშვილს მის მიერ ოდესღაც ნათქვამი სიტყვები გაუხსენა.

საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ მწერალს ”ჩეკაში” მიზანმიმართულად, მეთოდურად აწამებდნენ და ამ დროს ყველანაირ, არაადამიანურ ხერხს იყენებდნენ. იმხანად ციხის ჯალათი, ასტრახანელი თათარი, ზახარ შაშურკინი ყოფილა. სისასტიკით განთქმული ზახარა ხან თავად ხელმძღვანელობდა პატიმართა დახვრეტის ოპერაციას, ხანაც თვითონ ხოცავდა სიკვდილმისჯილებს. `ჩეკას~ ციხის კიდევ ერთი ჯალათი, ეროვნებით ბერძენი ფეიხორა პატიმრებს სპეციალური მათრახებით სცემდა და მათგან `სიმართლის სათქმელად~, წამების სხვადასხვა ხერხს იყენებდა. ხანგრძლივი წამების შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ, მწერალთა ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელად მონათლული მიხეილ ჯავახიშვილისგან, სასურველი ”აღიარებითი ჩვენება” მიიღო.
”ჩვენ გადანაწილებული გვქონდა როლები, მე ვხელმძღვანელობდი ფინანსებს, გერონტი ქიქოძეს ევალებოდა კავშირის დამყარება სხვადასხვა ანტისაბჭოურ ორგანიზაციასთან და ჯგუფთან. უცხოელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა პაოლო იაშვილი, ხოლო საორგანიზაციო საქმეების მოგვარება მოსაშვილს ევალებოდა… საბოლოო ჯამში, იტალიური ფაშიზმის პროგრამა მივიღეთ, რომელიც ქართული რეალობისთვის უნდა მოგვერგო. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველა მაზრასა და დიდ ცენტრში გვყოლოდა თითო წარმომადგენელი, რომელიც თავისთავად, სამეულის შემადგენელი იქნებოდა”, _ ამბობს ჩვენებაში მიხეილ ჯავახიშვილი. საინტერესოა, რომ ”ხალხის მტრებად” შერაცხილი ადამიანების აღიარებითი ჩვენებები, ბოლშევიკებს კომპარტიის ცეკას პლენუმის ანგარიშში შეჰქონდათ და საქვეყნოდ კითხულობდნენ. ამიტომ, ”საბჭოთა მტრების აღიარება” რაც შეიძლება ეფექტური და სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო. ”მიხეილ ჯავახიშვილი ზედმიწევნით მოგვითხრობს თავის ჯაშუშურ კავშირებზე პოლონეთის, გერმანიის, იტალიის კონსულებთან”, _ ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული ჯავახიშვილის ჩვენებას, რომელიც ცეკას ერთ-ერთ პლენუმზე ხმამაღლა წაიკითხეს: ”მე მივედი ყველაზე საშინელ აღიარებამდე… პაოლო იაშვილს ვთხოვე, დავეკავშირებინე პოლონეთის კონსულთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადად ვეწვეოდი კონსულს, რაც საკმაოდ სახიფათო იყო. რამდენიმე დღეში მესტუმრა უცნობი პიროვნება, რომელმაც მითხრა, რომ პოლონეთის კონსულის თანაშემწე იყო. კონსულს ჩემთვის ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა საზღვარგარეთ არსებული მდგომარეობის შესახებ და დავეკავშირებინე საქართველოს ემიგრაციული მთავრობის წევრებთან… რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთან მოვიდა პაოლო იაშვილი. მაგიდაზე ფურცლების რამდენიმე შეკვრა დამიდო და მითხრა: შუაღამით გერმანიის კონსული გელოდებაო. ფურცლების ერთი შეკვრა გერმანიის კონსულისთვის უნდა გადამეცა, დანარჩენები კი იტალიისა და პოლონეთის კონსულებისთვის… დათქმულ დროს დავურეკე გერმანიის კონსულს და შეხვედრაზე მივედი. მასთან იყო იტალიის კონსულიც. გერმანიის კონსულმა მითხრა: ერთმანეთისგან არაფერი გვაქვს დასამალიო და თითით იტალიის კონსულზე მანიშნა. აქვე დააყოლა: ჩვენ უკვე მეგობრები ვართო და ქაღალდების სანაცვლოდ 6.000 რუბლი გადმომცა”, _ წერს თავის ჩვენებაში მიხეილ ჯავახიშვილი.
საპატიმროში მყოფმა მწერალმა შეიტყო, რომ ბოლშევიკების მიერ აგენტად, კონტრრევოლუციონერად და ტერორისტად შერაცხილმა მისმა მეგობარმა პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. ”ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა!” _ აღმოხდა მას ამ ამბის შეტყობისას.

მიხეილ ჯავახიშვილის საქმის ძიება 1937 წლის 19 სექტემბერს დასრულდა და განსახილველად, ე.წ. ”ტროიკას” გადაეცა. ”ბრალდებული მიხეილ ჯავახიშვილი გამოძიების მასალებით მთლიანად მხილებულია, რომ ამზადებდა შეიარაღებულ აჯანყებას და ჯაშუშობდა უცხოეთის სახელმწიფოების სასარგებლოდ, ეწეოდა მავნებლობას, აწყობდა დივერსიულ აქტებს და ამზადებდა ტერორისტულ თავდასხმებს”, _ წერია საბრალდებო დასკვნაში. 1937 წლის 30 სექტემბერს ჯავახიშვილი დახვრიტეს. იმ დღეს მწერალთა კავშირში კრება მოიწვიეს. კოლეგებმა კონტრრევოლუციონერი მიხეილ ჯავახიშვილი დაგმეს და მისი ფიზიკური განადგურება მოითხოვეს. ეს ლავრენტი ბერიას სურვილი იყო და თუ ვინმე შეეწინააღმდეგებოდა, იმავე ბედს გაიზიარებდა.
მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტაცია მისი გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ მოხდა. გამომძიებელმა ნაცვლიშვილმა, რომელიც მწერლის საქმეს იძიებდა, ძალზე საინტერესო ჩვენება მისცა სასამართლოს. მან აღიარა, რომ მწერლის დაკითხვას პირადად ესწრებოდა ლავრენტი ბერია და რომ ჯავახიშვილმა აღიარებითი ჩვენება მასზე ფიზიკური ზეწოლის შედეგად დაწერა. ”გამომძიებელმა აბაშიძემ ჯავახიშვილის დაწერილი ჩვენებები გადმომცა, რათა დაკითხვის ოქმებად გამეფორმებინა. მე გავეცანი ჩვენებებს და ეჭვი შემეპარა მათ უტყუარობაში, რომ მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მაშინ მივმართე აბაშიძეს, რომელიც ჯავახიშვილის დაკითხვაში მონაწილეობდა და ვკითხე, რაში იყო საქმე. მან რამდენიმე თანამშრომლის თანდასწრებით მიპასუხა: მე რომ ასე ვეცემე, ვაღიარებდი, რომ სიამის ჯაშუში ვარო, და დაამატა: დაწერე, როგორც არისო”, _ ვკითხულობთ ნაცვლიშვილის დაგვიანებულ ჩვენებაში…

P.S. მომზადებულია შს სამინისტროს ჟურნალ “საარქივო მოამბის” მასალების მიხედვით – ავტორი – ბონდო არველაძე.
ემა ტუხიაშვილი
ჟურნალი ”გზა”

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button