ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ბაქრაძეთა გვარი

ბაქარ – საკუთარი სახელია კაცისა, არაბთა და სპარსთაგან გავრცელებული მთელ აღმოსავლეთსა და საქართველოშიც.

გვარის სახელით “ბაქარ”-ფუძისანი არიან: ბაქარაშვილნი – გარე კახეთს, ბაქრაშვილნი – იმერეთს, ბაქარაძენი – აფხაზეთს, ბაქრიანნი – შიგნით კახეთს, ბარქავანი და ბარქაიანი – ოდიშს და ბაქრაძენი – რაჭას.

ძველთაგან რაჭას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბაქრაძეთა.

ჯერ კიდევ XV საუკუნეში აზნაურ ბაქრაძეთ ზემო რაჭას ჰბოძებიათ სახასო კაცნი: ჯვარისუბანს, შქმერს, ბაჯისხევს და ცხმორს, ეგრეთვე სოფელი ჩორდი და იქავ ჩორდის ციხე.

KARIBCHE

1501 წელს აზნაურ ბაქრაძეთ სისხლის ფასი – ცხრაასი ათასი კირმანეული თეთრი გაუჩინა ალექსანდრე იმერთა მეფემ.

1591 წელს ნიკორწმინდელ ეპისკოპოსს ამბროსი ბაქრაძეს ლეონ იმერთა მეფემ უბოძა რაჭის სოფლები: ხონჭიორი და ჭელიში, აგრეთვე ყმები ნამარხევსა და კისურეთს.

XVI-XVII საუკუნეთა საბუთებში აზნაური ბაქრაძენი ჩანან, ვითარცა მოწმენი და მისანდონი რაჭის ერისთავთა.

ადრევე გადასულან ბაქრაძენი კახეთს. მეფე ალექსანდრეს კარის ბოქაულნი ძმანი ხარება და გოჩია ბაქრაძენი, “რაჭიდან კახეთს შეხიზნულნი აზნაურიშვილნი”, თავიანთი ყმა-მამულით ალავერდის ტაძარს ემსახურებოდნენ 1592 წლიდან.

XVII საუკუნიდან ბაქრაძენი შიდა ქართლშიც გამოჩნდნენ.

მშვილდით მოლაშქრე ბაქრაძე იხსენიება XVII საუკუნის საამილახვროს დავთარში.

ბაქრაძენი ჩანან საამირეჯიბოსა და სამუხრანბატონოს აზნაურთა შორის XVII-XVIII საუკუნეთა საბუთებში.

XVIII საუკუნის საბუთებით, აზნაური ბაქრაძენი ზემო იმერეთში, საწერეთლოშიც ჩანან.

ადრევე დამკვიდრებულან ბაქრაძენი გურიას. იქ წიფნარს, ერთ ქედს “ბაქრაძის ქედი” ჰქვია ახლაც.

რაჭველ ბაქრაძეთა მოძმენი არიან: იმერნი ფერაძენი, შიდაქართლელნი ყურელნი და შიგნითკახნი შარმიაშვილნი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბაქრაძენი გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში ერისთავთა და წერეთელთა დროშების ქვეშ, ქართლის სამეფო ლაშქარში ამილახვართა და მუხრანბატონთა დროშების ქვეშ და კახეთის სამეფო ლაშქარში ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშის ქვეშ.

ამჟამად ბაქრაძენი ცხოვრობენ: რაჭა-ლეჩხუმს, ოკრიბას, ზემო იმერეთს, ოდიშს, გურიას, ქვემო და შიდა ქართლს, შიგნით კახეთსა და ჰერეთს. განსაკუთრებით მრავლად არიან: ონის, ამბროლაურის, წყალტუბოს, ჭიათურის, ზესტაფონის, ბაღდათისა და ლაგოდეხის მხარეებში.

საქართველოში ბაქრაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3100-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბაქრაძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button